შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ძველი იგავები მასწავლებლებზე

მეორე ნაწილი

„ადამიანის აღსაზრდელად, რომელიც მომავალს მოერგება და მისი შესაბამისი იქნება, საჭიროა მისი აღზრდა, როგორც სრულყოფილი ადამიანისა – მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება აღსაზრდელი იმ თაობის ღირსეული წარმომადგენელი, რომელშიც მას მოუწევს ცხოვრება“.

ლევ ტოლსტოი (1828-1919)

 

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და „დიად“ მასწავლებლად, ალბათ ჩინელი ბრძენკაცი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 551 წლის 28 სექტემბერს დაბადებული კონფუცი (ჩინ. „კუნ-ცზი“) შეიძლება ჩაითვალოს. შანდუნის აღმოსავლეთ პროვინციაში, მსოფლიოს ცივილიზაციის ერთ-ერთი „აკვნის“ – მდინარე ხუანხეს („ყვითელი მდინარე“) ნაყოფიერ ნაპირებზე დაბადებულ ბიჭუნას ადრეული ასაკიდან დაქვრივებული დედა ზრდიდა და ახალგაზრდა კუნი, ბავშვობიდან მიისწრაფოდა ცოდნისკენ. როგორც ამას კონფუცის მკვლევრები წერენ, „მასწავლებელი კუნი“ უფრო ის ხატია, რომელიც ადამიანების წარმოსახვაში, მისი ჩანაწერებისა და მოსწავლეების მიერ გადმოცემული მოგონებების შედეგად შეიქმნა. „მასწავლებელი კუნის“ მოძღვრება, მისი მოსწავლეების ჩანაწერები და კონფუციანიზმის პრინციპები დღესაც უდიდეს გავლენას ახდენენ ადამიანებზე, და ჩინეთისა და ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საზოგადოებრივი წესების, იდეოლოგიის, ეთიკისა და მართვის ორგანიზების ქვაკუთხედად რჩება. კონფუცის მოძღვრების ამოსავალი წერტილი იყო ადამიანის ის თვისებები, რომლებსაც კონფუციანიზმი უმთავრესად თვლიდა: „ჟენი“ – ადამიანური საწყისი, ვალდებულება – იყო ჰუმანური სხვა ადამიანების მიმართ; „ი“ – სამართლიანობა, ვალდებულება, რომ ყოველთვის სიმართლით მოიქცე; „პი“ – ძველი წესებისა და ტრადიციების შესრულება, წინაპართა პატივისცემა; „ჩჟი“ – გონიერება და წინდახედულობა. უნარი, შეგეძლოს საკუთარი ქმედებების შედეგების წინასწარ განჭვრეტა; და „სინი“ – გულწრფელობა. კონფუცის ცნობილი გამონათქვამია: „მე გადავცემ, კი არ ვქმნი“ , რომელშიც იგი ხაზს უსვამს დროთა, ეპოქათა დიალოგს. ბევრი ამბობს, რომ კონფუცი, „დროთა დიალოგის“ თარჯიმანი-„ტრანსლატორი“ იყო და შეძლო ეს შინაარსი საუკუნეების განმავლობაში ჩვენამდე მოეტანა. კონფუცი ჩინური ტრადიციის მამამთავარი გახდა, რომლის თანახმად, მართვა პირველ რიგში და ყოველთვის, გამოსწორებას, საკუთარი თავის გაუმჯობესებას ნიშნავს. ეს არის უნარი „აჯობო“ თავს, „გულის პირველქმნილ სისპეტაკესთან“. დიდმა ბრძენკაცმა, რომელიც ყველას ასწავლიდა „ადამიანად ყოფნას“, ჭეშმარიტი წარმატებისკენ გვიჩვენა გზა, რომელიც შრომისმოყვარეობაზე, პატიოსნებასა და ნიჭზე გადის. არა ტიტულები, არამედ სამშობლოს მსახურებაა ადამიანის პრივილეგია.

იგავი ბრძენ მასწავლებელზე. ერთ სოფელში, ერთი ბრძენკაცი ცხოვრობდა. მან უამრავი რამ იცოდა ცხოვრების შესახებ და ამ ცოდნას სხვებსაც სიამოვნებით უზიარებდა. ბრძენს სამი მოსწავლე ჰყავდა, რომლებიც ყოველთვის ყურადღებით უსმენდნენ და ემორჩილებოდნენ მას. მასწავლებელი არასდროს ეუბნებოდა მოსწავლეებს უარს რჩევაზე ან დახმარებაზე. მოსწავლეებიც ყოველთვის მასწავლებელთან დადიოდნენ რჩევისთვის, რადგან იცოდნენ, რომ ბრძენი მასწავლებელი ჰყავდათ. მასწავლებლის მთავარი პრინციპი სიკეთე გახლდათ. სიკეთე მისი ყოველი სიტყვიდან გამოსჭვიოდა და მის ყოველ მსჯელობას ახლდა თან. ბრძენკაცი ყოველთვის უბრალოდ და გასაგებად საუბრობდა. ერთხელ მასწავლებელი და მოსწავლეები მთის მდინარეზე წავიდნენ, რომელიც სოფლის მახლობლად მოედინებოდა. მდინარე არ იყო ღრმა, თუმცა სწრაფი და ისეთი ცივი იყო, რომ მასში დიდი ხნით დგომას ვერავინ შეძლებდა. ერთ ადგილას, სადაც ეს ანცი მდინარე მოედინებოდა, მასწავლებელი შეჩერდა და მოსწავლეებს უთხრა მდინარის მეორე ნაპირზე გადასულიყვნენ, მდინარის სწრაფი ნაკადიდან ამოწვერილი ქვების დახმარებით. ყველა ქვა სველი და სრიალა იყო.

როგორც აღმოჩნდა, მდინარეზე ქვებით გადასვლა რთული ამბავი ყოფილა და როდესაც ბოლოს და ბოლოს, მოსწავლეებმა ეს შეძლეს, მათ მასწავლებელიც მიჰყვა. მან თქვა: „ეს მდინარე ცხოვრებას ჰგავს. საჭიროა ძალიან ყურადღებით იყო, რათა ისე შეძლო გადასვლა, რომ ნაკადში არ ჩავარდე. ასეთ დროს ყოველი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს“.

გავიდა ხანი. მოსწავლეები სწავლობდნენ და ნელ-ნელა ეზიარებოდნენ ცხოვრების სიბრძნეს. ერთ დღეს მათი მასწავლებელი გაქრა. ეს მოულოდნელად მოხდა და მოსწავლეებისთვის ძნელად დასაჯერებელი იყო ეს ამბავი. მასწავლებლის მოულოდნელი გაქრობა მოსწავლეთათვის დიდი პრობლემად იქცა – მათ არ იცოდნენ, როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება. ისინი მიჩვეულნი იყვნენ მასწავლებლის რჩევებსა და დარიგებას.

ბოლოს მათ დაასკვნეს, რომ ცხოვრება ადამიანებისთვის მსახურებას უნდა მიუძღვნან და სამი სხვადასხვა მიმართულებით გაუდგნენ გზას.

პირველი მოსწავლე გახლდათ რწმენა. მოსწავლე ერთ პატარა ქალაქში გაჩერდა. ქალაქის მცხოვრებლებმა ის გულითადად მიიღეს. ქალაქელებს მან მოუთხრო მასწავლებლის შესახებ. ასევე, გააცნო მათ თავისი გადაწყვეტილება, დასახლდა განმარტოებით, თუმცა ხალხს რჩევით ხშირად ეხმარებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ხალხმა მოსწავლე არ მიიღო, თუმცა ისინი ხშირად არღვევდნენ მის რჩევებს. ალბათ იმიტომ, რომ მათ არ ჰყოფნიდათ განდეგილთან ურთიერთობა.

მეორე მოსწავლე, სახელად სიყვარული, ისეთ ადგილს დაეძებდა, სადაც გაჩერებასა და დასახლებას შეძლებდა. ამ ძებნა-ძიებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ერთ დღეს სიყვარული ერთ წიგნს გადაეყარა, სადაც პირველი მოსწავლის შეგონებები ეწერა. სიყვარულმა გადაწყვიტა წიგნი თავისი ცოდნითაც შეევსო.

მესამე მოსწავლე, სახელად იმედი, გზას ეტლით გაუყვა. მისთვის სულერთი იყო, სად წაიყვანდა მას გზაზე შემთხვევით შეხვედრილი ეტლი. იმედი მთელი გზა ცხოვრებაზე ფიქრობდა. ერთ დღესაც ეტლიდან ერთ ღრმა პროვინციაში ჩამოვიდა და იქაური ხალხისთვის იმედად იქცა. იგი არასდროს დაეძებდა მასწავლებლის მაღალ სახელს, თუმცა ყველასთვის მასწავლებელი გახდა. იმედის გარშემო მუდმივად უამრავი იკრიბებოდა ხალხი. ხოლო იმედი, თავის ცოდნას სიხარულით უზიარებდა ადამიანებს.

ერთხელაც იმედს შეხვდა ხალხი იმ ქალაქებიდან, რომლებშიც რწმენა და სიყვარული ცხოვრობდნენ. ხალხს თან ჰქონდა წიგნი, რომელიც რწმენამ და სიყვარულმა დაწერეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ამ წიგნს არ კითხულობდნენ.

ერთხელაც ვინმე მგზავრი გრძელი გზისა და პირველ და მეორე მოსწავლესთან სტუმრობის შემდეგ, მივიდა მესამე მოსწავლის, იმედის, დასახლებაში. მგზავრი ჩამოჯდა გზისპირა ქვაზე და ქვიშაზე რაღაც დაწერა. როდესაც მგზავრი გაუჩინარდა, ქარმა თითქმის მთლიანად დაფარა ქვიშით მის მიერ დატოვებული წარწერა, მაგრამ მიწაზე ჯერ კიდევ შეიძლებოდა გაგერჩიათ მგზავრის დაწერილი წინადადება: „დამიჯერეთ, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო“.

 

იგავი მოხუც მასწავლებელზე და უზრდელ მეომარზე. იაპონიაში, დედაქალაქიდან არც ისე შორს, ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა მოხუცი ბრძენი სამურაი, რომელიც ახალგაზრდა თაობას თავის ხელოვნებასა და ცოდნას გადასცემდა. ერთ დღეს, როდესაც სამურაი მოსწავლეებთან გაკვეთილს ატარებდა, მასთან ახალგაზრდა მეომარი მივიდა. ეს ახალგაზრდა უხეშობითა და სისასტიკით იყო ცნობილი. მისი საყვარელი ხერხი გახლდათ სხვების წაქეზება და პროვოცირება: ახალგაზრდას თავისი უხეში გამონათქვამებით ან საქციელით წყობიდან გამოჰყავდა მოწინააღმდეგე, რომელიც ბრაზისგან გაცხარებული პასუხობდა უზრდელი ახალგაზრდის გამოწვევას, ხოლო უკვე დუელის დროს, ბრაზისგან გონებადაბნელებული შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და საბოლოოდ აგებდა ორთაბრძოლას.

იმ დღეს ახალგაზრდა პროვოკატორი მოხუცი მასწავლებელთან მივიდა და მოხუცის შეურაცხყოფა დაიწყო: ესროდა მას ქვებს, იფურთხებოდა და ბოლო სიტყვებით აგინებდა მასწავლებელს. მიუხედავად ამისა, მოხუცი აუღელვებლად აგრძელებდა გაკვეთილს თავის შეგირდებთან. ბოლოს და ბოლოს, პროვოკატორი, რომლის საქციელმა შედეგი ვერ გამოიღო,   გაბრაზებული წავიდა მოხუცი სამურაის დოძიოდან.

გაკვირვებულმა მოსწავლეებმა ჰკითხეს მასწავლებელს:

– სენსეი, რატომ არ გამოიწვიეთ ის უზრდელი ბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?

მოხუცმა სამურაიმ მოსწავლეებს შემდეგი პასუხი გასცა:

– თუ თქვენთან ვინმე საჩუქრით მოვა, მაგრამ თქვენ მის მიღებაზე უარს იტყვით, ვის დარჩება ეს საჩუქარი?

– საჩუქარი ძველი მფლობელს დარჩება, – უპასუხა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

– იგივე შეეხება შურს, ზიზღსა და გინებას. მანამდე, სანამ შენ მათ არ მიიღებ, ისინი იმის საკუთრებად რჩებიან, ვინც მოიტანა“, – დასძინა მოხუცმა მასწავლებელმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

კათედრის შეხვედრები

მოგონებების მცველი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი