ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ვიფიქროთ და ვისაუბროთ გარემოზე

„2030 წლისთვის ყველა მოსწავლემ უნდა შეიძინოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, მათ შორის, მდგრადი განვითარებისა და მდგრადი ცხოვრების წესისკენ მიმართული განათლების მეშვეობით…“ – მდგრადი განვითარების მე-4 მიზანი (ნაწილი 7).

ჩვენ ირგვლივ სამყაროში მიმდინარე ცვლილებები ხელს უწყობს ახალი აზროვნებისა და საგანმანათლებლო მეთოდების განვითარებას, რომლებიც მოსწავლეებში ავითარებს ინდივიდუალურ პიროვნებას, აყალიბებს უნივერსალურ უნარებს და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. სკოლაში გარემოსდაცვითი განათლების მიზანი არა მხოლოდ სამყაროს შესახებ გარკვეული ცოდნის ათვისებაა, არამედ ამ ცოდნამ ხელი უნდა შეუწყოს გარემოსდაცვითი პრინციპების დამკვიდრებასა და გამოყენებას ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში, რაც საგანმანათლებლო პროცესში გარემოსდაცვითი საქმიანობის წარმართვის ალტერნატიული ფორმებისა და მეთოდების ფართო დანერგვას განაპირობებს.

ჩვენ ეკოლოგიურ განათლებაზე ვსაუბრობდით და მოსწავლეებს ვაძლევდით ცოდნას გარემოს შესახებ. იქნებ ჩვენ უნდა ვასწავლოთ გარემოსთვის და არა მის შესახებ.

ასეთი ამოცანები მოითხოვს ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის გადახედვასა და სპეციფიკურ ცოდნას ეკოლოგიის სფეროში – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განმარტებით „განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD) უფლებას აძლევს ადამიანებს, შეცვალონ თავიანთი აზროვნება და იმუშაონ მდგრადი მომავლისთვის“.

განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD) არის განათლების მიდგომა, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანების დედამიწასთან ჰარმონიაში ცხოვრების მნიშვნელობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ხელს უწყობს ESD-ს, როგორც გლობალურ საგანმანათლებლო მიზანს.

განათლება მდგრადი განვითარებისთვის ცვლილებების მომტანია, ის გვასწავლის როგორ ვიფიქროთ და ვისაუბროთ გარემოზე და გარემოსთვის.

გარემოსდაცვითი განათლება მოიცავს გარემოს შესახებ სწავლებას, განათლება მდგრადი განვითარებისთვის კი ადამიანებს ასწავლის, როგორ იბრძოლონ მდგრადი ცხოვრებისთვის.

ასე რომ, ESD არის უფრო გამაძლიერებელი გზა ეკოლოგიურ განათლებაზე ფიქრისთვის. ის წარმოადგენს სრულიად ახალ აზროვნებას გარემოს სწავლების შესახებ.

გლობალური კრიზისის პირობებში განათლება წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ გზას სოციალური და ინტელექტუალური საფუძვლის ფორმირებისთვის მდგრადი განვითარების პრინციპების განსახორციელებლად. მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული მზარდი პრობლემების გამო, განათლების საჭიროება კვლავ იზრდება. განათლება მდგრადი განვითარებისთვის ESD განიხილება, როგორც ახალი ცნობიერებისა და ქცევის ჩამოყალიბების გზა, რომლის მეშვეობითაც ადამიანის განვითარების კურსი შესწორდება.

ლიტერატურაში ბევრი პრინციპია განხილული, რაც შეიძლება ზოგჯერ საკმაოდ დამაბნეველი გახდეს.

ელიოტი და დევისი (2009) ამტკიცებენ, რომ ESD „არის განათლება ტრანსფორმაციული (გარდამტეხი) პროგრამით – ის მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას მდგრადი ცხოვრების გზებისკენ“.

ნასიბულინა (2015) ამტკიცებს, რომ ESD ორიენტირებულია „ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებასა და ეკოლოგიური კულტურის ფორმირებაზე“.

კონცეფცია „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ პირველად გაეროს დოკუმენტებში 2018 წლის მეორე ნახევარში გაჩნდა. ESD კონცეფციის შემუშავება პირდაპირ კავშირშია დოკუმენტებთან, რომლებიც 1992 წლის რიოს გაეროს კონფერენციაზე მსოფლიო საზოგადოებამ მიიღო. ამ სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ განათლება მდგრადობის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორედ მაშინ გამოაცხადეს მსოფლიო ლიდერებმა, რომ „განათლება ცვლილების გადამწყვეტი ფაქტორია“.

განათლება მდგრადი განვითარებისთვის სცდება ფორმალური განათლების საზღვრებს, უწყვეტი სწავლის სახით გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარების პირობას ქმნის და ხელს უწყობს ეკოლოგიური კულტურის ფორმირებას, რაც ESD-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ამ დროისთვის ESD-ის ძირითადი მიზნებია სისტემური მსოფლმხედველობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების მდგრად განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლებას, მაღალი მორალური ფასეულობების, მდგრადი მოხმარების სწავლებისა და სოციალური აქტივიზმის გავრცელებასა და დანერგვას.

გთავაზობთ ESD-ის შვიდ პრინციპს, რომლებიც კარგად ასახავს მის კონცეფციას.

  1. ტრანსფორმაცია და ცვლილება: ადამიანებს უნდა მიეცეთ უფლება, შეიტანონ ცვლილებები საკუთარი თავის, სკოლებისა და ადგილობრივი თემების ცხოვრებაში. ESD არ არის ობიექტური. მისი მიზანია მდგრადი მომავლისთვის მოქმედებისკენ სწრაფვა.
  2. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა ყველასათვის: ESD არ მიიღება მხოლოდ სკოლებში. იგი ტარდება ოფიციალურ და არაფორმალურ სასწავლო გარემოში ყველგან, მათ შორის სამუშაო ადგილებზე, საზოგადოების შეხვედრებზე, სპორტულ კლუბებში და ა.შ. იგი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, საშუალო ასაკისა და მოხუცებისთვის.
  3. სისტემური აზროვნება: ეს ტერმინი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული. როგორ? მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეკოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემები ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთზეა დამოკიდებული.
  4. უკეთესი მომავალი: ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ უკეთესი მომავლისკენ, რომელშიც შეგვიძლია ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიულად.
  5. კრიტიკული აზროვნება: ამჟამად საქმეები არც ისე კარგად მიდის. მსოფლიო კლიმატის კატასტროფის გზაზეა. ასე რომ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს კრიტიკულად და კრეატიულად აზროვნება, რათა იპოვონ გადაჭრის ახალი გზები და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგრადობის გზაზე დაგვაბრუნებს.
  6. მონაწილეობა: ჩვენ ყველა უნდა ვისწრაფოდეთ უფრო მდგრადი სამყაროსკენ და მცირე ეკოლოგიური კვალისკენ. ასე რომ, ESD წაახალისებს კვლევაზე და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევიმეცნოთ მოქმედების პროცესშიც.
  7. პარტნიორობა ცვლილებისთვის: ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ცვლილებებისთვის. მდგრადი მომავლის შესაქმნელად საჭიროა სკოლების ერთმანეთთან თანამშრომლობა, მთავრობებისა და სათემო ჯგუფების კოოპერაცია.

იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ტრანსფორმაციულ სწავლას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ ცვლილებებისთვის.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://helpfulprofessor.com/education-for-sustainable-development/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“