ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

გამარჯვებები, რომლებზეც ბევრს ვისაუბრებთ და სხვებსაც მოვუყვებით

წლევანდელი ივნისი საქართველოში განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გამოსვლამ ყველა გაგვაერთიანა. გამოცდილმა გულშემატკივრებმაც და იმ ადამიანებმაც, რომლებიც ფეხბურთს ერთი ბურთისა და 22 მოთამაშის სპორტად მიიჩნევდნენ, ტელეეკრანებთან თუ სტადიონზე მოვიყარეთ თავი.

ჩვენი თაობა თბილისის „დინამოს“ მიღწევებზე გაიზარდა. ყოველი 13 მაისი ჩვენთვის 1981 წლის წარმატებასა და კოტე მახარაძის ხმასთან ასოცირდებოდა. დამოუკიდებელმა საქართველომ 33-წლიანი ისტორიის განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერაფერს მიაღწია, სანამ არ დადგა 2024 წლის 26 მარტი და შემდეგ – 26 ივნისი. ამ დღეებში ისეთი გამარჯვებები ჩავიწერეთ ისტორიაში, რომლებზეც ბევრს ვისაუბრებთ და სხვებსაც მოვუყვებით.

მაისში გამოქვეყნებული ჩემი წერილი 26 მარტი – ბედნიერების ცრემლების და სიხარულის დღე სრულდებოდა სიტყვებით: „ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული გამარჯვებები! ისეთი გამარჯვებები, რომლებსაც იზეიმებს ყველა ქართველი, დიახ, ყველა, ვინც საქართველოს მოქალაქეა! ჩვენ გვჭირდება გამარჯვებები, რომლებიც ენგურს გაღმა თუ სამაჩაბლო-ახალგორში სიმპათიას და კეთილ შურს გამოიწვევს, ისეთი გამარჯვებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების გულის ფეთქვის ვექტორს შეცვლის! გამარჯვებები, რომლებიც გაზრდის საერთო სულისკვეთებას, გამარჯვებები დიდი ბრძოლის მოსაგებად!“. ჩვენი საფეხბურთო ივნისი სწორედ ასეთი გამოვიდა.

 

სამზადისი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა თუ არა, დავიწყე ინფორმაციის ძიება იმის შესახებ, როგორ მოვხვედრილიყავი რომელიმე თამაშზე. 27 მარტს უკვე ზეპირად ვიცოდი ბილეთების გაყიდვის უეფას მიერ დადგენილი წესები და პროცედურა, თარიღები და ა.შ.

ამის შემდეგ გერმანიაში მოსახვედრი მარშრუტების დამუშავება დავიწყე. ლეპტოპში გავხსენი საქაღალდე და სპეციალურ ცხრილში შემქონდა ინფორმაცია ყველაზე ხელსაყრელი და იაფი გზების შესახებ.

განწყობა და საფეხბურთო ლოგიკა ჩეხეთთან, ქალაქ ჰამბურგში გასამართ თამაშზე დასწრებას მკარნახობდა. სამწუხაროდ, საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვის ეტაპზე არ გამიმართლა, მატჩზე დასასწრები ბილეთი ვერ შევიძინე…

 

მეორე შანსი და ბედნიერი დამთხვევა

უეფას აქვს ასეთი წესი: გულშემატკივარს საშუალებას აძლევს, ნაყიდი ბილეთები ისე დააბრუნოს, რომ ფინანსური ზარალი არ განიცადოს. ბილეთის შეძენის მეორე შანსი მაისში, სწორედ უკან დაბრუნებული ბილეთების გაყიდვის დროს მომეცა. ვებგვერდზე მხოლოდ ძვირიანი ბილეთები იყო დარჩენილი.

იმავე პერიოდში მივიღე მოსაწვევი ლიეტუვაში გასამართი „ერასმუს+“ პროგრამის მოკლევადიან ტრენინგზე დასასწრებად. მნიშვნელოვანი დეტალი ის იყო, რომ ტრენინგის დასასრული საქართველო-ჩეხეთის თამაშს ემთხვეოდა. სწორედ ამ დამთხვევის წყალობით მოვახერხე ბილეთის შეძენა, რადგან ლიეტუვამდე მგზავრობის ხარჯი, როგორც მონაწილეს, ტრენინგის ორგანიზატორებმა ამინაზღაურეს. ლიეტუვიდან გერმანიაში მოხვედრა კი ადვილი აღმოჩნდა.

 

ამბავი ჰამბურგში ნანახისა და გულშემატკივრობის კულტურისა

ჩვენ ევროპელები ვართ. ეს სიტყვები ვინმეს მიერ ხელოვნურად შემოგდებული რომ არ არის, ნათლად დაგვანახა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლამ, როგორც გერმანული ქალაქების მოედნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა და ლაღმა ბურთაობამ, ისე მოედნის მიღმა მაყურებლის მიერ ნაჩვენებმა კულტურამ და ეთიკამაც.

ჰამბურგი ჩრდილოეთი გერმანიის საპორტო ქალაქია. პორტი მდინარე ელბაზეა გაშენებული და ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში (ტვირთბრუნვით ჩამოუვარდება მხოლოდ როტერდამისა და ანტვერპენის პორტებს).

ჰამბურგში ბერლინიდან ჩავედი ავტობუსით. ავტობუსშივე აღმოვაჩინე ქართველი გულშემატკივრების ორი ჯგუფი. ისინიც ჩემსავით თამაშზე დასასწრებად მოდიოდნენ.

ავტოსადგური ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ბარგი შესანახ საკანში დავტოვე და ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურე. გერმანული შაბათ-კვირისთვის დამახასიათებელი მშვიდი დილა იყო. ქალაქის ძველი უბნისკენ მიმავალ გზაზე თეთრ-წითელ ფერებში გამოწყობილი ხალხის რაოდენობა იზრდებოდა. ჩვენი საფირმო მისალმება იყო „გამარჯვება!“ ქართველი ქომაგი დილიდანვე იჭერდა თადარიგს.

ძველი უბნის მონახულების შემდეგ ნავსადგურისკენ გადავინაცვლე. ქალაქის ამ ნაწილში ჩეხი გულშემატკივარი ჭარბობდა. ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ, მღეროდნენ… ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.

 

შეკრების ადგილი და სტადიონი

დაახლოებით 12 საათისთვის მეგობრებთან ერთად ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილ შეკრების ადგილზე გადავინაცვლე. ჰამბურგის რკინიგზის ცენტრალურ სადგურში დაახლოებით იგივე სიტუაცია დამხვდა, რაც თბილისში, სადგურის მოედანზე ან მეტროსადგურ წერეთელზე ხდება ხოლმე ნაკრების თამაშის დღეს.

თეთრ-წითელში გამოწყობილი გულშემატკივრებით გადაჭედილ მოედანზე გაჩაღებული ცეკვები, ქართული სიმღერები, ჰიმნი და შეძახილები თამაშამდე არაჩვეულებრივ განწყობას ქმნიდა.

ჰამბურგში მარტო არ ვიყავი – თამაშს ჩემი მეგობარი სოფიო ბაჩილავა და მისი ოჯახიც ესწრებოდნენ. სამწუხაროდ, ქომაგების მსვლელობას ვერ მივუსწარით, ამიტომ სტადიონისკენ მიმავალ, მწვანეში ჩაფლულ ვიწრო გზას დავადექით.

ჰამბურგის სტადიონი (Volksparkstadion) არაჩვეულებრივი ნაგებობა აღმოჩნდა. გავიარე უსაფრთხოების ზონა, კონტროლი და აღმოვჩნდი სტადიონზე, სადაც ჩემი ყურადღება ხასხასა მინდორმა და ლურჯმა ტრიბუნებმა მიიპყრო.

ყოველ იარუსზე კვების ობიექტები იყო მოწყობილი. მეორეული მოხმარების წახალისების მიზნით გამაგრილებელი სასმელები და ლუდი მრავალჯერადი გამოყენების ჭიქებით იყიდებოდა. თუ ჭურჭელს დააბრუნებდი, სამ ევროს უკან გიბრუნებდნენ.

 

თამაში

თამაში არაჩვეულებრივი გამოვიდა. პირველ ტაიმში დავწინაურდით. ჩვენ გვერდით ნეიტრალური გულშემატკივრები ისხდნენ და მთელი გულით ქომაგობდნენ საქართველოს. ევროპის ჩემპიონატზე ბევრი მხარდამჭერი შევიძინეთ.

მეორე ტაიმი უფრო რთული აღმოჩნდა. ჩეხები გამუდმებით და შეუჩერებლად გვიტევდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეტევის შემდეგ ანგარიში გაგვითანაბრეს. მამარდაშვილის გაბედული ქმედებები რომ არა, თამაშს წავაგებდით.

დამატებითი დროის ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებულმა კარგმა შანსმა ქართველ გულშემატკივარს განწყობა გაუფუჭა. ეს მომენტი რომ არა, სტადიონიდან გახარებულები წამოვიდოდით.

 

თამაშის შემდეგ

თამაშის შემდეგ ქართველებს დანა კბილს არ გვიხსნიდა. ჩეხი გულშემატკივრები უფრო იმედიანად ტოვებდნენ მოედანს – წინ კიდევ ერთი თამაში იყო და ჩეხების მიერ თურქების დამარცხების შანსი უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე ჩვენი ნაკრების პორტუგალიასთან მოგებისა.

გულისწყრომამ ნელ-ნელა გაგვიარა. მალე გავაცნობიერეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა ჩავიწერეთ აქტივში და თან ჯგუფიდან გასვლის შანსიც დავიტოვეთ. უკანა გზაზე კომუნიკაბელური ჩეხი გულშემატკივარი გავიცანი. მან მითხრა, რომ საქართველოს პორტუგალიის დამარცხება შეუძლია.

მაყურებელმა თანდათან ისევ დაიწყო ხმამაღლა სკანდირება და გამამხნევებელი შეძახილები. მეტროს ვაგონებში, ქალაქის ცენტრში ისმოდა: „სა-ქა-რთვე-ლო!“

თამაშის შემდეგ ქართველებმაც და ჩეხებმაც კვების ობიექტებს მივაშურეთ. უნდა გენახათ, რა სამაგალითო ქცევითა და კულტურით გამოირჩეოდა ჰამბურგში ჩასული თითოეული ქართველი.

ჰამბურგში ნანახმა და განცდილმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. ასე მგონია, რომ იმ ერთმა დღემ გამზარდა. საქართველოს ჰიმნი სპორტულ შეჯიბრებებზე, საპროტესტო აქციებზე და სხვა ხალხმრავალ შეკრებებზე არაერთხელ შესრულებულა, მაგრამ ყველაზე ემოციური სწორედ ეროვნული ჰიმნის შესრულების მომენტი აღმოჩნდა. 35 000-მდე ქართველი ვმღეროდით ჰიმნს ჩრდილოეთი გერმანიის ქალაქში. 22 ივნისს ჰამბურგის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებდა.

 

 

შეჯამებასავით

მარტის გამარჯვებიდან სამი თვე გავიდა. კალენდარზე ისევ რიცხვი 26 იყო გამოსახული. ამჯერად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ვმართავდით სოლიდურ პორტუგალიასთან. მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავდიოდით ჯგუფიდან. ჩვენმა ნაკრებმა შეუძლებელი შეძლო. პორტუგალიასთან გამარჯვებამ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მოგვცა მერვედფინალში თამაშის შესაძლებლობა, სადაც უკვე ესპანეთთან უთანასწორო ბრძოლაში დავმარცხდით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოვარდნასთან ერთად ევროპის ჩემპიონატი უღიმღამო გახდა. ეს განცდა ქართველ გულშემატკივარს პირველად გვქონდა, რადგან აქამდე სხვა ქვეყნებს ვგულშემატკივრობდით.

ყველამ დავინახეთ, რა შეუძლია ფეხბურთს. მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები და სპორტული სააგენტოები საქართველოს ნაკრებზე წერდნენ და ამზადებდნენ სიუჟეტებს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებისთანავე ჩვენში მიძინებულმა პატრიოტიზმმა გაიღვიძა. გამოვფინეთ დროშები, მოვხატეთ მაისურები, ამაყად შევძახეთ: „წინ, საქართველო!“ იმედი მაქვს, ეს არ იქნება ჩვენი წამიერი გაელვება. ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მიზნები უნდა დაისახოს. წინ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“