ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
8 იანვარი, ხუთშაბათი, 2026

სიზიფე, გააგრძელებ?!

(ვასილ ბარნოვის „სული მთვლემარე“)

შეიძლება, სიტყვა „ცხოვრების“ განმარტება მატერიალურისა და სულიერის, ანუ ფიზიკურისა და მეტაფიზიკურის ურთიერთმიმართებით განსაზღვრო კაცმა. რა არის ან ერთი, ან მეორეო, ვინმე გადაწყვეტს, ჩამოაყალიბოს…

სენეკას უთქვამს, ფილოსოფია უფრო ქმედებააო, ვიდრე ფიქრი. ჰოდა, მოდით ჩვენც ჯერ ფილსოფიურ „პრიზმაში“ გადავიტანოთ ეს საკითხი, სანამ ლიტერატურაზე გადავალთ…ყველამ ვიცით არისტოტელე და გვსმენია მის შრომებზე ფილოსოფიაში, ლოგიკაში, ბუნებისმეტყველებაში, ეთიკაში, ესთეტიკასა თუ პოეტიკაში. მისი მთავარი ნაშრომია „მეტაფიზიკა“. აროსტოტელეს გარდაცვალების შემდგომ მის შრომებს საგანგებოდ ინახავდნენ და მისი წიგნების რედაქტირებისას აღმოაჩინეს სწორედ ეს ნაშრომი, რომელსაც სათაური არ ჰქონდა. გამომცემლებმა მას „მეტაფიზიკა“ უწოდეს, ანუ „ფიზიკის შემდეგ“. სინამდვილეში კი ეს იყო მისი მთავარი თხზულება, რომელშიც მისი დომინანტი ფილოსოფიური იდეებია ჩამოყალიბებული.

არისტოტელეს „მეტაფიზიკაში“ გატარებულია ის აზრი, რომ სამყაროში ყველაფერი მიისწრაფვის შესაძლებლობიდან სინამდვილისკენ, ანუ იდეიდან რეალობისკენ. იქნებ ესაა სამყაროსეული პროგრესის მთავარი კანონიც?! ნუ, თუ განხორციელდა, ცხადია…

არისტოტელეს ფილოსოფიაში უმნიშვნელოვანესია მოძღვრება ოთხი სახის მიზეზის შესახებ. ესენია: მატერიალური, ფორმალური, მოქმედი და მიზნობრივი მიზეზები. ასევე მის მოძღვრებაში დიდი ადგილი აქვს მიკუთვნებული ესთეტიკას (მოძღვრებას მშვენიერების შესახებ), რომელიც ჩამოყალიბებულია მის „პოეტიკაში“. არისტოტელე ესთეტიკის მამამთავარია. იგი ხელოვნების ნაწარმოებებს სხვადასხვა ფუნქციას ანიჭებდა: აღმზრდელობით, გასართობ, დასვენებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განწმენდის („კათარზისის“) მისიას. განწმენდაში იგულისხმება თუნდაც ის, რომ ხელოვნებასთან ზიარებისას (მაგალითად, სპექტაკლის დროს) მაყურებელი გმირის განცდებს საკუთარივით განიცდის და ამ გზით განიწმინდება უარყოფითი ენერგეტიკისა და ეფექტებისგან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არისტოტელე რეალობას ვერ ჭვრეტდა სათანადოდ და „პეპელასავით მოფარფატე“ არსება იყო. მან თავისი კვალი დააჩნია პოლიტიკურ მეცნიერებასაც, რადგან ის ადამიანს პოლიტიკურ არსებად თვლიდა. მისი აზრით, სახელმწიფოში ყველაფერი ირღვევა, როცა სათავეებთან მდიდრები (ოლიგარქები) არიან ან ღარიბები (დემოკრატია). იგი მონაქრიის მომხრე იყო, თუმცა იცოდა, რომ ზომიერების დარღვევის შემთხვევაში, მონარქია ტირანიაში (ერთმმართველობა) გადადის, არისტოკრატია – ოლიგარქიაში (მდიდრების მმართველობა), ხოლო პოლიტეია – დემოკრატიაში (ხალხის მმართველობა).

არისტოტელეც ადამიანი იყო და შეუცდომელი ადამიანი, ისევე, როგორც უცოდველი, არ არსებობს. თუმცა მან საკაცობრიო განვითარების აღმამზარდ „შენობაში მყარი აგურები ჩააწყო“.

მოდით, შევხედოთ არისტოტელეს ფილოსოფიური იდეების „ქმედებაში“, ამჯერად მხატვრულ რეალობაში „ხორცშესხმას“ ჩვენი სახელოვანი მწერლის, ვასილ ბარნოვის, მაგალითზე.

მოთხრობა „სული მთვლემარეს“ მთავრი გმირები ერთმანეთის ანტიპოდი ცოლ-ქმარია: ზანტი, „მთლად მდორე“ სულის გიგო და  პატარა, ფიცხი, ძარღვებად ნაქცევი, „ნაპერწკალი მარად მოძრავი, ელვასავით კისკასი“ მარო. ვასილ ბარნოვისეული გიგოს პორტრეტი მრავლისმთქმელია: „ვეება ჯირკივით კაცი იდო ტახტზე, საბანქვეშ. თავი უჩანდა, შამბად ატეხილი ჯაგრის ტევრებით გარემოცული ქეჩო და ქალა; ვიწრო შუბლი ედგა უკან დახრილი…ცხვირი მაინც ბარაქიანად ამოსჩენოდა, კეხად ამაღლებული სასუნთქი იარაღი უშველებელი…“(25); გოიას გორტესკული მინიატურასავითაა – სახის სიღრმიდან ამომზირალი წვრილი თვალები, რომბივით თითები; ქარ-ცეცხლივით მარო, რაღა თქმა უნდა, უკმაყოფილოა და სწყევლის, სწყევლის უზარმაზარ ქმარს დაუსრულებლივ, თუმცა გულსგარეთ. საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, მასზე უკეთ გიგოს ვერავინ დაიცავდა, „გულფიცხელობას მთლად მოკლებულსა, ავზნეობისაგან სავსებით გაძარცვილს“. აი, დიდებული ფსიქოლოგიზმიც მწერლისა: „სძულდა ქალს ქმარი ყოველ წუთს, უყვარდა მარადჟამს…“(26); იგი იყო დედაკაცის ბედნიერებაო და უბედურებაც ის იყოო. გამჭრიახ  მაროს იქნებ ამიტომაც უყვარს თავისებურად ეს კაცი, „გარდასრული ხანით ბალღობისა“, ცოლისგან სრულიად განსხვავებული ფიზიკურადაც, თვისობრივადაც („იქნება ამისთვის იზიდავდნენ ერთმანეთს მარად ერთმანეთის უარმყოფელნი?!“ – 27).

დედას, აგლანას, ჩამოჰგავს მარო, ერთ დროს მეწვრილმანე ვაჭარს, წამლობისა და შელოცვების მცოდნესაც, მკითხაობაც რომ ეხერხება ბანქოთი და დაჟამებული ქალებიც რომ დაუთხოვებია მის თილისმებს. ქალაქიდან სოფლად სიარულ-ტანტალში, როგორც ოსტატურად აღწერს ვასილ ბარნოვი, თან დაჰყავს აგლანას თავისი მარო, რომელიც დიდად გამოსადეგი იყოო დედისთვის. ასე შეხვდება მარო ღარიბი მეკომურის, ბრანძვიაანთ ივანეს, შვილს, გიგოს, „იშვიათად რომ ადუღდება მარად მთვლემარე“. თუმცა გიგოლასთან „პოეზიაცაა“ – მას უყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მისნაირი არაა. ცოლსაც შეჰხარის, „მარად მოძრავ დედაკაცს, უსაკრაოდ მოცეკვავე მის ტანს“. ცოლის არსებაში ასახულა ყოველივე, რაც, პირადად, გიგოლასთვის მიუწვდომელია. ამიტომ უყვარს თანამეცხედრე უტყვი სიყვარულით, „ამიტომ თუ ემორჩილებოდა კოღოს რამ უძლურს სპილო ძლიერი“(34) – უბადლო შედარება-მეტაფორისტიკა ვასილ ბარნოვისა!…და სიბრძნეც, წუთისოფლის თავისებურებათა ამომცნობი – გიგოლა იყოო „ბუნდად შემცნობი საცნაურისა“, თუმცა მასში სახლობდაო „სული ზემსვლელი, უფრო ჰაეროვან არსებებში განსასახები“(35).

საწყალიაო გიგოლა, რა უნდა იფიქროს მკითხველმა? რას გვეუბნება თავად მწერალი? – ბედნიერიაო იგი, რადგან „კეთილისკენ უფრო არის გადახრილი მისი ბუნება“(36).

გიგოლას მარო დარაჯად მოაწყობს, თუმცა ერთხელ, დარაჯობისას, მძარცველი კინაღამ შემოაკვდება, თითქოს, სასიკვდილოდ დააზიანებს და გულმოკლული ტოვებს სამსახურს; მხოლოდ მაშინღა გახალისდება, განკურნებულს რომ ნახავს თავისგან ვნებულს.

გარინდებულია გიგოლა, მისი აზრები ფიქრში ცხადლივ აუსახველადვე ქრებიან, ანუ სანამ ნეთელს „შეიმოსავდნენ“; – „დაჭარბებული ხორცთა ბადეში გაბმულიყო მისი სული“(42), დააჩნდებოდნენ კია მის გულს „გრძნობათა ნასახნი“, თუმცა „ვერ კი ამოძრავდებოდნენ, ვერ ხმაურობდნენ აღქაფებული ზვირთებივით: სწადდა მოქმედება, მაგრამ მოძრაობათა სადენზედ იმავე მარყუჟით იბლანდებოდა მისი ნებისყოფა. წვალობდა სული….“(42); გიგოლას მშობლიური სოფლისკენ მიუწევს გული და თუ ნახავს, აღარ შორდება ნაცხატაანთ მართასა თუ ავგაროზაანტ ივანეს. ბოლოს მეაგურე მუსტაფა დაიქირავებს თიხის მზიდავად და ისევ იპოვის გიგოლა თავს…

„სული მთვლემარეში“ იწყება, იკვეთება მწერლის მსოფლმხედველობრივი და სტილური თავისებურებები.

მოთხრობა ტოვებს დაუმთავრებლის შთაბეჭდილებას. მასში არც კვანძის შეკვრაა და არც გახსნა, „დინებაა“ სამყაროსი, ფრაგმენტი, „ფანჯარა“ წუთისოფლისა, რომელშიც „შეგვახედა“ მწერალმა და მხატვრული ფანტაზიისკენ წაგვაქეზა. ეს „დაუსრულებლობის“ განცდა თითქოს დროის საწყის წერტილში დაბრუნებასავითაა, ანუ მისი წრებრუნვა, როგორც ადამიანის მარადი დაბრუნება საკუთარ თავთან, სხეულთან, „ჩარჩოებთან“…

გრძნობ ამას, კი და რაშიაო სამყაროს იდუმალება ვასილ ბარნოვმა? არაფერი განსაკუთრებული არ ხდებაო, გგონია, ერთი უბრალო, ცოტა უცნაური ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი.

ჯერ კითხვა დავსვათ: რატომ და როგორ მოხვდა გიგოლასნაირი ჩამოუყალიბებელი, თუმცა უბოროტო, ფაქიზი სული მისთვის სრულიად შეუსაბამო გიგანტურ, ტლანქ, მოუხეშავ სხეულში?! ავტორის ღიმილისა და გროტესკის მიღმა, მისივე უცნაური, ქრისტიანულს აცდენილი, მსოფლაღქმა იმალება, სრულიად გაუგებარი თქვენი მონა-მორჩილისთვის, ისევე, როგორც მიუღებელია თეზა: „მახინჯ სხეულში მახინჯი სულია“; განა, პირიქითაც არაა? ლამაზ სხეულში არ გვინახავს სახიჩარი სული და უშნო გარეგნობის მიღმა ზღაპრის იშვიათი ჯადოსნური თვალივით მოელვარე სული კვაზიმოდოსი?!

ლოგიკაა არაა, კამიუსი არ იყოს; თუმცა იქნებ არც მთლად აბსურდია? იქნებ ის ადამიანი, რომელსაც ცხოვრება საპალნესავით აქვს აკიდებული, უფრო მარტივად იღებს სანუკვარ ჯილდოს სიკვდილის შემდეგ, ვიდრე დალხინებული? ვიღაცის „ჯვარი“, მართლაც, მძიმეა, ფიზიკით (სხეულით) მეტაფიზიკის (სულის) ძლევის ავყია „პერსპექტივით“. მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს ჩვენი ინდივიდუალობა და სწორედ ესაა გადამწყვეტიც – ჩვენი თავისუფალი ნება, რომელმაც უნდა შექმნას, ჩვენ მიერვე, ცვალებადი ბედისწერა უცვლელ განგებაში, ღვთის წინაწარგანზრახულებაში. იქნებ ასეთი ადამიანები ჩუმ მოწამეებად აირჩია ღმერთმა (ასეთი ბევრია, უსახელო გმირებივით), რომ მათ ჩვენ ადამიანობის სასწაული გვაჩვენონ და დაგვაჯერონ? კაცი ხომ მაინც „ტვირთითა“ და მისი ზიდვის უნარით იზომება?

რისთვის ცხოვრობსო ასეთი ადამიანი, დაგვებადება ლოგიკური კითხვა? ალბათ სიცოცხლის სიყვარულისთვის. თუ მან ეს შეძლო, შეიგრძნო რამენაირად, სხვა არც არაფერია უფლის საიდუმლო, რომელიც საუკეთესო ფილოსოფიურ ტრაქტატზეც ამაღლებულია…მერა, რა, თუ „სიზიფე“ ბოლომდე ვერ აცნობიერებს და გამოთქვამს ამას; მან „იცის“, რომ მისი ჯილდო დიდი იქნება და ისიც, ისევ და ისევ, შეუდგება ხოლმე აღმართს………….

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წელი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“