ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

 ცვლილებები და რიპლის ეფექტი

„ყველაფერს, რასაც ეხები, ცვლი.

ყველაფერი, რასაც ცვლი, თავად შენვე გცვლის.

 ერთადერთი მყარი ჭეშმარიტება ცვლილებაა“.

ოქტავია ბატლერი

 

„რაც იცვლება, ის ცხოვრობს“.

ვირჯინია ვულფი

 

როცა ცოდნა გაქვს და პრაქტიკაში ვერ გადაგაქვს…

მოდი, 2024 წელს ცვლილებების თემით დავიწყოთ!

ფეისბუკზე ორი პოსტი დავდე ამ თემაზე და დიდი გამოხმაურება გამოიწვია: რა არის ცვლილება და სინამდვილეში, როდის ვიცვლებით და როდის გვეჩვენება, რომ ვიცვლებით? ვიდეოზე და პოსტზე საერთო გამოხმაურებამ 500 კომენტარს გადააჭარბა. უაღრესად საინტერესო და განსხვავებული აზრები წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ყველასთვის და ღირს მასზე საუბრისა და დისკუსიის გაგრძელება.

ცვლილების უამრავი ფოკუსი (გ)აიხსნა გამოხმაურებებში და უმეტესად ერთმანეთისგან განსხვავებული: დაწყებული პიროვნული, შინაგანი ცვლილებებიდან – სოციალური ცვლილებებით დასრულებული.

ბუნებრივია, ძალიან რთულია, და შეუძლებელიც კი, ამდენფოკუსიან თემას ერთი ახსნა, ერთი განმარტება გამოუძებნო, როცა თითოეული კომენტარი ინდივიდის ცოდნასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული და, ამდენად, უნიკალურიც.

მთავარი კითხვა იყო: რატომ არ იცვლება იმ ადამიანთა ცხოვრება, რომლებმაც დააგროვეს დიდი ცოდნა, ინფორმაცია, უამრავი წიგნი წაიკითხეს, იმოგზაურეს, აივსნენ ერთგვარი „საშენი მასალით“, უნდათ ცვლილებები, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებენ ახალი, მათთვის სასურველი რეალობის მოდელირებას და ცხოვრებაში გადმოტანას.

ჩემი პასუხი ასეთია: თუ უფრო ღრმად ჩავალთ პრობლემის არსში, აღმოვაჩენთ, რომ ცნობიერების ავსება ცოდნა/ინფორმაციით – ეს არის რეალობის მიღების სრულიად განსხვავებული ფორმატი, რომელიც საკმარისი არ არის და რომელსაც კავშირი არა აქვს ტრანსფორმაციასთან. ერთი სიტყვით, სხვა პროგრამაა.

ტრანსფორმაცია იწყება მაშინ, როდესაც ჩვენს ცხოვრებისეულ გამოწვევებს/გამოცდილებებს გავდივართ, ვპასუხობთ მოქმედებებით და ვაცნობიერებთ – აი, სწორედ აქ იწყება ჩვენი სივრცის გარდაქმნა! ეს კი უწყვეტი პროცესია.

შესაძლოა, საერთოდაც ვერ აცნობიერებდეს ადამიანი, რომ ის გამუდმებულ ტრანსფორმაციებშია, რადგან თავად არსებობის საფუძველია ცვლილება. „ყველაფერი მიმდინარეობს“ და „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევალთ“.

 

რომელმა წიგნმა შეგცვალა?

ძალიან საინტერესოა ცვლილებების თემაზე პატრიკ ზიუსკინდის მსუბუქი ირონიით დაწერილი ესეი: „ლიტერატურული ამნეზია“[1] (გირჩევთ ეს ესეი განიხილოთ მოსწავლეებთან ერთად).

თქვენთვისაც უკითხავთ ალბათ: რომელმა წიგნმა შეგცვალა? შესაძლოა, წიგნები ჩამოთვალო ბავშვობიდან რაც წაგიკითხავს, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს თქვენს ცნობიერებაზე, მაგრამ გაგიჭირდებათ გაიხსენოთ, კერძოდ, რა და როგორ შეცვალა თქვენში კონკრეტულმა წიგნმა? იქნებ მსგავსი კითხვა თქვენ არც გაგჩენიათ? ესეც ბუნებრივია. ამ ესეიში ერთი მთავარი ფრაზაა, რომელიც რეფრენად მიჰყვება ტექსტს და პოეზიასავით გაკითხებს. ლირიკულ გმირს ავიწყდება საგულდაგულოდ წაკითხული ყველა წიგნი, წიგნებში გულდასმით გახაზული ციტატები… მაგრამ მარადიული იმპერატივივით ახსოვს ერთი ფრაზა: „უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!“. ეს ის მთავარი აზრია, რომლისთვისაც საერთოდ კითხვა არსებობს. მისი პასუხი ასეთია:

„…რომელმა წიგნმა შეცვალა ჩემი ცხოვრება? არცერთმა? ყველამ? ზოგიერთმა? არ ვიცი, არ ვიცი. მაგრამ იქნებ – კითხვისას (ისევე როგორც ცხოვრებაში) ჩვენი შეხედულებების ფორმირება და მკვეთრი ცვლილებები მსოფლმხედველობაში რაღაცნაირად ფარულად მიმდინარეობს – თავს ვიმშვიდებთ ხოლმე ხანდახან. იქნებ კითხვა ერთგვარი გაჟღენთის აქტია, რომლის დროსაც ცნობიერება, მართალია, ბოლომდე ნაყრდება, მაგრამ იგი ისე ოსმოტურად მოუხელთებელია, რომ ცნობიერება ამ პროცესს ვერც კი ამჩნევს. შესაძლოა ლიტერატურული ამნეზიით შეპყრობილი მკითხველი ძალიან ხშირად იცვლება კითხვის წყალობით, თუმცა ვერ ამჩნევს ამას, რადგანაც კითხვის დროს მასთან ერთად იცვლება მისი ტვინის ის კრიტიკული ინსტანციებიც, რომლებიც მის ამ ცვლილებებზე მიანიშნებდნენ“.

აი, ასეთ ლაბირინთებში შევყავართ ცვლილებებზე რეფლექსიას და ვინ იცის, ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ჩემშიც რაღაც მნიშვნელოვანი იცვლება ისე, რომ ვერ ვასწრებ გაცნობიერებას და ეს ვრცელდება იმაზეც, ვინც ახლა კითხულობს ამ სტრიქონებს!

 

რა გვგონია ცვლილება?

როგორ მივხვდეთ, ვიცვლებით თუ არა და, საერთოდ, ტრანსფორმაციის რომელ დონეზე ვართ?

ყველას შეგინიშნავთ ალბათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ყოველთვის იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება რაღაც სიუჟეტი. იცვლებიან პერსონაჟები, გარემო, კონტექსტი, მაგრამ კვლავ და კვლავ თამაშდება ერთი და იგივე დრამა. ამ დროს გითქვამთ ალბათ: ვიცი ახლა, რაც მოხდება; ხომ ვიცოდი, ასე მოხდებოდა? და ასე შემდეგ. ტვინის დაზეპირებული ალგორითმი ვერ დაირღვა. ერთი და იგივე სიუჟეტის განმეორებას სხვა პერსონაჟების მონაწილეობით, ცვლილებას ვერ ვუწოდებთ, თუმცა ზედაპირულად ჩანს, რომ რაღაც შეიცვალა. მთავარი სწორედ ამის გაცნობიერებაა, დაკვირვება საკუთარ ცხოვრებაზე, რადგან ვისაც არ უნდა უსმინო, რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხო, ბოლოს მარტო რჩები საკუთარ თავთან და მასთან არკვევ ყველაფერს.

ისიც შესაძლებელია, რომ სხვების თვალით რუტინულად ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებდე, მაგრამ ბედნიერი იყო და განსაკუთრებული ენერგიით მოქმედებდე.

ერთ სოფელში ერთი გასხივოსნებული ცხოვრობდა, რომელსაც უცხო ადამიანები ეძებდნენ. როცა სოფელში იკითხეს, სად შეიძლებოდა მისი ნახვა, უთხრეს, რომ ის გასხივოსნებული აგერ, ის კაცი იყო, რომელიც შეშას ჩეხდა. გაოცებულები მივიდნენ მასთან და ჰკითხეს: – გასხივოსნებული ხართ და შეშას ჩეხთ? რაზეც მან უპასუხა: – ეს საქმე მანამდეც კარგად გამომდიოდაო!

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამ ადამიანმა თავისი ცხოვრება ვერ შეცვალა? რა არის ნამდვილი ცვლილება, თქვენი აზრით?

 

როგორ დავაფიქროთ მოსწავლეები ლიტერატურის გაკვეთილზე ცვლილებებზე?

მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატურული ტექსტების პერსონაჟების საშუალებით მოსწავლეები დავაფიქროთ ცვლილებების არსზე, გამოვიწვიოთ რეფლექსია, პერსონაჟის გამოცდილება დავაკავშირებინოთ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა?“ – ეს ერთი ფრაზაც საკმარისია საინტერესო დისკუსიისთვის.

შეგიძლიათ მოსწავლეები ამუშაოთ ლექსიკაზე: ერთი მხრივ, სალექსიკონო სიტყვები და მეორე მხრივ, მათი გამოყენება ყოველდღიურ მეტყველებაში.

აი, მაგალითად, ჩემ წინ ახლა არის ჩიქობავას ლექსიკონები, რომლებშიც, თითქმის ყველა სიტყვაა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ცხოვრებაში. თქვენ აიღეთ ლექსიკონის ნებისმიერი ტომი და მასში მონახეთ რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა. მაგალითად: სიყვარული…. წაიკითხეთ სალექსიკონო მნიშვნელობა და გამოჰკითხეთ მოსწავლეებს, რა ემოცია მიიღეს ამ განმარტებიდან. შემდეგ შეეცადეთ, რომ ეს სიტყვა „გააცოცხლებინოთ“. ამისთვის საკმარისია, რომ კონკრეტულ ადამიანს უთხრან: მე შენ მიყვარხარ! ხოლო შემდეგ დააფიქრეთ ემოციურ განსხვავებაზე.

 

ცვლილება და რიპლის ეფექტი

რატომ არის ინდივიდუალური ცვლილებები მნიშვნელოვანი? ინდივიდებში განცდილი ტრანსფორმაცია ქმნის, ეგრეთ წოდებულ, რიპლის (ტალღოვან) ეფექტს, რომელიც სცდება პიროვნულ საზღვრებს. როდესაც ინდივიდები განიცდიან სულიერ მეტამორფოზს, ეს მოვლენა ხდება ვირუსულად გადამდები. ეს გავლენას ახდენს მათ ურთიერთობებზე, მსოფლმხედველობაზე და, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზე. დადებითი ცვლილებები ერთი ადამიანის ცხოვრებაში ქმნის დომინოს ეფექტს. სიკეთე, თანაგრძნობა და ურთიერთგაგება გადამდები ხდება და ქმნის ჰარმონიულ გარემოს.

ასე რომ, დავიწყოთ 2024 წელი პიროვნული ტრანსფორმაციით და ჰარმონიული საზოგადოების ფორმირებით.

[1] თარგმნა მალხაზ ხარბედიამ https://arilimag.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99-%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98-2/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“