ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

ბლუმის და SOLO-ტაქსონომიების ინტეგრაცია მუსიკის სწავლების პროცესში

თანამედროვე განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს მოსწავლეთა შემეცნებითი განვითარების გააზრებული დაგეგმვა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბენჯამინ ბლუმის ტაქსონომიას, რომელიც სწავლა–სწავლების პროცესს განიხილავს, როგორც ეტაპობრივად განვითარებად  კოგნიტიურ სისტემას.

ტაქსონომია შეიქმნა 1956 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ბენჯამინ ბლუმი. სახელი მის პატივსაცემად ეწოდა და თავად ტერმინი „ტაქსონომია“ მისი დაჟინებული მოთხოვნით გამოიყენება. ტაქსონომია ექვსი დონისგან შედგება: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება. თითოეული დონე წინა დონეზეა დაფუძნებული.

სასწავლო მიზნების იერარქია პირამიდის სახით არის წარმოდგენილი — მის საფუძველში დევს ყველაზე ძირითადი მიზნები და შესაბამისი უნარები, ხოლო მწვერვალზე — რთული და მრავალკომპონენტიანი მიზნები.

ბლუმის ტაქსონომია მასწავლებელს საშუალებას აძლევს, მიზანმიმართულად დაგეგმოს სასწავლო აქტივობები ისე, რომ მოსწავლე მარტივი ცოდნის აღქმიდან თანდათან გადავიდეს რთულ სააზროვნო და შემოქმედებით პროცესებზე.

აღნიშნული მოდელი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სწავლების პროცესის სტრუქტურირებაში, რადგან პირველად შეიქმნა ჩარჩო, რომელიც ცოდნას აზროვნების განვითარებად აღიქვამდა. კლასიკურ მოდელში „სინთეზი“ გულისხმობდა სხვადასხვა ელემენტის გაერთიანებას ახალი მთლიანობის შესაქმნელად, ხოლო „შეფასება“ წარმოადგენდა უმაღლეს სააზროვნო დონეს, სადაც მოსწავლე მსჯელობდა.

გამოიკვეთა ტაქსონომიის გადახედვის აუცილებლობა. 2001 წელს ლორინ ანდერსონისა და დევიდ კრატვოლის მიერ შემუშავდა ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვერსია, რომელშიც  კოგნიტიური დონეების თანმიმდევრობა წარმოდგენილია შემდეგნაირად: ცოდნა (გახსენება), გაგება, გამოყენება, ანალიზი, შეფასება და შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ უმაღლეს  კოგნიტიურ დონედ განისაზღვრა „შექმნა“, რაც ხაზს უსვამს შემოქმედებითი აზროვნების, დამოუკიდებელი იდეებისა და ახალი პროდუქტის შექმნის მნიშვნელობას.

ბლუმის ტაქსონომიის განახლებული მოდელი ეფექტიანია მუსიკის სწავლების პროცესში, სადაც მოსწავლეთა განვითარების საბოლოო მიზანი მხოლოდ ცოდნის შეფასება კი არა, მიღებული გამოცდილების საფუძველზე ახალი მუსიკალური, ვიზუალური ან ინტეგრირებული პროდუქტის შექმნაცაა.

  1. ცოდნა – ცოდნის დონე წარმოადგენს ყველა შემდგომი კოგნიტიური პროცესის საფუძველს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ინფორმაციის გააზრება ან გამოყენება. ამ განყოფილებაში შეგვიძლია დავსვათ კითხვები ნაწარმოების მოსმენისას. მაგალითად, დაასახელეთ ჟანრი, ტემპი, მეტრი, მუსიკალური ფორმა. როდის შექმნა კომპოზიტორმა ნაწარმოები? რამდენი ნაწილისგან შედგება ნაწარმოები?
  2. გაგება – გაგების დონე გულისხმობს მიღებული ინფორმაციის შინაარსობრივ აღქმასა და ახსნას. ამ ეტაპზე მოსწავლე უკვე ახდენს ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ახსნას საკუთარი სიტყვებით, მოიყვანს მაგალითებს, ახდენს შედარებასა და კლასიფიკაციას. გაგება ნიშნავს როგორც ცოდნის დამახსოვრებას, ასევე მისი მნიშვნელობის გააზრებას კონკრეტულ კონტექსტში. შესაძლებელია კითხვების ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლის რეფლექსიას მოითხოვს: მაგალითად, მუსიკალური ნაწარმოების დროს რატომ აირჩია კომპოზიტორმა ვალსის ჟანრი? რატომ არის აქ მაჟორული ტონალობა დომინანტური? რატომ აირჩია კომპოზიტორმა სამხმიანი ფორმა? რატომ გადაწყვიტა კომპოზიტორმა ამ თემის განხილვა?
  3. გამოყენება – ამ დონეზე მოსწავლე იყენებს მიღებულ ცოდნას ახალ ან პრაქტიკულ სიტუაციებში. აქ ხდება ცნებებისა და იდეების პრაქტიკაში გადატანა, პრობლემის გადაჭრა, დავალების შესრულება ან კონკრეტული აქტივობის განხორციელება. გამოყენება გვაჩვენებს, რომ მოსწავლემ შეძლო თეორიული ცოდნის ფუნქციურად გამოყენება რეალურ ან სიმულირებულ გარემოში. კითხვები შეიძლება იყოს შემდეგი: სად და როგორ შეიძლება მისი გამოყენება? რა შეიძლება შეიცვალოს? როგორ შეიძლება მისი შეცვლა? როგორ შეიძლება ამ ნაწარმოების გამოყენება თეატრალურ დადგმებში? როგორი იქნებოდა კომპოზიცია, თუ შეიცვლებოდა ტემპი?
  4. ანალიზი – ანალიზის დონე გულისხმობს ინფორმაციის ნაწილებად დაშლას და მათ შორის კავშირების გამოვლენას. მოსწავლე იკვლევს სტრუქტურას, განსაზღვრავს მსგავსება-განსხვავებას, მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს და ფუნქციურ ელემენტებს. ანალიზი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და აძლევს მოსწავლეს შესაძლებლობას, საკითხს უფრო ღრმად ჩასწვდეს. კითხვები: როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული? რა არის მიზეზი? რა განსხვავებებია? რა მტკიცებულებებია? რა განსხვავებაა ჩაიკოვსკისა და ვივალდის სეზონებს შორის? არის თუ არა ციკლის ნაწარმოებებში თანმიმდევრობა? რა კრიტერიუმით?
  5. შეფასება – შეფასების დონეზე მოსწავლე ახორციელებს მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღებას განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. აფასებს იდეებს, პროცესებს ან შედეგებს, ასაბუთებს არჩევანს. შეფასება მოითხოვს არგუმენტირებულ პოზიციას და წინა დონეებზე დაგროვილი ცოდნის გააზრებულ გამოყენებას. კითხვები: რას ფიქრობთ? თქვენი აზრი? როგორ შეგიძლიათ ახსნათ ეს? რა მოგეწონათ ამ პიესაში და რა არა? შეეცადეთ ახსნათ, რატომ გახდა „სეზონების“ ციკლი ასე პოპულარული საზოგადოებისთვის? შეაფასეთ, როგორ ასახეს სეზონები – ა. ვივალდიმ და პ. ჩაიკოვსკიმ; თქვენი აზრით, ვინ გააკეთა ეს უკეთ და რატომ? თქვენი აზრით, რით განსხვავდება ა. ვივალდისა და პ. ჩაიკოვსკის ზამთრის ნაწარმოებები?
  6. შექმნა – შექმნა წარმოადგენს ბლუმის ტაქსონომიის უმაღლეს კოგნიტიურ დონეს და გულისხმობს ახალი, ორიგინალური, პროდუქტის ან გადაწყვეტის ფორმირებას. ამ დონეზე მოსწავლე აერთიანებს სხვადასხვა ცოდნასა და გამოცდილებას, ქმნის ახალ სტრუქტურას, ნამუშევარს. „შექმნა“ წარმოადგენს შემოქმედებითი აზროვნების უმაღლეს გამოვლინებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუსიკის სწავლების პროცესში. მაგალითად, მოსწავლეებს უყვართ მუსიკალური ნაწარმოებებისთვის საკუთარი ასოციაციებისა და სათაურების მოფიქრება; დაწყებით საფეხურზე ხატავენ, ქმნიან ზღაპრებს, მოთხრობებს და განხილული მასალის საფუძველზე თეატრალურ წარმოდგენებს ასრულებენ.

ამ ტექნოლოგიის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეების შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების, ღია კითხვების დასმის უნარის განვითარებას და სხვების პასუხების შეფასების უნარს, სწავლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას, აძლიერებს სწავლის მოტივაციას და ინტერესს.

წარმოგიდგენთ მუსიკის გაკვეთილებზე პრაქტიკულ მაგალითებს ბლუმის და SOLO-ტაქსონომიების ინტეგრაციით:

I–II კლასი

გაკვეთილის თემა: ხმა, ფერი და ემოცია — მუსიკის ვიზუალური აღქმა

ინტეგრირებული საგნები: მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება.

გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ხმის (ტემბრი, სიმაღლე, სიძლიერე) აღქმა, მუსიკით გამოწვეული ემოციის ამოცნობა და მისი ვიზუალური გამოხატვა; იმუშაოს ბლუმის ტაქსონომიის ყველა  კოგნიტიურ დონეზე და გამოავლინოს აზროვნების პროგრესი SOLO-ტაქსონომიის მიხედვით.

  1. ცოდნა (ინფორმაციის ამოცნობა და გახსენება)

ბლუმი: ინფორმაციის ამოცნობა და გახსენება

მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს მოკლე, კონტრასტულ მუსიკალურ ფრაგმენტებს (მაღალი/დაბალი, ხმამაღალი/ხმადაბალი). პარალელურად აჩვენებს სამ ძირითად ფერს (წითელი, ლურჯი, ყვითელი).

მასწავლებელი სვამს დამხმარე კითხვებს:

  • რა არის ხმა?
  • როგორი შეიძლება იყოს ხმა? (მაღალი/დაბალი, ხმადაბალი /ხმამაღალი)
  • როგორი ხმები მოისმინე?
  • ეს ხმა მაღალია თუ დაბალი?
  • რა ფერებს ხედავ?

მოსწავლეები ასახელებენ ცალკეულ ხმებსა და ფერებს, ხშირად ჟესტებით ან ერთსიტყვიანი პასუხებით.

დონე SOLO ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
პრესტრუქტურული ·    პასუხები ფრაგმენტულია

·   მოსწავლე რეაგირებს სტიმულზე, მაგრამ არ აკავშირებს ელემენტებს

·   ეს ეტაპი მნიშვნელოვანია სენსორული გამოცდილების დასაწყებად

ბლუმი (ცოდნა) SOLO (პრესტუქტურული)
ცოდნა ნიშნავს აღქმასა და ამოცნობას, არა გააზრებულ კავშირს.
  1. გაგება (ემოციის გააზრება)

ბლუმი: ემოციის გააზრება

მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს მუსიკალურ ფრაგმენტს და სთხოვს აღწერონ, როგორ გრძნობენ თავს მოსმენისას. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სიტყვიერ ფორმულირებაში. მოსწავლეები ასახელებენ ემოციას (მხიარული, სევდიანი…).

მასწავლებელი სვამს დამხმარე კითხვებს:

  • ეს მუსიკა მხიარულია თუ სევდიანი?
  • რატომ ფიქრობ ასე?
  • როგორი გრძნობა გაგიჩნდა?

მოსწავლე ასახელებს ერთ ემოციას (მხიარული, სევდიანი), იყენებს ჟესტებს, მიმიკას.

დონე SOLO ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
უნისტრუქტურული ·   ყურადღება გამახვილებულია ერთ ელემენტზე — ემოციაზე

·   ჯერ არ ხდება ხმისა და ემოციის დაკავშირება

ბლუმი (გაგება) SOLO (უნისტრუქტურული)
მოსწავლე უკვე „იგებს“, მაგრამ აზროვნება ერთგანზომილებიანია.
  1. გამოყენება

ბლუმი: ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

მასწავლებელი აძლევს დავალებას: „აირჩიე ფერი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მოსმენილ მუსიკას და დახატე“.

მოსწავლეები მუსიკის მოსმენის პარალელურად ხატავენ, იყენებენ ერთდროულად ხმოვან შთაბეჭდილებას, ემოციასა და ფერს.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
მულტისტრუქტურული ·   ერთდროულად ჩართულია რამდენიმე ელემენტი (ხმა, ემოცია, ფერი)
ბლუმი (გამოყენება) SOLO (მულტისტრუქტურული)
ცოდნა მოქმედებაში გადადის, მაგრამ კავშირი ჯერ არ არის გააზრებული.
  1. ანალიზი

ბლუმი: განსხვავებების ამოცნობა და შედარება

მასწავლებელი ასმენინებს სხვადასხვა მუსიკალურ ფრაგმენტს და ნახატს. მოსწავლეები ადარებენ ნამუშევრებს.

მასწავლებელი სვამს დამხმარე კითხვებს:

  • რომელი ნახატი უფრო შეესაბამება ამ მუსიკას?
  • რა განსხვავებაა მათ შორის?
  • რატომ აირჩიე ეს ფერი?

მოსწავლეები ცდილობენ, ახსნან არჩევანი მარტივი წინადადებით.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
მიმართებითი
  • ჩნდება კავშირი მუსიკასა და ფერებს შორის;
  • აზროვნება ჯერ კიდევ მარტივია, მაგრამ ლოგიკური.
ბლუმი (ანალიზი) SOLO (მიმართებითი)
იწყება აზროვნების სტრუქტურირება.
  1. შეფასება

ბლუმი: არგუმენტირებული მსჯელობა

მოსწავლეები ათვალიერებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და გამოხატავენ დამოკიდებულებას.

მასწავლებელი სვამს დამხმარე კითხვებს:

  • რატომ მოგწონს ეს ნახატი?
  • რომელი ფერია ყველაზე შესაფერისი ამ მუსიკისთვის?

მოსწავლეები აფასებენ საკუთარ და სხვების ნამუშევრებს მარტივი არგუმენტით.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
მიმართებითი ·         მოსწავლე აერთიანებს გამოცდილებას, აზრსა და ემოციას

·         პასუხი ლოგიკურად გამართულია ასაკის შესაბამისად

ბლუმი (ანალიზი) SOLO (მიმართებითი)
  1. შექმნა

ბლუმი: შემოქმედებითობა

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შექმნან „მუსიკის ნახატი“. მოსწავლეები ქმნიან ინდივიდუალურ, ორიგინალურ ნამუშევარს მუსიკის მიხედვით. მასწავლებელი აფასებს ორიგინალურობას.

მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ ემოციას ფერით, ფორმით, ხაზით.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
აბსტრაქტული
  • ჩნდება პირადი ინტერპრეტაცია
  • მოსწავლე სცდება კონკრეტულ მაგალითს
ბლუმი (შექმნა) SOLO (აბსტრაქტული)
აკადემიური აბსტრაქცია, ემოციური განზოგადება

 

მასწავლებლის რეფლექსია:
·      რომელმა კითხვამ გაააქტიურა მოსწავლეთა აზროვნება ყველაზე მეტად?

·      შეძლეს თუ არა ემოციის დაკავშირება ხმასთან და ფერთან?

·      ბლუმის რომელი დონე აღმოჩნდა ყველაზე რთული და რატომ?

·      SOLO-ს რომელი დონე დომინირებდა კლასში?

·      როგორ შეიძლება ანალიზის ეტაპის გაძლიერება მომავალ გაკვეთილზე?

დაწყებით საფეხურზე სწავლება ეფუძნება სენსორულ-ემოციურ გამოცდილებას. ბლუმის ტაქსონომიის პირველ დონეებზე (ცოდნა, გაგება) მოსწავლე ამოიცნობს ხმებსა და განწყობას, ხოლო SOLO-ტაქსონომიის მიხედვით მისი პასუხები მერყეობს პრესტრუქტურულსა და უნისტრუქტურულ დონეებს შორის.

ამ ეტაპზე „შექმნის“ დონე (ბლუმი) არ გულისხმობს რთულ კომპოზიციურ აზროვნებას, არამედ ემოციურ თვითგამოხატვას — ნახატით, მოძრაობით ან ჟესტით, რაც SOLO-ტაქსონომიის აბსტრაქტული მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

შედეგად, მოსწავლე იწყებს მუსიკისა და ემოციის დაკავშირებას, თუმცა ჯერ ვერ ხსნის მიზეზს. ამ საფეხურზე ჩამოყალიბდა მუსიკის განცდის საფუძველი და სწავლისადმი დადებითი ემოციური დამოკიდებულება. მოსწავლე სწავლობს მოსმენასა და განცდას.

III–IV კლასი

გაკვეთილის თემა: მუსიკის ხასიათი და ვიზუალურ-შემოქმედებითი ინტერპრეტაცია

ინტეგრირებული საგნები: მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, ქართული ენა

გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლემ გააანალიზოს მუსიკის გამომხატველი საშუალებები (ტემბრი, ტემპი, დინამიკა), გააცნობიეროს მუსიკით გადმოცემული ემოცია და შექმნას ვიზუალური კომპოზიცია გააზრებული არჩევანის საფუძველზე; გამოხატოს საკუთარი აზრი როგორც ვიზუალური, ისე სიტყვიერი ფორმით, ბლუმის ტაქსონომიის ყველა  კოგნიტიურ დონეზე და გამოავლინოს აზროვნების პროგრესი SOLO-ტაქსონომიის მიხედვით.

  1. ცოდნა

ბლუმი: ფაქტების და ცნებების გახსენება

მასწავლებელი ახსენებს და აფიქსირებს საკვანძო ქვეცნებებს: ტემბრი, ტემპი, დინამიკა. იყენებს მოკლე აუდიო მაგალითებს განსხვავებული ტემბრითა და ტემპით.

მასწავლებელი სვამს დამხმარე კითხვებს:

  • რა არის ტემბრი?
  • რას გვიჩვენებს ტემპი?
  • რას ნიშნავს დინამიკა მუსიკაში?

მოსწავლეები იხსენებენ განმარტებებს, ასახელებენ ცნებებს, ზოგჯერ მაგალითის გარეშე.

დონე SOLO ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
უნისტრუქტურული ·      ნაწილი მოსწავლეების პასუხობს ფრაგმენტულად;

·      ნაწილი უკვე სწორად ასახელებს ერთ ცნებას.

ბლუმი (ცოდნა) SOLO (უნისტრუქტურული)
ცოდნა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ განცალკევებულია კონტექსტისგან
  1. გაგება

ბლუმი: შინაარსის გააზრება

მასწავლებელი ასმენინებს განსხვავებული ხასიათის მუსიკალურ ფრაგმენტებს და სვამს დამხმარე კითხვებს:

  • როგორი ხასიათი აქვს მუსიკას?
  • რა ემოცია გადმოიცემა?
  • როგორ ახერხებს ამას კომპოზიტორი?

მოსწავლეები აღწერენ ემოციას და აკავშირებენ მას ერთ მუსიკალურ ელემენტთან (მაგ., ტემპთან).

დონე SOLO ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
უნისტრუქტურული ·   გააზრება ხდება ერთი მახასიათებლის საფუძველზე;

·   კავშირი ჯერ კიდევ ნაწილობრივია.

ბლუმი (გაგება) SOLO (უნისტრუქტურული)
გაგება ღრმავდება, მაგრამ აზროვნება ჯერ არ არის მრავალგანზომილებიანი.
  1. გამოყენება

ბლუმი: ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

მასწავლებელი აძლევს დავალებას: „შექმენით ფერებისა და ფორმების სქემა, რომელიც ასახავს მუსიკის ხასიათს“.

მოსწავლეები არჩევენ ფერებს, ხაზებსა და ფორმებს მუსიკის ემოციის შესაბამისად და ქმნიან ვიზუალურ კომპოზიციას.

დონე SOLO ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
მულტისტრუქტურული ·     გამოყენებულია რამდენიმე ელემენტი ერთდროულად;

·     ფერი, ფორმა და ემოცია პარალელურადაა.

ბლუმი (გამოყენება) SOLO (მულტისტრუქტურული)
ცოდნა აქტიურად მუშაობს, მაგრამ კავშირები ბოლომდე გააზრებული არ არის
  1. ანალიზი

ბლუმი: შედარება და კავშირების პოვნა

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ერთმანეთს შეადარონ ორი განსხვავებული ვიზუალური ნამუშევარი და შესაბამისი მუსიკა, ორი სხვადასხვა ნამუშევარი.

  • რომელი ფერი უფრო შეესაბამება მუსიკას?
  • რა დეტალებმა მოახდინა გავლენა შენს არჩევანზე?
  • როგორ მოქმედებს ტემპი განწყობაზე?
  • რა როლი აქვს ტემბრს?

მოსწავლეები აანალიზებენ ელემენტებს, პოულობენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
მიმართებითი ·      ელემენტები ერთიან სტრუქტურად ყალიბდება;

·      პასუხი ლოგიკურად გამართულია.

ბლუმი (ანალიზი) SOLO (მიმართებითი)
იწყება კრიტიკული აზროვნების ფორმირება.
  1. შეფასება

ბლუმი: არგუმენტირებული შეფასება

მასწავლებელი სთავაზობს შეფასების კრიტერიუმებს (შესაბამისობა, ემოციის გადმოცემა, ორიგინალურობა) და მართავს მცირე დისკუსიას. მასწავლებელი სვამს დამხმარე კითხვას:

  • რამდენად ეფექტურად გადმოსცემს ეს ნახატი მუსიკის ხასიათს?

მოსწავლეები აფასებენ საკუთარ და სხვების ნამუშევრებს არგუმენტით.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
მიმართებითი ·   აზრი გამყარებულია არგუმენტით

·   მოსწავლე აფასებს ურთიერთკავშირში მყოფ ელემენტებს

ბლუმი (შეფასება) SOLO (მიმართებითი)
  1. შექმნა

ბლუმი: დამოუკიდებელი იდეის შექმნა

მასწავლებელი აძლევს თავისუფალ შემოქმედებით დავალებას: „შექმენი საკუთარი მუსიკის ვიზუალური ისტორია“.

მოსწავლეები ქმნიან ინდივიდუალურ კომპოზიციას, აერთიანებენ მუსიკას, ფერსა და ტექსტს .

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
აბსტრაქტული ·  მოსწავლე სცდება მოცემულ მაგალითს;

·  ჩნდება პირადი ინტერპრეტაცია და იდეის განზოგადება.

ბლუმი (შექმნა) SOLO (აბსტრაქტული)

 

მასწავლებლის რეფლექსია:
·      როგორ გამოავლინეს მოსწავლეებმა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება?

·      შეძლეს თუ არა არგუმენტირებული მსჯელობა?

·      როგორ იმოქმედა ინტეგრაციამ მოტივაციაზე?

·      რომელი აქტივობა დაეხმარა მიმართებით დონეზე გადასვლას?

·      რამდენმა მოსწავლემ მიაღწია აბსტრაქტულ დონეს?

·      რა ცვლილებები შევიტან მომავალ გაკვეთილში აზროვნების სიღრმის გასაძლიერებლად?

ამ საფეხურზე მოსწავლე იწყებს მუსიკალური ინფორმაციის გააზრებულ დამუშავებას. ბლუმის „გამოყენებისა“ და „ანალიზის“ დონეები აქტიურად ერთვება სასწავლო პროცესში, რაც SOLO-ტაქსონომიაში აისახება მულტისტრუქტურულ და მიმართებით დონეებზე გადასვლით.
მოსწავლე უკვე აკავშირებს მუსიკალურ ელემენტებს ერთმანეთთან, ადარებს ნაწარმოებებს, ასაბუთებს საკუთარ აზრს მარტივი არგუმენტებით. სწორედ ამ ეტაპზე იწყება კრიტიკული აზროვნების საფუძვლის ჩამოყალიბება მუსიკის გაკვეთილზე.

შედეგად, მოსწავლე სწავლობს რამდენიმე ელემენტის ერთდროულად გათვალისწინებას და მათ შორის კავშირის დანახვას. მუსიკა მისთვის ხდება არა მხოლოდ განცდა, არამედ გააზრებული მოვლენა. მოსწავლე სწავლობს ფიქრს მუსიკაზე.

V–VI კლასი

გაკვეთილის თემა: მუსიკის ხასიათი და ემოციური შინაარსი — მუსიკალური ელემენტების ანალიზი

ინტეგრირებული საგნები: მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, ქართული ენა

გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლეებმა გააანალიზონ მუსიკის ემოციური ხასიათი მუსიკალური ელემენტების (ტემბრი, ტემპი, დინამიკა, სიმაღლე) საფუძველზე; განახორციელონ არგუმენტირებული შეფასება და შექმნან საკუთარი ინტერპრეტაცია ვიზუალური და სიტყვიერი ფორმით, ბლუმის ტაქსონომიის ყველა  კოგნიტიურ დონეზე და SOLO ტაქსონომიის შესაბამის საფეხურებზე.

  1. ცოდნა

ბლუმი: ფაქტების, ცნებების გახსენება

მასწავლებელი ააქტიურებს წინარე ცოდნას და სვამს მიზანმიმართულ კითხვებს:

  • რა არის ტემბრი?
  • რას ნიშნავს დინამიკა მუსიკაში?
  • რას ვგულისხმობთ ტემპში?
  • რას ნიშნავს სიმაღლე?

მოსწავლეები იხსენებენ ტერმინებს, ასახელებენ მუსიკალურ ელემენტებს, ზოგჯერ მაგალითის გარეშე.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
უნისტრუქტურული ·     ნაწილი პასუხობს ფრაგმენტულად;

·     ნაწილი კონცენტრირებულია ერთ ელემენტზე.

ბლუმი (ცოდნა) SOLO (უნისტრუქტურული)
ცოდნა განცალკევებულია ემოციურ შინაარსთან.
  1. გაგება

 ბლუმი: შინაარსის გააზრება

მასწავლებელი ასმენინებს მოკლე მუსიკალურ ფრაგმენტს და სვამს პრობლემურ კითხვას:

  • როგორი ემოცია იგრძნობა მუსიკაში და რომელი მუსიკალური ელემენტი ქმნის ამ განწყობას?

მოსწავლეები სიტყვიერად აღწერენ ემოციას და აკავშირებენ მას ერთ მუსიკალურ ელემენტთან (მაგ., ტემპთან ან დინამიკასთან).

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
უნისტრუქტურული  გააზრება ერთ ელემენტზეა დაფუძნებული.
ბლუმი (გაგება) SOLO (უნისტრუქტურული)
მოსწავლე იწყებს მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დანახვას.
  1. გამოყენება

ბლუმი: ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

მასწავლებელი აძლევს დავალებას: „აირჩიეთ ფერები, ხაზები ან ფორმები, რომლებიც ყველაზე ზუსტად ასახავს მოსმენილი მუსიკის ემოციურ ხასიათს“.

მოსწავლეები ქმნიან ვიზუალურ ნამუშევარს, გადაწყვეტილებებს იღებენ მუსიკალური ელემენტების საფუძველზე.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
მულტისტრუქტურული ·         გამოყენებულია რამდენიმე ელემენტი ერთდროულად;

·         კავშირები ჯერ კიდევ პარალელურია.

ბლუმი (გამოყენება) SOLO (მულტისტრუქტურული)
ცოდნა აქტიურად მუშაობს, მაგრამ ჯერ არ არის მთლიან სისტემად ქცეული.
  1. ანალიზი

ბლუმი: შედარება, მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენა.

მასწავლებელი სვამს დამხმარე კითხვებს:

  • როგორ შეიცვლებოდა ნახატი, თუ ტემპი იქნებოდა უფრო სწრაფი?
  • რა გავლენას ახდენს ტემბრი ემოციურ აღქმაზე?
  • როგორ ცვლის დინამიკა განწყობას?

მოსწავლეები აანალიზებენ მუსიკალურ ელემენტებს, ადარებენ სხვადასხვა ვარიანტს, ხსნიან ცვლილებების ეფექტს.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
მიმართებითი ·  ელემენტები გააზრებულ კავშირშია;

·  პასუხი ლოგიკურად სტრუქტურირებულია.

ბლუმი (ანალიზი) SOLO (მიმართებითი)
იწყება ანალიტიკური მუსიკალური აზროვნება.
  1. შეფასება

ბლუმი: არგუმენტირებული შეფასება

მასწავლებელი სთავაზობს მკაფიო კრიტერიუმებს:

  • ემოციის გადმოცემის სიზუსტე
  • მუსიკასა და ვიზუალურ გადაწყვეტას შორის შესაბამისობა
  • არგუმენტის ლოგიკურობა

მოსწავლეები აფასებენ საკუთარ და თანატოლთა ნამუშევრებს, ასაბუთებენ აზრს.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
მიმართებითი ·   შეფასება ეფუძნება ურთიერთდაკავშირებულ კრიტერიუმებს

·   არგუმენტი გააზრებულია

ბლუმი (შეფასება) SOLO (მიმართებითი)
იწყება ანალიტიკური მუსიკალური აზროვნება.
  1. შექმნა

ბლუმი: ახალი იდეის შექმნა

მასწავლებელი აძლევს შემოქმედებით დავალებას: „შექმენით საკუთარი მუსიკალური ისტორია – მუსიკის, ნახატის ან ტექსტის საშუალებით“.

მოსწავლეები ქმნიან ორიგინალურ ნამუშევარს, ახდენენ ცოდნის ტრანსფერს ახალ კონტექსტში, აყალიბებენ პირად ინტერპრეტაციას.

დონე SOLO-ტაქსონომიის მიხედვით: მოსწავლის აქტიურობა
აბსტრაქტული ·   მოსწავლე სცდება მოცემულ მაგალითებს

·   ახდენს განზოგადებას და თვითგამოხატვას

ბლუმი (შექმნა) SOLO (აბსტრაქტული)

 

მასწავლებლის რეფლექსია
·      რომელი კითხვები დაეხმარა მოსწავლეებს მიმართებით დონეზე გადასვლაში?

·      რამდენად შეძლეს ემოციის არგუმენტირება მუსიკალური ელემენტების საფუძველზე?

·      რამდენმა მოსწავლემ მიაღწია აბსტრაქტულ დონეს?

·      როგორ გავაუმჯობესებ შემოქმედებითი დავალების სტრუქტურას მომავალში?

·      როგორ დავუკავშირო ეს გაკვეთილი მომდევნო თემას?

V–VI კლასებში ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება უზრუნველყოფს მუსიკალური აზროვნების გაღრმავებას, ხოლო SOLO-ტაქსონომია იძლევა მოსწავლეთა შემეცნებითი განვითარების შეფასების შესაძლებლობას. მათი ინტეგრაცია ხელს უწყობს მუსიკის აღქმის გარდაქმნას ანალიტიკურ და შემოქმედებით პროცესად.

შედეგად, მოსწავლე დამოუკიდებლად აყალიბებს აზრს, აფასებს მუსიკალურ ნაწარმოებს და ახდენს ცოდნის ტრანსფერს ახალ კონტექსტში. მუსიკის გაკვეთილი მისთვის გადაიქცა აზროვნების, მსჯელობისა და თვითგამოხატვის სივრცედ, მოსწავლე სწავლობს აზროვნებას მუსიკის მეშვეობით.

წარმოდგენილი პრაქტიკული მაგალითები აჩვენებს, როგორ ვითარდება მოსწავლის მუსიკალური აზროვნება I კლასიდან VI კლასამდე ბლუმისა და SOLO-ტაქსონომიების სინთეზური გამოყენებით. სწავლება იწყება სენსორულ-ემოციური აღქმით და ეტაპობრივად გადადის გააზრებულ ანალიზსა და დამოუკიდებელ ინტერპრეტაციამდე.

ბლუმის ტაქსონომია და SOLO-ტაქსონომია წარმოადგენს კოგნიტიური განვითარების შეფასებისა და დაგეგმვის ორ განსხვავებულ, თუმცა ურთიერთშემავსებელ ჩარჩოს. ბლუმის ტაქსონომია ფოკუსირებულია სწავლების დაგეგმვაზე და აღწერს, როგორ უნდა განვითარდეს მოსწავლის აზროვნება მარტივი შემეცნებითი პროცესებიდან რთულ, შემოქმედებით ქმედებებამდე, ხოლო SOLO-ტაქსონომია — მოსწავლის პასუხის ხარისხსა და სიღრმეზე.

მათი ინტეგრირებული გამოყენება ეფექტიანია მუსიკის გაკვეთილზე, ქმნის სწავლებისა და შეფასების ჰარმონიულ მოდელს, რომელიც ხელს უწყობს შემეცნებით, ემოციურ, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ბლუმის ტაქსონომია ეხმარება მასწავლებელს მიზანმიმართულად დაგეგმოს აქტივობები, ხოლო SOLO-ტაქსონომია იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს მოსწავლის აზროვნების სიღრმე და სტრუქტურირებული ცოდნა. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანია ინტეგრირებულ გაკვეთილებში, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ შემეცნებითი პროცესის ხარისხი.

ამგვარად, ბლუმი პასუხობს კითხვას – რას ვაკეთებთ გაკვეთილზე, ხოლო SOLO – რა დონეზე ფიქრობს მოსწავლე.

აღნიშნული ტაქსონომიების ერთობლივი გამოყენება საშუალებას აძლევს მასწავლებელს:

  • მიზანმიმართულად დაგეგმოს აზროვნების განვითარება;
  • დაინახოს მოსწავლის შემეცნებითი წინსვლა არა მხოლოდ შედეგით, არამედ პროცესით;
  • უზრუნველყოს შეფასების გამჭვირვალე და განვითარებაზე ორიენტირებული სისტემა.

I–VI კლასებში მუსიკის სწავლება, ბლუმისა და SOLO-ტაქსონომიების ინტეგრაციის საფუძველზე, წარმოადგენს მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ პროცესს, რომელიც მოსწავლეს მიჰყავს ემოციური რეაქციიდან კრიტიკულ აზროვნებამდე. თითოეული საფეხური არა მხოლოდ ავითარებს მუსიკალურ ცოდნას, არამედ ქმნის საფუძველს თვითგამოხატვისა და ღირებულებებზე დაფუძნებული მსჯელობისთვის.

I–II – სენსორული და ემოციური აღქმა

III–IV – გააზრებული ანალიზი და არგუმენტაცია

V–VI – კრიტიკული და შემოქმედებითი სინთეზი

შედეგად, მუსიკის გაკვეთილი გარდაიქმნება მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცედ, სადაც მუსიკა გამოიყენება როგორც აზროვნების, ემოციური ინტელექტისა და კრიტიკული მსჯელობის განვითარების ინსტრუმენტი.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვულფოლკი, ა. (2009). განათლების ფსიქოლოგია. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა .
  2. Aandrew churches – Bloom’s Digital Taxonomy
  3. https://reapgatecluster.wikispaces.com/file/view/Bloom%E2%80%99s+taxonomy+and+thinking+strategies+-+Planning+matrix.pdf
  4. Collis, K. (1982). Evaluating the Quality of Learning: The SOLO Taxonomy. New York: Academic Press.
  5. https://znanio.ru/media/obzor_veduschih_obrazovatelnyh_kontseptsij-298402
  6. https://pamhook.com/solo-taxonomy/
  7. http://www.nwlink.com/~donclark/hrd/Bloom/SOLO_taxonomy.html#google_vignette
  8. https://www.bing.com/videos/search?q=solo+taxonomy&qpvt=solo+taxonomy&view=detail&mid=E20189BB651E0643BD2FE20189BB651E0643BD2F&&FORM=VRDGAR

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“