შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნოტანი

ხელოვნების გაკვეთილების გადახედვისას იმ აქტივობების მონიშვნა მიყვარს, რაც ბავშვებმა გატაცებით შეასრულეს და შექმნილი ნამუშევრებით კმაყოფილები დარჩნენ. ჩანიშვნა კი აუცილებლად მჭირდება, რომ არ გამომრჩეს და მომავალშიც ჩვენი შეხვედრები სიახლეებით სავსე გვქონდეს. ჩემს ჩამონათვალში ნოტანი საპატიო ადგილს იკავებს.

ნოტანის ისტორია ჩინეთსა და იაპონიაში იღებს სათავეს. მხატვრები და კალიგრაფები კომპოზიციის აგების ამ ხერხს ასეულობით  წელი იყენებდნენ თავიანთ ნამუშევრებში. მაგალითად, მე-17 საუკუნეში  სახელგანთქმული იაპონელი მხატვარი კანო სანსეცუ*

 თავის პეიზაჟებს ნოტანის პრინციპით ხატავდა. სიტყვა  Nōtan (濃淡)იაპონურად  ნათლის და ბნელის ჰარმონიულ ბალანსს ნიშნავს. ეს მხატვრული ხერხი შავის და თეთრის კონტრასტის პრინციპს ემყარება. ევროპულ სამყაროში კი ნოტანი 1850-იანი წლების დასაწყისში გახდა პოპულარული, როცა იაპონიამ თავისი პორტები ვაჭრებისთვის გახსნა. გაგახსენდებათ, ალბათ, ამ ეპოქაში ევროპელი ხელოვანების გატაცება იაპონიზმით (იაპონური სამოსით, საგნებით, დეკორით, გრავიურებით). იაპონურმა ხელოვნებამ გავლენა იქონია ნახატის აგების იდეაზეც, ჰარმონიული პროპორციების და დაბალანსებული კონტრასტების შექმნაზე. ჰარმონიული კომპოზიციის იდეას იაპონურად ნოტანი ჰქვია.

გაკვეთილზე კომპოზიციის აგების ამ იაპონურმა მეთოდმა მოხიბლა როგორც ხელოვნებაზე შეყვარებული მოსწავლეები, ისე ცოტა გაფანტული მსმენელიც. იაპონიის ხსენებამ ბავშვების ყურადღება იმწამსვე მიიპყრო. ვიცი, რომ უმეტესობას უყვარს ანიმეს პერსონაჟების ხატვა, მანგების კითხვა და ორიგამის ხელოვნება. ცხადია, ასაკის შესაბამისად, განსხვავებული სირთულის დიზაინებზე ვიმუშავეთ. გაკვეთილზე ბავშვებმა ისწავლეს ნოტანის პრინციპით გაწონასწორებული კომპოზიციების შექმნა.

 

ყველაფერი შავი კვადრატით დავიწყეთ, რომელიც დავშალეთ, დავჭერით და ახალი ფორმა შევქმენით. დაჭრილი ნაწილები სრულად ავითვისეთ, არაფერი დაგვრჩა უყურადღებოდ, სარკისებური მეწყვილის გარეშე. ნოტანის შექმნისას ფორმებით თამაში უსასრულოდ შეგვიძლია, ასევე ნებისმიერი გამოსახულების, ადამიანის, ცხოველის, მცენარის თუ სხვადასხვა საგნის გარდასახვა არის შესაძლებელი გაწონასწორებულ, სიმეტრიულ ან ასიმეტრიულ კომპოზიციებად.

ნოტანის გამოჭრამდე შავი ფერის მარკერით ჩანახატების წიგნებში ხელი გავივარჯიშეთ და რამდენიმე იდეის მონახაზი გავაკეთეთ. სამუშაოდ ორი კვადრატული ფორმის განსხვავებული ფერის (მუქი და ღია) და ზომის ფურცელი შევარჩიეთ – ერთი ქაღალდი 10*10 სმ (მუქი), მეორე კი (ღია ფერის) – 20*20 სმ გვქონდა. გირჩევთ, პირველად შავი და თეთრი ფურცლები გამოიყენოთ, რადგან ეს ფერები ნოტანის ტრადიციული კომბინაციაა და ძალიან ეფექტური ნამუშევრები გამოდის. მოსწავლეებისთვისაც უმალ თვალსაჩინო ხდება ნოტანის არსი – კომპოზიციაში შავ-თეთრი ფორმების ჰარმონიული ბალანსი. მერე კი თავისუფლად შეგიძლიათ ფერადი ქაღალდები გამოიყენოთ, სხვა კონტრასტული ან მონათესავე ფერების ფურცლების შეხამებითაც მშვენიერი ნამუშევრები იქმნება. ნოტანი უსასრულო ინტერპრეტაციისკენ გვიღებს კარს.

შავი ფურცლისგან 10*10 სმ ზომის კვადრატები გავზომეთ და გამოვჭერით. შემდეგ ვთხოვე ბავშვებს, რომ წინასწარ მომზადებული რომელიმე ჩანახატი თავიანთ კვადრატზე უბრალო ან ღია ფერის (თეთრი, ყვითელი) ფანქრით გადაეტანათ. მაკრატლის ხმარებისას, განსაკუთრებით პატარებს, ვურჩევ ხოლმე, მათგან საპირისპირო მხარეს გამოჭრან, ჭრის დროს ფურცელი ატრიალონ და არა მაკრატელი, თითების დაზიანებისგან  თავი რომ დავიზღვიოთ. შემოხაზული ფორმები კი კონტურის გარეთ გამოჭრან, დაწებების დროს გამონაჭრელებს ამოაბრუნებენ და ფანქრის ხაზებიც დაიმალება. შემდეგ ეს დეტალები თეთრი ფურცლის ცენტრში გაშალეს და ერთმანეთს სარკისებურად დაუკავშირეს. და როცა აწყობილი კომპოზიციით კმაყოფილები დარჩნენ, დაწებებას შეუდგენენ. დაწებება კი ცენტრალური დეტალით დაიწყეს.

პოზიტიურ და ნეგატიურ სივრცეებზე დასაკვირვებლად ნოტანი საუკეთესო გაკვეთილია. ის აბსტრაქტული კომპონენტი, რომელსაც ნოტანი თავისთავში შეიცავს, მუშობის პროცესში სრულიად გათავისუფლებს დაძაბულობისგან, ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ მოდუნდნენ და ექსპერიმენტებში ჩაიძირონ. ამ მომენტს მეც ხაზს ვუსვამ თემის წარდგენის დროს. ეს აქტივობა კარგად მუშაობს იმ მოსწავლეებთანაც, რომლებიც ხელოვნების გაკვეთილზე მოწყენილები შემოაღებენ ხოლმე კარს. მერე კი აღმოაჩენენ, რომ ჩამთრევია ეს ნოტანი, ძალიან კარგად გამოსდით და ბოლოს სიამაყით გვაჩვენებენ დასრულებულ ნამუშევრებს.

ნოტანის ხიბლი და სარგებელი სცდება მარტივი შავი და თეთრი დაჭრილი ქაღალდისგან აგებული დიზაინის გაგებას. ის გვეხმარება ხელოვნებაში სივრცის აღქმასა და კომპოზიციის მნიშვნელობის გააზრებაში. ეს აქტივობა მოსწავლეებს ნეგატიურ და პოზიტიურ სივრცეს შორის ბალანსის მიღწევის შესაძლებლობას ანახებს.

ნეგატიური სივრცე ხელოვნების საფუძველია, მოსწავლეებს ის აქამდე ნამდვილად უნახავთ, მიუხედავად იმისა, იცოდნენ თუ არა მისი სახელი. მარტივად რომ ავხსნათ, ნეგატიური სივრცე განისაზღვრება როგორც საგნის ირგვლივ ან საგნებს შორის არსებული ცარიელი სივრცე. ნოტანი მოსწავლეს ასწავლის, როგორ შეუძლია კომპოზიციაში ნეგატიური სივრცის გამოყენება, ნახატში მთავარი ფიგურის ან საგნის ირგვლივ ხელშეუხებელი სივრცის მოულოდნელად დამუშავებით ჰარმონიული ნამუშევარი შექმნას, რომელიც გაწონასწორებული და თვალისთვის სასიამოვნო სანახავია.

პოზიტივი ნეგატივის გარეშე არ არსებობს. ასეა ხელოვნებაშიც. პოზიტიური და ნეგატიური სივრცეები ერთად მუშაობენ კომპოზიციაში ბალანსის მისაღწევად. ბალანსის გარეშე ნამუშევარმა შეიძლება თვალი დაღალოს, ან საერთოდ არ იმოქმედოს მნახველზე.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ ბავშვების შეფასებებს ვინიშნავ: „სიმეტრიული ხელოვნება – რაღაც მშვენიერია“; „ტექნიკა ვისწავლე, რომელიც მანამდე არასდროს გამომიყენებია“, „გასაოცარი რამეების შექმნა თურმე მხოლოდ შავის და თეთრის გამოყენებითაც შეიძლება“; „თავიდან ისე მოსაწყენი მომეჩვენა, მაგრამ როცა დაწებება დავიწყე, ძალიან მაგარი აღმოჩნდა“; „მივხვდი, რომ მოთმინებით უნდა გამოვჭრა სხვადასხვა ფორმა და დეტალებს ყურადღება მივაქციო“; „ცოტა იაპონურიც უკვე ვიცი“, „გავიგე, როგორ შემიძლია ნათელი და მუქი ფერების და ფორმების  გაწონასწორება“; „ვისწავლე კომპოზიციაში როგორ მივაღწიო ჰარმონიას განსხვავებული ელემენტებით.“

თუკი ნოტანის შექმნა არასდროს გიცდიათ, ერთი შეხედვით, შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ. მაგრამ ასე არ არის. ქაღალდისგან გამოჭრილი ეს წარმტაცი დიზაინის ნიმუში მისი კონცეფციის გააზრების შემდეგ ადვილად მოსახელთებელი და სახალისო სამუშაოა და ნახავთ, როგორი გასაოცარი ნამუშევრები გამოუვათ თქვენს მოსწავლეებს.

*Old Plum, Kano Sansetsu Japanese, 1646, https://www.metmuseum.org/art/collection/search/44858

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი