მოსწავლეებს ხშირად უწევთ დავალების შესრულება განსაზღვრულ დროში. დროის ჩარჩო მათ საქმიანობის ორგანიზებასა და ყურადღების კონცენტრირებაში ეხმარება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის შფოთვის, დაბნეულობისა და ემოციური დაძაბულობის წყაროდ იქცევა.
ალბათ ბევრი მასწავლებელი შეჯახებია სიტუაციას, როდესაც მოსწავლემ კარგად იცის მასალა, მაგრამ იმის შიშით, რომ დროში ვერ ჩაეტევა, ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. „იჩქარე, დრო იწურება!“ – ეს ფრაზა ბევრ მოსწავლეს არაერთხელ მოუსმენია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გაგება, როდის და რა პირობებში იქცევა დრო მოსწავლისთვის სტრესის წყაროდ. ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვაც: ზოგ მოსწავლეს რატომ ეხმარება დროის შეზღუდვა ძალების მობილიზებაში, ხოლო ზოგში შფოთვასა და დაძაბულობას იწვევს?
დროის შეზღუდვა ყველა მოსწავლეზე ერთნაირად არ მოქმედებს. ზოგთან ის მოქმედების ორგანიზებას, ყურადღების მობილიზებას და დავალებაზე კონცენტრირებას უწყობს ხელს, ზოგისთვის კი შფოთვის, დაბნეულობისა და დამატებითი ემოციური დაძაბულობის წყაროდ იქცევა. გასათვალისწინებელია, რომ პრობლემა ყოველთვის დროის სიმცირე არ არის. ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს ის, როგორ აღიქვამს მოსწავლე დროით მოთხოვნას, რამდენად სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, რა გამოცდილება აქვს მსგავს სიტუაციებში და რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს სასწავლო გარემოში.
ამ განსხვავებათა მიზეზების უკეთ გასაგებად, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვუპასუხოთ კითხვას, რა პირობებში იქცევა დრო მოსწავლისთვის მოტივაციის წყაროდ და როდის ხდება დროის შეზღუდვა სტრესის გამომწვევი ფაქტორი.
დრო – მოტივატორი თუ სტრესის წყარო?
სასწავლო პროცესში დროითი ჩარჩო ყოველთვის არ წარმოადგენს სტრესის წყაროს. პირიქით, განსაზღვრულ შემთხვევებში ის მოსწავლეს ეხმარება ყურადღების კონცენტრირებაში, საქმიანობის ორგანიზებასა და მიზანმიმართულ მოქმედებაში. დროითი ჩარჩოს არსებობა ხშირად ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას, ხელს უწყობს ყურადღების მობილიზებას და დავალების შესრულებას მოთხოვნების შესაბამისად. სიტუაცია იცვლება მაშინ, როდესაც დროითი მოთხოვნა მოსწავლის შესაძლებლობებს, სამუშაო ტემპს ან ემოციურ მზაობას აღარ შეესაბამება. ასეთ დროს მოსწავლე ნაკლებს ფიქრობს თავად დავალებაზე და უფრო მეტს – იმაზე, მოასწრებს თუ არა მის დასრულებას. ჩნდება დაძაბულობა, შფოთვა და შეცდომის შიში.
ალბათ ბევრ მასწავლებელს შეუმჩნევია სიტუაცია, როდესაც მოსწავლემ იცის პასუხი, მაგრამ დროის შეზღუდვის გამო იბნევა და ვერ ახერხებს თავისი ცოდნის სრულად წარმოჩენას. ასეთ შემთხვევაში პრობლემა ცოდნის ნაკლებობა კი არა, ემოციური დაძაბულობაა.
საინტერესოა ისიც, რომ ერთი და იგივე დროითი შეზღუდვა სხვადასხვა მოსწავლეზე სრულიად სხვადასხვა გავლენას ახდენს. ერთისთვის თუ ის დამატებითი მოტივაციის წყაროა, მეორისთვის შესაძლოა სტრესის წყაროდ იქცეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ დროით ჩარჩოს, არამედ იმასაც, თუ როგორ აღიქვამს მას მოსწავლე.
რატომ რეაგირებენ მოსწავლეები დროის შეზღუდვაზე სხვადასხვანაირად?
ხშირად ჩნდება კითხვა: რატომ რეაგირებენ დროში შეზღუდვაზე განსხვავებულად ერთ გარემოში მყოფი, დაახლოებით ერთნაირი ასაკისა და მომზადების დონის მოსწავლეები, თუ დრო ყველასთვის ერთნაირია?
ერთ-ერთი მიზეზი ინდივიდუალური თავისებურებებია. ყველა ბავშვს მუშაობის სხვადასხვა ტემპი, სხვადასხვა ემოციური მგრძნობელობა და გამოწვევებთან გამკლავების სხვადასხვა სტილი აქვს. ზოგი სწრაფად ახერხებს მობილიზებას და დროის ზეწოლის პირობებშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, ზოგისთვის კი დროის ამოწურვის შეგრძნება შფოთვის გამომწვევ ფაქტორად იქცევა.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვითშეფასებაც. მოსწავლე, რომელიც ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს, დროით შეზღუდვას ხშირად გამოწვევად აღიქვამს, ხოლო ის, ვინც საკუთარ ძალებში ნაკლებად არის დარწმუნებული, შესაძლოა, იმავე სიტუაციას დაძაბული, მარცხის მოლოდინით შეხვდეს. ყურადღება დავალებიდან შიშზე გადადის, რაც შესრულების ხარისხზეც აისახება.
მოსწავლის დამოკიდებულებას ხშირად მისი წინარე გამოცდილებაც განსაზღვრავს. თუ მას არაერთხელ ჰქონია განცდა, რომ დრო არ ეყო, ვერ მოასწრო დავალების დასრულება ან დროის შეზღუდვის პირობებში წარუმატებლობა განიცადა, მსგავსი სიტუაციები მომავალშიც დაძაბულობასა და შფოთვასთან იქნება დაკავშირებული და პირიქით, წარმატებული გამოცდილება ხშირად თავდაჯერებას მატებს მოსწავლეს და ახალი გამოწვევებისთვის თავის გართმევასაც უადვილებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ასაკობრივი თავისებურებებიც. ბავშვებსა და მოზარდებთან დროის აღქმის, დაგეგმვისა და მართვის უნარები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ამიტომ ზოგიერთ მათგანს უჭირს დროის გონივრულად განაწილება, დავალების მოცულობის შეფასება, მუშაობის პროცესში საკუთარი ტემპის კონტროლი.
როდის იქცევა დროის შეზღუდვა სტრესის წყაროდ?
დროის შეზღუდვა სტრესის წყაროდ იქცევა, როდესაც მოსწავლე ფიქრობს, რომ დავალებას თავს ვერ გაართმევს. ამ დროს მთავარი პრობლემა ხშირად არა თავად დრო, არამედ წარუმატებლობის მოლოდინია.
სტრესს აძლიერებს შეცდომის შიშიც. თუ ბავშვისთვის შეცდომა სწავლის ბუნებრივი ნაწილი კი არა, პირადი წარუმატებლობის მაჩვენებელია, დროის შეზღუდვა მისთვის დამატებით ზეწოლად იქცევა.
დაძაბულობას ხშირად იწვევს ისეთი დავალებებიც, რომლებიც მოსწავლის შესაძლებლობებს ან ასაკობრივ თავისებურებებს არ შეესაბამება. თუ მოთხოვნა ისედაც არარეალისტურია, დროის შეზღუდვა დავალების შესრულებას უფრო მეტად გაართუულებს.
სტრესის წყაროდ შეიძლება იქცეს მუდმივი შედარებაც. ფრაზები: „სხვებმა უკვე დაასრულეს“, „ყველამ მოასწრო“, „შენ რატომ ვერ ასწრებ?“, „ყოველთვის შენ როგორ უნდა გელოდოთ“ და ა. შ. – ხშირად უფრო ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეზე, ვიდრე თავად დროის შეზღუდვა. ასეთ დროს მოსწავლის ყურადღება საკუთარი საქმიანობიდან სხვების შედეგებზე გადადის, რაც ზრდის შფოთვას.
როგორ ამოვიცნოთ დროის შეზღუდვით გამოწვეული სტრესი?
სტრესს ყველა მოსწავლე ერთნაირად არ გამოხატავს. ზოგ შემთხვევაში ნიშნები აშკარაა, ზოგჯერ კი ისინი ყურადღების მიღმა რჩება.
- დროის შეზღუდვით გამოწვეული სტრესი შესაძლოა გამოვლინდეს აჩქარებით, დაბნეულობით, ყურადღების გაფანტვით, ხშირი შეცდომებით ან დავალების შუა გზაზე მიტოვებით. ზოგი მოსწავლე წამდაუწუმ ამოწმებს, რამდენი დრო დარჩა, ზოგი კი საერთოდ წყვეტს მუშაობას და უარს ამბობს დავალების გაგრძელებაზე;
- ემოციური ნიშნებია გაღიზიანება, მღელვარება, ტირილი, საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, უარყოფითი კომენტარები საკუთარი შესაძლებლობების შესახებ: „ვერ მოვასწრებ“, „არ გამომივა“, „ყველა ჩემზე სწრაფია“, „მაინც ვერ გავაკეთებ“.
- ზოგიერთ შემთხვევაში სტრესი ფიზიკური ნიშნებითაც ვლინდება. მოსწავლე შესაძლოა წრიალებდეს, ხშირად იცვლიდეს პოზას, უჩიოდეს დაღლილობას ან კონცენტრაციის სირთულეს, ნერვულად ამოძრავებდეს ხელ–ფეხს. სახის სიწითლე, გაძლიერებული ოფლიანობა, გახშირებული სუნთქვაც ემოციურ დაძაბულობაზე მიუთითებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნიშნები სიზარმაცეზე, უყურადღებობაზე ან მოტივაციის ნაკლებობაზე არ მიუთითებს – ზოგჯერ ისინი სწორედ იმ ემოციური დაძაბულობის გამოხატულებაა, რომელსაც მოსწავლე დროის შეზღუდვის პირობებში განიცდის.
როგორ შევუწყოთ ხელი დროის შეზღუდვით გამოწვეული სტრესის შემცირებას
დროის შეზღუდვით გამოწვეული სტრესის შემცირება არ ნიშნავს დროის ფაქტორის სრულიად გამორიცხვას. მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც დრო მოსწავლის განვითარებასა და ორგანიზებას მოემსახურება და არა შფოთვის გაძლიერებას.
მნიშვნელოვანია, დროითი მოთხოვნები იყოს რეალისტური და მოსწავლეთა ასაკობრივ შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს. სასურველია დავალებების ეტაპებად დაყოფა, რათა მოსწავლემ უკეთ დაინახოს საკუთარი პროგრესი და სამუშაო პროცესი მისთვის უფრო მართვადი გახდეს.
ზოგჯერ მოსწავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა დამატებითი დრო, არამედ იმის განცდაა, რომ რთულ ვითარებაში მარტო არ არის. მასწავლებლის ყურადღება, მხარდაჭერა, საჭირო დროს დასმული კითხვა (მაგალითად: „როგორ მიდის მუშაობა?“, „დახმარება ხომ არ გჭირდება?“, „რომელი ნაწილი გეჩვენება რთულად?“) ან თუნდაც ერთი გამამხნევებელი სიტყვა („მჯერა, რომ შეძლებ“, „მშვიდად გააგრძელე“, „კარგად გამოგდის“) ხშირად ამცირებს დაძაბულობას და მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას უბრუნებს.
მნიშვნელოვანია ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინებაც. ყველა მოსწავლე ერთნაირი ტემპით არ მუშაობს და სწრაფი შესრულება ყოველთვის ხარისხიან შესრულებას არ ნიშნავს. ზოგიერთ მოსწავლეს მეტი დრო სჭირდება აზრების დასალაგებლად, ინფორმაციის გადასამუშავებლად, პასუხის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად მისცეს საკუთარი ტემპით მუშაობის საშუალება და მათი შეფასებისას მხოლოდ შესრულების სისწრაფეზე არ გაამახვილოს ყურადღება.
იმავდროულად, მოსწავლეებს ეტაპობრივად უნდა ვასწავლოთ დროის მართვაც. ამისთვის სასარგებლოა დიდი დავალებების მცირე ეტაპებად დაყოფა, სამუშაოს წინასწარ დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და საკუთარი დროის რეალისტურად შეფასება. გამართლებული მიდგომაა მოსწავლეებისთვის გარკვეული არჩევანის მიცემაც. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, თავად აირჩიონ, რომელი დავალებით დაიწყონ მუშაობა ან რომელი აქტივობა შეასრულონ პირველ რიგში. მსგავსი მცირე არჩევანიც კი ზრდის მოსწავლის დამოუკიდებლობის განცდას, პასუხისმგებლობას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. ამას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უმცროს სასკოლო ასაკში, როდესაც ბავშვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებისთვის უფროსების მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება.
დროის მართვის უნარი თანდაყოლილი არ არის, ის ასაკთან, გამოცდილებასა და პრაქტიკასთან ერთად ვითარდება, ამიტომ სასურველია, მოთხოვნები მოსწავლის ასაკობრივ შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს, ხოლო მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა ეტაპობრივად იზრდებოდეს. ასეთი მიდგომა მოსწავლეს ეხმარება არა მხოლოდ დროის მართვის, არამედ დამოუკიდებლობის, თავდაჯერებულობის, სტრესთან გამკლავების უნარების განვითარებაშიც.
დასკვნა
განხილული საკითხები ცხადყოფს, რომ დროის შეზღუდვა სასწავლო პროცესის ბუნებრივი ნაწილია და ის ყოველთვის არ იწვევს სტრესს. განსაზღვრულ შემთხვევებში დრო მოსწავლეს ეხმარება მობილიზებაში, ყურადღების კონცენტრირებასა და საქმიანობის ორგანიზებაში, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც დროის ფაქტორი შფოთვის, დაბნეულობისა და ემოციური დაძაბულობის წყაროდ იქცევა.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, დროის შეზღუდვა აღვიქვათ არა მხოლოდ როგორც სასწავლო მოთხოვნა, არამედ როგორც ფაქტორი, რომელმაც სხვადასხვა მოსწავლეზე შესაძლოა სხვადასხვა გავლენა მოახდინოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, როგორ აღიქვამს მოსწავლე დროით მოთხოვნას, რამდენად სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და რა მხარდაჭერა სჭირდება მას კონკრეტულ სიტუაციაში.
მაშინ, როდესაც დროითი მოთხოვნა მოსწავლის ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს ესადაგება, ის განვითარების ხელშემწყობ რესურსად იქცევა; მაშინ, როდესაც ის აჭარბებს მოსწავლის შესაძლებლობებს, იმატებს სტრესის ალბათობა, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მოსწავლეს საკუთარი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენაში.
სერიის მომდევნო სტატია დაეთმობა სწავლის სირთულეებს როგორც სტრესის ერთ-ერთ გავრცელებულ წყაროს. საინტერესოა, რატომ შეიძლება იქცეს აკადემიური გამოწვევები ზოგიერთი მოსწავლისთვის შფოთვის მიზეზად, რატომ რეაგირებენ მოსწავლეები სხვადასხვანაირად სასწავლო სირთულეებზე, როგორ აისახება ეს მოსწავლის მოტივაციასა და თვითშეფასებაზე და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში უფროსების დროულ მხარდაჭერას.
გამოყენებული ლიტერატურა
- მაკარაძე, ნ. (2009). სტრესი და სწავლა უმცროს სასკოლო ასაკში. ბათუმი: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ნ. იმედაძე, ლ. ქ. (2004). ქართველ მოზარდთა სტრესის დაძლევის სტრატეგიები, როგორც ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაჩვენებელი. „ფსიქოლოგია”, ტ. 19.
- სტრესის მართვის პრაქტიკული სახელმძღვანელო: სტრესის მართვის ინსტრუმენტები და რჩევები. (თბილისი). CENN, საქართველო.
- უზნაძე, დ. (2020). სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი: iBooks©2020.
- A. Woolfolk, E. L. Usher. (2023). Educational Psychology: Active Learning Edition (15th Edition). Pearson.
- Lazarus, R. S. (1984). Stress, appraisal, and coping. New York: Springer.
- Santrock, J. W. (2018). Educational psychology. New York: McGraw-Hill Education.
- Selye, H. (1976 ). The Stress of Life. Rev. ed. New York: McGraw-Hill.


