არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების როლი დაწყებით საფეხურზე
თანამედროვე განათლება სულ უფრო მეტად სცდება ტრადიციულ, საკლასო ოთახის საზღვრებს. თუ წარსულში ცოდნის მიღების ძირითადი სივრცე საკლასო ოთახი იყო, დღეს სწავლა გრძელდება სხვადასხვა გარემოში – მუზეუმში, თეატრში, ბიბლიოთეკაში, ბუნებაში, კულტურულ სივრცეებსა თუ ქალაქის ქუჩებში.
საკლასო სწავლება, რა თქმა უნდა, რჩება ცოდნის სისტემური და თანმიმდევრული მიწოდების მთავარ სივრცედ, თუმცა თანამედროვე პედაგოგიკა სულ უფრო ხშირად საუბრობს გამოცდილებით სწავლების მნიშვნელობაზე, რომლის დროსაც მოსწავლე მხოლოდ ინფორმაციის მიმღები აღარ არის, ის ხდება დამკვირვებელი, მკვლევარი, მონაწილე და შემოქმედი.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე. ამ ასაკში ბავშვები სამყაროს ემოციებით, უშუალო გამოცდილებითა და აღმოჩენებით უკეთ აღიქვამენ, ვიდრე მხოლოდ თეორიული ახსნით. სწორედ ამიტომ, არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეები ხშირად იქცევა იმ გარემოდ, სადაც ცოდნა უფრო ღრმად, ხანგრძლივად და გააზრებულად ყალიბდება.
მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პირველ კლასში გამოვიყენე.
პირველკლასელებმა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს ქართული ანბანის შესწავლა. მათ უკვე იცოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელი, გაეცნენ „დედაენის“ ისტორიას და იცოდნენ 14 აპრილის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის.
თუმცა გაჩნდა კითხვა – რამდენად საკმარისია მხოლოდ ამ ფაქტების ცოდნა?
საკმარისია თუ არა, რომ ბავშვისთვის ქართული ენა, „დედაენა“ და იაკობ გოგებაშვილი მხოლოდ სახელმძღვანელოს ტექსტად რჩებოდეს?
სწორედ ამ კითხვებმა გვიბიძგა, რომ გაკვეთილი კლასის კედლებს გასცდენოდა.
დედაენის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად ვესტუმრეთ მუზეუმს, სადაც მათ საშუალება მიეცათ, საკუთარი თვალით ენახათ იაკობ გოგებაშვილის ეპოქის მასალები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უშუალოდ შეხებოდნენ პირველად გამოცემულ „დედაენას“.
იმ მომენტში ისტორია წიგნის ფურცლებიდან რეალურ გამოცდილებად გადაიქცა.
გამოცდილებითი სწავლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მოსწავლე ცოდნას კონკრეტულ გარემოსა და გამოცდილებას უკავშირებს. როდესაც ბავშვი სახელმძღვანელოში კითხულობს იაკობ გოგებაშვილის შესახებ, ის იღებს ინფორმაციას; როდესაც ის მუზეუმში დგას და საკუთარი თვალით ხედავს წიგნს, რომელმაც თაობებს ასწავლა წერა-კითხვა, ის ამ ცოდნას სულ სხვაგვარად აღიქვამს და განიცდის.
მუზეუმში ვიზიტისას მოსწავლეები მხოლოდ დამთვალიერებლები არ ყოფილან. მათ მოირგეს პატარა გიდების როლი, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, წარმოადგინეს წინასწარ მომზადებული მასალა და მონაწილეობა მიიღეს მცირე საგანმანათლებლო სიუჟეტის შექმნაში.
როლური სწავლება და სწავლა კეთებით (Learning by Doing) მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ცოდნა მოქმედების პროცესში აითვისონ.
„პატარა გიდის“ როლმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ზეპირი მეტყველების, კომუნიკაციის უნარების, პასუხისმგებლობის განცდისა და თავდაჯერებულობის განვითარებას. მოსწავლეები ცოდნის მიმღებებიდან ცოდნის გამზიარებლებად გადაიქცნენ.
საკლასო სივრცეში სწავლება არის სისტემურობის, ცოდნის თანმიმდევრული მიწოდებისა და თეორიული ცოდნის მიღების საფუძველი.
არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების საშუალებით კი ვეუფლებით გამოცდილებით სწავლას, ემოციურ ჩართულობას, ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებას, მრავალსენსორულ აღქმას, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და კულტურული თვითშეგნების ფორმირებას.
ამ ორი სივრცის საშუალებით იქმნება ის საგანმანათლებლო გარემო, სადაც სწავლა მხოლოდ ინფორმაციის მიღების პროცესს აღარ წარმოადგენს და პირად გამოცდილებად გარდაიქმნება.
შესაძლოა, პირველკლასელს გარკვეული დროის შემდეგ ზუსტად აღარ ახსოვდეს მუზეუმში მოსმენილი ყველა ფაქტი ან თარიღი, მაგრამ მას აუცილებლად ემახსოვრება დღე, როდესაც პირველად ნახა „დედაენის“ პირველი გამოცემა, მოირგო პატარა გიდის როლი და საკუთარი სიტყვებით მოუყვა სხვებს იაკობ გოგებაშვილის შესახებ.
სწორედ ასეთ მომენტებში ვაცნობიერებთ, რომ ზოგჯერ ყველაზე პროდუქტიული გაკვეთილები იწყება მაშინ, როდესაც გაკვეთილი ტოვებს საკლასო ოთახს.


