სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

წიგნის საჯაროდ კითხვის წელიწადი და ლიტერატურული იდეები

  სახელმძღვანელო, რაც უნდა საუკეთესო იყოს ის, მოსწავლისთვის მაინც აუცილებელ რუტინად, დავალებად აღიქმება. სულ სხვაგვარია მისი მიდგომა და ენთუზიაზმი, როდესაც დამატებით საკითხავს ვეხებით, მით უფრო, თუ კითხვის პროცესი ერთდროულად თამაშიცაა, გართობაც და, რა თქმა უნდა, შემეცნებაც.

წიგნიერების უნარის განვითარება უმთავრეს სასწავლო მიზნებში შედის და ამისათვის სკოლებსა და მასწავლებლებს უამრავი აქტივობა აქვთ დაგეგმილი.

თებერვლის პირველ კვირას წიგნის საჯაროდ კითხვის დღეები აღინიშნება. რატომ არ შეიძლება გვქონდეს  წიგნის საჯაროდ კითხვის წელიწადი? სინამდვილეში, სასკოლო პროცესი ხომ წიგნის საჯაროდ კითხვაა? ჰოდა, თებერვალში დავიწყოთ წიგნის საჯაროდ კითხვის წელიწადის ათვლა, ყოველი თვე თითო წიგნისა იყოს, დავამატოთ სასარგებლო აქტივობები და დავუგეგმოთ ჩვენს მოსწავლეებს წიგნის საჯაროდ კითხვის დაუსრულებელი დღესასწაული.

მე შემოგთავაზებთ წიგნებსა და აქტივობებს, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ.

  1. ასტრიდ ლინდგრენი, ცეროდენა ნილს კარლსონი – აქტივობა – პატარა დიორამების მოწყობა.

ლინდგრენის ეს ჯადოსნური წიგნი მრავალი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ემპათიის, სიკეთის, გაზიარების საუკეთესო გაკვეთილებს აერთიანებს, ჯადოსნურ სამყაროში გვეპატიჟება, მარტოსული ბავშვების დარდებს გვიზიარებს, ამასთან ბევრ სასარგებლო უნარს ავითარებს, როგორიცაა, სივრცული და რაოდენობრივი აზროვნება ( ხომ გახსოვთ, წიგნის მთავარი პერსონაჟი, ცეროდენა ნილს კარლსონი თავის ციცქნა სამყაროში იწვევს ბიჭს, ის, რაც ბიჭის სამყაროში პატარაა, მაგალითად, ასანთის ღერები, ციცქნა კაცუნასთან-ბუხრის შეშად გამოდგება, ერთი ნამცეცი ყველი – იქ ყველის მთელი თავია, ხოლო თოჯინას პაწია საწოლი – შესანიშნავი ავეჯი ციცქნა ნილსისთვის).

აქტივობად პაწია დიორამების მომზადება სცადეთ, ცარიელი ასანთის მოზრდილ კოლოფებში ( ქაღალდის კოლოფების დამზადება ან ყიდვაც შეიძლება),  ციცქნა ნილსისთვის ოთახი მოაწყვეთ, პლასტელინით, ბამბითა და სხვა მასალით. ბუხრის მილად- მაკარონი გამოდგება, საბნად-ცხვირსახოცი, ხალიჩად -ფერადი მუყაო…დანარჩენი თავად მოიფიქრეთ.

პატარა უფლისწული, აქტივობა – ქილების მოხატვა

ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ეს უკვდავი ტექსტი უნივერსალური მკითხველისთვისაა, ყველა ასაკის, ყველა განათლების, ყველა გამოცდილების მკითხველი საკუთარ პატარა უფლისწულს აღმოაჩენს.

თუ ამ ნაწარმოებს პატარა მკითხველებს წავუკითხავთ, რასაკვირველია, მოლოდინი, რომ ადამიანის საზრისსა და სიყვარულის სირთულეებზე ფილოსოფიურ მსჯელობას ზედმიწევნით გაიგებენ, არ უნდა გვქონდეს. სამაგიეროდ, დაუვიწყარი შთაბეჭდილება სხვადასხვა სამყაროებში მოგზაურობისა და სხვადასხვაგვარ პერსონაჟთან შეხვედრის გამო, გარდაუვალია.

პატარა ქილებში სხვადასხვა პლანეტის ლანდშაფტები მოაქციეთ, უდაბნოს თუ აირჩევთ, მაგნიტური ქვიშა გამოგადგებათ, ვარდისა და ბაობაბებისთვის -პლასტილინი, გეოგრაფის პლანეტისთვის – პაპიე მაშეს ტექნიკა და ა.შ.

მწვანეთითება ტისტუ, აქტივობა – ჯადოსნური ხე

მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუ“ განსაკუთრებული წიგნია. გარდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა, ბუნებისა და ადამიანის ერთიანობისა, სიკეთის ძალისა, ეს ყველაზე პაციფისტური საბავშვო წიგნია, ომის საწინააღმდეგო მანიფესტი, სევდიანი ზღაპარი სიყვარულსა და ადამიანის ძალაზე.

ჩვენც ჯადოსნური ხე მოვამზადეთ, ყველა ფურცელზე დავწერეთ  დადებითი შინაარსის, ჯადოსნური სიტყვები, სიტყვები, რომლებიც მსოფლიოს გადაარჩენენ, მერე ნათურებით გავანათეთ და  ასეთი მშვენიერება ვიხილეთ.

ტუვე იანსონი და „მუმინების ხეობა“

რატომ მიყვარს ეს წიგნი თუ წიგნების სერია? იმიტომ, რომ აქ ყველასთვისაა ადგილი. არ არის აუცილებელი, იდეალური იყო, შეგიძლია ზოგჯერ ეჭვიანიც გახდე, ზოგჯერ ბრაზიანი, ზოგჯერ დაბნეული, ზოგჯერ გულმავიწყი, ზოგჯერ უჩინარი იყო  და ზოგჯერ მშიშარა. მუმინების ჯადოსნურ ხეობაში შენთვისაც გამოინახება ადგილი.

ამ წიგნისთვის ჩრდილების თეატრი ზედგამოჭრილი აქტივობაა,  მთავარია, მუყაოსა და ხის ჩხირების გარდა, მაკრატელიც ახლოს გქონდეთ, რომ თქვენი საყვარელი პერსონაჟი გამოჭრათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“