სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ახალი მოსწავლის ექო

ახალგაზრდა, იაპონელი პოეტი ქალის, მისუძუ კანეკოს საბავშვო ლექსების კრებული „იაპონური ექო“ ქართულად ახლახან ითარგმნა. ადამიანისა და სამყაროს მთლიანობის განცდით შექმნილი, სულის ვიბრაციებიდან განსაკუთრებით ერთი ლექსის ექო მისწვდა მასწავლებლურ სმენას და სტატიის მოტივად იქცა.

ერთი საუკუნის წინ დაკარგულ და ახლად აღმოჩენილ ლექსებს სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი, როდესაც ჩემი მეგობარი ოთახში შემოვიდა: – კლასში ახალი მოსწავლე დამისვეს! – თქვა და სკამზე მძიმედ დაეშვა. – რა მოიყვანს ახლა მაგას გონს! ძლივს კლასი კლასს დაემსგავსა. შემდეგ, გადმოიღო გასასწორებელი რვეულები და მაგიდის კუთხისაკენ გაიწია. ყველა პროფესიას ხომ თავისი გულის გადასაყოლებელი რუტინა ახლავს თან. მივხვდი, ახლა მის ფიქრს „იაპონური ექო“ ვერ დააამებდა და აღარც არაფერი მითქვამს. არადა, სწორედ იმ ლექსთან ვაყოვნებდი, სათაურად „ახალი მოსწავლე“ რომ ერქვა.

 

როდესაც საკლასო სივრცე ახალ წევრს მასპინძლობს, ეს ერთგვარი გამოწვევაა როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. ასეთ დროს მასწავლებლებისგან შეიძლება გაიგონოთ ფრაზები, რომ მათ არ სურთ „აუტკივარი თავის ატკივება“, „ძლივს დავარცხნილი კლასის“ არევა, რომ ახლა ამის „ჭკუაზე მოყვანას“ უნდა შეალიოს მთელი ენერგია, როცა საქმე ისედაც თავზე აყრია. და საქმე მართლაც „თავზე საყრელია“, რადგან მასწავლებლის მუშაობა (უფრო კი მუშაკობა), აწმყო განგრძობითი დროის გარდა, სხვა დროს არ ითავსებს. მუდმივად to be continued რეჟიმში არსებობა კი წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს და მართლაც, ძლივს „მორჯულებული“ კლასი საიდანღაც გადმოსული „შარახვეტია ბავშვისთვის“ რომ არ გემეტებოდეს, რა გასაკვირია. მაგრამ, სწორედ ამ ყოველდღიურ გამოწვევებში ჩანს ყველაზე უკეთ ჩვენი, როგორც მასწავლებლების მასწავლებლური არსი – შეგვიძლია თუ არა, მივიღოთ მოზარდები განუსჯელად და სიყვარულით, ვიყოთ გულწრფელი და პირუთვნელი მათ წინაშე, მაშინაც კი, როდესაც სემესტრის მიწურულს ჩვენი მენტალური და ემოციური მდგრადობა „სულს ღაფავს“.

 

უცხოობის შიშთან გამკლავებისა და მოზარდის თვითდამკვიდრების გზაზე მასწავლებელს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა აკისრია. შესაძლოა, მთელ სასწავლო პროცესზე აისახოს ის, თუ როგორ შეძლო მასწავლებელმა ახალი მოსწავლის უცხო ნიადაგზე „დაკალმება“. უმთავრესი ამ პროცესებში ნდობის მოპოვებაა.

თავდაპირველად საჭიროა, მოამზადოთ კლასი ახალ წევრთან შესახვედრად:

  1. ესაუბრეთ მოსწავლეებს, თუ რას გრძნობენ ისინი უცხო გარემოში მოხვედრისას;
  2. განაწყვეთ კლასი დადებითად ახალი მოსწავლის მიმართ;
  3. სთხოვეთ მოსწავლეებს, მერხებზე საკუთარი სახელები მიამაგრონ, ასე ახალ წევრს გაუადვილდება მათი დამახსოვრება.

მსგავსი სიახლეები საუკეთესო შესაძლებლობაა, ისეთი თემების გასააზრებლად, როგორებიცაა, „სტუმარ-მასპინძლობა“, „ტოლერანტობა“, „მეგობრობა“, „გუნდურობა“, „თანადგომა“. ამის მაგალითს თუ თავად მისცემთ, მოსწავლეებისთვის ტერმინთა მნიშვნელობა უფრო ცხადი გახდება, გააზრებული სწავლებით ხომ მოზარდი ყველაზე უკეთ იმეცნებს.

მასწავლებლის ორგანიზებული და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები კი მოსწავლეებში სტაბილურობის და სანდოობის განცდას იწვევს.

  1. გაესაუბრეთ ახალი მოსწავლის მშობელს (მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია კეთილგანწყობა თქვენსა და მშობელს შორის);
  2. უზრუნველყავით მოსწავლე საჭირო ნივთებით (მერხი, სკამი, ცხრილი);
  3. წარუდგინეთ მოსწავლე კლასს (მნიშვნელოვანია, რა ფრაზებს გამოიყენებთ მისი წარდგენისას);
  4. გააცანით კლასის წესები;
  5. დაათვალიერებინეთ სკოლა (ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, სასადილო, საპირფარეშო, გასართობი სივრცე);
  6. გააცანით წინასწარ შედგენილი კლასის სემესტრული თუ წლიური გეგმა (ღონისძიება, ექსკურსია, სხვა გასვლითი აქტივობები);
  7. თუ გაქვთ კლასის ფოტო-კოლაჟი, აჩვენეთ ახალ მოსწავლეს და კლასთან ერთად გაიხსენეთ განვლილი სახალისო დღეები, ეს მოსწავლეს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის თქვენ შესახებ და თავს თქვენიანად აგრძნობინებს;
  8. მნიშვნელოვანია, იცოდეთ ახალი მოსწავლის დაბადების თარიღი და პირველივე დღეს მოინიშნოთ კლასის „დაბადების დღის კედელზე“.

მოზარდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, როცა მას უსმენენ, იზიარებენ მის ინტერესებს, გამოხატავენ მისდამი კეთილგანწყობას და ინტერესდებიან მისი პიროვნებით. სასურველია, თუ წინასწარ გექნებათ შექმნილი ახალი მოსწავლისთვის განკუთვნილი პოსტერი, რომელსაც ის კლასის წინაშე შეავსებს და ამ გზით გაიცნობენ მას ახალი კლასელები.

მისუძუ კანეკოს ლექსის წაკითხვის შემდეგ, ჩემს თავს შევპირდი, მერხზე კლასის ახალი წევრისთვის ტერუს ლექსიც დამეხვედრებინა, როგორც მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის იკებანა, იმ იმედით, რომ ოდესმე უკეთ გავიგებდი მის ექოს.

ახალი მოსწავლე ჩვენგან კეთილგანწყობას, გულისხმიერებასა და თანადგომას მოელის, რადგან ის ერთი გამოეყო მისთვის ნაცნობ სოციუმს, ახალ გარემოსთან შეთვისება კი არცთუ მარტივი და უმტკივნეულო პროცესია.

პ.ს წელს ჩემი მოსწავლეები სხვა დამრიგებელმა გადაიბარა. ყველა ჩემი სურვილი და მიზანი, რაც მათთან მაკავშირებდა, მეყვავილის ოცნებად იქცა:

 

მეყვავილე მოხუცი კაცი

 

„მეყვავილე ქალაქისკენ გაეშურა,

განა სტუმრად?!

იქ გაყიდა ყვავილები, უხმოდ, ჩუმად.

რასაც თავზე ევლებოდა, შეჰხაროდა, იგი დათმო.

ეს საბრალო მარტოხელა მეყვავილე ახლა დარდობს,

და მზის ჩასვლას შინ ეული ეგებება, თავის ქოხში.

ერთადერთი ეს ოცნება დარჩა ახლა –

ბედნიერი რომ გახადოს ყვავილები უცხო სახლმაც“.

 მისუძუ კანეკო

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მისუძუ კანეკოს „იაპონური ექო“ მთარგმნელი მარიამ წიკლაური. გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“ 2023 წ.

https://www.teachstarter.com/us/blog/7-tips-for-welcoming-a-new-student-2/?fbclid=IwAR1M_tXP_s5YdZZX4iSSiozJTiF55WtZL2oajXprTSqmEpGVjkHpbd_5xm4

https://www.teach-this.com/

https://www.teacherspayteachers.com/Product/Creating-New-Student-Welcome-Kits-2827590?fbclid=IwAR2EBf69YUdgUW6GP9qsjDkPW7T4Qon-mSqy6wCLP5lUpbiYqBLaVvBNro8

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“