კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ილუზია და განწყობა – თეორიული ასპექტები

(ნაწილი პირველი)

განწყობის თეორიის თითქმის ყველა ძირითადი დებულება პირველად ფორმულირებულია დ. უზნაძის ნაშრომში: Об актуалных задачах и теоретических основах психологии професии, რომელიც გამოცემულია 1933 წელს. იგი თეორიული ხასიათის ნაშრომია და იძლევა რომისა და პროფესიის ფსიქოლოგიური კვლევის მეცნიერულ დასაბუთებას. მასში განწყობა მსჯელობისა და ანალიზის მეთოდით განხილულია, როგორც „პროფესიის ფსიქოლოგიის ფუნდამენტური ცნება“, რომლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს პროფესიული კონსულტაციის, ორიენტაციისა და პროფესიული შერჩევის ყველა ძირეული საკითხი. ამ ნაშრომში განწყობა ფორმულირებულია, როგორც სუბიექტის მთლიანი მოდიფიკაცია, რომელიც სიტუაციის დაუნაწევრებელ ასახვას წარმოადგენს, როგორც „მოქმედებისათვის მზაობა“, როგორც „არარეალიზებული პოტენციური გადაწყვეტა ამოცანისა“, როგორც „ფსიქოფიზიკურ ფუნქციათა აქტივაციის საფუძველი“; ქცევა კი განხილულია, როგორც განწყობის რეალიზაცია“, – ობიექტური სიტუაცია და მოთხოვნილება, როგორც განწყობის წარმოშობის აუცილებელი პირობები, – სოციალურად განსაზღვრული მოთხოვნილებები ადამიანთან, ვიტალური მოთხოვნილებები ცხოველთან და სხვა[1].

განწყობის საკითხი ექსპერიმენტის გზითაა შესწავლილი დიმიტრი უზნაძის სამ მომდევნო შრომაში ესენია: „განწყობის ფსიქოლოგიისათვის“[2], „განწყობის ფსიქოლოგია“, რომელიც სპეციალური თავის სახით შეტანილ იქნა სახელმძღვანელოდ დაწერილ წიგნში – „ზოგადი ფსიქოლოგია“ (1940) და „განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები“. აქ განწყობის ცნება შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული: განწყობა არაა რომელიმე სახისშემეცნებითი, გრძნობითი ან ვოლიტიური (ნებელობითი[3]) განცდა, მაგრამ როგორც სუბიექტის მთლიანი მოდიფიკაცია, როგორც ტენდენცია, ანუ სამოქმედო მზაობა, იგი მაინც ფსიქიკურია. ანუ, სხვანაირად, განწყობა არ განიცდება, ამიტომ იგი არაცნობიერი სინამდვილეა, მაგრამ იგი ხომ განიცდის, ამ ფსიქიკური აქტივობის მზაობაა, ე. ი. სუბიექტის ისეთი მდგომარეობა, საიდანაც და რის ძალითაც მისი ცნობიერი ფსიქიკური მოქმედება უნდა გაიშალოს – და სწორედ ისე, როგორც ამას ეს „წინა მდგომარეობა“ გულისხმობს. მაშასადამე, როგორც სწორედ ფსიქიკური აქტივობისთვის მზაობა და არა სხვა რამ, განწყობაც ფსიქიკური კატეგორიის ფაქტია[4]. დიმიტრი უზნაძის მოწაფე, პროფ. ზოსიმე ხოჯავა შენიშნავს, რომ დიმიტრი უზნაძის დასახელებულ შრომებში მოცემულია განწყობის მოქმედების დახასიათება: მისი ირიდაცია, ინტერმოდალური ერთიანობა, გენერალიზაცია, ფაზური მოქმედება და მისი ტიპები და ცვლილებები ფსიქიკური დაავადების შემთხვევებში, განწყობის შემუშავება ჰიპნოზის მდგომარეობაში, განწყობის ფიქსაცია წარმოდგენის საფუძველზე და სხვა[5]. ამ ყველაფერს კი დიმიტრი უზნაძე ექსპერიმენტის, როგორც თვისობრივ და რაოდენობრივ მეთოდთა ერთიანობის გზით აღწევს და ფრიად მდიდარი და მანამდე გაუთვალისწინებელი ფაქტების საფუძველზე დაადგენს, რომ განწყობის თეორია „ქვეფსიქიკურის ცნების“ უარყოფაა და არა – მისი განვითარება[6].

 

განწყობის ასიმილაციური მოქმედება და კონტრასტული ილუზიის პრობლემა

ექსპერიმენტის აღწერა: ცდის პირს ეძლევა 2 სიდიდით და ინტენსივობით მკვეთრად განსხვავებული გამაღიზიანებელი გარკვეული სივრცითი განლაგებით: ვთქვათ,

  • ტაქისტოსკოპურად მარცხნივ – დიდი და მარჯვნივ – პატარა წრე ან
  • ჰაპტურად: მარცხენა ხელში დიდი ბურთია და მარცხენაში პატარა.

ყოველი ასეთი წყვილი გამღიზიანებლის მრავალჯერ (10 –15-ჯერ ) აღქმის შედეგად უმუშავდება მათი უტოლობის გარკვეული სივრცითი მიმართულებით, აღქმის განწყობა, – ე. ი. მარცხნივ დიდისა და მარჯვნივ – პატარას აღქმის განწყობა (საგანწყობო ცდა).

ამის შემდეგ მას ტოლ გამღიზიანებლებს (ორ ტოლ წრეს, ბურთებს) აწვდიან. თუმცა იგი ამ ტოლებსაც კარგა ხანს აღიქვამს, როგორც არატოლებს (კრიტიკული ცდა). დიდ-პატარა სიდიდეების აღქმის განწყობა გავლენას ახდენს ტოლი სიდიდეების აღქმაზე: სუბიექტს ილუზია მოსდის, მას ეჩვენება, რომ ერთი მათგანი დიდია მეორეზე.

ასეთია განწყობის კვლევის მეთოდი საერთოდ რაოდენობითი ხასიათის გამღიზიანებელთა სფეროში.

სპეციალურ ლიტერატურაში შენიშნულია, რომ აღნიშნული მეთოდით ჩატარებულმა ცდებმა ყველა მოდალობაში მოქმედი გამღიზიანებლების მიმართ ორგვარი ილუზია, ანუ მცდარი აღქმა უჩვენა: 1. კონტრასტული ილუზია, როცა კრიტიკული ცდის ტოლი ობიექტებიდან სუბიექტს დიდი ეჩვენება იმ მხარეს, სადაც საგანწყობო ცდაში მუდამ პატარა ობიექტს აღიქვამდა, ჰქონდა მარცხნივ დიდისა და მარჯვნივ – პატარას აღქმის განწყობა და ტოლი ობიექტები არატოლად აღიქვა განწყობის საწინააღმდეგო სივრცითი მიმართულებით, მარცხნივ – პატარა და მარჯვნივ – დიდი;

  1. ასიმილაციური ილუზია, როცა ტოლი ობიექტებიდან სუბიექტს ერთი დიდი ეჩვენება იმავე მხარეს, რა მხარესაც საგანწყობო ცდაში მუდამ დიდ ობიექტს იღებდა.

შედეგებზე დაკვირვების მეთოდით გამოიკვეთა, რომ წარმოშობის მხრივ ეს ილუზიები ერთნაირი სიხშირის არ აღმოჩნდა. დადასტურდა შემდეგი:

I ფაზა – კრიტიკული ცდის პირველ ექსპოზიციებში კარგა ხანს და თითქმის უგამონაკლისოდ თავს იჩენს მხოლოდ კონტრასტული ილუზია;

II-III ფაზა – აქა იქ გამორევით ჩნდება ასიმილაციური ილუზიაც, კონტრასტულ ილუზიებთან და სწორ შეფასებებთან მონაცვლეობით და არა ზედიზედ თანმიყოლებით.

ამას მოსდევს ზედიზედ სწორი შეფასების – ტოლობის დადასტურების შემთხვევები და ამით განწყობის მოქმედებაც აღიკვეთება.[7]

რაოდენობრივი მასალით შექმნილი განწყობა ძირითადად კონტრასტულ ილუზიებს აჩენს და თავისი საკუთარი შინაარსის კონტრასტულად მოქმედებს.

თუმცა აქვე დაისვა კითხვა: რა არის კონტრასტულ ილუზიაში ისეთი, რაც მას პრობლემად აქცევს და თეორიასაც კითხვის ქვეშ აყენებს? დიმიტრი უზნაძემ კითხვას პასუხიც თავადვე გამოუძებნა. იგი შემდეგია:

ყოველი განწყობა, როგორც სწორედ განწყობა, ანუ მზაობა მოქმედებისადმი, მხოლოდ იმას შეიძლება აკეთებდეს, რისი მზაობაც თვითონ არის: სუბიექტს აქვს განწყობა გარკვეული საგნის აღქმისა, დანახვის, მოსმენის ან გარკვეული მოძრაობის შესრულებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დაინახავს სწორედ იმ საგანს, მოისმენს იმას და შეასრულებს სწორედ იმ მოძრაობას, რის განწყობაც ჰქონდა. ხოლო ისეთი განწყობა, რომელიც სუბიექტს ისეთ რამეს გააკეთებინებდა, რისი განწყობაზეც თავად არ არის, შეუძლებელია, არსებობდეს. რა თქმა უნდა, ხშირად ხდება ხოლმე, როცა სუბიექტს, აი, ამ მოქმედების განწყობა აქვს და სინამდვილეში სულ სხვა მოქმედებას ასრულებს. მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება მსჯელობას, რადგან ასეთ შემთხვევაში გარკვეული მოქმედების განწყობას სხვა მოქმედების განწყობა ცვლის და მხოლოდ ეს უკანასკნელი ახერხებს რეალიზაციას. ერთი სიტყვით, განწყობა შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ იმ მოქმედებით, რა მოქმედების მზაობაც თვითონ არის, ხოლო ისეთი განწყობა კი, რომელიც ერთი მოქმედების მზაობაა და სხვა მოქმედებით ვლინდება, აბსურდია. იგი შინაგანი წინააღმდეგობის შემცველი ცნება იქნებოდაო, – აცხადებს დიმიტრი უზნაძე.

ამდენად, გასაგებია, თუ როგორი და რა ხასიათის უნდა იყოს ის შეცდომები, ანუ ილუზიები, რომელნიც ადამიანს ჩვეულებრივ განწყობის ძალით მოსდის. ამის საილუსტრაციოდ დ. უზნაძეს მოჰყავს კ. მარბეს მაგალითი, როდესაც ერთმა მონადირემ, იმ მიდამოებში, სადაც ნადირს უნდა შეხვედროდა, ქალი ნადირად, გარეულ ღორად აღიქვა და მოკლა. მონადირეს ნადირობის სიტუაციაში ნადირის აღქმის განწყობა ჰქონდა და ამიტომ ქალი ნადირად მოეჩვენა, შესაბამისად, სათანადოდაც მოიქცაო.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] უზნაძე დ., Об актуальных задачах и теоретических основах психологии професии, 1938, გვ. 27-41 .

[2] დ. უზნაძე, განწყობის ფსიქოლოგიისათვის, თ.ს. უ. შრომები, თბილისი, VII, 1938.

[3] ხაზი ჩვენია, მ.გ.

[4] დ. უზნაძე, იქვე, გვ. 93-94.

[5] ხოჯავა, ზ., განწყობის შეცვლის ძირითადი კანონი დ. უზნაძის განწყობის თეორიაში, მეცნიერება, თბილისი, 1964, გვ. 12.

[6] ზ. ხოჯავა, იქვე, გვ. 16-17.

[7] ზ. ხოჯავა, იქვე, გვ. 19.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი