როგორ გამოვიყენოთ ხარაჩოს მეთოდი სკოლამდელ ასაკში
სკოლამდელი ასაკის ბავშვი ყოველდღიურად ეჯახება ისეთ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც მისთვის ჯერ კიდევ რთულია. ზოგჯერ მას მხოლოდ მცირე მინიშნება სჭირდება, ზოგჯერ – მაგალითი, ვიზუალური მხარდაჭერა, დამატებითი კითხვა ან მოქმედების რამდენიმე ნაბიჯად დაყოფა. სწორედ აქ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხარაჩოს მეთოდი (Scaffolding) – სწავლების სტრატეგია, რომლის მიზანია ბავშვისთვის დროებითი მხარდაჭერის შეთავაზება და საბოლოოდ მისი დამოუკიდებლობის გაძლიერება.
ხარაჩოს მეთოდი დაკავშირებულია ლევ ვიგოტსკის განვითარების უახლოესი ზონის (Zone of Proximal Development – ZPD) კონცეფციასთან. განვითარების უახლოესი ზონა გულისხმობს იმ სივრცეს, რომელშიც ბავშვს ჯერ არ შეუძლია ამოცანის დამოუკიდებლად შესრულება, მაგრამ შეუძლია ამის გაკეთება ზრდასრულის ან უფრო კომპეტენტური თანატოლის დახმარებით. სწორედ ამ „შუალედურ სივრცეშია“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პედაგოგის მხარდაჭერა.
რას ნიშნავს სკაფოლდინგი
Scaffolding ინგლისურად ხარაჩოს ნიშნავს. ხარაჩო დროებითი კონსტრუქციაა, რომელიც მშენებელს ეხმარება საჭირო სიმაღლეზე მუშაობაში. როდესაც შენობა სრულდება და დამატებითი საყრდენი აღარ არის საჭირო, ხარაჩო იხსნება.
საგანმანათლებლო პროცესშიც მსგავსი იდეით ვხელმძღვანელობთ:
ბავშვს ვეხმარებით იმდენად, რამდენადაც საჭიროა და არამც და არამც ამაზე მეტად.
როდესაც ბავშვი ახალ უნარს ითვისებს, მხარდაჭერა თანდათან მცირდება. საბოლოო მიზანი არ არის, ბავშვმა დავალება უფროსის დახმარებით შეასრულოს; მიზანია, გარკვეული ხნის შემდეგ იმავე მოქმედების შესრულება მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს.
ამიტომ ხარაჩოს მეთოდი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც პროცესი:
დახმარება → ერთობლივი მოქმედება → ნაწილობრივი დამოუკიდებლობა → სრული დამოუკიდებლობა.
რატომ არის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი სკოლამდელ ასაკში?
სკოლამდელი ასაკის ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან გამოცდილებით, ტემპით, ინტერესებითა და შესაძლებლობებით. ერთი ბავშვისთვის მარტივი ამოცანა მეორისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. ხარაჩოს მეთოდი აღმზრდელს საშუალებას აძლევს, სწავლა ბავშვის მიმდინარე შესაძლებლობებს მოარგოს.
მაგალითად, თუ ბავშვს ჯერ არ შეუძლია რთული კონსტრუქციის დამოუკიდებლად აგება, ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ პრობლემას საერთოდ ვერ გადაჭრის; შესაძლოა, მას მხოლოდ ერთი დამატებითი მინიშნება სჭირდებოდეს: „სად ჯობია ყველაზე დიდი კუბის დადება?“ თუ ბავშვი პასუხს თავად იპოვის და შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელებს მოქმედებას, ესე იგი აღმზრდელმა სწორედ ისეთი მხარდაჭერა გაუწია, როგორიც საჭირო იყო.
ხარაჩო ბავშვის ნაცვლად არ მუშაობს. ხარაჩოს მეთოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია ბავშვის აქტიურობის შენარჩუნება. თუ აღმზრდელი მუდმივად აკეთებს ბავშვის ნაცვლად იმას, რაც ბავშვს უჭირს, მხარდაჭერა სწავლაში დახმარების ნაცვლად დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გამოიწვევს. მაგალითად:
- არაეფექტიანი მიდგომა:
„მომეცი, მე აგიშენებ კოშკს“. - ხარაჩოს პრინციპი: „შენი კოშკი წაიქცა. როგორ ფიქრობ, რატომ? რა შეგვიძლია შევცვალოთ?“
პირველ შემთხვევაში ბავშვი იღებს მზა შედეგს, მეორე შემთხვევაში კი სწავლობს პრობლემის გაანალიზებასა და გამოსავლის ძებნას, ამიტომ კარგი ხარაჩო არ ამბობს: „შენ მაგივრად მე გავაკეთებ“; ის ამბობს: „მე დაგეხმარები, რომ შენ შეძლო“.
ხარაჩოს მეთოდის ძირითადი სტრატეგიებია:
- რთული დავალების მცირე ნაბიჯებად დაყოფა
ზოგჯერ ბავშვისთვის დავალება იმიტომ არის რთული, რომ მასში ძალიან ბევრი მოქმედებაა გაერთიანებული. მაგალითად, ბავშვმა შესაძლოა იცოდეს, რომ „ხელები უნდა დაიბანოს“, მაგრამ არ ახსოვდეს მოქმედებათა თანმიმდევრობა.
აღმზრდელი პროცესს ყოფს ნაბიჯებად:
- ონკანის მოშვება;
- ხელების დასველება;
- საპნის წასმა;
- ხელების აქაფება;
- ჩამობანა;
- გამშრალება.
თავდაპირველად ბავშვი შესაძლოა ვიზუალურ ბარათებს იყენებდეს, მოგვიანებით მხოლოდ რამდენიმე მინიშნება დასჭირდეს, საბოლოოდ კი მოქმედება დამოუკიდებლად შეასრულოს.
- მოდელირება
ზოგჯერ ბავშვისთვის სიტყვიერი ახსნა საკმარისი არ არის. მას მოქმედების ნახვა სჭირდება. მაგალითად, თუ ბავშვმა უნდა ისწავლოს მაკრატლის სწორად გამოყენება, აღმზრდელი ჯერ აჩვენებს: „ნახე, ასე ვიჭერ მაკრატელს და ნელა მივყვები ხაზს“. შემდეგ ბავშვი იმეორებს მოქმედებას. მნიშვნელოვანია, დემონსტრირება არ გადაიქცეს ბავშვის ნაცვლად შესრულებად.
- ღია კითხვები
ხარაჩოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი კითხვაა. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მზა პასუხი მივცეთ, შეგვიძლია ვკითხოთ:
- „როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ასე?“
- „კიდევ რა შეგვიძლია ვცადოთ?“
- „რა შეიცვლება, თუ ამას აქ დავდებთ?“
- „როგორ შეგვიძლია გავიგოთ პასუხი?“
- „რას ამჩნევ?“
- „რა დაგვეხმარება?“
ღია კითხვები ბავშვს არა მხოლოდ პასუხის გაცემაში, არამედ აზროვნების პროცესის განვითარებაშიც ეხმარება.
- მინიშნებები
ზოგჯერ ბავშვს სრულყოფილი ახსნა კი არა, მხოლოდ მცირე მინიშნება სჭირდება. მაგალითად, თუ ის თავსატეხს ვერ აწყობს, აღმზრდელმა შეიძლება უთხრას: „დააკვირდი, ამ ნაწილს რა ფერი აქვს“, – ან: „სად შეიძლება იყოს ამ ნაწილის ადგილი?“ ასეთი მინიშნება ბავშვს პასუხის თავად პოვნის შესაძლებლობას უტოვებს.
- ვიზუალური მხარდაჭერა
ვიზუალური ბარათები, სიმბოლოები, სურათები, სქემები და თანმიმდევრობის მაჩვენებლები განსაკუთრებით ეფექტიანია სკოლამდელ ასაკში. მაგალითად, დღის რუტინის ვიზუალურ განრიგში შეიძლება იყოს: მოსვლა → თამაში → საუზმე → ეზო → ჯგუფური აქტივობა → სადილი → დასვენება. დროთა განმავლობაში ბავშვს უფრო და უფრო ნაკლებად სჭირდება ვიზუალური მინიშნებები და რუტინას დამოუკიდებლად ასრულებს.
პრაქტიკული მაგალითი 1. კუბურებით კონსტრუირება
ბავშვი ცდილობს მაღალი კოშკის აშენებას, მაგრამ კოშკი რამდენჯერმე ენგრევა. აღმზრდელი კუბურებს ხელში არ იღებს და კოშკს მის ნაცვლად არ აშენებს; ის ეკითხება: „რას ამჩნევ? რომელი ნაწილია ყველაზე მერყევი?“ ბავშვი აკვირდება. შემდეგ აღმზრდელი ეკითხება: „როგორ ფიქრობ, თუ ქვემოთ უფრო დიდი კუბურები დავაწყვეთ, რა მოხდება?“ ბავშვი სცდის. თუ კოშკი გამყარდა, აღმზრდელი აღარ აგრძელებს მითითებებს – ბავშვმა უკვე აღმოაჩინა პრობლემის გადაჭრის გზა. აქ ხარაჩო იყო კითხვა → მინიშნება → ცდის შესაძლებლობა.
პრაქტიკული მაგალითი 2. ექსპერიმენტი „იცურებს თუ ჩაიძირება?“
მეცნიერების ცენტრში ბავშვებს აქვთ ხის ნაჭერი, კენჭი, პლასტმასის ნივთი და სხვა საგნები. აღმზრდელი არ ეუბნება მათ, რომელი საგანი ჩაიძირება. ის ეკითხება: „როგორ ფიქრობ, რა მოხდება?“ ბავშვები ვარაუდებს გამოთქვამენ, მერე კი ამოწმებენ მათ. აღმზრდელი სვამს დამატებით კითხვებს: „შენი ვარაუდი გამართლდა?“; „რას ამჩნევ?“; „რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს საგნები?“ ამ შემთხვევაში ხარაჩო ბავშვისთვის კვლევის პროცესის ორგანიზებას გულისხმობს და არა პასუხის მიცემას.
პრაქტიკული მაგალითი 3. ორ ბავშვს ერთი და იგივე სათამაშო სურს და ერთმანეთს ედავება.
აღმზრდელი, ნაცვლად მიმართვისა „ნუ ჩხუბობთ!“, ეხმარება ბავშვებს საკუთარი ემოციებისა და საჭიროებების ამოცნობაში:„ვხედავ, რომ ორივეს გინდათ ეს სათამაშო, როგორ მოვიქცეთ, რომ ორივემ შეძლოთ თამაში?“ გამოსავალი შეიძლება იყოს რიგრიგობით თამაში, ერთობლივად თამაში ან დროის შეთანხმება. თავდაპირველად ბავშვს შესაძლოა სჭირდებოდეს ზრდასრულის დახმარება კონფლიქტის მოგვარებაში. მოგვიანებით ის თავად გამოიყენებს ნასწავლ სტრატეგიებს. აქ მას ხარაჩო თანდათან ეხმარება თვითრეგულაციისა და პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის უნარის განვითარებაში.
პრაქტიკული მაგალითი 4. თვითმოვლა
ბავშვს უჭირს ქურთუკის ჩაცმა. აღმზრდელი ქურთუკს მთლიანად არ აცმევს. შეიძლება:
- ჯერ აღმზრდელმა აჩვენოს მოქმედება;
- შემდეგ ბავშვს მხოლოდ ერთ ნაწილში დაეხმაროს;
- გამოიყენოს სიტყვიერი მინიშნება;
- ბოლოს კი ბავშვის დამოუკიდებელ მოქმედებას დაელოდოს.
მაგალითად: „იპოვე ქურთუკის სახელო“. შემდეგ: „ახლა სად უნდა გაუყარო ხელი?“ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბავშვი მოქმედებას თავად ასრულებს.
ყველაზე რთული კითხვა: როდის შევჩერდეთ?
ხარაჩოს მეთოდის გამოყენებისას აღმზრდელის პროფესიული ოსტატობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ დახმარებას ძალიან ადრე შევწყვეტთ, ბავშვი შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩეს. თუ დახმარებას მეტისმეტად დიდხანს გავაგრძელებთ, ბავშვი შესაძლოა გამუდმებით დაელოდოს უფროსის მითითებას. ამიტომ აღმზრდელი უნდა დააკვირდეს ბავშვს:
- ცდილობს თუ არა, მოქმედება დამოუკიდებლად შეასრულოს;
- ახერხებს თუ არა მინიშნების გამოყენებას;
- იმეორებს თუ არა ნასწავლ მოქმედებას;
- სრულფასოვანი დახმარება სჭირდება თუ მცირე მინიშნებაც ჰყოფნის;
- უკვე შეუძლია თუ არა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულება.
მხარდაჭერის შემცირება უნდა მოხდეს ბავშვის მზაობის შესაბამისად.
ხარაჩოს მოხსნა
ხარაჩოს მეთოდის საბოლოო მიზანი მისი გაქრობაა. მაგალითად:
I ეტაპი – სრული მხარდაჭერა
აღმზრდელი აჩვენებს და სიტყვიერად ხსნის.
II ეტაპი – ნაწილობრივი მხარდაჭერა
ბავშვი ასრულებს მოქმედების დიდ ნაწილს, აღმზრდელი მხოლოდ საჭირო ადგილას ეხმარება.
III ეტაპი – მინიმალური მხარდაჭერა
აღმზრდელი მხოლოდ კითხვას ან მინიშნებას იყენებს.
IV ეტაპი – დამოუკიდებლობა
ბავშვი დავალებას თავად ასრულებს.
ამიტომ ხარაჩო სწორედ მაშინ ჩაითვლება წარმატებულად, როდესაც ბავშვი საბოლოოდ იტყვის: „მე თვითონ შევძელი!“
ხარაჩოს მეთოდი და ინკლუზიური განათლება
სკაფოლდინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოში, რადგან სხვადასხვა ბავშვს შესაძლოა სხვადასხვა ტიპისა და ინტენსივობის მხარდაჭერა დასჭირდეს. ერთს შესაძლოა დაეხმაროს ვიზუალური სქემა, მეორეს – მოდელირება, მესამეს – დავალების მცირე ნაბიჯებად დაყოფა, მეოთხეს კი დამატებითი დრო ან თანატოლის მხარდაჭერა. მთავარი პრინციპია: ერთნაირი დავალება არ ნიშნავს ერთნაირ მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, მხარდაჭერა ბავშვის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს მოერგოს და არა მისი შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზად იქცეს.
რას უნდა მოვერიდოთ
ხარაჩოს მეთოდის გამოყენებისას რამდენიმე გავრცელებული შეცდომა უნდა გავითვალისწინოთ:
- ზედმეტი დახმარება – როდესაც აღმზრდელი ბავშვის ნაცვლად ასრულებს დავალებას;
- ზედმეტად სწრაფი პასუხი – როდესაც ბავშვს ფიქრისთვის საკმარის დროს არ ვუტოვებთ;
- მუდმივი ინსტრუქტაჟი – როდესაც ყველა მოქმედებას უფროსი განსაზღვრავს;
- ერთი და იმავე ტიპის მხარდაჭერა ყველა ბავშვისთვის – როდესაც ინდივიდუალური საჭიროებები არ არის გათვალისწინებული.
ხარაჩოს ნელ-ნელა შემცირება – მხარდაჭერიდან დამოუკიდებლობამდე
ბავშვს საჭიროებისამებრ ვუწევთ მხარდაჭერას. როდესაც დაკვირვება აჩვენებს, რომ მან უნარი აითვისა და მოქმედების დამოუკიდებლად შესრულება შეუძლია, მხარდაჭერას ეტაპობრივად ვამცირებთ. მაგალითად, ფიზიკურ დახმარებას ვცვლით ჟესტური ან სიტყვიერი მინიშნებით, მერე კი ვაძლევთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას.
აღმზრდელის პროფესიული როლი
ხარაჩოს მეთოდი არის დაკვირვებაზე დაფუძნებული პედაგოგიური გადაწყვეტილება. აღმზრდელმა უნდა იცოდეს:
- რას აკეთებს ბავშვი დამოუკიდებლად;
- სად ხვდება სირთულეს;
- რა სახის მხარდაჭერა სჭირდება;
- რამდენი დახმარებაა საკმარისი;
- როდის უნდა შემცირდეს მხარდაჭერა;
- როგორ შეაფასოს ბავშვის დამოუკიდებელი მოქმედება.
ამიტომ სკაფოლდინგი პირდაპირ უკავშირდება ხარისხიან დაკვირვებასა და ინდივიდუალურ მიდგომას.
„პროფესიული თვითრეფლექსია“ – 5 კითხვა აღმზრდელისთვის
როდესაც ბავშვს უჭირს პრობლემის გადაჭრა, სანამ დაეხმარებით, დაუსვით საკუთარ თავს ხუთი კითხვა:
- რა შეუძლია ბავშვს დამოუკიდებლად?
- კონკრეტულად სად უჭირს?
- რა არის ყველაზე მცირე დახმარება, რომელიც შეიძლება შევთავაზო?
- შემიძლია თუ არა, მზა პასუხის მიცემის ნაცვლად კითხვა დავუსვა?
- როდის შევამცირებ დახმარებას?
თუ ამ კითხვებზე პასუხი გაქვთ, დიდი ალბათობით, ბავშვის ნაცვლად კი არ მოქმედებთ, არამედ იგი დამოუკიდებელი მოქმედებისკენ მიგყავთ. კარგი აღმზრდელი ის არ არის, ვინც ბავშვს ყველა სირთულეს თავიდან არიდებს – კარგი აღმზრდელი ქმნის პირობებს, სადაც ბავშვი სირთულეს ეჯახება, იღებს საჭირო მხარდაჭერას, ცდილობს, შეცდომას უშვებს, ხელახლა ცდის და საბოლოოდ თავად აღწევს მიზანს. ხარაჩო დროებითია, დამოუკიდებლობა – საბოლოო მიზანი.
გამოყენებული ლიტერატურა
- Bruner, J. S. (1960). The Process of Education. Harvard University Press.
- Vygotsky, L. S. (1978). Mind in Society: The Development of Higher Psychological Processes. Harvard University Press.
- UNICEF. (2019). ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი.
- ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაში“, ნაწილი I და II.
- სწავლის კოგნიტური პერსპექტივა. სასწავლო მასალა.


