პარასკევი, სექტემბერი 18, 2026
18 სექტემბერი, პარასკევი, 2026

როგორ ვაქციოთ ამოცანები ცოცხალ ისტორიებად

წარმოსახვა არ არის მხოლოდ შემოქმედებითობის გამოვლენა – ის სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ქმედითი ინსტრუმენტია. სწორედ ამ უნარის წყალობით აცოცხლებს ბავშვი გონებაში მოსმენილ ამბავს, წარმოიდგენს პერსონაჟებს, მოვლენებსა და სიტუაციებს, რაც მას ნასწავლის ღრმად გააზრებაში ეხმარება. წარმოსახვა ზრდის არა მხოლოდ ახალი იდეების გენერირების, არამედ სხვისი ემოციებისა და გამოცდილების გაგების შესაძლებლობასაც.
დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში აქცენტი ხშირად სწრაფ შედეგებზე, ცოდნის ფორმალურ შეფასებასა და პროგრამის მკაცრად შესრულებაზე გადადის. ასეთ პირობებში მინიმალური დრო რჩება იმ ტიპის აქტივობებისთვის, რომლებიც მოსწავლეს ფიქრის, ფანტაზიისა და საკუთარი ხედვის ჩამოყალიბების სივრცეს აძლევს.
პედაგოგიურმა პრაქტიკამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წარმოსახვას გადამწყვეტი როლი აკისრია მათემატიკის სწავლების პროცესში. ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიის მიხედვით, პირველკლასელები (6–7 წლის ასაკი) იმყოფებიან ოპერაციამდელიდან კონკრეტული ოპერაციების ეტაპზე გადასვლის ფაზაში. ამ დროს ბავშვის აზროვნება ჯერ კიდევ მყარად ეყრდნობა კონკრეტულ საგნებსა და ვიზუალურ სახეებს – მათთვის რთულია მხოლოდ მშრალი, აბსტრაქტული რიცხვებითა და სიმბოლოებით ოპერირება. როდესაც მოსწავლე ამოცანის პირობას ტექსტად კი არ აღიქვამს, არამედ მის უკან მდგარ რეალურ სურათს წარმოიდგენს, აბსტრაქტული ცნებები კონკრეტულ და გასაგებ გამოცდილებად იქცევა.
ამასთანავე, ლევ ვიგოტსკის სოციოკულტურული თეორიის თანახმად, თამაში და სოციალური ინტერაქცია ბავშვის კოგნიტური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ვიგოტსკი მიიჩნევს, რომ სწორედ თამაშსა და თანამშრომლობაში ყალიბდება „უახლოესი განვითარების ზონა“, სადაც ბავშვი თანატოლების ან უფროსების მხარდაჭერით სწვდება იმას, რისი დამოუკიდებლადაც გააზრება გაუჭირდებოდა.
ამ სტატიაში სწორედ ამ პრინციპებზე დამყარებულ იმ პრაქტიკულ აქტივობებს გაგიზიარებთ, რომლებიც 114-ე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებთან მუშაობისას გამოვიყენე. კომიქსები, როლური თამაშები, ანიმაციები და ფანტაზიაზე დაფუძნებული სხვა მეთოდები არა მხოლოდ ზრდიდა ბავშვების ჩართულობას, არამედ მათემატიკური ამოცანების ამოხსნას სახალისო და ბუნებრივ პროცესად აქცევდა.
აქტივობა 1. „მოსმენილის ფურცელზე გადატანა“
მიზანი:
  • სმენითი აღქმის, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის განვითარება;
  • წარმოსახვის გააქტიურება და მოსმენილი ინფორმაციის გონებაში ვიზუალიზაცია;
  • შემოქმედებითი აზროვნებისა და ინდივიდუალური ხედვის წახალისება;
  • სასწავლო პროცესში მოტივაციისა და ინტერესის ამაღლება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვთხოვე, თვალები დაეხუჭათ, რათა მთელი ყურადღება სმენითი ინფორმაციისთვის მიეპყროთ. თითოეულ მათგანს მერხზე ფურცელი და ფერადი ფანქრები ელაგა. წინასწარ მქონდა ჩაწერილი აუდიომასალა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი გარემო, სიტუაცია და სხვადასხვა დინამიკური მოქმედება. ჩანაწერს ფონად ერთვოდა ბუნებრივი ხმოვანი ეფექტები: ნაბიჯების ხმა, ქარის, ფოთლების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი. მოსწავლეები უსმენდნენ ჩანაწერს, გონებაში ქმნიდნენ სცენარს და მიღებულ შთაბეჭდილებებს ფურცელზე ფერებით აცოცხლებდნენ.
აქტივობა 2. „კომიქსი“
მიზანი:
  • ტექსტური ინფორმაციის ვიზუალურ ფორმატში გარდაქმნა;
  • ლოგიკური და თანმიმდევრული აზროვნების უნარის სტიმულირება;
  • ამოცანის პირობიდან გამომდინარე, სათანადო მათემატიკური მოქმედების ინტუიციურად შერჩევა.
აქტივობის აღწერა: მუშაობის დასაწყისში ბავშვებს ავუხსენი, რა არის კომიქსი და როგორ შეიძლება ამბის ნახატებით მოყოლა. უკეთ გასაგებად, დაფაზე ერთად განვიხილეთ რამდენიმე მარტივი მაგალითი. შემდეგ კლასი ოთხ რიგად დაიყო და თითოეულმა ჯგუფმა განსხვავებული ამოცანა მიიღო. მათი მიზანი იყო, ამოცანის შინაარსი კომიქსის სახით გადმოეცათ. მთავარი აქცენტი კეთდებოდა ტექსტში საკვანძო სიტყვების პოვნაზე, რომლებიც გვკარნახობდა კიდეც შესაბამის მათემატიკურ მოქმედებას (მაგალითად: „აჩუქა“ — მიმატებაა, „დაკარგა“ — გამოკლება და ა.შ.).
აქტივობა 3. „რა დევს შავ ყუთში“
მიზანი:
  • დამოუკიდებლად შედგენილი მათემატიკური ამოცანების კულტურის განვითარება;
  • რეალური საგნების გამოყენებით აბსტრაქტული აზროვნების ხელშეწყობა;
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა;
  • წყვილებში თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების გაძლიერება;
  • მათემატიკის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები წყვილებში, ერთმანეთის პირისპირ სხდებოდნენ. თითოეულ წყვილს გადავუცი სიურპრიზად შეფუთული საგნები — სათამაშო ფული, მცირე ზომის საგნები, წებო და სხვა ყოველდღიური ნივთები, რამაც ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია. დავალების მიხედვით, მათ ერთობლივად უნდა მოეფიქრებინათ და შეედგინათ პატარა მათემატიკური ამოცანა. მუშაობის პროცესში ისინი აკვირდებოდნენ ნივთების რაოდენობას, მათ დანიშნულებას და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ქმნიდნენ საინტერესო ისტორიებს.
აქტივობა 4. „როლური თამაში“
მიზანი:
  • ამოცანის შინაარსის ემოციურად გააზრება და გათავისება;
  • წარმოსახვის ინტენსიური გააქტიურება სიტუაციის „გაცოცხლების“ გზით;
  • მათემატიკური პრინციპების ყოველდღიურ რეალობასთან დაკავშირება;
  • პრობლემის გადაჭრის გზების შემოქმედებითი ძიება.
აქტივობის აღწერა: ამ აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები ამოცანის პერსონაჟების როლს ირგებდნენ და შინაარსს პატარა სცენარად ათამაშებდნენ. ვიგოტსკის თეორიის მსგავსად, აქ სოციალური ინტერაქცია და ერთობლივი თამაში ეხმარება ბავშვებს აბსტრაქტული წესების პრაქტიკაში გატარებაში. მათ უნდა გადაექციათ თეორიული პირობა რეალურ, ცოცხალ მოქმედებად. პროცესი მოიცავდა პერსონაჟების შერჩევას, როლების განაწილებას და ამოცანის თითოეული ნაბიჯის სცენაზე ზუსტ გათამაშებას, რაც ბავშვებს შინაარსის ღრმად შეგრძნებაში ეხმარებოდა.
აქტივობა 5. „ამოცანები ანიმაციებით“
მიზანი:
  • დინამიკური ვიზუალური მასალის გამოყენებით წარმოსახვის სტიმულირება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მათემატიკის მიმართ ინტერესის გაზრდა.
აქტივობის აღწერა: ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დახმარებით შევქმენი ანიმაციური მათემატიკური ამოცანები, რომლებიც ბავშვებს ვიზუალური და დინამიკური ფორმით წარვუდგინე. ეს მიდგომა სრულად შეესაბამება პიაჟეს პრინციპს ვიზუალური მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ანიმაციები ასახავდა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას, რაც მოსწავლეებს აადვილებდა პირობის აღქმასა და მოვლენების თანმიმდევრობის დალაგებას. ყურების პროცესში ბავშვები აკვირდებოდნენ დეტალებს, ახმოვანებდნენ ნანახს და მსჯელობდნენ, თუ რომელი მათემატიკური მოქმედება იყო საჭირო ამოცანის ამოსახსნელად.
ვფიქრობ, წარმოსახვაზე დამყარებული ასეთი აქტივობების ინტეგრირება მათემატიკის გაკვეთილებზე თითოეული პედაგოგისთვის ხელმისაწვდომია. ხშირად ერთადერთი მცირე იდეაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მოსწავლემ რთული ციფრები და მკაცრი ტექსტი საინტერესო, სახალისო ისტორიად აქციოს, რომლის ამოხსნაც მას ბუნებრივ და სასიამოვნო პროცესად ექცევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“