პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარი თავისთავად არ ყალიბდება. მისი განვითარება მიზანმიმართულად დაგეგმილ სასწავლო პროცესს მოითხოვს, სადაც მოსწავლეები სისტემატურად მუშაობენ რეალურ ან მოდელირებულ პრობლემურ სიტუაციებზე, იკვლევენ მათ გამომწვევ მიზეზებს, განიხილავენ ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს, თანამშრომლობენ თანატოლებთან, აანალიზებენ საკუთარ გამოცდილებას და არგუმენტირებულად ასაბუთებენ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლის როლს. თანამედროვე პედაგოგი აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი; იგი სასწავლო პროცესის ორგანიზატორი და ფასილიტატორია, რომელიც ქმნის უსაფრთხო და მხარდამჭერ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოთქვან იდეები, გამოსცადონ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგია, ისწავლონ თანამშრომლობით და შეცდომა აღიქვან როგორც სწავლის ბუნებრივი ნაწილი. სწორედ ასეთი გარემო ქმნის საფუძველს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, კრიტიკული და პასუხისმგებლიანი აზროვნების განვითარებისთვის.
სტატიაში განხილულია პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის პრაქტიკაში დანერგვის რამდენიმე ეფექტიანი სტრატეგია. განხილული სტრატეგიები გამოცდილია პრაქტიკაში და შეფასებულია მათი როლი სააზროვნო უნარების განვითარებაში. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ამ სტრატეგების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ავითარებს იდეების გენერირების, არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობისა და პრობლემის მრავალმხრივი გააზრების უნარებს.
პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის სწავლება – საიდან დავიწყოთ?
პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის სწავლება იწყება ისეთი სასწავლო გარემოს შექმნით, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, დასვან კითხვები, შესთავაზონ განსხვავებული იდეები, ითანამშრომლონ თანატოლებთან და შეცდომა აღიქვან, როგორც სწავლის ბუნებრივი და მნიშვნელოვანი ნაწილი.
ასეთი გარემოს ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა:
- წაახალისოს მრავალფეროვანი და არასტანდარტული იდეების წარმოჩენა;
- არ შეზღუდოს მოსწავლეები მხოლოდ ერთი „სწორი“ პასუხის ძიებით;
- შექმნას თანამშრომლობითი მსჯელობისა და კონსტრუქციული დისკუსიის შესაძლებლობა;
- შეცდომა განიხილოს, როგორც სწავლის პროცესის ბუნებრივი და ღირებული რესურსი;
- ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ იმ სააზროვნო პროცესებზეც, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები გადაწყვეტილებამდე მიდიან.
როდესაც მოსწავლე დარწმუნებულია, რომ მის მოსაზრებას მოისმენენ, პატივისცემით განიხილავენ და კონსტრუქციულ უკუკავშირს მიიღებს, იგი უფრო თამამად გამოთქვამს იდეებს, პრობლემას სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს, აანალიზებს ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს და აქტიურად ერთვება მათი შერჩევის პროცესში. სწორედ ასეთ გარემოში ყალიბდება პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარი, რომელიც თანამედროვე განათლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს.
ქვემოთ წარმოდგენილი პრაქტიკული სტრატეგიები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის თეორიული მოდელების ეფექტიანად ინტეგრირება ყოველდღიურ სასწავლო პროცესში და როგორ უწყობს ხელს მათი მიზანმიმართული გამოყენება მოსწავლეებში პრობლემის შემოქედებითად გადაჭრის უნარების განვითარებას.
ბისოციაცია – არასტანდარტული კავშირების აღმოჩენა
პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტიანი სტრატეგიაა ბისოციაცია, რომელიც ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, დაუკავშირებელი მოვლენებს, საგნებს ან იდეებს შორის კავშირების აღმოჩენას ეფუძნება. მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლე ნაცნობ პრობლემას სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან განიხილავს, რაც ხელს უწყობს ახალი იდეებისა და ორიგინალური გადაწყვეტილებების წარმოქმნას.
დაწყებით საფეხურზე ბისოციაციის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტიანია, რადგან ამ ასაკის მოსწავლეებს განსაკუთრებით აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარები, ადვილად შეუძლიათ არასტანდარტული ასოციაციების პოვნა და ნაკლებად არიან შეზღუდულნი სტერეოტიპული აზროვნების ჩარჩოებით.
როგორ გამოვიყენოთ ბისოციაცია გაკვეთილზე?
ბისოციაციის მეთოდით მუშაობა იწყება ისეთი პრობლემური სიტუაციის შეთავაზებით, რომელსაც ერთზე მეტი შესაძლო გადაწყვეტა აქვს. პრობლემის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს შემთხვევითად შერჩეულ ფოტოებს, რომელთაც, ერთი შეხედვით, განსახილველ პრობლემასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. პირველ ეტაპზე, მოსწავლეები გამოთქვამენ შეთავზებულ ფოტოებზე ასოციაციებს, ხოლო მეორე ეტაზე მოსწავლეთა ამოცანაა, დაადგინონ, რა შესაძლო კავშირი შეიძლება არსებობდეს პირველად ასოციაციებსა და პრობლემურ სიტუაციას შორის და როგორ შეიძლება ამ კავშირების გამოყენება ახალი იდეებისა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შესამუშავებლად.
მოსწავლეთა მსჯელობის წასახალისებლად მასწავლებელი სვამს ღია ტიპის კითხვებს, მაგალითად:
- რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ფოტობეზე გამოსახულ ობიექტებსა და განსახილველ პრობლემას?
- რომელი მახასიათებელი ან მოქმედების პრინციპი შეიძლება გადმოვიტანოთ ერთი სიტუაციიდან მეორეზე?
- რა ახალი იდეა ან გამოსავალი შეიძლება გაჩნდეს ამ კავშირის საფუძველზე?
- როგორ შეიძლება ფოტოებზე წარმოდგენილი მაგალითი დაგვეხმაროს პრობლემის განსხვავებული პერსპექტივიდან გააზრებაში?
ასეთი მიდგომა მოსწავლეებს უბიძგებს, გასცდნენ სტანდარტულ აზროვნებას, აღმოაჩინონ ერთი შეხედვით დაუკავშირებელ მოვლენებს შორის კავშირები, ჩამოაყალიბონ ჰიპოთეზები და შემოქმედებითად მიუდგნენ პრობლემის გადაჭრას.
მაგალითად, თუ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე განიხილება წყლის რესურსების დაზოგვის საკითხი, მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებს შესთავაზოს ფუტკრების სკის ფოტოები, რომელიც, ერთი შეხედვით, განსახილველ თემასთან კავშირში არ არის. მოსწავლეები აკვირდებიან ფოტოებს და მსჯელობენ, როგორ აგროვებენ ფუტკრები რესურსებს, როგორ ანაწილებენ მათ, როგორ თანამშრომლობენ და რა პრინციპებით არის ორგანიზებული მათი საქმიანობა. შემდგომ ისინი განიხილავენ, როგორ შეიძლება ამ დაკვირვებების გამოყენება წყლის რესურსების რაციონალური მოხმარებისა და დაზოგვის იდეების შესამუშავებლად. ამგვარი ანალოგიების მოძიება მოსწავლეებს ეხმარება, პრობლემა განსხვავებული პერსპექტივიდან გააანალიზონ, აღმოაჩინონ ერთი შეხედვით დაუკავშირებელ მოვლენებს შორის კავშირები და შეიმუშაონ ორიგინალური, არგუმენტირებული გადაწყვეტილებები.
დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“ და ვოლტ დისნეის „აზროვნების სამი სკამი“ – პრობლემის გააზრებიდან შემოქმედებით გადაწყვეტილებამდე
პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრისა და მრავალმხრივი აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზა არის ედვარდ დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდისა“ და ვოლტ დისნეის „აზროვნების სამი სკამის“ მეთოდების გამოყენება. ორივე მეთოდი მოსწავლეებს ეხმარება, ერთი და იგივე პრობლემა განსხვავებული პერსპექტივიდან განიხილონ, თუმცა თითოეულ მათგანს განსხვავებული ფუნქცია და მიზანი აქვს.
დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრობლემა საფუძვლიანად შეისწავლონ, შეაგროვონ ინფორმაცია, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები, გააანალიზონ საფრთხეები და შესაძლებლობები, შექმნან ახალი იდეები და შეაჯამონ მიღებული მოსაზრებები.
ვოლტ დისნეის „აზროვნების სამი სკამის“ მეთოდი კი ორიენტირებულია იდეების შექმნაზე, განვითარებასა და შეფასებაზე. მოსწავლეები თანმიმდევრულად ირგებენ სამი განსხვავებული როლის მქონე ადამიანის პოზიციას: მეოცნების, რეალისტისა და კრიტიკოსის. ამ გზით ისინი სწავლობენ, როგორ გარდაქმნან შემოქმედებითი იდეა პრაქტიკულ გადაწყვეტილებად.
ქვემოთ წარმოდგენილია ორი კონკრეტული გაკვეთილის სცენარი.
გაკვეთილის სცენარი 1
საგანი: „მე და საზოგადოება“
კლასი: IV
თემა: „ვუფრთხილდებით რესურსებს“
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა გაიაზრონ რესურსების მნიშვნელობა, შეაფასონ ნარჩენების გავლენა გარემოზე და შეძლონ პრობლემის სხვადასხვა კუთხით განხილვა.
გაკვეთილი დაიგეგმა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპით. მოსწავლეებს წარედგინათ რეალური ცხოვრებისეული სიტუაცია:
„ერთ დღეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა შეამჩნიეს, რომ საკლასო ოთახის ნარჩენების კალათაში დიდი რაოდენობით იყრებოდა გამოყენებული ქაღალდი, პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, თუნუქის ქილები და სხვა ნივთები, რომლებიც საბოლოოდ გარემოს დაბინძურებას იწვევს. მოსწავლეებს დაევალათ ეფიქრათ, რატომ ხდება ეს პრობლემა და როგორ შეიძლება რესურსების უფრო გონივრულად გამოყენება.“
პრობლემის გააზრების მიზნით მასწავლებელმა გამოიყენა დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდის“ სტრატეგია.
მეთოდით მუშაობა დაიწყო თეთრი ქუდის მორგებით, რომლის მიზანია პრობლემის შესახებ არსებული ცოდნის გააქტიურება და ფაქტობრივი ინფორმაციის შეგროვება.
ამ დროს მოსწავლეები პასუხს სცემენ კითხვებს:
- რა ვიცით პლასტმასის, ქაღალდის, პოლიეთილენისა და თუნუქის შესახებ?
- რა თავისებურებები გააჩნიათ ამ მასალებისგან დამზადებულ ნივთებს?
- სად და როგორ ვიყენებთ ამ მასალებისგან დამზადებულ ნივთებს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ინფორმაციის შეგროვებისა და ფაქტების გააზრების შემდეგ მოსწავლეები მოირგებენ წითელ ქუდს, რომლის მიზანია პრობლემისადმი საკუთარი ემოციებისა და დამოკიდებულებების გამოხატვა.
მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას:
- რას გრძნობ, როცა ხედავ ნარჩენებით სავსე გარემოს?
- რატომ არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი?
- როგორ მოქმედებს დაბინძურებული გარემოს დანახვა შენზე?
პრობლემის ემოციური მხარის გააზრების შემდეგ მოსწავლეები ირგებენ შავ ქუდს და საკითხს განიხილავენ კრიტიკული თვალსაზრისით. ამ ეტაპის მიზანია შესაძლო საფრთხეებისა და უარყოფითი შედეგების გაანალიზება.
მოსწავლეები მსჯელობენ:
- რა შეიძლება მოხდეს, თუ ნარჩენებს არ შევამცირებთ?
- როგორ აზიანებს დაბინძურება ბუნებასა და ცოცხალ ორგანიზმებს?
- რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას რესურსების არასწორი გამოყენების შემთხვევაში?
საფრთხეების გაანალიზების შემდეგ მოსწავლეებმა ყურადღება გადაიტანეს საკითხის დადებით მხარეებზე და დაიწყეს არსებული შესაძლებლობების აღმოჩენა. ამ ეტაპზე ისინი ირგებენ ყვითელი ქუდს.
მოსწავლეები აღმოაჩენენ რესურსების მნიშვნელობას:
- რატომ არის საჭირო ეს ნივთები ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- რა სარგებელი მოაქვს მათ სწორად გამოყენებას?
- როგორ შეიძლება რესურსების დაზოგვა სასარგებლო ცვლილებად იქცეს?
შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა ჩართეს შემოქმედებითი აზროვნება და დაიწყეს ახალი შესაძლებლობების ძიება. ამისთვის მოირგეს მწვანე ქუდი, რომელიც იდეების გენერირებასა და ახალი გზების აღმოჩენას ემსახურება.
მოსწავლეები ქმნიან იდეებს:
- როგორ შევამციროთ ნარჩენები?
- როგორ მივცეთ გამოყენებულ ნივთებს მეორე სიცოცხლე?
- რა ახალი ნივთების შექმნა შეგვიძლია ძველი მასალებისგან?
ბოლო ეტაპზე მოსწავლეები აჯამებენ მოსაზრებებს, აფასებენ განხილულ იდეებს და მოქმედების ალტერნატიულ გზებს. ამ პროცესს ლურჯი ქუდი ხელმძღვანელობს.
მოსწავლეები:
- აჯამებენ განხილულ საკითხებს;
- გამოყოფენ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებს;
- ადგენენ ნაბიჯებს რესურსების დაზოგვისა და გარემოზე ზრუნვის კულტურის დასამკვიდრებლად
გაკვეთილის სცენარი 2
საგნები: „მე და საზოგადოება“ და „ხელოვნება“
კლასი: IV
თემა: „ვაძლევთ ნივთებს მეორე სიცოცხლეს“
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ შემოქმედებითი იდეების შექმნა, მათი განხორციელებადობის შეფასება და პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღება.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს წარედგინათ იგივე პრობლემა:
კლასში მოეწყო სამი სივრცე:
- მეოცნების კუთხე
მოსწავლეები თავისუფლად ქმნიან იდეებს და არ ფიქრობენ შეზღუდვებზე.
მათ გამოთქვეს შემდეგი იდეები:
- პლასტმასის ბოთლებისგან მცენარეების ქოთნების დამზადება;
- ძველი ქაღალდისგან დეკორაციებისა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა;
- თუნუქის ქილებისგან საკლასო ორგანიზატორების დამზადება;
- მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების პოპულარიზაცია;
- ძველი ნივთებისგან რობოტის შექმნა, რომელიც სკოლის ეზოში ნარჩენებს შეაგროვებს და დაახარისხებს და სხვა
- რეალისტის კუთხე
მოსწავლეები აფასებენ იდეებს:
- რომელი იდეის განხორციელება შეგვიძლია ახლა?
- რა მასალა დაგვჭირდება?
- რამდენი დრო და რესურსი გვჭირდება?
- კრიტიკოსის კუთხე
მოსწავლეები აფასებენ საბოლოო არჩევანს:
- რამდენად სასარგებლოა ეს იდეა?
- არის თუ არა უსაფრთხო?
- რა სირთულეები შეიძლება შეგვხვდეს?
სამივე როლის გავლის შემდეგ მოსწავლეებმა შეარჩიეს ყველაზე განხორციელებადი იდეები და შექმნეს ხელნაკეთი ნივთები მეორადი მასალებისგან.
გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა დაინახეს, რომ ნივთი, რომელიც ერთი შეხედვით ნარჩენია, შესაძლოა ახალ შესაძლებლობად გადაიქცეს. მათ განივითარეს შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ისწავლეს იდეების შეფასება და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება.
ამრიგად, დე ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“ და ვოლტ დისნეის „აზროვნების სამი სკამი“ წარმოადგენენ ეფექტიან ინსტრუმენტებს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება პრობლემის გააზრებაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალური გადაწყვეტილებების მიღებაში.
გამოყენებული ლიტერატურა
ლობჟანიძე, ს., მალაზონია, დ., მაღლაკელიძე, შ., ნაცვლიშვილი, ნ., & ჭიაბრიშვილი, ნ. (2021). მოქალაქეობრივი განათლება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. (2016). ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში (მასწავლებლის წიგნი). თბილისი.
ტრეფინგერი, დ. ჟ., ისაქსენი, ს. გ., & სტიდ-დარვალი, კ. ბ. (2006). პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრა. დიოგენე.
Cummins, K. (2023). Creative problem solving tools and skills for students and teachers. Innovative Teaching Ideas.
https://innovativeteachingideas.com/blog/creative-problem-solving-tools-and-skills-for-students-and-teachers/
Everyday Speech. (2024). A practical guide to teaching creative problem-solving in elementary education.
https://everydayspeech.com/sel-implementation/a-practical-guide-to-teaching-creative-problem-solving-in-elementary-education/


