როგორ მიმართავთ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტებს ყოველდღიურად? ალბათ, სასურველი დავალების შესრულების შემდეგ ხშირად გამოხატავთ მადლიერებას ან თუნდაც უკმაყოფილებას. კითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მკვეთრად გავმიჯნოთ, საბოლოოდ „ვის“ ვესაუბრებით თუ „რას“.
მაინც რა არის ანთროპომორფიზაცია?
ანთროპომორფიზმი (ბერძ. ἄνθρωπος/anthropos – ადამიანი, μορφἠ/morphe – ფორმა, სახე (http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=13&t=1275)) გულისხმობს ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას, ადამიანური თვისებები, ქცევები და ემოციები მიაწეროს იმას, რაც ადამიანი არ არის. ანთროპომორფიზმი დამახასიათებელია რელიგიებისა და ფოლკლორისთვის. მისი ნიშნები გვხვდება ლიტერატურაშიც როგორც მეტაფორა ან გაპიროვნება. ხელოვნური ინტელექტის (AI) კონტექსტში კი ეს ნიშნავს ალგორითმების აღქმას იმგვარად, თითქოს მათ გააჩნიათ ცნობიერება ან გრძნობები და დამოკიდებულებები. ეს ფენომენი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გაჩნდა პირველ ჩატბოტთან – Eliza-სთან ერთად, რომელიც MIT-ის პროფესორმა ჯოზეფ ვაიზენბაუმმა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ Eliza თავდაპირველად საკმაოდ მარტივი პროგრამა იყო, ადამიანებით მანიპულაციისთვის მას მას ქალის სახელი შეურჩიეს და „ფსიქოთერაპევტის“ როლი მოარგეს, რამაც მომხმარებელთა ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა გამოიწვია. პროფესორმა ვაიზენბაუმმა კვლევისას ერთი მეტად საინტერესო ფსიქოლოგიური მოვლენა შეამჩნია: თუმცაღა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ პრიმიტიულ კომპიუტერულ პროგრამას ესაუბრებოდნენ, ისინი მას აღიქვამდნენ ადამიანური თვისებების, ემოციებისა და თანაგრძნობის უნარის მქონე ფენომენად, რის გამოც ხშირად უზიარებდნენ ყველაზე ინტიმურ განცდებს და საიდუმლოებსაც კი.
დღეს ეს ფენომენი გაცილებით ძლიერად ვლინდება, რადგან დიდი ენობრივი მოდელების (Large Language Models, LLM) წყალობით კომუნიკაცია გაცილებით დამაჯერებელი და ბუნებრივი გახდა. პროგრამები იყენებენ ემოციურად შენიღბულ ენას, სვამენ მიზანმიმართულ კითხვებს, იმახსოვრებენ წინა საუბრების დეტალებს და ქმნიან ინტიმური ურთიერთობის ილუზიას. შედეგად ადამიანი თითქოს ციფრულ სარკეში იხედება – სარკეში, რომელშიც იმას ხედავს, რისი დანახვაც სურს. სინამდვილეში ეს მისივე ანარეკლია, მაგრამ მომხმარებელს ეჩვენება, რომ მის წინ დამოუკიდებელი, ადამიანური თანაგანცდის უნარის მქონე თანამოსაუბრე დგას.
XXI საუკუნის დასაწყისში ჩატარებულ ადრეულ კვლევებში (Burgoon et al., 2000; Gong, 2008) ნახსენებია, რომ კომპიუტერებისადმი ნდობა მით უფრო იმატებდა, რაც უფრო იმატებდა ადამიანთან მათი მსგავსება. მაგალითად, ნდობას აღძრავდა პროგრამები, რომლებიც მომხმარებლებს ქალის ხმით ესაუბრებოდა, რაც სოციალური მიკერძოების გაძლიერების ტრიგერადაც შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან თანამედროვე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები ვიზუალურად ხშირად აღიქმება თეთრკანიანად ან გენდერულად სტერეოტიპულად (ზემოხსენებული პროგრამები – ხმოვანი ასისტენტები ქალის ხმით). ეს აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ რასისტულ და სექსისტურ მიკერძოებებს.
კიდევ ერთი სენსიტიური საკითხია ხელოვნური ინტელექტის ემოციური მანიპულაცია, „მლიქვნელობა“. ჩვენთვის ცნობილი AI მოდელები იმგვარად არის დაპროგრამებული, რომ მომხმარებლის ემოციებით სპეკულაციას შეუწყოს ხელი, დააკმაყოფილოს მისი ინტერესები, გრძნობები და დამოკიდებულებები. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ბავშვები, რადგან AI ჩატბოტი ყოველთვის დაეთანხმება მათ, თუნდაც მათივე უსაფრთხოებისთვის საზიანო აზრებში. სოციოლოგიური თომასის თეორემა ამბობს: „If men define situations as real, they are real in their consequences“ („თუ ადამიანები სიტუაციას განმარტავენ როგორც რეალურს, ის რეალურია თავისი შედეგებით“). ამის მაგალითია 14 წლის სიუელ სეტცერის ტრაგიკული შემთხვევა: მოზარდმა, რომელსაც ემოციური კავშირი ჰქონდა Character AI-ს ბოტთან, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საყვარელი ფილმის პერსონაჟთან პარასოციალურ ურთიერთობაში ღრმად ჩაძირულმა მოზარდმა გადაწყვიტა, რომ ამქვეყნიური კავშირის გაწყვეტით ის დაბრუნდებოდა „სახლში, სადაც მას ელოდნენ“, პროგრამამ კი მისთვის დამახასიათებელი მაამებლური ალგორითმით არ შეაჩერა მოზარდი და პირდაპირ უბიძგა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისკენ.
მანიპულაციის თვალსაზრისით არც ბიზნესინდუსტრიაა გამონაკლისი – დიდი ხნის განმავლობაში ის მიზანმიმართულად იყენებდა ადრეული ანთროპომორფიზმის ნიშნებს წარმოებაში კაპიტალის ინვესტირებისთვის – პროდუქციის რეკლამა მომხმარებლის გონებით ერთგვარ მანიპულაციას წარმოადგენდა.
საინტერესოა, დღევანდელ ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში როგორ იყენებს ჩვენი გონება სოციალური აფილაციის მექანიზმებს იქ, სადაც მხოლოდ კოდები და ალგორითმებია. განსაკუთრებით საყურადღებოა, როგორ ცვლის ტრანსფორმაციული განათლების პარადიგმა თანამედროვეობის მოთხოვნებს, განათლების სტანდარტსა და შინაარსს, სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარებს, ცოდნასა და ღირებულებებს.
უახლესი კვლევები, ერთი შეხედვით, პარადოქსული რეალობის წინაშე გვაყენებს და ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტად ვცდილობთ AI-ს რაციონალურად გაგებას, მით უფრო ეფექტურად გვატყუებს საკუთარი ქვეცნობიერი. ამასთან დაკავშირებით პროფესორი გიგი თევზაძე გვიზიარებს სწავლების რიზომატულ მოდელს და აღნიშნავს, რომ ამ მოდელში ცოდნა წარმოადგენს მოლაპარაკების საგანს, სწავლების გამოცდილება კი არის როგორც სოციალური, ისე პირადი პროცესი ცოდნის შექმნის, ცვალებადი მიზნებისა და მუდმივი გამოწვევების ფონზე.
თევზაძე საუბრობს კორმიერის ნაშრომზე „Rhizomatic Education: Community as Curriculum“, რომელშიც მრავალ სხვა საკითხთან ერთად განხილულია პლატონისა და პითაგორას ეპისტემოლოგიური პარადიგმები განათლებაში. ავტორის თქმით, პლატონური პარადიგმა შეესაბამება ხის მეტაფორის ტრადიციულ მოდელს განათლებაში, რომელიც ინფორმაციის მიღება-დაგროვება-გამოყენებაზეა ორიენტირებული, ხოლო პითაგორას პარადიგმა რიზომატული განათლებაა. ეს უკანასკნელი გულისხმობს სამყაროს განსხვავებულ აღწერებს, რაც მიიღწევა კეთების/შექმნის პროცესით და რომელშიც შემეცნება ხდება შექმნის საფუძველი. ამასთან, სწავლების პითაგორული მოდელი აუქმებს იერარქიულობას და ეფუძნება ცოდნის გადმოტანას რეალობაში.
შეიძლება ითქვას, რომ რიზომატული განათლების პარადიგმას ერთგვარად იზიარებს ინგლისური კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი დევიდ ჰიუმი წიგნში „გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ“. ჰიუმი მიიჩნევს, რომ ადამიანი ერთსა და იმავე დროს გონიერი, სოციალური და მოქმედი არსებაა, ამიტომ მას სჭირდება გონებრივი საზრდოც, საქმიანობაც და გართობა-დასვენებაც, მაგრამ შეუძლებელია, მხოლოდ შემეცნებით, მხოლოდ სოციალური ცხოვრებით ან მხოლოდ შრომით დაკმაყოფილდეს. ფილოსოფოსი გმობს ყოველგვარ ხელოვნურ დამოკიდებულებას, რომელსაც ადამიანი ცნობიერების ტრანსფორმაციამდე მიჰყავს და, ამგვარად, ადამიანურისგან აშორებს.
საბოლოოდ, როგორც აინშტაინი ამბობს, „რეალობა მხოლოდ ილუზიაა, თუმცა ძალიან დაჟინებული“. იმისთვის, რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე პროცესში შევძლოთ ხელოვნური ინტელექტის გამოწვევების დაძლევა, აუცილებელია ენობრივი და ვიზუალური ფილტრების გამოყენება, რისთვისაც ადამიანური მეტაფორები ტექნიკურად ზუსტი ტერმინებით უნდა შევცვალოთ.
| ნაცვლად ამისა… | თქვით ეს… |
| „AI სწავლობს“ | „AI არის რთული სტატისტიკური ინსტრუმენტი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს“ |
| „AI-მ იცის/ფიქრობს“ | „AI აგენერირებს პასუხს საწვრთნელ მონაცემებზე დაყრდნობით“ |
| „სისტემა დარწმუნებულია“ | „სისტემამ გამოთვალა მაღალი მათემატიკური ალბათობა“ |
- მოერიდეთ მოღიმარ რობოტებს. გამოიყენეთ ფუნქციური სქემები და მონაცემებთა დიაგრამები.
- მკაცრად დაიცავით წესები: ChatGPT და Gemini ნებადართულია 13-17 წლის მოზარდებისთვის, ისიც მხოლოდ მშობლის ნებართვით. 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ამ ინსტრუმენტების დამოუკიდებლად გამოყენება არ არის რეკომენდებული და ხშირად აკრძალულიც კია.
საბოლოო კითხვა ისევ აქტუალურია: როგორი მომავალი გვსურს? ისეთი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი ჩვენივე კოგნიტიური ილუზიების სარკედ მოგვევლინება თუ ისეთი, სადაც ადამიანი დარჩება მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებთან ერთად, როგორც კაფკასეული ობობა საკუთარი თავის ტყვეობაში?
არჩევანი, რა თქმა უნდა, შენზეა.
გამოყენებული ლიტერატურა
- A Mubashir, B Moraski, S Choi, RE Guingrich -Anthropomorphism in AI Companion Communities: Age, Gender, and Emotional Correlates
- Burgoon, J. K., Bonito, J. A., Ramirez, A., Dunbar, N. E., Kam, K., & Fischer, J. (2000). Interpersonal Deception Theory
- Gong, L. (2008). How social is social responses to computers? The function of the degree of anthropomorphism in computer representations. Computers in Human Behavior, 24(4), 1495–1509
- თევზაძე, გ. (2017). საბოლოო ფილოსოფია
- https://www.ebsco.com/research-starters/social-sciences-and-humanities/thomas-theorem
- ჰიუმი, დ. (2014). გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ



