აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) მქონე ბავშვების რაოდენობის ზრდასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისეთი პედაგოგიკური პრაქტიკის დანერგვას, რომლის ეფექტიანობა მეცნიერული კვლევებით არის დადასტურებული. თანამედროვე საერთაშორისო ლიტერატურაში ასეთი მიდგომები ცნობილია როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკები (Evidence-Based Practices – EBP). აღნიშნული პრაქტიკები ხელს უწყობს ბავშვის კომუნიკაციური, სოციალური, კოგნიტიური, ემოციური და ადაპტაციური უნარების განვითარებას, ამცირებს პრობლემურ ქცევებს და ზრდის ბავშვის დამოუკიდებლობას. სტატიაში განხილულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკების არსი და მათი მნიშვნელობა სკოლამდელი განათლებისთვის, დეტალურად არის წარმოდგენილი Naturalistic Developmental Behavioral Interventions (NDBI), Early Start Denver Model (ESDM) და TEACCH მოდელები. თითოეული მათგანი განხილულია პრაქტიკული მაგალითებისა და თამაშების ფონზე.
ინკლუზიური განათლება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი მიზანია ყველა ბავშვისთვის, განურჩევლად ინდივიდუალური თავისებურებებისა, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლება, რადგან სწორედ ამ ასაკში ყალიბდება კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობების, თამაშის, ემოციური თვითრეგულაციისა და დამოუკიდებლობის საფუძვლები.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობა აღმზრდელისგან მოითხოვს არა მხოლოდ კეთილგანწყობასა და ემპათიას, არამედ იმ მეთოდების ცოდნასაც, რომელთა ეფექტიანობა მეცნიერულად არის დადასტურებული. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ შემთხვევითი ან მხოლოდ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება ვერ უზრუნველყოფს ისეთ შედეგებს, როგორსაც იძლევა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკების გამოყენება.
Evidence-Based Practices (EBP) ეფუძნება სამ ძირითად კომპონენტს: მეცნიერულ კვლევებს, პროფესიულ გამოცდილებას და ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს. სწორედ ამ სამი ელემენტის ერთობლიობა ქმნის ხარისხიანი ინკლუზიური განათლების საფუძველს.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკების (EBP) არსი
მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა გულისხმობს სწავლების ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელთა ეფექტიანობა მრავალი კვლევით, ექსპერიმენტითა და სისტემური მიმოხილვით არის დადასტურებული. ასეთი მიდგომები არა მხოლოდ თეორიას ან ინდივიდუალურ გამოცდილებას, არამედ მრავალწლიანი კვლევის შედეგებსაც ეფუძნება.
საერთაშორისო ორგანიზაციები Division for Early Childhood (DEC), National Association for the Education of Young Children (NAEYC) და National Clearinghouse on Autism Evidence and Practice რეკომენდაციას უწევენ სწორედ იმ ინტერვენციებს, რომლებმაც პრაქტიკაში მაღალი ეფექტიანობა აჩვენა.
EBP-ს გამოყენების ძირითადი მიზნებია:
- კომუნიკაციის განვითარება;
- სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესება;
- თამაშში ჩართულობის გაზრდა;
- დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;
- პრობლემური ქცევის შემცირება;
- ოჯახის აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში.
რატომ არის თამაში სწავლების მთავარი ინსტრუმენტი?
სკოლამდელ ასაკში თამაში ბავშვის განვითარების ბუნებრივი ფორმაა. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ის მხოლოდ დასვენების ან გართობის საშუალება არ არის. სწორად დაგეგმილი თამაში წარმოადგენს სწავლის, კომუნიკაციისა და სოციალური ურთიერთობის განვითარების მნიშვნელოვან მექანიზმს.
თამაშის პროცესში ბავშვი სწავლობს:
- თვალით კონტაქტის დამყარებას;
- ყურადღების გაზიარებას;
- რიგის დაცვას;
- ემოციების ამოცნობას;
- დიალოგს;
- პრობლემის გადაჭრას;
- წარმოსახვის ამუშავებას.
ამ მიზეზით თანამედროვე EBP მიდგომები სწავლების მთავარ ფორმად სწორედ თამაშს იყენებს.
Naturalistic Developmental Behavioral Interventions (NDBI)
NDBI სწავლების თანამედროვე, ბუნებრივ გარემოზე დაფუძნებული მოდელია. იგი აერთიანებს ქცევით ანალიზს, განვითარების თეორიასა და თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას. სწავლება მიმდინარეობს ბავშვისთვის ნაცნობ გარემოში – ბაღში, სათამაშო კუთხეში ან ეზოში.
ამ მიდგომის მთავარი პრინციპია, რომ სწავლება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარეობს. თუ ბავშვი ინტერესდება მანქანებით, მასწავლებელი სწორედ ამ ინტერესს იყენებს ახალი უნარების განსავითარებლად.
სტრატეგია – ინტერესზე დაფუძნებული სწავლება
აღმზრდელი არ აიძულებს ბავშვს კონკრეტული აქტივობის შესრულებას. პირიქით, აკვირდება, რა აინტერესებს ბავშვს და სწავლების პროცესს ამ ინტერესზე აგებს.
თამაში „ჯადოსნური ბუშტები“
მიზანი: თვალით კონტაქტისა და კომუნიკაციის განვითარება
საჭირო მასალა: საპნის ბუშტები
აღმზრდელი რამდენიმე წამის განმავლობაში ბერავს ბუშტებს, მერე კი ჩერდება. ბავშვი ბუნებრივად გამოხატავს სურვილს, თამაში გაგრძელდეს. თავდაპირველად შესაძლოა მიანიშნოს მხოლოდ მზერით, შემდეგ – ჟესტით, მოგვიანებით თქვას: „კიდევ“.
მისი ყოველი მცდელობის შემდეგ აღმზრდელი დაუყოვნებლივ აგრძელებს ბუშტების ბერვას.
ვითარდება:
- ერთობლივი ყურადღება;
- კომუნიკაცია;
- თვალით კონტაქტი;
- სოციალური ინიციატივა.
თამაში „დამეხმარე“
აღმზრდელი ბავშვს აძლევს კონტეინერს, რომელიც ოდნავ ძნელად იხსნება.
ბავშვს დახმარება სჭირდება.
მასწავლებელი ელოდება, სანამ ბავშვი შეხედავს, გაუწვდის კონტეინერს ან სიტყვიერად სთხოვს დახმარებას.
ასე ბავშვი სწავლობს კომუნიკაციის ბუნებრივ გამოყენებას.
Early Start Denver Model (ESDM)
ESDM ადრეული ინტერვენციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. იგი განკუთვნილია უმთავრესად 12-48 თვის ბავშვებისთვის, თუმცა მისი მრავალი ელემენტი ეფექტიანად გამოიყენება სკოლამდელ დაწესებულებებშიც.
ამ მოდელის მთავარი იდეაა, რომ სწავლება მიმდინარეობდეს თამაშის, პოზიტიური ემოციებისა და ბავშვის ინტერესების გამოყენებით.
აღმზრდელი გამუდმებით ცდილობს, დაამყაროს სასიამოვნო ურთიერთობა, რადგან სწორედ პოზიტიური ემოციური კავშირი ამაღლებს ბავშვის მოტივაციას.
თამაში „მე და შენ ერთად“
აღმზრდელი და ბავშვი იატაკზე სხედან.
მათ შორის დევს ბურთი.
აღმზრდელი ამბობს: „ახლა შენთან მოვიდა” – და აგორებს ბურთს.
ბავშვი აბრუნებს.
შემდეგ ემატება სიტყვები:
“ჩემი”;
“შენი”;
“კიდევ”.
ასე ვითარდება:
- დიალოგი;
- რიგის დაცვა;
- სოციალური ინტერაქცია.
თამაში „სიმღერა მოძრაობით“
აღმზრდელი მღერის:
„თუ ბედნიერი ხარ…“
ყველა ასრულებს მოძრაობებს:
ტაში
ფეხის ბაკუნი
ხელების აწევა
შემდეგ ბავშვი ირჩევს მომდევნო მოძრაობას.
ეს თამაში ავითარებს:
- იმიტაციას;
- ერთობლივ ყურადღებას;
- მეტყველებას;
- სხეულის კოორდინაციას.
თამაში „გააგრძელე ისტორია“
აღმზრდელი იწყებს პატარა ამბავს:
„დათუნია ტყეში წავიდა…:
შემდეგ ჩერდება.
ბავშვი ამატებს სიტყვას ან ჟესტს.
ისტორია გრძელდება.
ეს აქტივობა ავითარებს:
- წარმოსახვას;
- კომუნიკაციას;
- ლექსიკას.
პოზიტიური განმტკიცება (Positive Reinforcement)
პოზიტიური განმტკიცება წარმოადგენს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (Applied Behavior Analysis, ABA) ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიას, რომელიც ფართოდ გამოიყენება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობისას. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასურველი ქცევის გამოვლენისთანავე ბავშვს ეძლევა მისთვის მნიშვნელოვანი და სასურველი განმამტკიცებელი (reinforcer), რის შედეგადაც იზრდება მომავალში ამ ქცევის განმეორების ალბათობა.
სკოლამდელ ასაკში პოზიტიური განმტკიცება განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ბავშვები სწრაფად რეაგირებენ დადებით უკუკავშირზე. კვლევები აჩვენებს, რომ განმტკიცება მხოლოდ ახალი უნარების ჩამოყალიბებას კი არ უწყობს ხელს, არამედ პრობლემურ ქცევასაც ამცირებს და ბავშვის მოტივაციასაც ამაღლებს სასწავლო პროცესში ჩასართავად (Wong et al., 2015; Hume et al., 2021).
პოზიტიური განმტკიცების გამოყენებისას მნიშვნელოვანია, აღმზრდელმა ზუსტად განსაზღვროს, რომელი ქცევის განმტკიცება სურს. სასურველია, განმტკიცება იყოს დროული, კონკრეტული და ბავშვისთვის ღირებული. მაგალითად, თუ მიზანია თვალით კონტაქტის დამყარება, განმტკიცება ამ ქცევის გამოვლენისთანავე უნდა მოხდეს.
განმამტკიცებელი შეიძლება იყოს:
- სიტყვიერი ქება („ყოჩაღ, ძალიან კარგად გააკეთე!“);
- ღიმილი და ტაში;
- საყვარელი სათამაშოთი თამაშის ნებართვა;
- სტიკერები ან ვარსკვლავები;
- ჟეტონები (Token Economy);
- მუსიკის მოსმენა;
- საპნის ბუშტები;
- სენსორული სათამაშოები.
პოზიტიური განმტკიცება არ უნდა იქცეს მოქრთამვად. ამ ორ ქმედებას შორის ის განსხვავებაა, რომ განმამტკიცებელს ბავშვი სასურველი ქცევის შემდეგ იღებს, ხოლო ქრთამს სასურველ ქცევამდე სთავაზობენ. ამიტომ განმტკიცება ყოველთვის უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას.
თამაში „ვარსკვლავების ბაღი“
მიზანი: სასურველი ქცევის განმტკიცება
მასალა: ფერადი ვარსკვლავები, პლაკატი
აღმზრდელი წინასწარ ადგენს კონკრეტულ მიზანს, მაგალითად:
- მეგობართან ერთად თამაში;
- რიგის დაცვა;
- სათამაშოს გაზიარება;
- ინსტრუქციის შესრულება.
ყოველი წარმატებული ქცევის შემდეგ ბავშვი იღებს ერთ ვარსკვლავს.
როდესაც ის ხუთ ვარსკვლავს მოაგროვებს, შეუძლია, აირჩიოს საყვარელი აქტივობა:
- საპნის ბუშტების გაშვება;
- მუსიკალური თამაში;
- პლასტილინით თამაში;
- საყვარელი ზღაპრის მოსმენა.
თამაში ავითარებს და განამტკიცებს:
- თვითკონტროლს;
- მოტივაციას;
- სოციალურ ქცევას.
თამაში „სიურპრიზების ყუთი“
აღმზრდელს აქვს ლამაზად გაფორმებული ყუთი.
შიგნით აწყვია:
- პატარა სტიკერები;
- ფანქრები;
- ფერადი საშლელები;
- სენსორული ბურთები;
- პატარა ფიგურები.
თუ ბავშვმა დამოუკიდებლად შეასრულა დავალება ან გამოიყენა სიტყვა, რომელსაც სწავლობდა, შეუძლია, ყუთიდან ერთი ნივთი ამოიღოს.
ასეთი განმტკიცება განსაკუთრებით ეფექტურია ახალი უნარების სწავლებისას.
თამაში „დღევანდელი გმირი“
დღის ბოლოს ჯგუფში ირჩევენ ბავშვს, რომელმაც ყველაზე მეტად ითანამშრომლა მეგობრებთან.
იგი იღებს მედალს „დღევანდელი მეგობარი“ ან „დღევანდელი დამხმარე“.
ასეთი აქტივობა ხელს უწყობს:
- სოციალურ ურთიერთობებს;
- პოზიტიურ ქცევას;
- თვითშეფასების ამაღლებას.
აღმზრდელის რეკომენდაციები
პოზიტიური განმტკიცების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია:
- განმტკიცება მოხდეს სასურველი ქცევის გამოვლენისთანავე;
- ქება იყოს კონკრეტული („მომეწონა, მოთმინებით რომ დაელოდე შენს რიგს“ და არა უბრალოდ „ყოჩაღ“);
- განმამტკიცებელი შეესაბამებოდეს ბავშვის ინტერესებს;
- ეტაპობრივად შემცირდეს მატერიალური განმამტკიცებლები და გაიზარდოს სოციალური წახალისების როლი (ქება, ტაში, ღიმილი, თანატოლების აღიარება).
ამრიგად, პოზიტიური განმტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეფექტიან პრაქტიკას, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სოციალური, კომუნიკაციური და ქცევითი უნარების განვითარებას სკოლამდელ საგანმანათლებლო გარემოში.
გამოყენებული ლიტერატურა
- American Psychiatric Association. (2022). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (5th ed., text rev.; DSM-5-TR). American Psychiatric Publishing.
- Division for Early Childhood. (2014). DEC Recommended Practices in Early Intervention/Early Childhood Special Education. Council for Exceptional Children.
- Hume, K., Steinbrenner, J. R., Odom, S. L., Morin, K. L., Nowell, S. W., Tomaszewski, B., Szendrey, S., McIntyre, N. S., Yücesoy-Özkan, Ş., & Savage, M. N. (2021). Evidence-Based Practices for Children, Youth, and Young Adults with Autism: Third Generation Review. Journal of Autism and Developmental Disorders, 51(11), 4013-4032.
- National Association for the Education of Young Children. (2020). Developmentally Appropriate Practice: Position Statement.
- National Research Council. (2001). Educating Children with Autism. National Academies Press.
- Odom, S. L., Brown, W. H., Frey, T., Karasu, N., Smith-Canter, L. L., & Strain, P. S. (2003). Evidence-Based Practices for Young Children With Autism. Topics in Early Childhood Special Education, 23(3), 162-175.
- UNESCO. (2020). Global Education Monitoring Report 2020: Inclusion and Education – All Means All.
- Wong, C., Odom, S. L., Hume, K. A., Cox, A. W., Fettig, A., Kucharczyk, S., Brock, M. E., Plavnick, J. B., Fleury, V. P., & Schultz, T. R. (2015). Evidence-Based Practices for Children, Youth, and Young Adults with Autism Spectrum Disorder: A Comprehensive Review. Journal of Autism and Developmental Disorders, 45(7), 1951-1966.
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (2024). ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი.


