სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების კელერისეული მოდელი

მოტივაციის  გარეშე ძნელი წარმოსადგენია, სწავლების პროცესს სასურველი შედეგი ჰქონდეს და სწავლა სასურველ საქმიანობად იქცეს. მოსწავლის მოტივირებაზე დიდადაა დამოკიდებული პედაგოგის მოტივაციაც. გავიხსენოთ, რა მძიმე და გულდასაწყვეტია, როცა მასწავლებელი მაქსიმალურად მონდომებულია, მაგრამ ამჩნევს, მოსწავლე უინტერესო გამომეტყველებით რა ხშირად დასცქერის გაკვეთილზე საათს… თავადაც ვყოფილვართ ასეთ როლში, როცა გაკვეთილისა  თუ ლექციის ამოწურვას მოუთმენლად ველოდით და უსარგებლო (ასე მიგვაჩნდა) დრო კი იწელებოდა.

მოტივაციის ამაღლების ტექნოლოგიებზე განათლების თეორეტიკოსები საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობენ. მათ ბევრი საერთო და განსხვავებული მიდგომა აქვთ. მაგრამ პედაგოგი ამ ტექნოლოგიებში ეძებს ისეთ მიდგომებს, რომელიც პრაქტიკულად მიღწევადი და ეფექტური იქნება.

განათლების ტექნოლოგიების სპეციალისტის ჯონ კელერის მიერ ჩამოყალიბებული მოდელი გულისხმობს მოტივაციის გაკვეთილის გეგმაში ჩაშენებას. ამ მოდელის ავტორი ყურადღებას 4 ძირითად ფაქტორზე ამახვილებს, რომლებსაც ემყარება მოტივაცია. ესენია: ყურადღება, აქტუალობა, თავდაჯერებულობა, კმაყოფილების განცდა. კელერის აზრით, ეს ოთხი კატეგორია ქმნის იმ პირობების ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია ადამიანისათვის, რომ მოტივირებული იყოს.

ყურადღება

მოსწავლეთა ყურადღების  მოპოვება  ჩაუნაცვლებელი წინაპირობაა წარმატებული გაკვეთილისთვის. ამის მისაღწევად სხვადასხვა სტრატეგია გამოიყენება: უბრალო მხედველობითი კონტაქტი, მოულოდნელი ამბის მოყოლა, უცხო ხმოვანი სიგნალის გამოყენება ან სხვა რაიმე მოულოდნელის გაკეთება (ეკრანზე სიტყვის თავდაყირა გამოტანა, დამაინტრიგებელი კითხვის დასმა და ასე შემდეგ).

მოდელის ავტორი მასწავლებელს ურჩევს გაკვეთილის დაგეგმვისას  საკუთარ თავს დაუსვას კითხვები:

დაინტერესება: რა შემიძლია გავაკეთო, მათი ყურადღების მოსაზიდად და გაკვეთილის თემით დასაინტერესებლად?

ცნობისმოყვარეობის გაღვივება: როგორ შემიძლია მათი ცნობისმოყვარეობის  გაღვივება?

ყურადღების შენარჩუნება: რომელი ტაქტიკა უნდა გამოვიყენო, რომ მათი ყურადღება მთელი გაკვეთილის მანძილზე შევინარჩუნო?

ალბათ, გავიხსენებთ ისეთ შემთხვევას, როდესაც მასწავლებელი თუ ლექტორი საუბარს  აუდიტორიასთან კონტაქტის, აუდიტორიის განწყობით დაინტერესების გარეშე იწყებს. კელერის მტკიცებით, ასეთ პრაქტიკაში ცალსახად გამორიცხულია საკვანძო ელემენტი, რომელიც იწვევს ან აღვივებს ცნობისმოყვარეობას. საბედნიეროდ, ეს სულაც არ ითხოვს დიდ დროს: მთავარია  პედაგოგმა გამოიმუშაოს ჩვევა,  გააზრებულად დარწმუნდეს აუდიტორიასთან კონტაქტში. ამისთვის რამდენიმე წამიც კი შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ხანმოკლე კონტაქტს შეუძლია შეცვალოს მთელი გაკვეთილის მსვლელობა და ის გამოცდილება, რომელსაც მოსწავლეები მიიღებენ.

აქტუალობა

აქტუალობის განცდის შექმნა შემდეგი საკვანძო ტაქტიკაა. კელერის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყურადღება და ცნობისმოყვარეობა გაღვივებულია, მოტივაცია გაქარწყლდება, თუ მოსწავლისთვის შინაარსს ფასეულობა არ აქვს. გაკვეთილი აქტუალური ხდება მაშინ, როცა მისი თემა პირდაპირ კავშირშია მოსწავლის მიზნებთან, მის ინტერესებთან და სწავლის სტილთან.

კელერის მოდელის მიხედვით, მასწავლებელმა თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა: რაში გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს ამ მასალის ცოდნა? შეიძლება ეს კითხვა თავად მოსწავლეებსაც დავუსვათ თემასთან, საგანთან, კონცეფციასთან მიმართებაში.

მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისას შემდეგი კითხვები დაეხმარება:

მიზანთან მიმართებაში: როგორ შემიძლია დავაკმაყოფილო ჩემი მოსწავლეების საჭიროებები? საერთოდ, ვიცი, რა წარმოადგენს მათ საჭიროებებს?

ინტერესებთან მიმართებაში: როგორ და როდის შემიძლია მოსწავლეებს შევუქმნა მათ საჭიროებებზე დაფუძნებული  არჩევნის საშუალება?

გამოცდილებასთან მიმართებაში: როგორ შემიძლია დავუკავშირო გაკვეთილის თემა მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებას?

პრაქტიკოსები ადასტურებენ, რომ იდეალური სახელმძღვანელოც კი სრულად ვერასდროს მოერგება და დაფარავს იმ საჭიროებებს, რომელსაც მრავალფეროვანი, განსხვავებული  ინტერესებისა და გამოცდილების აუდიტორიები წარმოშობს. მასწავლებლის წინაშეც ეს ამოცანა იკვეთება – მოახდინოს შინაარსისა და მეთოდების მოდიფიცირება კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.

თავდაჯერებულობა

დაჯერებულობის განცდა ჩნდება მაშინ, როცა არსებობს წარმატების მოლოდინი. ამ მოლოდინის გამყარებაში დახმარება  მასწავლებელს ცალსახად შეუძლია. მან უნდა იზრუნოს, რომ მოსწავლეს გაუჩნდეს რწმენა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ.

ამ ასპექტისთვის მასწავლებელს შემდეგ კითხვებს სთავაზობენ:

წარმატების მოლოდინი: როგორ შემიძლია დავეხმარო მოსწავლეს ჰქონდეს წარმატების მოლოდინი?

წარმატების შესაძლებლობა: როგორ/ რა სახით დაეხმარება მოსწავლეს თავისი წინა გამოცდილება შეიძინოს საკუთარ კომპეტენციაში დაჯერებულობის განცდა?

პერსონალური პასუხისმგებლობა: რა გზით  გაიაზრებენ მოსწავლეები, რომ მათი წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული მათსავე ძალისხმევასა და შესაძლებლობებზე?

ხშირად მოსწავლეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, გაიაზრონ საკუთარი წარმატება ან წარუმატებლობა. ხანდახან წარუმატებლობა შეიძლება იყოს სწავლების პროცესის აუცილებელი და გარდაუვალი კომპონენტი. ან ეს შეიძლება იყოს შედეგი ისეთი გარე ფაქტორებისა, რომლის კონტროლზეც მოსწავლეს ხელი არ მიუწვდება. როცა წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევს და თან არ ხდება გამომწვევი მიზეზების გააზრება, თავს იჩენს საშიში დასკვნა, რომ მოსწავლეს არ აქვს წარმატების მიღწევის უნარი. შედეგად ასეთი დასკვნა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, ანადგურებს მოსწავლის თვითშეფასებასა და სწავლისადმი მოტივაციას.

კმაყოფილების განცდა

მეოთხე ფაქტორი მოტივაციის შესაქმნელად არის კმაყოფილების განცდა, რომელსაც კელერი პირდაპირ უკავშირებს საკუთარი წარმატებებით გამოწვეულ ან გამოცდილების პროცესში განცდილ პოზიტიურ ემოციებს. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლე იღებს აღიარებას და წარმატების დადასტურებას, რაც თავის მხრივ მასში კმაყოფილებისა და სამართლიანობის განცდას აღძრავს.

გაკვეთილის დაგეგმვისას გასათვალისწინებელი კითხვები:

შინაგანი მოტივაცია: როგორ უნდა შევუქმნა მოსწავლეს  რეალური შესაძლებლობები იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომელსაც ახლახან დაეუფლა?

შედეგებისთვის დაჯილდოება: როგორ უნდა გავუმყაროთ მოსწავლეს წარმატების განცდა?

სამართლიანი მიმართვა: როგორ დავეხმარო მოსწავლეებს, რომ განუმტკიცდეთ საკუთარი მიღწევებით გამოწვეული დადებითი განცდა?

როცა მოსწავლე ხედავს სწავლის აზრს, მას სულ სხვა განცდა უჩნდება  სასწავლო პროცესის მიმართ. როცა მას აქვს კმაყოფილების განცდა, ჩნდება სურვილი უფრო მეტი ასეთი შეგრძნების  და ემოციის მიღებისა.

ამ მარტივი მიდგომების  გამოყენებით, გაკვეთილზე მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს მისცეს სულ სხვა გამოცდილება და ემოციები.  ყველაზე მთავარია, მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარ თავში გააღვივოს ცნობისწადილი; შეუქმნას  გარემო იმის გასაგებად, რა არის მისთვის აქტუალური; დაეხმაროს გახდეს თავდაჯერებული; დაბოლოს, კმაყოფილება მიიღოს სწავლის პროცესისაგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“