ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ბავშვებში ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ყველაზე მასშტაბური კვლევა. აღმოჩნდა, რომ 16 წლის მოზარდების თითქმის 2%-ს ნახევარ წელიწადზე მეტია აქვს ეს სინდრომი, 3%-ს კი სამი თვეა უგრძელდება. ეს ბავშვები აცდენენ კვირაში ნახევარზე მეტ სასკოლო დღეს. დანარჩენები, უბრალოდ, ითმენენ.
მთლიანობაში მკვლევრებმა 5756 ბავშვისა და მოზარდის სირთულეები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 13-16 წლის გოგონები ვაჟებზე 2-ჯერ ხშირად აქვთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ სახის დაღლილობა ძალზე გავრცელებულია და ძლიერ მტანჯველი. სპეციალისტის დახმარებას სინდრომის მქონე ბავშვების მხოლოდ 10% იღებს.
ცოტა ხნის წინ ქრონიკული დაღლილობა დაავადებად არ მიიჩნეოდა, მაგრამ კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციისა და იმუნიტეტის ცენტრის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არსებობს და ის იმუნური სისტემის დასუსტების შედეგია. ეს არის ფიზიოლოგიური და არა ფსიქიკური აშლილობა. ცნობილია, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანები უჩივიან ძლიერ დაღლილობას, თავისა და კუნთების ტკივილს, კონცენტრაციის უუნარობას.
ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ თანამედროვე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თუმცა ბოლო დრომდე მიიჩნევდნენ, რომ სტრესული სამსახურის გამო ის მხოლოდ უფროსებს აწუხებდათ.
როდის წარმოიშობა ქრონიკული დაღლილობა?
ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ბევრი არა დიაგნოზად, არამედ სამუშაოსგან თავის არიდების საშუალებად აღიქვამს, თუმცა ფსიქოლოგებმა და ნევროლოგებმა დიდი ხანია აღიარეს ამ მდგომარეობის სერიოზულობა. სინდრომი შეიძლება დავახასიათოთ როგორც ნერვული სისტემის მიერ ფსიქოემოციური და სხვა სახის გადატვირთვისთვის წინააღმდეგობის გაწევის სუსტი უნარი. ყველაზე ხშირად ამ მდგომარეობას იწვევს ნერვული ან ფიზიკური გადაღლა, ძლიერი სტრესი ან გადატვირთული ცხოვრების რიტმი, რომლისთვისაც ბავშვი მზად არ არის.
გადაღლა, ასე თუ ისე, ყველა თანამედროვე მოსწავლეს ემუქრება: გაკვეთილები, დამატებითი მეცადინეობა, ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი, თანატოლებთან ურთიერთობა…. ეს ყველაფერი აჭარბებს ბავშვის ფსიქიკის ნებადართული დატვირთვის ზღვარს. ქრონიკული დაღლილობის მიზეზად გაციებაც შეიძლება იქცეს. ავადმყოფობა ასუსტებს ორგანიზმს და ტოვებს „გვერდით მოვლენას“ – ქრონიკული დაღლილობას.
მიუხედავად სახელწოდებისა, სინდრომი მხოლოდ აპათიითა და მოშვებულობით არ მჟღავნდება – მას სხვა სიმპტომებიც აქვს, რომლებიც ბავშვს საგრძნობლად უშლის ხელს სწავლასა და ჩვეულებრივ ცხოვრებაში.
ყურადღება მიაქციეთ ძილს. თუ ბავშვს ჩვეულებრივზე მეტხანს სძინავს, ხშირად იღვიძებს ღამით ან გამუდმებით ეძინება, ეს ქრონიკული დაღლილობის პირველი სიმპტომია. ბავშვების უმრავლესობისთვის აუცილებელია 8-10–საათიანი სრულფასოვანი ძილი. თუ შესაძლებელია, დააძინეთ ნაშუადღევს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა გადატვირთული გრაფიკის მქონე მოზარდებისთვის.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ბავშვი კარგავს მადას და საყვარელ კერძებზეც კი უარს ამბობს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად ეცვლებათ განწყობა, ჭირვეულობენ, აწუხებთ აპათია, ფიზიკური სისუსტე, თავის ტკივილი და ამინდის ცვლილებისადმი მგრძნობელობა, შრომის უნარისა და ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება. ბევრი უმნიშვნელო ემოციურ დაძაბულობასაც კი ვერ იტანს, სწრაფად იღლება, ითენთება, ყოველი წვრილმანი გულს სტკენს, მცირედი მარცხიც კი ატირებს.
სამწუხაროდ, მშობლები და მასწავლებლები ხშირად ვერ ხვდებიან, რა იწვევს ბავშვის ქცევის ცვალებადობას და „მძიმე ხასიათის“ გამო უბრაზდებიან. აუცილებელია სიმპტომების სათანადოდ შეფასება, ნევროლოგსა და ბავშვთა ფსიქოლოგთან კონსულტაცია. სპეციალისტები ბავშვს ადეკვატურ თერაპიას დაუნიშნავენ.
არსებობს სხვა ეფექტიანი მეთოდებიც, რომელთა გამოყენება მშობლებს შინაც შეუძლიათ. უწინარესად, მოსაწესრიგებელია ბავშვის ძილის რეჟიმი. თუ დაძინება უჭირს, მშობლები მასთან უნდა დარჩნენ, რათა შფოთვა შეუმსუბუქონ, თვალყური ადევნონ, რომ უქმე დღეებში ბევრი დრო არ გაატაროს ტელევიზორთან, რათა ძილის რეჟიმი არ დაერღვეს.
ბავშვმა რაც შეიძლება მეტი ხანი უნდა დაყოს სუფთა ჰაერზე. ნუ აუკრძალავთ გაკვეთილების შემდეგ თანაკლასელებთან თამაშს – თუ გუნება გაუფუჭდა, მაინც ვერ იმეცადინებს.
შეუმსუბუქეთ დამატებითი მეცადინეობის გრაფიკი, შეუდგინეთ შეძლებისდაგვარად მოხერხებული ცხრილი, რათა კვირაში ერთი თავისუფალი დღე მაინც დარჩეს. ტელევიზორის ყურებას შეუნაცვლეთ კინოში წასვლა, ეზოში თამაშს – ატრაქციონების პარკში ვიზიტი.
კომპიუტერი, რომელიც მხედველობის მუდმივ დაძაბვას მოითხოვს და საიდანაც ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს იღებს, ბავშვს დასვენების საშუალებას არ აძლევს, თუმცა თავად მას კომპიუტერული თამაშები განტვირთვის საშუალებად მიაჩნია.
ნუ მისცემთ უფლებას, დიდხანს შეუსვენებლად აკეთოს ერთი და იგივე საქმე. 45-წუთიანი მეცადინეობის შემდეგ საჭიროა 15-წუთიანი შესვენება. შრომისა და დასვენების სწორი ორგანიზება, დატვირთვის შემცირება და ახალი, სასიამოვნო შთაბეჭდილებების მიღება დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დაძლევა ადვილია, თუ მასზე თვალს არ დავხუჭავთ.
მოუწესრიგეთ სითხის მიღების რეჟიმი. ბავშვი დღეში ლიტრ–ნახევარ სუფთა წყალს უნდა სვამდეს. სკოლაში თუ დამატებით გაკვეთილებზე გაატანეთ წყლით სავსე ბოთლი.
კვებეთ რეგულარულად და სრულყოფილად. რაციონში აუცილებლად ჩართეთ ხილი და ბოსტნეული, მცენარეული და ცხოველური ცხიმი, შეამცირეთ ტკბილეულისა და ნახევარფაბრიკატების წილი, ამოიღეთ კონსერვანტების, საღებავების შემცველი პროდუქტები.
რაც მთავარია, გამოხატეთ მისდამი სიყვარული, ყურადღება, მზრუნველობა, გულწრფელი ინტერესი. ეს ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ ბავშვის პრობლემის მოგვარებაში.
ინგლისელ მეცნიერთა კვლევა იმაზეც მიუთითებს, რომ სინდრომს შესაძლოა ვირუსული ფორმა ჰქონდეს. „ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან მოწმობს, რომ სინდრომი იმაზე მეტადაა გავრცელებული მოზარდებს შორის, ვიდრე აქამდე ეგონათ“, – ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, ექიმი ესტერ კროული. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს იმდენივე დრო უნდა დაეთმოს, რამდენიც იმუნური სისტემის სხვა დაავადებებს (კვლევის შედეგი ჟურნალ „Pediatrics“-ში გამოქვეყნდა).
თუ ზრდასრულ ადამიანს ვკითხავთ: „როგორ ხარ?“ – უმეტესად ასეთ პასუხს მივიღებთ: „უამრავი საზრუნავი დამაწვა, სამსახურში ვიღლები, გამოძინებას ვერ ვახერხებ, ვერ ამომისუნთქავს“… ამას ამბობს ის ხალხი, ვინც უკვე გამოიმუშავა რეაქცია გარე სამყაროს ზემოქმედების მიმართ. წარმოიდგინეთ, რა მოუვა ბავშვს. ის დღის განმავლობაში უამრავ ინფორმაციას იღებს. ეს ინფორმაცია უნდა დაიმახსოვროს, გაიაზროს, ისწავლოს. ამას ემატება მრავალსაათიანი ჯდომა კომპიუტერთან, არცთუ მარტივი ურთიერთობა თანატოლებთან… ყველაფერ ამას მოსდევს ხანგრძლივი დაღლილობა, რომელსაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომამდე მივყავართ.
სამწუხაროდ, ბევრ მშობელსა და მასწავლებელს ბავშვის „ცუდი“ ქცევა მხოლოდ აღიზიანებს, დაუმორჩილებლობას ან დოყლაპიობას სწამებენ მას და მკაცრადაც სჯიან, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, კარგი იქნებოდა, დაჰკვირვებოდნენ და გაერკვიათ, გადაღლილობის ბრალი ხომ არ არის მისი საქციელი. გახსოვდეთ, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გარეშე ვითარებას ვერ გამოასწორებთ.