სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თვითშეფასება და შეცდომების გასწორება – წერითი მეტყველების გასაუმჯობესებლად

წერითი უნარის განვითარება შრომატევადი პროცესია.

„ვერ ვწერ“ ზოგჯერ არის „განაჩენი“ (საკუთარი თავისთვისვე გამოტანილი), ზოგჯერ – ერთგვარი მარტივი გამოსავალი, ზოგჯერ – თავის მართლების მცდელობა.

„ვერ ვწერ თემებს და მორჩა!“.

არადა, ასე არ ხდება. და თუ მოსწავლეს ეს მიმართება ჩამოუყალიბდა და განუმტკიცდა, ნიშნავს, რომ რაღაც არასწორად წარიმართა.

წერილობით მოსაზრების ჩამოყალიბება, ცხადად, ნათლად, მკაფიოდ გამოხატვა სათქმელის, არგუმენტირება-დასაბუთება, ნათქვამის ილუსტრირება შესაბამისი მაგალითებით მნიშვნელოვანი უნარებია და ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ამ მიმართულებას ნამდვილად უნდა ეთმობოდეს სათანადო დრო.

აუცილებელია აღინიშნოს: თემებისა და თხზულებების იმ ფორმით წერა, რომელი ფორმითაც წინა ათწლეულებში „მოგვეთხოვებოდა“, უსარგებლო და უფუნქციო გარჯაა.

დავაკონკრეტებ: მაღალფარდოვანი სტილი, ლიტერატურის თეორიის საკითხების სიღრმისეული ცოდნა, მხატვრული ტექსტის ფილოლოგიური/ფსევდოფილოლოგიური ანალიზი, ორ-სამგვერდიანი ან რამდენიმეფურცლიანი „გარჩევა“ საშუალო სკოლის მოსწავლის კომპეტენცია არ არის. ზოგადად, ჩვენი მშობლიური ლიტერატურის სასკოლო კურსი ძალიან ჰგავს სწორედ ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის მოსამზადებელ წინა საფეხურს. სტანდარტში გაწერილ მიზნებთან და მისაღწევ შედეგებთან ერთად სავალდებულო პროგრამულ ჩამონათვალში იმდენი სპეციფიკური „საცოდნელი“ მასალაა თავმოყრილი, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა – ეს ყველაფერი ადამიანს რაში სჭირდება, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, ფილოლოგიის განხრით გააგრძელოს პროფესიული განვითარება? ამ უზარმაზარი მოცულობის მასალის დაძლევა საფეხურის ფარგლებში რეალურადაა შესაძლებელი? სტანდარტი ზედმეტად ამაღლებულ წარმოდგენას ხომ არ გვიქმნის პროცესზე? რამდენადაა ყველა ეს მისაღწევი შედეგი რეალურად მისაღწევი და ა.შ… მაგრამ ეს სხვა საკითხია და სასკოლო კურსის პრობლემები არაერთ წერილში მაქვს დეტალურად მიმოხილული.

ახლანდელ სიტუაციას და თანამედროვე მოსწავლეს დავუბრუნდეთ, მოსწავლეს და მის წინაშე მდგომ მასწავლებელს:

მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და საფიქრალი (სამწუხაროდ!) დღეს პროგრამის მოსწრებაა. შინაარსებისა და გაგება-გააზრების დავალებების შესრულება. ჯეროვნად შესრულება. კარგ მოსწავლეებს კარგი შედეგები უნდა ჰქონდეთ. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც „წერა არ შეუძლია“. ისინი ეროვნული გამოცდების ზღვრის გადალახვის ზღვრამდე როგორმე მაინც უნდა მივიყვანოთ. დავწეროთ კლასიდან კლასში გადამსვლელი ქულები. წლის ბოლოს მოვთხოვოთ „რაღაცის წაკითხვა მაინც“ და „ერთი თემის დაწერა მაინც“.

კარგი მოსწავლეების ერთ-ერთი უმთავრესი სასწავლო მიზანია კარგი ნიშნების მიღება. დავალებების შესრულება დავალებების შესასრულებლად და არა თვალსაწიერის გასაფართოებლად ან სხვადასხვა უნარის განსავითარებლად. სასკოლო თემებისა და საშინაო დავალებების წერა ამ მხრივ მარტივად შესასრულებელი რამაა. ინტერნეტში უამრავი მზა თემაა, შინაარსი, ანალიზი, სხვადასხვა ქულით შეფასებული ნაწერი.

ეს მანკიერი წრეები არსებული შეფასების სისტემის ბუნებრივი შედეგებია. განმსაზღვრელი შეფასება და ქულების წერა წერით ნაშრომებში კრიტერიუმების ჩაუშლელად ან განმავითარებელი კომენტარების გარეშე მოსწავლეს ვერაფერს ასწავლის. ეს შეფასება შეფასებისთვისაა და არა განვითარებისთვის. არადა… იდეალურ შემთხვევაში, შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის თანმდევი ერთ-ერთ კომპონენტია და არა უმთავრესი. კონცენტრირება ნიშანზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ პროცესზე.

შედეგმა უნდა მასწავლოს და ქულა არ უნდა იყოს „ბოლო ინსტანცია“.

ამ წერილში ჩაკეტილი წრის (შეფასება შეფასებისთვის) გარღვევის ერთ-ერთ ხერხზე ვისაუბრებ. მეთოდზე, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება, გამოიმუშაონ უნარ-ჩვევები და დაეხმარონ საკუთარ თავს ნაწერის გაუმჯობესებაში. აქვე ისიც უნდა ითქვას – მასწავლებელი, რომელსაც ასამდე მოსწავლე ჰყავს სემესტრის განმავლობაში, ფიზიკურად ვერ გაასწორებს ყველა მოსწავლის ნაშრომს იმდენად ხარისხიანად, რომ ინდივიდუალურად დაეხმაროს მათ საკუთარი შეცდომების აღმოჩენა-გასწორებაში. საშინაო დავალების გასწორების სტრატეგიებში (იხ. აქ) მასწავლებლის შრომის შემამსუბუქებელი რამდენიმე აქტივობაა თავმოყრილი. მოცემული მეთოდი კი ინდივიდუალურია, ერთგვარი ინტელექტუალური სამუშაო, რომელსაც მოსწავლე თავად, დამოუკიდებლად გასწევს და სარგებელსაც მიიღებს.

რა კომპეტენციას ავითარებს მოცემული აქტივობა:

ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეები საშინაო წერითი დავალების შესრულებას ნაწერში ბოლო წერტილის დასმისთანავე ასრულებენ. საკუთარი ნაშრომის გადაკითხვა და რედაქტირება არაა იმ უნარ-ჩვევების ჩამონათვალში, რომელთა ჩამოყალიბებასაც სკოლა უწყობს ხელს.

შედეგად – ნაწერი სავსეა მექანიკური, ორთოგრაფიული, პუნქტუაციური, სტილისტური და სხვა ტიპის შეცდომებით და მათი უმეტესობის აღმოჩენა-აღმოფხვრა თავად მოსწავლეებსვე შეუძლიათ.

მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მოსწავლეებს იმის გათავისებაში, რომ:

წერითი ნაშრომი კომუნიკაციის ფორმაა. თუ ზეპირმეტყველებისას ჩვენ ვცდილობთ, გასაგებად ვიმეტყველოთ, არ ჩავყლაპოთ მარცვლები, გასაგებად და ხმამაღლა, მკაფიოდ გამოვთქვათ მოსაზრებები, იგივე უნდა გავითვალისწინოთ წერისას. მიკროსკოპული ასოებით წერა, ჩახლართულ-ჩაღვარჭნილი, გაკრული ხელი, მექანიკურად, სწრაფად წერისას გამოტოვებული ასოები არასწორად წარმართული კომუნიკაციის „სიმპტომებია“. იმისთვის, რომ ამ უსიამოვნებას ავცდეთ, უნდა გამოვიყენოთ წერითი დავალების თვითშეფასების რუბრიკა. ამ შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია, უბრალოდ დააპლიუსოს ჩამონათვალი ან გადაინაწილოს ქულები და შეაფასოს საკუთარი ნაშრომი.

გთავაზობთ რუბრიკას 7 კრიტერიუმით. თქვენი დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეგიძლიათ ცვალოთ კრიტერიუმები, ჩამოაყალიბოთ სხვაგვარად, გაამახვილოთ ყურადღება იმ პრობლემაზე, რომელსაც კლასთან/მოსწავლესთან აწყდებით. რუბრიკა საორიენტაციოა და მეთოდზე შეგიქმნით წარმოდგენას.

წერითი დავალების თვითშეფასება

  1. წერით დავალებაზე ვიმუშავე 30 წუთზე მეტი -1
  2. ნაწერი მოწესრიგებულია. ამოკითხვა არ ჭირს. აბზაცები გამოყოფილია – 1
  3. ნაწერი გადავიკითხე და ორთოგრაფიული შეცდომები გავასწორე – 1
  4. ნაწერი გადავიკითხე ხმამაღლა და ინტონაციურ პაუზებთან დავსვი მძიმეები, წინადადების ბოლოს კი ყველგან წერტილია – 1.5
  5. ნაწერში არაა რთული, ჩახლართული, ბუნდოვანი და გრძელზე გრძელი წინადადებები – 1.5
  6. ნაწერში არაა „მიტოვებული აზრები“ – რასაც ვამბობ ცხადია, ნათელია, დასაბუთებულია – 2
  7. ვლინდება ცოდნა/ერუდიცია/ინტელექტი (ნაწერი არ არის „მშრალი“. საინტერესოა) – 2

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

გაზიარებით ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან.

განაჩენის გასაჩივრება თვითდიაგნოსტირებით

წერილის დასაწყისში განაჩენი „ვერ ვწერ“ ვახსენე. ამ ნაწილში შევეცდები საკითხს ჩავუღრმავდე.

„ვერ ვწერ“ კომპლექსური პრობლემაა. ასე აერთიანებენ ბევრ ისეთ „ვერშეძლებას“ ან „ვერგაგებას“, როგორსაც საკუთრივ წერასთან (ტექნიკური თვალსაზრისით) კავშირი შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს.

ამ შემთხვევაში საშუალო საფეხურის ასაკსა და ტიპური ინტელექტუალური განვითარების შემთხვევას განვიხილავ. განსახილველი ობიექტი დავავიწროოთ მოცემულობამდე – „ვერ ვწერ თხზულებას წაკითხულის მიხედვით“.

რას შეიძლება გულისხმობდეს „ვერ ვწერ თემას“ ამ მოცემულობაში? (გასათვალისწინებელი ფაქტორი ისაა, რომ მოსწავლეს არ აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები).

თავდაპირველად, მნიშვნელოვანია იმის ზუსტი დიაგნოსტირება, რა ეტაპზე იწყება „გაჭედვა“. ეს ეტაპები რამდენიმე შეიძლება იყოს.

  1. გაგება

წაკითხულის მიხედვით თხზულების დასაწერად მნიშვნელოვანია, გაიგო წაკითხული. გაგება მიღებული ცნობის მნიშვნელობის წვდომას ნიშნავს. მხატვრული ტექსტის შემთხვევაში გაგება გულისხმობს:

ა) ტექსტში მომხდარი, აღწერილი, გადმოცემული ფაქტი, ამბავი, პროცესი, მოვლენა შემიძლია გადმოვცე ჩემი სიტყვებით.

ბ) შინაარსობრივ კითხვებს შემიძლია ვუპასუხო ტექსტიდან კონკრეტული მონაკვეთების მოშველიებით. მაგალითად – ვინაა მთავარი მოქმედი? რას აკეთებს? რა ურთიერთქმედება აქვს სხვებთან? როგორია მისი ემოციური მდგომარეობა? რას ამბობს/რას აკეთებს/რას გულისხმობს (ნათქვამში)?

გ) შემიძლია იმის გაცხადება, რომ მიღმა აღწერილისა/ნათქვამისა/მომხდარისა იგულისხმება/შეიძლება იგულისხმებოდეს რაღაც სხვა, სიღრმისეული, რაზეც უნდა ვიფიქრო/ვიმსჯელო და ზედაპირულ ცნობაზე დაყრდნობით დასკვნა გავაკეთო.

გაგების სინონიმებია: გამორკვევა, გამოძიება, შეტყობა, გათავისება გამოცნობა, შემოწმება, შეჯერება (ნეიმანის სინონიმთა ლექსიკონის მიხედვით).

თუ ამ ეტაპზე პრობლემა არ წარმოიშობა და მკითხველს შეუძლია წაკითხულის ადეკვატურად გაგება, მნიშვნელოვანია დაკვირვება იმაზე, რამდენად იაზრებს ის წაკითხულს.

ეტაპი მეორე:

  1. გააზრება

გააზრება ტექსტის ძირითადი იდეის გამოკვეთას, ავტორის სათქმელის, გზავნილის ამოცნობასა და საკუთარი სიტყვებით გადმოცემას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ ნათელი წარმოდგენა გვექმნება იმაზე, რა მოხდა ტექსტში, რატომ მოხდა ასე, როგორ განვითარდა მოვლენები, რამ მიიყვანა კულმინაციამდე გმირი, შეგვიძლია ამოვიცნოთ და დავასახელოთ მიზეზშედეგობრივი კავშირები, გავაკეთოთ დასკვნები და მოვიშველიოთ არგუმენტები ნათქვამის დასასაბუთებლად. ტექსტს ვიაზრებ, თუ:

ა) შემიძლია ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა და ტექსტის მთავარი გზავნილის ამოცნობა (მაგალითად, პურობის ეპიზოდში შუშანიკის სიფიცხე ან მისი იმპულსური ქმედების აქცენტირება არაა მწერლის „მთავარი გზავნილი“. ეს დეტალი დაგვეხმარება გმირის ხასიათზე მსჯელობისას, საინტერესო და ცოცხალ სახეს ქმნის, მაგრამ პურობის ეპიზოდში „წამყვანი“ მოტივი არაა, როგორც ხშირად ჰქონიათ ხოლმე, განაცხადი „ვარსქენმა შუშანიკს იმიტომ სცემა, რომ მან ხელი აუკრა უდანაშაულო ქალს და ჭიქა შეალეწა“ სწორედ გააზრების ხარვეზია);

ბ) შემიძლია ქვეტექსტის ამოცნობა, ვარაუდების გამიჯვნა ფაქტებისგან (ფაქტში აქ მხატვრულ მოცემულობას ვგულისხმობ); კონტექსტის გათვალისწინებით ფრაზის, წინადადებების მნიშვნელობის გაგება-დეკოდირება;

წაკითხულის გაგებისა და გააზრების შემდეგ მნიშვნელოვანია ნააზრევის მოწესრიგება. თუ წაკითხული გავიგე, გავიაზრე, ახლა ჩემი ამოცანაა, ნააზრევი მოვაწესრიგო და გადმოვიტანო ფურცელზე. თუ აქ შემექმნა პრობლემა და „არ ვიცი, როგორ დავიწყო“ ან „არ ვიცი, როგორ გადმოვიტანო ნააზრევი ფურცელზე“, საჭიროა ტექნიკურად უნარის დახვეწა, მუშაობა წერის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით და ეს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკის, მიზანმიმართული, გეგმაზომიერი მუშაობის შედეგად მოხდება (ამასთან დაკავშირებით სასარგებლო და პრაქტიკული მეთოდები და რეკომენდაციები იხილეთ აქ და აქ).

  1. ნააზრევის მოწესრიგება

იმისთვის, რომ ნათლად, მკაფიოდ, გასაგებად, საინტერესოდ, დამაჯერებლად და გამართულად გადმოვცე ნააზრევი, უნდა შევძლო:

ა) გაგება+გააზრება+გათავისება=მოსაზრებების ჩამოყალიბება და წინადადებებად ქცევა.

ბ) ნააზრევი რომ სიტყვებად და წინადადებებად ვაქციო, ჩამოვაყალიბო და სხვისთვის საინტერესოდ, გასაგებად გადმოვცე, ამისთვის მჭირდება ლექსიკური მარაგი, ერუდიცია, გრამატიკის ცოდნა (სინტაქსური კონსტრუქციების აგება, სტილისტიკა, ორთოგრაფია, პუნქტუაცია…).

ამრიგად, წერა არის ინტელექტუალური შრომა, აქტი, რომელიც არაერთი კომპლექსური უნარის გამომუშავებას მოითხოვს. „ვერ ვწერ“ არ იქნება განაჩენი, თუ სწორად შევძლებთ დიაგნოსტირებას (რა ეტაპზე გვჭირდება დახმარება) და „მკურნალობის კურსის“ დანიშვნას, რომელიც მხოლოდ წერას (ანუ ტექნიკურად ასოების ფურცელზე გამოყვანას) არ გულისხმობს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“