გარემოსდაცვითი ცნობიერება და დემოკრატიული კულტურა
მეცხრე კლასში სამოქალაქო განათლების საგნის ერთ-ერთი სავალდებულო თემაა „გარემოს დაცვა“, რომელიც მოსწავლეებისგან მოითხოვს აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობასა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ ქმედებას გარემოსდაცვით სფეროში.
სტატიაში წარმოდგენილია ამ თემის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკული სტრატეგიები, პრომპტინჟინერიის მეთოდოლოგია და სასწავლო აქტივობები.
თავდაპირველად AI-ისგან მაღალი ხარისხის პასუხის მისაღებად მოსწავლეებს განვუმარტავთ 4-ნაბიჯიან ფორმულას:
პრომპტის პრაქტიკული მაგალითი
| პრომპტის კომპონენტი | შინაარსი / ინსტრუქცია AI-ს |
| როლი | იმოქმედე, როგორც გარემოსდაცვითმა ექსპერტმა და სამოქალაქო აქტივისტმა. |
| მიზანი | შეაფასე ქალაქში ელექტრონული ნარჩენების მართვის პრობლემა და შესთავაზე IXა კლასის მოსწავლეებს 3 პრაქტიკული სამოქალაქო ინიციატივა. |
| სავალდებულო პირობები | გამოიყენე წრიული ეკონომიკის პრინციპები და აკადემიური გასაგები ენა. |
| ფორმატი | წარმოადგინე პასუხი სტრუქტურირებული ცხრილის სახით
პრობლემა – გამოსავალი -სამოქალაქო ჩართულობის ფორმა. |
პრომპტის ეს ოთხი კომპონენტი არის ინსტრუქციის კონსტრუქტორი, რომელიც მასწავლებელს ეხმარება, ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი, ხარისხიანი და სასწავლო მიზნებზე მორგებული დავალება თუ რესურსი დააგენერირებინოს.
| როლი | AI-ს განვუსაზღვრავთ, ვისი პოზიციიდან იაზროვნოს და ისაუბროს. თუ AI-ს არ ეუბნები როლს, ის პასუხობს ზოგადი, მშრალი ენციკლოპედიური ენით. როლის მინიჭებით მაგ. გარემოსდაცვითი ექსპერტი, მე-9 კლასელის თანატოლი უცვლი ტონს, სიღრმესა და აქცენტებს. |
| მიზანი | ეს არის მთავარი დავალება, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს AI-მა, რა პრობლემა უნდა გადაჭრას ან რა პროდუქტი უნდა შექმნას. მიზანი განსაზღვრავს შინაარსობრივ ჩარჩოს. იგი პასუხობს კითხვებს რა არის თემა? ვისთვის იქმნება? რა არის საბოლოო შედეგი? მაგ: ელექტრონული ნარჩენების შეფასება და IX კლასელებისთვის 3 ინიციატივის შეთავაზება. |
| სავალდებულო პირობები | ეს არის თამაშის წესები, საზღვრები და კრიტერიუმები, რომლებიც AI-მა აუცილებლად უნდა დაიცვას პასუხის მომზადებისას. ეს კომპონენტი უზრუნველყოფს პედაგოგიურ და შინაარსობრივ სიზუსტეს. აქ უთითებთ რა თეორიულ ჩარჩოს დაეყრდნოს – მაგ. წრიული ეკონომიკა, როგორი სამიზნე ენა/სტილი გამოიყენოს მაგ. მოსწავლეებისთვის გასაგები აკადემიური ენა, რა არ უნდა თქვას ან რა მოცულობას არ უნდა გადააჭარბოს. |
| ფორმატი | ეს არის ვიზუალური და სტრუქტურული სახე, როგორიც უნდა ჰქონდეს AI-ის მიერ დაბრუნებულ საბოლოო პასუხს. AI-ს შეუძლია პასუხი მოგცეს უწყვეტი ტექსტით, სიით, ცხრილით, პრეზენტაციის სლაიდებად ან როლური დიალოგის სახით. ფორმატის მითითებით ზოგავთ დროს და იღებთ მასალას იმ სახით, რომელიც პირდაპირ შეგიძლიათ გამოიყენოთ გაკვეთილზე, მაგ. სტრუქტურირებული ცხრილი სვეტებით პრობლემა – გამოსავალი – სამოქალაქო ჩართულობა. |
სამოქალაქო განათლებაში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადასატანად ეფექტური მეთოდია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ოფიციალური პეტიციის ან მიმართვის პროექტის შესამუშავებლად.
მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მიმართონ ციფრულ ხელსაწყოებს რეალური სამოქალაქო ჩართულობისთვის მაგ., მუნიციპალური პრობლემის მოსაგვარებლად ელექტრონული პეტიციის ტექსტის შედგენა.
| პრომპტის კომპონენტი | შინაარსი / ინსტრუქცია AI-ს –მასწავლებლის/მოსწავლის გზამკვლევი |
| როლი | იმოქმედე, როგორც მუნიციპალური განვითარებისა და საჯარო პოლიტიკის ექსპერტმა. |
| მიზანი | შეიმუშავე ოფიციალური პეტიციის პროექტი ქალაქის მერიისთვის IX კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, რომელიც ითხოვს უბანში ახალი მწვანე სივრცისა და ველობილიკის მოწყობას. |
| სავალდებულო პირობები | დაიცავი ოფიციალური ადმინისტრაციული სტილი, მოიხმარე საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და გამოიყენე აკადემიური ენა. |
| ფორმატი | წარმოადგინე პასუხი სტრუქტურირებული დოკუმენტის სახით: 1. პრობლემის დასაბუთება; 2. კონკრეტული მოთხოვნა მერიას; 3. ხელმომწერთა ინიციატივის ფორმატი. |
ციფრულ ეპოქაში მოსწავლეებისთვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური დეზინფორმაციის, ფეიკნიუსებისა და ალგორითმული მიკერძოების ამოცნობა.
მასწავლებელი სთხოვს AI-ს, დაწეროს სტატია სათაურით – რატომ არის ტყეების გაჩეხა ეკონომიკურად მომგებიანი და ეკოლოგიურად უვნებელი. ეს არის სპეციალურად შექმნილი მიკერძოებული პრომპტი.
მოსწავლეების ამოცანაა:
-
- აღმოაჩინონ ფაქტობრივი მანიპულაციები და ლოგიკური შეცდომები ტექსტში;
- შეადარონ მიღებული მონაცემები ოფიციალურ წყაროებს (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან UNEP-ის ანგარიშებს);
- გამოასწორონ დეზინფორმაცია და შექმნან ალტერნატიული, ფაქტებზე დამყარებული ინფოგრაფიკა Gamma.app-ის გამოყენებით.
ეკოლოგიური პრობლემები პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. საქართველოს კონსტიტუცია თითოეულ მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი რესურსებით.
იმართება როლური თამაში და სიმულაცია „AI-სოკრატული დებატები“. AI ირგებს ინვესტორის ან ქარხნის მფლობელის როლს, რომელიც ამტკიცებს, რომ წარმოება ეკონომიკურად აუცილებელია, მიუხედავად გარემოს დაბინძურებისა. მოსწავლე იცავს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას ჯანსაღ გარემოზე.
პრომპტის ნიმუში სოკრატული დებატებისთვის – იმოქმედე ქიმიური ქარხნის დირექტორის როლში, რომელსაც არ სურს ძვირადღირებული ფილტრების დამონტაჟება და ამტკიცებს, რომ რეგიონში სამუშაო ადგილები უფრო პრიორიტულია, ვიდრე ოდნავი ჰაერის დაბინძურება. მე ვარ ადგილობრივი თემის წარმომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას – ჯანსაღი გარემოს უფლება. მომიყვანე შენი მთავარი არგუმენტები, ხოლო მე შევეცდები სამართლებრივად და ეკოლოგიურად დაგიპირისპირდე.
სამოქალაქო განათლების კონტექსტში AI-ის ინტეგრირებისას აუცილებელია სამი ძირითადი პრინციპის დაცვა:
- მოსწავლეები აცნობიერებენ AI პლატფორმებთან ურთიერთობისას პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობას – უსაფრთხოების ნორმები;
- მოსწავლეები აანალიზებენ, შეიცავს თუ არა AI-ის პასუხები სოციალურ ან გეოგრაფიულ მიკერძოებას (მაგ. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გარემოსდაცვითი პოლიტიკის შედარებისას).
- ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება როგორც ასისტენტი და არა როგორც საბოლოო პროდუქტის ავტორი. მოსწავლე ახდენს AI-ის მიერ გენერირებული იდეების სინთეზს, რეფლექსიასა და პერსონალიზაციას.
მასწავლებლისა და მოსწავლის პრომპტების შედარება
| როლი | პრომპტის მიზანი | პრომპტის ნიმუში |
| მასწავლებელი | სასწავლო მასალისა და დისკუსიის ჩარჩოს მომზადება | შექმენი დოკუმენტი ქართულ ენაზე თემაზე – გარემოსდაცვითი უფლებები და მოქალაქის პასუხისმგებლობა. მოიცავი 2 რეალური ქეისი საქართველოს კონტექსტიდან და 4 სოკრატული კითხვა მოსწავლეებისთვის. |
| მოსწავლე | სამოქალაქო ინიციატივის/კამპანიის ვიზუალიზაცია | შექმენი პრეზენტაცია თემაზე – ნარჩენები ჩვენს მუნიციპალიტეტში. აჩვენე პრობლემა, შესთავაზე ადგილობრივ მერიას 3 კონკრეტული გამოსავალი და შექმენი საინფორმაციო სლაიდი თემისთვის. |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესში მრავალფუნქციური ინსტრუმენტია, რომელიც თანაბრად ეხმარება როგორც პედაგოგს, ისე მოსწავლეს, თუმცა მათი ამოცანა და როლი განსხვავებულია. მასწავლებლის დონეზე AI გამოიყენება მეთოდოლოგიური ბაზის, სასწავლო რესურსების, ქეისებისა და დისკუსიის ჩარჩოების დასაგეგმად, რაც ზოგავს დროის რესურსს და უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს. მოსწავლის დონეზე კი AI ხდება პრაქტიკული ინსტრუმენტი, ციფრული ასისტენტი, რომელიც ეხმარება ინიციატივების ვიზუალიზაციაში, პრობლემის გადაჭრის გზებისა და არგუმენტების გენერირებაში.
ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სამოქალაქო და გარემოსდაცვით განათლებაში სცდება მზა პასუხების მიღების ზოგად პრაქტიკას. იგი მასწავლებელს აძლევს ძლიერ მეთოდოლოგიურ ბერკეტს მრავალფეროვანი გაკვეთილების შესაქმნელად, ხოლო მოსწავლეს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას.
| შეფასების კრიტერიუმი | დაწყებითი | საშუალო | მაღალი | ექსპერტული |
| AI-ის გამოყენება და პრომპტინჟინერია | იყენებს მხოლოდ მარტივ, ცალკეულ სიტყვებს ან უსტრუქტურო მოთხოვნებს. | იყენებს სტრუქტურირებულ პრომპტს, თუმცა ვერ ახერხებს შედეგის ოპტიმიზაციას. | იყენებს 4-ნაბიჯიან პრომპტ-ინჟინერიას (როლი, მიზანი, სავალდებულო პირობები, ფორმატი). | იყენებს მრავალეტაპიან პრომპტირებას, ცვლის კონტექსტს და იღებს მაღალი ხარისხის ანალიტიკურ მასალას. |
| კრიტიკული ანალიზი | იღებს AI-ის მიერ გენერირებულ ტექსტს უპირობოდ, გადამოწმების გარეშე. | ამოწმებს მხოლოდ ძირითად ფაქტებს, რჩება უზუსტობები. | ადარებს AI-ის მონაცემებს ოფიციალურ წყაროებს და ასწორებს ცდომილებებს. | კრიტიკულად აფასებს მონაცემებს, ავლენს ალგორითმულ მიკერძოებას და ახდენს ინფორმაციის სიღრმისეულ ვალიდაციას. |
| სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინიციატივა | პრობლემა აღწერილია ზოგადად, კონკრეტული სამოქალაქო აქტივობის გარეშე. | სამოქალაქო ინიციატივა სტანდარტულია და ნაკლებად ითვალისწინებს ადგილობრივ საჭიროებებს. | ფორმულირებულია რეალისტური, თემზე ორიენტირებული სამოქალაქო ინიციატივა. | შემოთავაზებულია წრიული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული, ინოვაციური და მდგრადი სამოქალაქო პროექტი. |
ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება გარემოსდაცვით განათლებაში მოსწავლეს აქცევს აქტიურ მკვლევრად, კრიტიკულ მოაზროვნედ და სამოქალაქო აქტივისტად.
- მოსწავლე სწავლობს, რომ AI არ არის უცდომელი წყარო. AI-ის მიერ გენერირებული ტექსტების გადამოწმებით ოფიციალურ გარემოსდაცვით ბაზებთან (მაგ., UNEP, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო), მოსწავლეს უვითარდება მედიაწიგნიერება და ინფორმაციის ფილტრაციის უნარი.
- AI-სოკრატული დებატების დროს მოსწავლეს შეუძლია დაუპირისპირდეს AI-ს, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის როლს ირგებს. ეს ეხმარება მას, გაიაზროს ეთიკური დილემები და ისწავლოს არგუმენტირებული მსჯელობა და მოლაპარაკება.
- AI ინსტრუმენტები (მაგ., Gamma.app) ეხმარება მოსწავლეს, საკუთარი გარემოსდაცვითი ინიციატივები გარდაქმნას თვალსაჩინო საინფორმაციო ბუკლეტებად, პრეზენტაციებად ან საიტის პროტოტიპებად, რაც ზრდის სამოქალაქო მონაწილეობის ეფექტიანობას.
- მოსწავლე ეუფლება AI-სთან ეფექტური კომუნიკაციის 4-ნაბიჯიან მოდელს -როლი-მიზანი-სავალდებულო პირობები-ფორმატი, რაც მას თანამედროვე ციფრული სამყაროსთვის ამზადებს.
- მოსწავლე იღებს გამოცდილებას, რომ AI არის დამხმარე ასისტენტი და არა საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. საბოლოო ეთიკური, სამოქალაქო და ეკოლოგიური არჩევანი ყოველთვის ადამიანზეა.
- მოსწავლე პრაქტიკულად გამოსცდის, თუ როგორ უკავშირდება გარემოს დაცვა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს (სუფთა ჰაერზე, წყალსა და ჯანმრთელობაზე).
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის
- ნუ მისცემთ მოსწავლეებს დავალებას მოიძიონ ტექსტი AI-ით. ამის სანაცვლოდ, მიეცით დავალება სთხოვეთ AI-ს 3 არგუმენტი, იპოვეთ მათში შეცდომა ან მიკერძოება და დაასაბუთეთ თქვენი პოზიცია.
- ასწავლეთ მოსწავლეებს მკაფიო ინსტრუქციების გაწერა, ეს ავითარებს სისტემურ და სტრუქტურულ აზროვნებას.
- ყოველთვის მოითხოვეთ, რომ AI-ის მიერ მიწოდებული სტატისტიკა ან გარემოსდაცვითი ფაქტები მოსწავლეებმა გადაამოწმონ ოფიციალურ/სანდო წყაროებში.
- შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ AI პლატფორმებში არ შეიყვანონ პირადი მონაცემები და დაეხმარეთ მათ AI-ის პასუხებში არსებული გეოგრაფიული ან სოციალური მიკერძოების დანახვაში.
- შეფასებისას ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ გამოიყენა მოსწავლემ AI კრიტიკულად, რამდენად შეძლო მონაცემთა სინთეზი და რამდენად რეალისტურია მისი სამოქალაქო/გარემოსდაცვითი ინიციატივა.
თუ მასწავლებელი აქამდე არ იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს გარემოს დაცვის თემის სწავლებისას, სასწავლო პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი სირთულე და გამოწვევა იჩენდა თავს როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეების მხრიდან:
- დისკუსიებისთვის ქეისების, დილემების, როლური თამაშების სცენარებისა თუ მრავალფეროვანი სამუშაო ფურცლების შექმნა მასწავლებლისგან კოლოსალურ დროსა და ენერგიას მოითხოვდა.
- სხვადასხვა საჭიროებისა და ინტერესის მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური დავალებების, პრომპტების ან განსხვავებული სირთულის ტექსტების ხელით მომზადება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ერთი გაკვეთილის ჩარჩოში.
- მხოლოდ სახელმძღვანელოს ტექსტებსა და სტატიკურ პრეზენტაციებზე დაყრდნობა ხშირად იწვევდა მოსწავლეთა ინტერესის განელებას, რადგან თემა აღიქმებოდა მშრალ თეორიად და არა რეალურ, ცოცხალ პრობლემად.
- AI-ის გარეშე მოსწავლეები ძირითადად ინფორმაციის მზა სახით მიღებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. მათ ნაკლებად ეძლეოდათ შესაძლებლობა, პრაქტიკულად გამოეცადათ თავიანთი არგუმენტები ან შესულიყვნენ ინტერაქციულ დიალოგში სხვადასხვა პოზიციის მქონე მხარეებთან.
- ტრადიციულ ფორმატში რთული იყო იმის სიმულირება, თუ რას ფიქრობს, მაგალითად, ქარხნის მფლობელი, ადგილობრივი მერი ან გარემოსდაცვითი აქტივისტი ერთდროულად. მოსწავლეებს უჭირდათ ეთიკური დილემების სიღრმისეულად გააზრება.
- გარემოსდაცვითი კამპანიის ან სამოქალაქო ინიციატივის დაგეგმვისას მოსწავლეებს ხშირად აკლდათ ციფრული უნარები ან ინსტრუმენტები, რათა თავიანთი იდეები სწრაფად გარდაექმნათ საინფორმაციო ბუკლეტებად, ვებსაიტის პროტოტიპებად თუ სტრუქტურირებულ პრეზენტაციებად.
- როდესაც მოსწავლე იღებს მზა, სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს, მას იშვიათად უჩნდება სურვილი, ეჭვქვეშ დააყენოს ფაქტების სისწორე. AI-ის შეცდომადი ბუნება კი პირიქით ბუნებრივად უბიძგებს მოსწავლეს, გახდეს მკვლევარი, გადაამოწმოს მონაცემები ოფიციალურ წყაროებთან და განავითაროს კრიტიკული მედიაწიგნიერება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ცაგარეიშვილი, ნ. (2026). ხელოვნური ინტელექტი სწავლებაში შესაძლებლობები და გამოწვევები. ონლაინ ჟურნალი „მასწავლებელი“.
- ცაგარეიშვილი, ნ. (2025). Google-ის AI საძიებო სისტემა განათლებაში შესაძლებლობები და პერსპექტივები. ონლაინ ჟურნალი „მასწავლებელი“ .
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ეროვნული სასწავლო გეგმა სამოქალაქო განათლება. თბილისი.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. (2023). გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ეროვნული სტრატეგია. თბილისი.
- ბლიაძე მ. მდგრადი განვითარების მიზნები. თბილისი, 2022.
- გელაშვილი მ. „მწვანე“ ეკონომიკა – მიზნები და უპირატესობები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 2022, 15(2), 82–87.
- (2023). Guidance for generative AI in education and research. Paris. UNESCO Publishing.



