კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

გიორგი მელაძე – იდეალური სკოლის ძიებაში

როგორია იდეალური სკოლა, როგორია იდეალური სკოლის შეფასების კრიტერიუმები, რას ირჩევს მშობელი და რა არის უკეთესი თავად მოსწავლისთვის. ამ მხრივ აზრი ყოველთვის ორად იყოფა: ერთი ნაწილი უპირატესობას კერძო სკოლას ანიჭებს, მეორე ნაწილისთვის მხოლოდ საჯაროა მისაღები და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი, თუმცა ორივე შემთხვევაში მოსწავლე განათლების ერთიანი სისტემის მომხმარებელი ხდება. სწორედ ამ სისტემას ემორჩილება ყველაზე ძვირადღირებული კერძო და შორეულ სოფელში მდებარე 5-მოსწავლიანი სკოლაც. ამ და სხვა საკითხებზე ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორ გიორგი მელაძეს ვესაუბრებით.

– ბატონო გიორგი, თქვენ კერძო სკოლის დირექტორი ბრძანდებით. თქვენი პოზიციიდან კერძო და საჯარო სკოლებს შორის როგორ შედარებას გააკეთებდით?

– როგორც წესი, კერძო სკოლა საჯაროებთან შედარებით ბევრად კარგ სერვისთან ასოცირდება, რაც მას იმთავითვე აძლევს დიდ უპირატესობას. თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლაში ახალი სახელმძღვანელოების შეტანისა და მასწავლებლების აყვანასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის გამო, რომლის თანახმადაც პედაგოგობა არ შეუძლია კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელს თუ მას მასწავლებლის სერთიფიკატი არ გააჩნია, კერძო სკოლები უფრო მეტად იზღუდებიან და გარკვეულ დონეზე ერთიან მოდელს უახლოვდებიან. თუმცა ასეთ ფონზეც კი კერძო სკოლების უპირატესობა მაინც მკაფიოდ გამოიხატება. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, რაშიც იგულისხმება არა მხოლოდ კეთილმოწყობილი შენობა, არამედ სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, ტექნიკა, მეთოდოლოგია, მასწავლებლების კვალიფიკაცია და სხვა. ამ შემთხვევაში კარგად გარემონტებული შენობა უკანა პლანზე იწევს, თუმცა ამას ყველა კერძო სკოლაზეც ვერ იტყვი – კონკრეტული სეგმენტებით ზოგ კერძო სკოლას შეიძლება საჯაროც სჯობდეს.

– ალბათ ნებისმიერი ტიპის სკოლაში არსებობს სასწავლო პროცესის, მასწავლებლების მუშაობის მეთოდებისა და მოსწავლეების მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლისა და კონტროლის აუცილებლობა. რამდენად საჭიროა და როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი?

– საუკეთესო კონტროლი მოსწავლეებთან და მათ მეურვეებთან, როგორც წესი, მშობლებთან, სწორი კომუნიკაციაა. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში არსებობს უამრავი საშუალება, რომელთა მეშვეობითაც სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება. აუცილებლად მიმაჩნია და, ამ პრაქტიკას ჩვენს სკოლაში სისტემატურად მივმართავთ, პერმანენტული შეხვედრები მშობლებთან, ასევე სპეციალური კითხვარების შევსება, როდესაც მოსწავლეები და მათი მეურვეები აფასებენ ყველაფერს – კვებიდან დაწყებული ტექნიკური აღჭურვილობით დამთავრებული. ასეთი პრაქტიკა ანალიზის გაკეთებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის პროცესს აადვილებს. ცხადია, კონტროლი სჭირდება მასწავლებელსაც, რომელიც ზოგჯერ ხელოვნურად უწერს მოსწავლეს მაღალ ნიშანს, რათა მშობელი კმაყოფილი იყოს. ანუ ვიღებთ შემთხვევას, როდესაც შინაარსი რეალობასთან თანხვედრაში არაა, თუმცა მშობელი ბედნიერია და მასწავლებლისთვის ესეც კმარა. ამრიგად სასკოლო სივრცეში მყოფ ადამიანებთან გამუდმებული დიალოგის გარეშე რეალობის დადგენა შეუძლებელია.

– როგორი უნდა იყოს მოსწავლის როლი ამ პროცესში?

– მოსწავლე თავად ამ პროცესის უშუალო მონაწილეა, ამიტომ მისი აზრი, სურვილები და კრიტიკა აუცილებლად უნდა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ. საუკეთესო შემთხვევაა, თუ სკოლას გააჩნია ტუტორის ინსტიტუტი, სამსახური, რომლის წარმომადგენელიც არცერთ საგანს არ ასწავლის, ამრიგად არ არის მიკერძოებული. ის სისტემატურად ხვდება მოსწავლეებს, ესაუბრება სკოლაში არსებულ ვითარებაზე და მოსწავლეების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს ისმენს. თანამედროვე თაობა საკმაოდ გამბედავი და თავდაჯერებულია იმისთვის, რომ პრობლემებზე ისაუბროს და ზოგჯერ მისი გადაჭრის გზებიც შემოგვთავაზოს. სამწუხაროა, რომ ეს ინსტიტუტი არ მოქმედებს საჯარო სკოლებში, რადგან ამისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსი, ასევე გამართული მენეჯმენტი და, უბრალოდ, ამის სურვილია საჭირო.

– არსებობს სავალდებულო სასწავლო პროცესი და მისგან დამოუკიდებელი აქტივობები, რაც მოსწავლის განვითარებისთვის არანაკლებ აუცილებელია.

– ეს სეგმენტი სკოლების უმეტესობაში შესაძლებლობის მიხედვითაა განვითარებული. ალბათ სუბიექტური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ნიუტონის სკოლაში ამ მიმართულებას განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. არასავალდებულო აქტივობებში ორი მიმართულება გვაქვს: ერთჯერადი და პერმანენტული. ერთჯერადი აქტივობები კონკრეტული პროფესიის ან სფეროს წარმომადგენლის მოწვევასა და მის მიერ მოსწავლეებისთვის წაკითხულ ლექციაში ან პრაქტიკულ სამუშაოში გამოიხატება. ეს შეიძლება იყოს ენათმეცნიერი, მხატვარი, ფოტოხელოვანი, ფიზიკოსი და სხვა. ასეთი შეხვედრებისას მოსწავლეების თვალსაწიერი საგრძნობლად ფართოვდება, უამრავ ახალს იგებენ, ზოგჯერ ისეთს, ადრე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ. მეორე, ანუ პერმანენტული ხასიათის აქტივობებია სკოლაში არსებული კლუბები, რომლებსაც მოსწავლეები სურვილისამებრ ირჩევენ. აქ არის კლუბები უცხო ენების წრეებით დაწყებული, სპორტით გაგრძელებული და ხელოვნებითა თუ ტექნიკური მეცნიერებებით დამთავრებული.

– სკოლებში ამ ტიპის კლუბების არსებობა მოწმობს, რომ მათდამი ინტერესი თავად მოსწავლეებსაც აქვთ.

– ინტერესი მართლაც დიდია. ძალიან კარგი, საოცრად განვითარებული თაობა მოდის. საინფორმაციო რესურსებზე წვდომა შეუზღუდავად აქვთ და მათ სწორად იყენებენ. აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ იჩენენ ინტერესს, სკოლამ კი მათი ინტერესის განვითარებას შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი.

– როდესაც სისტემა არ არის სრულყოფილი ან გამართული, ნაკლოვანებების გამოსწორება უცხოური ანალოგების შესწავლითა და ზოგჯერ პირდაპირ გადმოღებითაცაა შესაძლებელი. რამდენად ამართლებს ჩვენს შემთხვევაში ეს მეთოდი?

– როდესაც განათლების სფეროში მუშაობ, აუცილებლად უნდა ადევნო თვალი, როგორ ვითარდება ამ მიმართულებით მსოფლიო. ამ სფეროში ვითარება დინამიკურად იცვლება, შემოდის ახალი მეთოდები, დამხმარე საშუალებები, ონლაინ სავარჯიშოები და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმა მათი სრული სახით გადმოღების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან გარკვეულ სტანდარტს უნდა დავემორჩილოთ, თუმცა მაინც არსებობს პროგრამები, რომელთა ჩვენს სკოლებში დანერგვა და ინტენსიურად გამოყენება შესაძლებელია. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და ის გამუდმებით უნდა ფიქრობდეს განახლებასა და გადახალისებაზე, უნდა იზრუნოს, რომ სწავლის პროცესი ნებისმიერი მოსწავლისთვის საინტერესო იყოს.

– ემხრობით დიფერენცირებულ სწავლებას?

– ჩემი აზრით, პლუსი დიფერენცირებულ სწავლებასაც აქვს და სტანდარტულსაც. გარკვეულ ასაკში ადამიანს აუცილებლად უნდა მისცე მიმართულება, თუმცა უკეთესია, თუ არჩევნის არეალი ფართოა. მრავალი წელია განათლების სისტემაში ვმუშაობ და მინახავს სტუდენტები, რომლებსაც მეორე ან მესამე კურსზე შეუცვლიათ აზრი, სხვა სპეციალობით მონდომებიათ სწავლის გაგრძელება და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილან. ამრიგად, თუ არჩევნის წინაშე სტუდენტი შეიძლება დადგეს, მსგავსი ალბათობა სკოლის მოსწავლის შემთხვევაში უფრო მეტია.

– მასწავლებლები ინტერვიუებში ხშირად უსვამენ ხაზს სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემას. ზოგი პროგრამის სიმწირისა და ერთფეროვნების გამო წუხს, ზოგს კი მიაჩნია, რომ პროგრამა კონკრეტულ კლასში მყოფი მოსწავლის ასაკს არ შეეფერება და ა.შ. ფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად პრობლემაა?

– როგორც მთელი სისტემა, ცხადია, არც ეს სეგმენტია სრულყოფილი. ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია სახელმძღვანელო მინიმალური სავალდებულო პროგრამით, რომელიც მოსწავლისთვის დამატებით ლიტერატურამდე მისასვლელ გზას წარმოადგენს. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს იმაზე მეტის გაგების სურვილი, ვიდრე სახელმძღვანელოში შეუძლია ამოკითხოს. პრობლემას ქმნის კანონში არსებული რეგულაციაც, რომლის თანახმადაც სახელმძღვანელოს არჩევიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მისი შეცვლის უფლება არ გვაქვს. ანუ თუ ამ წლებში ბაზარზე უკეთესი სახელმძღვანელო გამოჩნდება, ძველს მისით ვერ ჩავანაცვლებთ. ეს კი ნამდვილად გახლავთ პრობლემა.

– და დასასრულ – როგორ ფიქრობთ, როგორია იდეალური სკოლა?

– პირველ რიგში, სკოლას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს მთავარი მოტივი – მოსწავლეს მისაღები გამოცდებისთვის ამზადებს თუ ცხოვრებისთვის. მე მეორეს მომხრე ვარ, მაგრამ რეალობა, ანუ ჩვენთან არსებული სისტემა ამას ნაკლებად იზიარებს. კარგია, როდესაც სკოლის მიერ შეთავაზებული სწავლების გეგმა და მუშაობის პრიციპი მშობელსაც აქვს გათავისებული, რადგან ბავშვისთვის განათლების მიცემისა და შედეგის ხარისხი სწორედ ამ ორი მხარის ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული. სკოლიდან შინ მიბრუნებულ მოსწავლეს მშობელი მხოლოდ საზეპიროების ჩაბარებას არ უნდა სთხოვდეს, რაც მეხსიერების გავარჯიშების გარდა, არაფრის მომცემი არაა. ამრიგად იდეალურია სკოლა, სადაც ბავშვს უხარია მისვლა, როდესაც სკოლას კარგად აქვს ჩამოყალიბებული და გათავისებული მიზანი, რომ მოსწავლეს ამზადებს არა გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის, როდესაც ამას იზიარებს მშობელი, ბავშვს დამატებითი აქტივობების არჩევის თავისუფლება აქვს და ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიურ გარემოშია მოქცეული.
ესაუბრა ია ვეკუა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“