ძველი მსოფლიოს ისტორიის შესწავლა მოსწავლის საისტორიო განათლების მნიშვნელოვანი ეტაპია. ისტორიის ამ ნაწილში ეცნობა მოსწავლე მოქალაქეობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიის, კულტურული და სამეცნიერო მიღწევების საწყისებს. სწავლების თანამედროვე დიზაინის საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია, მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილები ჩაატაროს და წარსულის შესწავლა საინტერესოდ და სახალისოდ წარმართოს.
კრეატიული, შემოქმედებითი და მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული გაკვეთილების ჩასატარებლად ეფექტიანი ინსტრუმენტია „სასწავლო მენიუ“. თუ პარალელურად გავითვალისწინებთ მოსწავლის სწავლის სტილს, ვიმუშავებთ კვლევისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, დავაბალანსებთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ საქმიანობას, „სასწავლო მენიუ“ ხელს შეუწყობს მამოტივირებელი სასწავლო პროცესის შექმნას.
უძველესი ისტორიის კონკრეტული თემის შესწავლისთვის „სასწავლო მენიუ“ შეგვიძლია დავყოთ ცალკეულ ნაწილებად, მაგალითად:
- Starter – დავალებები, რომლებიც გაკვეთილის საწყის ეტაპზე გამოიყენება;
- Main Course – ძირითადი ნაწილი, რომელიც გაკვეთილის შუა ნაწილში გამოიყენება;
- Dessert – შემოქმედებითი ხასიათის დავალებები, რომლებიც აერთიანებს და აჯამებს მიმდინარე სამუშაოს.
ნიმუში: ანტიკურ პერიოდთან დაკავშირებით შეგვიძლია მოსწავლეებს შევთავაზოთ მსგავსი ხასიათის დავალებები:
- გაკვეთილის შესავალ ნაწილში (Starter):
ა) განუმარტე და აუხსენი შენს თანაკლასელებს:
- რა არის ანტიკური ეპოქა?
- რა განსხვავებაა პოლისსა და სახელმწიფოს შორის
- სად და რატომ წარმოიშვა დემოკრატია?
- რა იცი პირველი დემოკრატების შესახებ და ა.შ.
ბ) გეოგრაფიული ხასიათის ამოცანა:
- მონიშნე რუკაზე: ათენი, სპარტა, რომი, ხმელთაშუა ზღვა, მცირე აზია…
გ) შედარება: შეადარე ცხრილის გამოყენებით ათენისა და სპარტას სახელმწიფო მოწყობა, აღზრდა-განათლება, მოქალაქეობა.
- Main Course – ძირითადი ნაწილისთვის:
- მინი–კვლევა: „რატომ არის პართენონი ანტიკური არქიტექტურის სიმბოლო?“ – დავალების შესრულებისთვის გამოიყენე სახელმძღვანელოს ტექსტი და ინტერნეტმასალები.
- DESSERT – შემოქმედებითი ხასიათის დავალებები:
ა) შექმენი კომიქსი: „ერთი დღე ანტიკურ ათენში/სპარტაში/რომში“.
ბ) მითი თანამედროვე ენით: „აირჩიე ერთი ბერძნული მითი და გადმოიტანე დღევანდელ რეალობაში“…
დ) ვიდეო/პოდკასტი: რამდენიმეწუთიანი აუდიო/ვიდეო ჩანაწერი თემაზე – „რატომაა ანტიკური ეპოქა დღემდე მნიშვნელოვანი?“
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი VII კლასის „ისტორიის“ სწავლების კურსიდან ყორღნული კულტურის შესწავლის მაგალითზე (გამომცემლობა „დიოგენე“, 2019).
- თემა: ბრინჯაოს ხანა
- საკითხი: რატომ აგებდნენ ყორღნებს?
I – Starter-ის დავალებები:
- განმარტე ტერმინები: ჩამოთვლილი სიტყვებიდან ამოირჩიე 3 და საკუთარი სიტყვებით განმარტე ისინი:
- თრიალეთის კულტურა;
- ყორღანი / სამარხი;
- მიკვლეული კულტურა;
- ინვენტარი (artefakti);
- ოქროსა და ვერცხლის წვეულები.
- გეოგრაფიული ამოცანა: რუკაზე (სასწავლო რვეულში ან სქემაზე) მონიშნე:
- თრიალეთის რეგიონი;
- სამხრეთ საქართველო;
- მტკვარი;
- არაქსი.
- ანალიტიკური ხასიათის დავალება: უპასუხე შეკითხვას – „რომელ წყაროებშია ინფორმაცია თრიალეთის კულტურის შესახებ?“
- შედარება – ცხრილზე მუშაობა: „თრიალეთის ყორღნები“
| დამახასიათებელი ნიშანი | მდიდრული ყორღანი | რიგითი წევრის ყორღანი |
II – Main Course – მინი-კვლევა / ძირითადი ნაწილი :
ა) „რა ადასტურებს, რომ თრიალეთის საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობა არსებოდა?!“
ბ) „რას გვიყვება დიდი ყორღანი?“: ამ მიზნით – ჩამოწერე 3 განსხვავება დიდ და მცირე ყორღნებს შორის; ახსენი რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი განსხვავებები (სოციალური ფენა? სტატუსი? ტრადიცია? მოიყვანე არგუმენტი შენი მოსაზრებების დასაცავად.
გ) ცხრილზე მუშაობა:
| არტეფაქტი | რა მასალისგანაა? | რისთვის იყენებდნენ? | რას მიგვანიშნებს საზოგადოების შესახებ? |
| თიხის ჭურჭელი | ————– | ————– | ————– |
| ოქროს თასი | ————– | ————– | ————– |
| ობსიდიანის ისრისპირები | ————– | ————– | ————– |
| საკვები (სელის მარცვალი, ხორბალი…) | ————– | ————– | ————– |
- „ გააკეთე დასკვნა / შეაჯამე“ – ამ ნაწილს მოსწავლეები ამთავრებენ კითხვაზე პასუხით:
ა) რომელი საქმიანობები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თრიალეთის კულტურაში?
ბ) ვინ შეიძლება იყოს ოქროსა და ვერცხლის თასებზე გამოსახული ცენტრალური ფიგურა – მმართველი? ტომის ბელადი? ღმერთი?
III – DESSERT – შემოქმედებითი ხასიათის დავალებები:
- კომიქსი – „ერთი დღე თრიალეთის მოსახლეობის ცხოვრებაში“: წარმოიდგინე, რომ ხარ ახალგაზრდა არქეოლოგი, რომელიც პირველად ჩავიდა თრიალეთის დიდი ყორღნის სანახავად. დაწერე დღიურის ჩანაწერი, სადაც აღწერ:
- რა ნახე?
- რა ნივთებმა გაგაკვირვა? (ოქროს თასი, ისრისპირები, საჭმლის ნიშნები)
- რას ფიქრობ, ვინ იყო აქ დამარხული?
- რას გრძნობს არქეოლოგი, როცა 4000 წლის წინანდელ სამარხს ხსნის?
- მოკლე ვიდეო/აუდიო – „წარსულის მოგონება“ (1–2 წუთი): ჩაწერე ვიდეო ან აუდიო, სადაც მოჰყვები:
- რა იყო თრიალეთის კულტურა?
- რატომ იყო მნიშვნელოვანი სამარხები?
- როგორ იქმნებოდა ოქროსა და ვერცხლის სამკაული;
- რატომ ჰქონდა თასი ცენტრალურ ფიგურას;
- რატომ იყო მნიშვნელოვანი დაკრძალვის რიტუალი.
- სიუჟეტური მოთხრობა: „თუ მე ვიქნებოდი თრიალეთის მხარის ოსტატი…“ ანუ მოამზადე მოკლე მონათხრობი სახელმძღვანელოს ტექსტის მიხედვით (120–150 სიტყვა) ერთი დღის შესახებ, რომელშიც ისაუბრებ:
- ვინ იყო ოქრომჭედელი?
- მეთუნე (თიხის ჭურჭლის ოსტატი)?
- მონადირე?
- სელის დამამუშავებელი?
შეფასებისთვის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასება (მაგალითად, Starter – 5 ქულა /ტერმინები, რუკა, ცხრილები; Main Course – 10 ქულა/ანალიზი, კვლევა, დასკვნის გაკეთება; DESSERT – 5 ქულა/კრეატიულობა. სულ – 20 ქულა).
„სასწავლო მენიუ“ როგორც დიფერენცირებული, მამოტივირებელი, თანამედროვე სწავლების ინოვაციური მიდგომა ხელს უწყობს სწავლების ეფექტურობას, მიზნობრიობას და მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევას, რის გამოც წარმატებით გამოიყენება სასწავლო პრაქტიკაში.


