სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ინტერნეტმათემატიკის გურუ – მსოფლიოს მილიონერი მასწავლებელი

ყველაფერი ძალიან შემთხვევით, მოულოდნელად დაიწყო. ჰეგარტ კოლინსი ინტერნეტმათემატიკის გურუ სრულიად შემთხვევით გახდა.

ოთხი წლის წინ მათემატიკის მასწავლებელს ჰეგარტ კოლინსს, რომელსაც მასწავლებლობის მხოლოდ ორწლიანი გამოცდილება ჰქონდა, მისმა საუკეთესო მოსწავლემ შესჩივლა, რომ მამამისი მძიმედ ავად გახდა და, სამწუხაროდ, სკოლის დატოვება ორი თვით მოუწევდა.

„როგორ შემიძლია სწავლას არ ჩამოვრჩე? ალბათ, მხოლოდ წიგნები რომ მომცეთ, საკმარისი არ იქნება, არა?“ – ეკითხებოდა მოსწავლე კოლინსს. მასწავლებელმა, რომელსაც არ უნდოდა მისი საუკეთესო მოსწავლე სწავლას ჩამორჩენოდა, გუგლის მეშვეობით ინტერნეტში ვიდეოების ატვირთვა ისწავლა, სპეციალურად იყიდა პლანშეტი, რომ დაფაზე დაწერილი მასალა ეკრანზე გადაეტანა, გაკვეთილების ჩაწერა დაიწყო და მარტივად დამზადებულ ვიდეოებს მოსწავლეს YouTobe-ზე უტვირთავდა.

  • თანამედროვე ტექნოლოგიებში ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა დამოუკიდებლად ბევრი ვიშრომე და ყველაფერი ვისწავლე, რაც მჭირდებოდა“, – ამბობდა მოგვიანებით კოლინსი.

რამდენიმე თვეში ახალგაზრდა მასწავლებელმა YouTobe-ზე მთელი სილაბუსი ატვირთა და აღმოაჩინა, რომ მისი გაკვეთილები არა მხოლოდ იმ კონკრეტული მოსწავლისთვის, არამედ მთელი კლასისთვის ძალიან სასარგებლო იყო. ამის შემდეგ, იმისთვის, რომ პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად გაკვეთილებზე მეტი დრო დარჩენოდა, ჰეგარტი მოსწავლეებს მთელ ასახსნელ მასალას ვიდეოების სახით უგზავნიდა და საკლასო ოთახში ამოცანებზე ამუშავებდა.

guru

კოლინსი განმარტავს, რომ ვიდეოებით ახსნილი მათემატიკა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დააპაუზონ, გაიმეორონ, არაერთხელ უყურონ და მოუსმინონ მასალას.

  • თუ მათ შინ კომპიუტერი არ აქვთ, შეუძლიათ სკოლის ტექნიკა გამოიყენონ. ეს გასამართლებელი მიზეზი არ არის, – ამბობდა კოლინსი.

დღეს ვებსაიტს „ჰეგარტის მათემატიკა“ ბრიტანეთის 70-ზე მეტ სკოლაში იყენებენ. კოლინსმა კიდევ უფრო განავითარა ვებგვერდი და მოსწავლეებისთვის სპეციალური ტესტების გამოაქვეყნება დაიწყო.

ვების გამოყენება ძალიან მარტივია. თავდაპირველად მასზე მოსწავლეები რეგისტრირდებიან და თავიანთ ფოტოს ტვირთავენ, შემდეგ კოლინსის ლექციას უსმენენ და სურვილისამებრ, ავსებენ მათემატიკის ტესტებს. საუკეთესო შედეგის შემთხვევაში, მოსწავლის სურათი ვების თავში ქვეყნდება, რაც მათთვის საუკეთესო მოტივატორია.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ,  34 წლის ჰეგარტსს მასწავლებელთა გლობალური ჯილდო გადაეცა, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებლის სიაში მოხვდა და 1 მილიონი დოლარით დაჯილდოვდა, რომელსაც მას მარტში გადასცემენ. ამჟამად ჰეგარტი სპეციალური ვებპორტალის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ბრიტანეთში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იქნება და მათ მათემატიკას შეაყვარებს.

კოლინსი ამბობს, რომ ჯილდოს მიღების ერთადერთი წინაპირობა მისი დაუღალავი მუშაობა იყო და რომ მას ამისთვის „ძაღლური შრომა“ დასჭირდა. სწორედ ამგვარ შრომას ასწავლის მოსწავლეებსაც. მის საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ციფრულ ეკრანს, რომელსაც იგი „შთაგონების კედელს“ უწოდებს. კედელზე მონაცვლეობით ჩნდება სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ფოტო თავისივე გამონათქვამების ციტირებით. აქ ნახავთ ადამიანებს, რომლებმაც ბევრი შრომით მიაღწიეს წარმატებას.  „ჩემი საიდუმლო პრაქტიკაა. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ ცხოვრებაში რამე ძალიან მნიშვნელოვნის მიღწევა გინდა, აუცილებლად დაგჭირდება მუშაობა, მუშაობა და კიდევ მუშაობა“, – შთაგონების კედელზე მოჩანს დევიდ ბექჰემი.

– ერთი კვირის მანძილზე გიამბობთ ისტორიებს, თუ როგორ და რატომ უნდა ისწავლოთ და იმუშაოთ ძალიან ბევრი, როგორ მოემზადოთ კვლევისთვის. გეტყვით, რომ მე თქვენ მაქსიმალურად მაღალ სტანდარტს გიყენებთ და მაქსიმალურს ვითხოვ თქვენგან და არ ვაპირებ გაპატიოთ საშინაო დავალებების შეუსრულებლობა. უკაცრავად, – ასე მიმართავს მოსწავლეებს ახალ საკლასო ოთახში შესული კოლინს ჰეგარტი.

წყარო: https://www.theguardian.com/education/2016/feb/20/meet-the-internet-maths-guru-who-could-become-the-next-million-dollar-teacher

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი