სტატია ეძღვნება სასწავლო პროექტს, რომელშიც საქართველო, თურქეთი, რუმინეთი და ლიეტუვა მონაწილეობდნენ და რომელმაც მოსწავლეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა – ერთად ემოგზაურათ საუკუნეების მიღმა, ხელახლა აღმოეჩინათ საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და გაეზიარებინათ მეგობრებისთვის.
„ცისმპყრობელთა და მიწიერთა მეუფე ზევსი, ძლევამოსილი ღვთაება მობრძანდება…“ – გაისმა ოლიმპოს მთაზე და კრძალვით დახარეს თავი სხვა ღვთაებებმა. მოდის ზევსი და თან მოჰყვება ძალაუფლების დიდებული აჩრდილი. თურმე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეუკრებია ღვთაებები და დიდი ნადიმი იმართება ძველ საბერძნეთში. მხოლოდ ამირანი არ ჩანს – ქართველი ამირანი, იგი ხომ კავკასიის ციცაბო ქედზეა მიჯაჭვული. სამაგიეროდ, შიშითა და კრძალვით შეჰყურებენ კოლხ მედეას, რომელიც ამაყად დააბიჯებს ბერძნულ სამყაროში – ჯიუტი, ძველი ქართული მშვენებით შემკული კოლხი ქალი, …და მისი ყოველი გამოჩენა იმედია სნეულთათვის. სწორედ ეს საოცარი, მისტიკური სამყარო გაცოცხლდა 2025-2026 სასწავლო წელს ითვინინგის (eTwinning) საერთაშორისო პროექტში „Mythology Beyond Time“. პროექტმა, რომელშიც საქართველო, თურქეთი, რუმინეთი და ლიეტუვა მონაწილეობდნენ, ჩვენს მოსწავლეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა – ერთად ემოგზაურათ საუკუნეების მიღმა, ხელახლა აღმოეჩინათ საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და გაეზიარებინათ იგი მეგობრებისთვის.
ასე დაიწყო ჩვენი დიდი მოგზაურობა მითების სამყაროში. მოსწავლეები ნამდვილ მკვლევრებად იქცნენ და მითოლოგიურ ლაბირინთებში ეროვნულ თუ სხვა ქვეყნების გმირებს ეძიებდნენ. ოლიმპოს მთიდან კავკასიის ქედებამდე, განეშადან დემეტრამდე – ისინი მუდმივად ცვლიდნენ ინფორმაციას და პოულობდნენ ყველაზე საინტერესო, ამაღელვებელ ისტორიებს. პარალელებს ავლებდნენ ამირანისა და პრომეთეს ცეცხლის მოპოვების ამბებს შორის. იხსენებდნენ, როგორ გაჰყვა კოლხი მედეა არგონავტებს საბერძნეთში და საფუძველი ჩაუყარა მედიცინას. მითოლოგიის ამ უსაზღვრო ლაბირინთებიდან გამოტანილი ცოდნა და ემოციები მოსწავლეებმა შეაჯამეს და აქციეს პოსტერებად, ინტერაქციულ რუკებად, პრეზენტაციებად და ელექტრონულ წიგნებად.
რა ენაზე ვესაუბრებოდით ერთმანეთს? რა თქმა უნდა, ინგლისურად! გარდა იმისა, რომ დიდებულად ვიმოგზაურეთ მითების სამყაროში, ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ციფრული ინსტრუმენტების უსაზღვრო შესაძლებლობებიც. ამ ორმაგი მოგზაურობის მთავარ გვირგვინად კი იქცა მოსწავლეთა შემოქმედებითი პროდუქტები, რომლებსაც სიამაყითა და დიდი ენთუზიაზმით ვუზიარებდით ერთმანეთს უილიამ შექსპირის დიდებულ ენაზე.
განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა პროექტის ფარგლებში გამართული ონლაინშეხვედრები თურქ, რუმინელ და ლიეტუველ თანატოლებთან. მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მითები, არამედ აღმოაჩინეს, რამდენი საერთო ფასეულობა აკავშირებთ სხვადასხვა კულტურის მქონე ახალგაზრდებს. სწორედ ამ ერთობლივმა, ინტერაქციულმა მუშაობამ აქცია პროექტი ნამდვილ საერთაშორისო მეგობრობის სივრცედ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ნამდვილი ციფრული რევოლუცია მოახდინეს. მრავალფეროვანი ვებინსტრუმენტების, მათ შორის Canva-ს, Linoit-ის, Padlet-ის, Thinglink-ისა და BookCreator-ის გამოყენებით, მათ საოცარი შემოქმედებითი პროდუქტები შექმნეს. ხოლო ისეთმა თანამედროვე პლატფორმებმა, როგორებიცაა – Heygen AI, Capcut და Animaker, ბავშვებს საშუალება მისცა, მითოლოგიური პერსონაჟები პირდაპირი მნიშვნელობით გაეცოცხლებინათ. Google Meet და Google Forms კი იქცა იმ ვირტუალურ ხიდად, რომლითაც უცხოელ თანატოლებთან მუდმივი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაზიარება და ერთობლივი თანამშრომლობა ხორციელდებოდა.
ეს არ ყოფილა მხოლოდ ტექნოლოგიური თამაში – პროექტმა უდიდესი კვალი დატოვა მოსწავლეთა განვითარებაში. მითების ლაბირინთებში გზის გაკვლევამ მათ განუვითარა ინფორმაციის მოძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები, ასწავლა სხვადასხვა კულტურის მითოლოგიურ გმირთა შედარება და ანალიზი. ამასთანავე, პროექტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი ინგლისური ენა, ჯგუფური მუშაობის უნარი და რაც მთავარია, მისცა მათ ციფრული მოქალაქეობის პრაქტიკული გამოცდილება. პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ტექნოლოგიები სწორედ ის ძალაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს და საერთო მომავალს უშენებს.
https://read.bookcreator.com/jfqnG9tH2xd2ETyIN0wgEnDs23S2/ayvveOpUS1Wgtn6UTYchyA


