ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
1 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2026

დროის მართვის სტრატეგიები

XIV საუკუნეში, გირებიანი საათის გამოგონებასთან ერთად, ადამიანმა დროის საათობრივად და წუთობრივად თვლა და ზომვა დაიწყო. შეიცვალა დროის აღქმა, ცხოვრების რიტმი და დღეს დროის მართვის უნარი ნებისმიერ სფეროში წარმატების ფორმულის განუყოფელი ნაწილი, მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი საფუძველია.

სწავლისა და დასვენების პიროვნებაზე მორგებული ბალანსი ძნელი მისაღწევია და ამაზე ზრუნვა ოჯახმა და სკოლამ ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყონ. მსურს, გაგიზიაროთ დროის მართვის რამდენიმე სტრატეგია, რომელსაც გამოყენებს ყველა, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა, მასწავლებლებს კი შეუძლიათ, მოსწავლეებს (ასაკობრივი თავისებურებების, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით) გაუზიარონ აღნიშნული სტრატეგიები და მათი ადაპტირების სხვადასხვა გზაც შესთავაზონ.

  1. პარეტოს პრინციპი

(წარწერა: 20% ძალისხმევა – 80% შედეგი)

პარეტოს პრინციპი წარმოადგენს ეკონომისტ-სოციოლოგ ვილფრედო პარეტოს ემპირიული ანუ ცდისმიერი დაკვირვების შედეგად მიგნებულ კანონზომიერებას, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი მიზანმიმართულად, სრული კონცენტრაციით იშრომებს და დახარჯავს თავისი ძალისხმევის 20%-ს, შეძლებს, მიაღწიოს მიზნის 80%-ს, მაშინ როცა უგულისყუროდ, მოვალეობის მოსახდელად, მონდომებისა და კონცენტრაციის გარეშე, მთელი თავისი დროის 80%-ის გამოყენების შემთხვევაშიც კი ამავე მიზნის მხოლოდ 20%-ს თუ მიაღწევს.

ერთ-ერთი უმთავრესი დამოკიდებულება, რაც ბავშვს/მოსწავლეს უნდა ჩამოვუყალიბოთ, არის პასუხისმგებლობა საკუთარი რესურსების გამოყენების მიმართ. მოსწავლეს უნდა აღვაქმევინოთ საკუთარი დრო, ინტელექტუალურ-გონებრივი, ემოციური სტაბილურობა როგორც მიზნების მისაღწევად ნამდვილად ღირებული რესურსი. მან უნდა იზრუნოს, ერთი მხრივ, ამ რესურსის მუდმივ განვითარებასა და ზრდაზე, მეორე მხრივ კი უკვე არსებულის ეფექტიანად გამოყენებაზე, განსაზღვრულ შემთხვევებში – დაზოგვაზეც. მაგალითად, გადაჭარბებული მგრძნობელობა და ემოციურობა სრულიად ზედმეტი და გამომფიტავია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედება.

პარეტოს პრინციპი მოგვიწოდებს თვითდაკვირვებისკენ, რათა ყოველმა ჩვენგანმა იპოვოს თუნდაც დღის ის მონაკვეთი, როდესაც შეუძლია, უფრო ეფექტიანად ისწავლოს, იმუშაოს, დაისვენოს და აღიდგინოს სამოქმედო ძალა.

 

  1. ალპენის მეთოდი

(წარწერა: A – ქმედებათა განსაზღვრა; L – თითოეული ქმედების შესასრულებელი დროის განსაზღვრა; P – დამატებითი დროის გათვალისწინება (გაუთვალისწინებელი შემთხვევების ან გარემოებების გამო, შესაძლოა, რომელიმე ქმედება-აქტივობისთვის უფრო მეტი დრო დაგვჭირდეს); E – პრიორიტეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა; N – წარმატების ინდიკატორების განსაზღვრა. სწორედ ამ კომპონენტებს უნდა მოიცავდეს დღის განრიგი.)

 

ალპენის მეთოდი გვთავაზობს, ჩვენი დღის წესრიგი შემდეგნაირად ავაწყოთ:

A – განვსაზღვროთ, რისი გაკეთება გვსურს. ჩამოვწეროთ აქტივობები.

L – მოვნიშნოთ თითოეული აქტივობისთვის სავარაუდო დრო.

P – გავითვალისწინოთ დამატებითი დროც, რომელიც დაგვჭირდება, თუ გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა იჩინა თავი.

E – ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებიდან გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი.

N – მოვნიშნოთ, რა შედეგს უნდა მივაღწიოთ იმისთვის, რომ დღე წარმატებულად ჩაითვალოს.

 

აღნიშნული მეთოდი გვიქმნის განწყობას, გვეხმარება, წარმოვიდგინოთ დაგეგმილი დღე და ის გამოწვევები, რომლებმაც შესაძლოა ჩვენი მიზნების მიღწევა გააჭიანუროს, ხოლო ბოლო პუნქტი (რა შედეგის შემთხვევაში ჩავთვლით, რომ დღემ წარმატებით ჩაიარა) ახდენს ჩვენი აზროვნების კონცენტრაციას სწორედ ამ შედეგის მიღებაზე.

 

  1. მეთოდი „1, 3, 5“

(წარწერა: 1 – მთავარი მიზანი; 3 – საშუალო ვადაში მისაღწევი მიზანი; 5 – მოკლე ვადაში მიღწევადი მიზანი)

მეთოდი „1, 3, 5“ გვთავაზობს, ერთი შეხედვით ძნელად მისაღწევი მიზანი დავანაწევროთ პატარ-პატარა ამოცანებად და ეტაპობრივად შევასრულოთ. მაგალითად, მოსწავლეს სურს, აიმაღლოს აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი საბუნებისმეტყველო ბლოკის საგნებში – სასწავლო წლის ბოლოს ეს უნდა გამოიხატოს განმსაზღვრელი შეფასებით, რომელიც წინა წლის მაჩვენებელზე ორი ქულით მაღალი იქნება. ამისთვის მოსწავლე ორიენტირდება 3 შედარებით საშუალოვადიან ამოცანაზე (ესენი შეიძლება იყოს სემესტრული მაჩვენებლების გაუმჯობესება, წინა სასწავლო წელს დამუშავებული თემების გამეორება ან/და თავიდან დამუშავება, საბუნებისმეტყველო წრეში ან შესაბამის სასკოლო კლუბში გაწევრება და სხვა) და განსაზღვროს 5 მოკლევადიანი ამოცანა, რომლებსაც კიდევ უფრო მოკლე დროში შეასრულებს ან პერიოდულად გაიმეორებს, მაგალითად, ყოველკვირეულად გააკეთოს ჩანაწერები, სადაც შეაჯამებს ახალდამუშავებულ საკითხებს, მასწავლებლის მხარდაჭერით ყოველკვირა იმუშაოს ორ საშუალო სირთულის დამატებით ამოცანაზე, მოამზადოს დამატებითი პრეზენტაცია ყოველი თემის შესაჯამებლად და სხვა.

 

  1. პომოდორო

(წარწერა: ვიწყებთ 25–წუთიანი ფოკუსირებული შრომით, რის შემდეგაც 5 წუთის განმავლობაში ვისვენებთ. მუშაობისა და დასვენების ასეთი მონაცვლეობა მეორდება კიდევ სამჯერ, რასაც მოსდევს 15-30–წუთიანი დიდი შესვენება.)

 

პომოდოროს ტექნიკის წარმატება დამოკიდებულია ადამიანის უნარზე, მიზანმიმართულად იშრომოს და დაისვენოს. ეს მეთოდი გვეხმარება, გადაღლისა და გამოფიტვის გარეშე მივაღწიოთ სასურველ მიზანს. ერთი ციკლი მოიცავს 130-145 წუთს, საიდანაც 100 წუთი ეთმობა შრომას/სწავლას, ხოლო 30-45 წუთი – დასვენებას. ამ ტექნიკის მოსინჯვამდე მოიფიქრეთ, როგორ გაატარებთ შესვენებებს, რადგან მნიშვნელოვანწილად ხარისხიან დასვენებაზეა დამოკიდებული, რამდენად შედეგიანი იქნება შრომის/სწავლის მონაკვეთები.

მაშ ასე, პომოდოროს ეფექტიანობას განაპირობებს:

  1. ფოკუსირებული შრომისა და დასვენების მონაცვლეობა. ეს სტრუქტურირებული მიდგომა ხელს უწყობს სტრესის დონის დაწევას, გონების სიფხიზლის შენარჩუნებას, ამოცანებზე სიღრმისეულ ფოკუსირებას.
  2. დროის განაწილებისადმი უფრო გააზრებული მიდგომა, რაც საშუალებას გვაძლევს, უკეთ ვაკონტროლოთ, როგორ იხარჯება დრო სხვადასხვა დავალებაზე.
  3. ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა გუნდური მუშაობისას. მართალია, გუნდის ყველა წევრი დამოუკიდებლად ასრულებს სამუშაოს გარკვეულ ნაწილს, მაგრამ მათი შესვენების დრო ერთმანეთს ემთხვევა, შესაბამისად, მათ შორის კომუნიკაცია უფრო შინაარსიანი და მიზანმიმართული ხდება.
  4. ტექნიკის ადაპტირების შესაძლებლობა სხვადასხვა ტიპის დავალებებსა და მუშაობის სხვადასხვა სტილთან. ტრადიციული პომოდორო 25-წუთიანი მუშაობისა და 5-წუთიანი შესვენების სამჯერ გამეორებადი ციკლია, რომელიც 15-30-წუთიანი დიდი შესვენებით ბოლოვდება, მაგრამ შეგვიძლია მისი მოდიფიცირება კლასში მოსწავლეთა რაოდენობის, დავალების თავისებურების, მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად.

 

შეჯამებისთვის: დროის მართვის უნარის შეძენა და განვითარება, ისევე როგორც ყველა სხვა უნარისა, თანმიმდევრულ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს. როგორც კი მოსწავლეები დაინახავენ, როგორ აადვილებს ეს და სხვა ტექნიკები, ერთი მხრივ, მათ პიროვნულ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, მეორე მხრივ კი ამოცანების ბუნებასა და შინაარსზე მორგებით სასურველი მიზნის მიღწევას, თავადვე დაინტერესდებიან ახლი სტრატეგიების გაცნობით და უფრო მეტიც – დროის მართვის საკუთარი სტრატეგიების გამოგონებით. ჩვენი, მასწავლებლების, მიზანიც სწორედ ეს არის: გამოიგონონ ჩვენმა მოსწავლეებმა საკუთარი მეთოდები, მიდგომები, ხერხები, ზედმიწევნით ეფექტიანად გამოიყენონ ყოველი წუთი, რადგან რაც უფრო ეფექტიანად ვგეგმავთ და ვმართავთ საკუთარ დროს, მით უფრო ეფექტიანად ვგეგმავთ და ვმართავთ საკუთარ ცხოვრებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თანამედროვე სკოლის მართვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2021 წ.
  2. ტომას ჯ. სერჯიოვანი. სკოლის ხელმძღვანელობა: თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივა. მეექვსე გამოცემა
  3. ფილიპ ზიმბარდო. ფსიქოლოგიის მეცნიერება ჩვენს ცხოვრებაში. თავი I-II, გვ. 1-56
  4. Time Management, Brian Tracy, The Brian Tracy Success Library

https://www.amanet.org/assets/1/6/time-management-mini.pdf

  1. A short guide to time management, University of Birmingham, Library Services

https://intranet.birmingham.ac.uk/as/libraryservices/library/asc/documents/public/a-short-guide-to-time-management-web-pdf-819kb.pdf

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

AI სამოქალაქო განათლებაში

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“