ორშაბათი, მაისი 4, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

როცა გაკვეთილი საკლასო ოთახის მიღმა გრძელდება

სექტემბრის მიწურულს, როცა ჰაერში უკვე ტრიალებს რთვლის მოლოდინი, ჩემს მეორეკლასელებთან ერთად გადავწყვიტე, საკლასო ოთახის კედლები გაგვეფართოებინა და შემოდგომის ნამდვილ თავგადასავალში გადავშვებულიყავით. პროექტს „მზიანი მტევნები“ დავარქვით, თუმცა რეალურად ეს იყო მცდელობა, ბავშვებისთვის ის ფესვები დამენახვებინა, რომლებზეც ჩვენი კულტურა დგას.

  1. რატომ გასცდა გაკვეთილი კედლებს?

ნებისმიერი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა მყარ თეორიულ ჩარჩოს ეყრდნობა. „მზიანი მტევნების“ დაგეგმვისას ჩემი ამოსავალი წერტილი კონსტრუქტივიზმის პრინციპები და ექსპერიმენტული სწავლების (Experiential Learning) მოდელი იყო. კოლბის ციკლის მიხედვით, ცოდნა მხოლოდ მაშინ მტკიცდება, როცა ის კონკრეტულ გამოცდილებას (Concrete Experience) ეფუძნება.

ჩვენი მიზანი იყო დეკლარაციული ცოდნის (ფაქტების ცოდნა) ტრანსფორმაცია პირობისეულ ცოდნაში – როცა მოსწავლემ არა მხოლოდ იცის, რა არის რთველი, არამედ ესმის მისი კულტურული და სოციალური მნიშვნელობა. სწორედ „სასწავლო ხარაჩოს“ (Scaffolding) პრინციპით, თეორიული მომზადებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გადავედით რეალურ პრაქტიკაზე, რაც უზრუნველყოფს ცოდნის შენახვას ხანგრძლივ მეხსიერებაში.

როგორ დაიწყო ყველაფერი

ყველაფერი ფერადი ფანქრებითა და თეთრი ფურცლებით დაიწყო. სანამ მარანში წავიდოდით, კლასში „წავიოცნებეთ“. ბავშვები ხატავდნენ რთველს ისე, როგორც წარმოედგინათ. საინტერესო იყო დაკვირვება: ზოგისთვის ეს მხოლოდ ყურძნის კრეფა იყო, ზოგისთვის კი — დიდი ოჯახური სუფრა. სწორედ აქ გამოჩნდა პირველი „ხიდი“ მათ წარმოდგენებსა და რეალობას შორის. ჩვენ გავიარეთ ლექსი „რთველი“ – არა საზეპიროდ და დასაზუთხად, არამედ შევეცადე, ბავშვებს შეეგრძნოთ ის რიტმი, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან.

  1. არასაგაკვეთილო აქტივობის ხიბლი: თავისუფლება სწავლისთვის

არასაგაკვეთილო გარემო მასწავლებელს აძლევს იმ თავისუფლებას, რომლის მიღწევაც სტანდარტული 45 წუთის განმავლობაში ხშირად შეუძლებელია – ეს ის ავთენტური კონტექსტია, როცა სწავლა ხდება „აქ და ახლა“; როცა მოსწავლე წყვეტს პასიური მსმენელის როლს და ხდება მკვლევარი. არასაგაკვეთილო აქტივობა შლის ბარიერს საგანსა და რეალობას შორის. ქართული ენის ლექსიკა (მარანი, საწნახელი, თათარა) აღარ არის მშრალი სიტყვების ჩამონათვალი. ის სურნელად, ფერად და გემოდ იქცევა. ეს არის სივრცე, სადაც შეცდომის შიში მინიმუმამდეა დაყვანილი და სადაც ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა სწავლის მთავარი მამოძრავებელი ხდება.

„ლილეოს“ ჯადოსნობა

ნამდვილი სასწაული კი მაშინ მოხდა, როცა საოჯახო მარან „ლილეოს“ ვესტუმრეთ. წარმოიდგინეთ 7-8 წლის ბავშვების გაოცება, როცა ნახეს, რომ ყურძენი მხოლოდ სუპერმარკეტის დახლზე კი არ დევს, არამედ ვაზზე ჰკიდია, მზის სხივებით გაჯერებული. აქ ფორმალური სწავლება დასრულდა და დაიწყო „კეთებით სწავლა“ (Learning by doing):

  • პატარა ხელებით კრეფდნენ მტევნებს;
  • გაოცებულები უყურებდნენ, როგორ იწურებოდა წვენი საწნახელში;
  • და რაც მთავარია – თათარის სურნელი! ჩურჩხელების ამოვლება მათთვის ნამდვილ რიტუალს ჰგავდა.
  1. ემოციური ინტელექტის სასარგებლოდ: თვითრწმენა და სოციალური კავშირები

პროექტის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი ემოციური ინტელექტის (EQ) განვითარებაზე გაკეთდა. ბედნიერებაა, როცა მოსწავლე ამბობს: „მასწ, ეს ჩემი გაკეთებულია და სხვანაირად ბზინავსო“, – ბავშვებს ახარებდა საკუთარი სარგებლიანობის დანახვა (Self-efficacy).

ბავშვებმა ისწავლეს საკუთარი ემოციების მართვა მოლოდინის პროცესში, განავითარეს ემპათია ერთმანეთის მიმართ შრომისას და იგრძნეს საერთო საქმის სიხარული. ემოციური კავშირი, რომელიც ამ პროცესში დამყარდა – მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის – არის ის „ემოციური წებო“, რომელიც სასწავლო თემას დაუვიწყარს ხდის. ემოციურად დატვირთული სწავლა ყოველთვის უფრო ნაყოფიერია, რადგან მასში ჩართულია არა მხოლოდ გონება, არამედ გულიც.

რა დაგვრჩა მტევნების მიღმა?

6 ოქტომბერს, როცა პროექტი შევაჯამეთ, კლასში უკვე სხვა ბავშვები ისხდნენ. მათ აღარ სჭირდებოდათ წიგნში წაკითხვა, თუ რა არის „მარანი“ ან „საწნახელი“. მათ ეს ხელებით იგრძნეს. ჩვენ შევქმენით დიდი პოსტერი – „მზიანი მტევნები“. მასზე ყველა ნახატი, ყველა სტიკერი თუ წარწერა იმ დიდი გამოცდილების ნაწილია, რომელიც ერთად გამოვიარეთ.

ჩემი, როგორც მასწავლებლის რეფლექსია: ხშირად გვეშინია, რომ გასვლითი აქტივობა მხოლოდ გართობაა. სინამდვილეში, ეს არის ყველაზე ღრმა სწავლა-სწავლების პროცესი. ამ დღეებში ჩემმა მოსწავლეებმა იმაზე მეტი ისწავლეს ქართულ ენასა და ხელოვნებაზე, ვიდრე ათი სტანდარტული გაკვეთილისას ისწავლიდნენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“