სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მეტი ინოვაცია

მუზეუმები ინახავენ იმას, რაც ადამიანმა შექმნა, რაც იცხოვრა და დაიმახსოვრა. მუზეუმები იმ სულსაც ინახავენ, რომელიც ადამიანური ყოფის უხილავ შრეებშია ჩაღვრილი და რომლითაც ის ყველაზე მკაფიოდ აირეკლავს ბუნების კანონზომიერებას… ნივთი თუ მოვლენა, დეკორაცია თუ ამბავი – ყველაფერი ამ სულის ანარეკლია, ბუნების მარადიული წესრიგის ხსოვნაა…

ამდენად, მუზეუმები იმ ხმებს პასუხობენ, რომლებსაც ბუნება გამოსცემს. დროის, ეპოქის, გარემოს, ატმოსფეროს ხმებს. ეს პასუხი კეთილი მუხტითაა დატენილი – ისინი ერთმანეთს ავსებენ.

თბილისში, ჯავახიშვილის 7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ეს ინტერაქცია საშური და აქტუალური ფორმით შედგა – ცოტა ხნის წინ, მუზეუმის სახურავზე მზის პანელები დაამონტაჟეს. ილიას მუზეუმი პირველია საქართველოში, რომელიც მზის ენერგიაზე გადადის. ეს კი უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სამყაროს კლიმატურ ქაოსში წესრიგის შესატანად.

დღეს მსოფლიო სხვადასხვა ხერხს მიმართავს ხელოვნური ენერგიის შესამცირებლად, ამაში ჩართულნი არიან მუზეუმების მსოფლიო ორგანიზაციებიც, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ საკითხებს.

ილიას მუზეუმის პროექტი მზის ენერგიასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა. ამ საქმეში მას ხელი კომპანია bp-მ შეუწყო. ეს ფაქტი სტიმულია სხვა მუზეუმებისთვისაც (და არა მხოლოდ მათთვის). სიმბოლურია, რომ ეს ინოვაციური პროექტი პირველად სწორედ ილია ჭავჭავაძის მუზეუმში განხორციელდა, სახლში, რომელთანაც საქართველოს სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ცხოვრების საწყისებია დაკავშირებული.

ეს არაჩვეულებრივი სიახლე თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ, სტუმრებს ცოტა ხნის წინ გამართულ ღონისძიებაზე აუწყა. მზის ენერგიის პროექტთან ერთად, ის შთამბეჭდავი საქმეებიც დასახელდა, რომლებიც გაერთიანებამ bp-ის ფინანსური მხარდაჭერით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრ – CTC-თან თანამშრომლობით, ერთი წლის განმავლობაში განახორციელა: მუზეუმების გაერთიანების კონსერვაციისა და რესტავრაციის ლაბორატორია აღიჭურვა საჭირო თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით. შეიქმნა აუდიო-გიდი, საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლები და ა.შ.

ღონისძიების ფარგლებში, მუზეუმში გამოფენილი იყო სწორედ ამ მუშაობის შედეგად რესტავრირებული ხელნაწერები გალაკტიონ ტაბიძის პირადი არქივიდან, რარიტეტული წიგნები, პერიოდული გამოცემები, სათამაშოები და ფაიფურის ნიმუშები.

დღეს, როცა მთელი მსოფლიო საუბრობს გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულ კატაკლიზმებზე, ხატავს შემზარავ სამომავლო სურათს და აპოკალიფსურ პერსპექტივას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველი ძალისხმევა, რომელსაც ბუნების მიმართ ზრუნვისკენ მივმართავთ. ციფრულ ეპოქაში, ტექნოლოგიურ ბუმში, კაცობრიობამ არ უნდა დაივიწყოს გზები, რომლებსაც სიცოცხლის ყველაზე ავთენტური, თვითმყოფადი შრეებისკენ მივყავართ.

სად იძებნება ეს გზები, უპირველესად, თუ არა იქ, სადაც კაცობრიული კულტურის, შემოქმედებითი მონაპოვრის და მემკვიდრეობის ხსოვნაა დაცული?

მუზეუმები ამ ხსოვნას ინახავენ, შესაბამისად, მათ გზებიც იციან.

ილიას მუზეუმის ინოვაციური პროექტები და საქმეები ამ აზრს ადასტურებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“