პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ანიმაციები  ტექსტების ნაცვლად – ვაქციოთ გაკვეთილი დღესასწაულად  

თანამედროვე სასწავლო პროცესში მოსწავლისთვის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება მოსაწყენია.  განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზეა  მნიშვნელოვანია, რომ ახალი ცოდნა დაკავშირებული იყოს ბავშვის ემოციებთან, გამოცდილებასთან, წარმოსახვასა და აქტიურ მოქმედებასთან.  ამიტომ ვიზუალური და მულტიმედიური რესურსები სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
როგორც მასწავლებელი, ხშირად ვეძებ გზებს, რომლებიც ბავშვებს რთული აბსტრაქტული ცნებების, ლიტერატურული ტექსტებისა და მორალური საკითხების უფრო მარტივად და ბუნებრივად გააზრებაში დაეხმარება. ამ გამოცდილებამ მიბიძგა, შემექმნა ანიმაციური ვიდეორესურსები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.
ჩემი მთავარი მიზანი იყო, ტექსტი ბავშვისთვის მხოლოდ წასაკითხ მასალად არ დარჩენილიყო – მულტიმედიად გაცოცხლებულიყო და შემდგომი მსჯელობის, შემოქმედებისა და მოქმედების საფუძველი შეექმნა.
რატომ ანიმაციური რესურსი?
ბავშვისთვის ვიზუალური სამყარო ბუნებრივად მიმზიდველია. როდესაც მოსწავლე ტექსტის პერსონაჟს ხედავს, აკვირდება მის მოქმედებას, ისმენს ქართულ მეტყველებას და მოვლენებს თანმიმდევრულად აღიქვამს, ტექსტის გაგების პროცესი უფრო მრავალმხრივი ხდება.
ანიმაცია ამ შემთხვევაში მხოლოდ გასართობი საშუალება არ არის. იგი შეიძლება იქცეს პედაგოგიურ მედიატორად, რომელიც აკავშირებს ტექსტს, ემოციას, აზროვნებასა და მოსწავლის საკუთარ გამოცდილებას.
შექმნილი რესურსების გამოყენებით ჩემი მიზანია, მოსწავლეებმა განივითარონ:
  • ტექსტის გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარი;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • მეტყველებისა და მსჯელობის უნარი;
  • ემპათია და სხვისი მდგომარეობის გააზრება;
  • მორალური ღირებულებების გააზრება;
  • თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები.
ამიტომ თითოეულ ვიდეოს ვუკავშირებ აქტივობას, რომელიც მოსწავლეს მაყურებლის როლიდან აქტიური შემქმნელის როლში გადაიყვანს.
  1. ნაპოვნი სავარცხელი“ – როცა კამათი აზრს კარგავს
იაკობ გოგებაშვილის „ნაპოვნი სავარცხლის“ მიხედვით შექმნილი ანიმაცია ბავშვებს სახალისო ფორმით აცნობს სიტუაციას, როდესაც ორი პერსონაჟი ნაპოვნი ნივთის გამო კამათობს, მიუხედავად იმისა, რომ ნივთი არც ერთ მათგანს რეალურად არ სჭირდება.
ვიდეოს იუმორისტული სიტუაცია ბავშვებისთვის მარტივად აღსაქმელია, თუმცა მის უკან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხი დგას – რამდენად ხშირად ვკამათობთ ისეთ რამეზე, რასაც რეალური ღირებულება არც კი აქვს?
რესურსი:

 

საკლასო აქტივობა – „შეცვალე ფინალი“
ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსწავლეები წყვილებში განიხილავენ:
  • როგორ მოიქცნენ პერსონაჟები?
  • შეიძლებოდა თუ არა კამათის თავიდან აცილება?
  • თქვენ რომ ყოფილიყავით მათ ადგილას, რას გააკეთებდით?
  • როგორ შეიძლება შეიცვალოს ისტორიის დასასრული?
შემდეგ მოსწავლეები დრამატიზებას უკეთებენ ალტერნატიულ ფინალს.
ამ აქტივობით ტექსტის გაგება გადადის პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  1. ქართული ანდაზები – როცა მოკლე ფრაზა დიდ აზრს იტევს
ანდაზები ბავშვებისთვის ხშირად რთული გასაგებია, რადგან მათი მნიშვნელობა პირდაპირი არ არის. ამიტომ შევქმენი ანიმაციური ვიდეოკრებული, რომელშიც სამი ქართული ანდაზა სახალისო და თვალსაჩინო სიტუაციებით არის წარმოდგენილი:
ბუტიას კერძი გემრიელიაო“
„ზღვა კოვზით დაილიაო“
ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“.
რესურსი:

საკლასო აქტივობა – „გააცოცხლე ანდაზა“
კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ ანდაზას და ქმნის მის შესაბამის სიტუაციას – მოკლე სკეტჩს, ნახატს ან კომიქსს.
შემდეგ ჯგუფი ხსნის:
რას გვეუბნება ეს ანდაზა სინამდვილეში?“
ამგვარად, მოსწავლე არ იმახსოვრებს მხოლოდ ანდაზის ტექსტს – ის ცდილობს აღმოაჩინოს მისი ფარული მნიშვნელობა და საკუთარ გამოცდილებას დაუკავშიროს.
  1. სიკეთის ბილიკი“ – როცა ანიმაცია ღირებულებაზე გვაფიქრებს
„სიკეთის ბილიკი“ მოგვითხრობს ორ მეგობარზე, რომლებიც ტყეში სეირნობისას ფეხგაკაწრულ და შეშინებულ შვლის ნუკრს ამჩნევენ. ბავშვები დახმარებას ცდილობენ და მზრუნველობას იჩენენ.
რესურსი:

ვიდეოს მთავარი თემა სიკეთეა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ მორალით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იფიქროს:
რას ნიშნავს დახმარება? როგორ ვხვდებით, რომ სხვას ჩვენი დახმარება სჭირდება?
საკლასო აქტივობა – „სიკეთის ბილიკი“
მოსწავლეები ფერად ფურცლებზე წერენ ან ხატავენ ერთ კეთილ საქმეს, რომელიც თავად გაუკეთებიათ ან რომლის გაკეთებაც სურთ.
ფურცლები ერთიანდება საერთო საკლასო პლაკატად – სიკეთის ბილიკად“.
ამ აქტივობაში ღირებულება ტექსტიდან რეალურ ცხოვრებაში გადადის. ბავშვი არა მხოლოდ საუბრობს სიკეთეზე, არამედ ფიქრობს საკუთარ ქცევაზე.
  1. რევაზ ინანიშვილის „კეთილი ბებერი ბუები“ – ემპათიის ვიზუალური გამოცდილება
რევაზ ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით შექმნილი ანიმაცია გვიყვება პატარა ბიჭზე, რომელიც ტყეში იკარგება. ცივ და ბნელ ღამეში მას ორი ბებერი ბუ აღმოაჩენს და მზრუნველობას იჩენს.
რესურსი:

ეს ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა ემპათიის განვითარებისთვის. მოსწავლე შეიძლება დავაფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, რა მოხდა?“, არამედ:
  • რას გრძნობდა ბიჭი?
  • რას იგრძნობდნენ ბუები?
  • რატომ გადაწყვიტეს დახმარება?
  • რას ნიშნავს სხვის გვერდით ყოფნა რთულ დროს?
საკლასო აქტივობა – „მადლობის წერილი“
მოსწავლეები ბიჭის პერსპექტივიდან წერენ მადლობის წერილს ბუებისადმი.
შესაძლებელია მეორე ვარიანტიც – მოსწავლემ დახატოს ის მომენტი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა.
აქ წერითი დავალება ერთდროულად ხდება ემოციის ამოცნობის, პერსპექტივის შეცვლისა და წერითი მეტყველების განვითარების საშუალება.
  1. რევაზ ინანიშვილის „კრეჭანა“ – იუმორი, პერსონაჟი და შემოქმედებითი აზროვნება
„კრეჭანა“ პატარა ლადოს სახალისო ისტორიას გვიყვება. ბიჭს დიდი კბილების გამო „კრეჭანას“ ეძახიან, ხოლო მისი ღიმილი ერთ-ერთ მხიარულ შემთხვევას უკავშირდება.
რესურსი:

ანიმაციის გამოყენება შესაძლებელია პერსონაჟის დახასიათების, იუმორის გააზრებისა და შემოქმედებითი დავალებების შესასრულებლად.
საკლასო აქტივობა – „გაიცანი პერსონაჟი“
მოსწავლეები ქმნიან ლადოს სიტყვიერ პორტრეტს:
  • როგორი ბიჭია ლადო?
  • რა თვისებები გამოარჩევს მას?
  • რატომ არის მისი ღიმილი მნიშვნელოვანი პერსონაჟის სახისთვის?
  • როგორ შეიცვლებოდა ამბავი, ლადო რომ სხვა ხასიათის ყოფილიყო?
შემდეგ მოსწავლეები ქმნიან კომიქსს, რომელშიც ლადოს ახალი სახალისო თავგადასავალია წარმოდგენილი.
ამ გზით ლიტერატურული ტექსტის გააზრებას ემატება შემოქმედებითი გაგრძელება და პერსონაჟის ინტერპრეტაცია. 
ანიმაცია როგორც დასაწყისი და არა დასასრული
ჩემთვის ანიმაციური რესურსის მთავარი ღირებულება ის არის, რომ ვიდეოს დასრულების შემდეგ სწავლა არ მთავრდება – პირიქით, სწორედ მაშინ იწყება.
ვიდეოს სასწავლო პროცესში გამოყენების პროცესი  შეიძლება ასე ავღწეროთ:
ნახვა → გააზრება → მსჯელობა → ემოციური რეაქცია → შემოქმედება → მოქმედება.
ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე, რადგან ბავშვისთვის ცოდნა ყველაზე ეფექტურად მაშინ იქმნება, როდესაც იგი მხოლოდ მსმენელი ან მაყურებელი კი არა, აქტიური მონაწილე და შემქმნელია.
ამიტომ თითოეული ანიმაციის გამოყენებისას ვცდილობ, მოსწავლეს დავუსვა არა მხოლოდ კითხვა – რა ნახე?“, არამედ უფრო მნიშვნელოვანი კითხვები:
რას ფიქრობ?“
რას გრძნობ?“
რატომ მოხდა ასე?“
შენ რას გააკეთებდი?“
როგორ შეცვლიდი ამბავს?“
რას წაიღებ ამ ისტორიიდან საკუთარ ცხოვრებაში?“
ჩემ მიერ შექმნილი ანიმაციური რესურსების მიზანი მხოლოდ სასწავლო მასალის ვიზუალურად გამრავალფეროვნება არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ვიდეომ ბავშვისთვის შექმნას აზროვნების, ემოციური გამოცდილებისა და საუბრის სივრცე.
მინდა, ბავშვებმა ტექსტები არა მხოლოდ წაიკითხონ, არამედ შეიგრძნონ; პერსონაჟები არა მხოლოდ დაიმახსოვრონ, არამედ გაიგონ; მორალური გზავნილი არა მხოლოდ გაიმეორონ, არამედ საკუთარ ცხოვრებას დაუკავშირონ.
სწორედ ამიტომ მჯერა, რომ როდესაც ტექსტი ცოცხლდება, სწავლაც უფრო ცოცხალი ხდება.
ჩემი სურვილია, ეს რესურსები კოლეგებისთვისაც გახდეს პრაქტიკული ინსტრუმენტი – საშუალება, რომლითაც გაკვეთილი გახდება უფრო ვიზუალური, ინტერაქტიური, ემოციური და მოსწავლეზე ორიენტირებული.
რადგან ზოგჯერ ერთი პატარა ანიმაციური ისტორია შეიძლება გახდეს დიდი საუბრის დასაწყისი  და სწორედ ასე იწყება ნამდვილი სწავლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“