ბასილი კეისარმა ალ-ჰაქიმისა და გიორგი I-ის მოლაპარაკების ამბავი გაიგო და ქართველი მეფის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. 1020-1021 წლებში კეისარი ტაოსკენ დაიძრა დიდძალი ჯარით. გიორგი მეფეც მოემზადა მის დასახვედრად. ორივე ჯარი ბასიანში დაბანაკდა. ბრძოლას არ იწყებდა არცერთი მხარე. გარკვეული დროის შემდეგ ქართველთა ჯარი, რატომღაც, უკან გამობრუნებულა. „ქართლის ცხოვრება“ კი გვაუწყებს: „მიჰრიდა გიორგი მეფემან, მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი“.
მელქისედექ კათალიკოსი მიუტევებელ დანაშაულად უთვლის და ყოველთვის საყვედურობს მეფეს ქრისტიანული საყდრის დაწვას. თვით მეფეც ხომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯებოდა ამის გამო: სანადიროდ მყოფს ელანდება – „კავკასიონის წოწოლა მწვერვალზე ცეცხლშემოგზნებული ეკლესია… ლაპლაპებს ცად ამწვდენი კოცონი, იწვის უფლის სახლი, როგორც იმ საღამოს ოლთისში“. გიორგის გადამწვარი საყდრის ნაცვლად კათალიკოსმა სამი ტაძარი ააგებინა სამცხეში. ახლა კი სურს სვეტიცხოვლის აგების ხარჯები იკისროს მეფემ.
გიორგიმ გაურკვეველი მიზეზით დაიხია უკან. ბასილი კეისარი გამოუდგა. სისხლისმღვრელი ბრძოლა გამართულა შირიმნთან, რომელმაც მრავალი მებრძოლი შეიწირა ორივე მხრიდან. „მაშინ უბრძანა სპათა თვისთა და აღიჭურვნა მსწრაფლ. განვიდა თვით მეფე, ახოვან იყო და უშიში ვითარცა უხორცო და მისთანა სიმრავლე სპათა მისისა“. მაშასადამე, როდესაც მწერალი მეფეს რომანში ასე მოიხსენებს – „უშიში, ვითარცა უხორცო“, ეს მემატიანის შეფასება ყოფილა.
როგორც ვხედავთ, ავტორი არ ცვლის ისტორიას, არც ახალს იგონებს, არამედ მოხერხებულად იყენებს მატიანეებში დამოწმებულ ფაქტებს და მხატვრულ სიტყვაში განსხეულებული მოაქვს მკითხველამდე. შირიმნის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ბასილი საზამთროდ ტრაპზონის მახლობლად დაბანაკებულა და ქართველებთან ბრძოლის თადარიგს შესდგომია. აფხაზეთში ზღვით აპირებდა ხომალდების გაგზავნას გიორგის წინააღმდეგ და ქართველი მეფის საბრძანებლის დაწიოკებას. გიორგის მოციქულები გაუგზავნია კეისართან და ზავი და მშვიდობა უთხოვია. ამ პერიოდს დაემთხვა აჯანყება ბიზანტიაში.
ბასილი კეისარს ორი სარდალი – ფოკა და ქსიფე განუდგნენ. ალბათ, ჩამოაგდებდნენ კიდეც ტახტიდან კეისარს, რომ არა განხეთქილება მათ შორის: ქსიფეს არ მოსწონდა, რომ წარმომავლობის გამო (დიდგვაროვანი იყო) ფოკას ემხრობოდნენ და მოაკვლევინა იგი. ხალხი პანიკამ მოიცვა, გაიბნა და შინ დაბრუნდა. ქსიფე შეშინდა, ხიფათი იგრძნო, გაუგზავნა ფოკას მოკვეთილი თავი კეისარს და გაიქცა, ხოლო კეისარმა მოღალატის თავი გიორგი I-ს გაუგზავნა. ამით აჩვენა, ყველაფერი მესმის და არ გენდობიო.
რომანში გამოყენებული ეს ისტორიული ფაქტი გვარწმუნებს, რომ გიორგი I არაფერს ერიდებოდა, ოღონდ, სამშობლო ბიზანტიის კლანჭებისაგან დაეხსნა. რომანში მოჩანს, რომ საქართველოსთვის წართმეული პროვინციების დაბრუნების სურვილმა და კეისრის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინმა ბიზანტიასთან რჯულის ერთობა გადაავიწყა გიორგის. აჯანყებულებთან ანგარიშის გასწორების შემდეგ, ბასილი კეისარმა ლაშქარი ისევ საქართველოსკენ წამოიყვანა: „კვლავ ითხოვდა ციხე-ქუეყანათა და აღუთქვამდა ზავსა და მშვიდობასა“.
მეფე გიორგიმ ზვიად სპასალარი გაგზავნა კეისართან მოსალაპარაკებლად, – თუ ზავს ინებებს, ასე იქნება, თუ ომს – მოვემზადებით მისთვისაც. სპასალარი ბასიანში დაბანაკდა. მალე მოვიდა გიორგიც დიდი ლაშქრით. ქართველები მაშინ დაესხნენ თავს ბიზანტიელებს, როცა კეისარი სამშვიდობოდ იყო განწყობილი. მას ხელთ ჰქონდა ზავისა და სიმტკიცის უსტარი გიორგისაგან. გაკვირვებია ქართველთა კადნიერება და ზავის წერილი ჰოროლის წვერზე დააკიდებინა, მიუპყრია ღვთისკენ და უთქვამს – „იხილე, უფალო, წერილი ესე მათი და საქმენი, რომელსა აწ იქმან“. შემდეგ მოატანინა „ძელი ცხოვრებისა“ და შეღაღადა: „უკუეთუ მიმცე ხელთა მტერისათა, არღარა ვიყო თაყვანისმცემელ თქვენდამი“ და „მყისვე იძლივნეს სპანი გიორგისანი“, – გვაუწყებს მემატიანე.
სწორედ ამ ეპიზოდს უყვება მამამზე ერისთავი შავლეგ ტოხაისძეს რომანის მე-14 თავში. დამარცხების შემდეგ გიორგი იძულებული გახდა დასთანხმებოდა ზავის მძიმე პირობებს. კეისარს გადასცა მიწები, რომლებიც დავით კურაპალატს ეკავა: ტაო-ბასიანი, კოლა-არტაანი, ჯავახეთი და 14 ციხე. აგრეთვე, მძევლად მისცა სამი წლის უფლისწული – ბაგრატი. ქართველთათვის მეტად არასახარბიელო ყოფილა 1023 წელს დადებული ზავი.
ასე გვიშლის მწერალი, ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით, საქართველოს ისტორიის ერთ სისხლიან და გმირულ ფურცელს – ქართველებმა დაკარგეს სომხეთის მიწები, რომლისთვისაც ამდენი ქართველი დაიღუპა.
ბასიანი და მისი მეზობელი ოლქები საქართველოს 1074 წელს შემოუერთდა, როცა წარმოშობით ქართველმა კაცმა, ცნობილმა ბიზანტიელმა მოღვაწემ გრიგოლ ბაკურიანის ძემ, რომელიც იმ დროს ბიზანტიის აღმოსავლეთის ქვეყნების მთავარსარდალი იყო, და ეკუთვნოდა ბასიანის მხარეც, უომრად ჩააბარა იგი საქართველოს იმდროინდელ მეფეს – გიორგი II-ს. აი, კიდევ ერთი დიდებული მოღვაწე, ბიზანტიელად შერაცხილი, რომელიც მხოლოდ დროს უცდიდა თურმე და მისუსტდა თუ არა ბიზანტია, ისარგებლა მდგომარეობით და უბრძოლველად დაუბრუნა ქართველებს „იბერიის თემი“. გვყოლია ასეთი ნათელმოსილი მამულიშვილები. ამის შემდეგ აღარ გვიკვირს ქართველი მეფის – გიორგი I-ის ცინიკური დამოკიდებულება რომანში არა მარტო ბასილი კეისრისადმი, არამედ, საერთოდ, ბიზანტიელებისადმი.
ბიზანტიასა და საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობას გვამცნობს რომანის 23-ე თავი. ასეთ ვითარებაში ქართველი ხალხისა და მისი მეფის ბრძოლა ქრისტიანი დამპყრობლის ბასილი კეისრის წინააღმდეგ, მართლაც გმირობის ტოლფასი იყო.
სხვა დამოკიდებულება აქვთ დედოფალსა და კათალიკოსს, რომლებიც საქართველოს მტერს როდი ხედავდნენ კეისარში, არამედ ქართული სამყაროს უზენაეს არსებას. ბიზანტიასთან სჯულის ერთობით დაბრმავებულმა, თავისი სამეფო ბასილი კეისარს სენაქერიმმა, სომხეთის მეფემ გადასცა.
რომანში ვხედავთ, რომ გიორგიმ დაკარგა ბასიანის მიწები, თუმცა, სამაგიეროდ, ქართული ხელოვნება იხსნა ბიზანტიური გავლენისაგან: „მისმა ხმალმა გაჰკვეთა ის საბელი, რომლითაც ბიზანტიის ეკლესია ბოჭავდა ქართულს“.
სწორედ გიორგი I-ის მეფობის დროს გამოეყო ქართული ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს. რაც იმას ნიშნავდა, რომ საკათალიკოსოდ საკურთხებელი ქართველი მღვდელმთავრები აღარ წავიდოდნენ ანტიოქიის პატრიარქთან. ეს ყოველივე ქართულ ეკლესიას მსოფლიო ავტორიტეტს უქმნიდა.
„ქართლის ცხოვრებას“ ეფუძნება ბასილი კეისრის სიკვდილისა და მისი ძმის – კონსტანტინეს გამეფების ამბავი, რომელიც რომანის 56-ე თავშია გადმოცემული. საქართველოს საზღვრებთან უფლისწულ ბაგრატს დიდი ზეიმით მიეგებნენ „დიდებულნი ერისთავნი, აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართველნი“. კატეპანმა ვეღარ გაბედა კეისრის ბრძანების სისრულეში მოყვანა – უკან დაებრუნებინათ უფლისწული.
სუმბატის ქრონიკას ეყრდნობა გიორგი I-ის გარდაცვალების ეპიზოდი: „გარდაიცვალა გიორგი თრიალეთსა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარი (1027 წლის 16 აგვისტოს). დამარხეს იგი ქუთაისს“. მაშასადამე, მწერალმა შემთხვევით არ მიიყვანა მეფე გიორგი თრიალეთის ტყეებში. ქართველმა ხალხმა გულწრფელად დაიტირა საყვარელი მეფე. გიორგი I მამის – ბაგრატ III-ის დაწყებული დიდი საქმის ნიჭიერი და მამაცი გამგრძელებელი აღმოჩნდა.
მწერალიც ასე ბრძანებს: „მე თუ ძეგლი ავუგე გიორგი I-სა და ბაგრატ IV-ს, გიორგი II-სა და დავით აღმაშენებელს, ეგ იმიტომ, რომ ისინი ქართველი ხალხის საარსებო ბრძოლების თავკაცები და დიდი მამულიშვილები იყვნენ“.


