სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

Second hand ცოდნა და შობის დღესასწაული

ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მეც ერთ ამბავს გაგანდობთ: ოქტომბერში გადავწყვიტე, ჩემი სადამრიგებლო კლასი ექსკურსიაზე კახეთში წამეყვანა. რადგან კლასში უმეტესობა ახალი მოსწავლეა, მათგან თორმეტი ბავშვი კი უცხოელი, ვიფიქრე, მხოლოდ ეკლესია-მონასტრების დათვალიერება არ კმაროდა და შუამთისა და ნეკრესის შემდეგ წინანდლის მარანში შევლაც დავგეგმე, რათა ქართული ტრადიციები უკეთ გაგვეცნო; დღის ბოლოს სიღნაღის რესტორანში უნდა შევჩერებულიყავით და იქ გვესადილა. ორი დღით ადრე ბავშვებს გეგმა და მენიუ გადავუგზავნე, 16 წლისანი არიან და მათთან შეუთანხმებლად არაფრის გაკეთება არ მინდოდა. რადგან პროტესტი არავის გამოუთქვამს, შესაცვლელიც არაფერი მქონდა. ექსკურსიამ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე ველოდი, ახალი ბავშვები ადვილად დაუმეგობრდნენ თანაკლასელებს და სიღნაღში სუფრასთან უკვე შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებულები მხიარულად აგემოვნებდნენ ქართულ კერძებს. ბოლოს სუფრაზე ღორის მწვადი შემოიტანეს. ცოტა კი გამიკვირდა, როცა დავინახე, რა მადიანად ჩაკბიჩა ხორცის ნაჭერი ინგუშმა ლორსმა, მაგრამ გამახსენდა, რომ მისი ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობს, ამიტომაც განგაში არ ავტეხე. თუმცა სულ ტყუილად! გავიხედე სხვა მხარეს და აღმოვაჩინე, რომ სირიელი ალიც და ირანელი ბეჰბოდიც სიამოვნებით მიირთმევდნენ მათთვის აკრძალულ მწვადს. აქ კი თავი ვეღარ შევიკავე და ჩუმად ვიკითხე: ბავშვებო, თქვენ რა, ღორის ხორცი გეჭმევათ? ეს შეკითხვა და საწყალი ბიჭების შეშლილი სახეებით სუფრიდან წამოხტომა ერთი იყო, ისეთი სისწრაფით გავარდნენ გარეთ, ვერც ვიფიქრებდი, ასე თუ შეეძლოთ სირბილი. ეგებ ჯობდა, არც არაფერი მეკითხა და ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო?! ეს სამწუხარო შემთხვევა ჭკუისსასწავლებელი აღმოჩნდა მთელი კლასისთვის და დღეს ლორსმაც, ბეჰბოდმაც და ალიმაც იციან, რომ ყველა ჩემი წერილი ყურადღებით უნდა წაიკითხონ.

ცოდვა კი გავამხილე, მაგრამ ეს ამბავი სულ სხვა მიზეზით გავიხსენე. როგორც ვიცით, ჩვენი ცოდნის უდიდესი ნაწილი მეორადია; მეორად ცოდნას (second-hand knowledge) კი სხვაგვარად ავტრიტეტებისგან (knowledge by authorities) მიღებულ ცოდნასაც უწოდებენ. ამ ცოდნას სხვადასხვა წყაროები აქვს, ესაა: სკოლა, ექსპერტების მოსაზრებები, მედია, ინტერნეტი და კულტურული ტრადიცია. ამათგან ხუთივე რაღაც დოზით სანდოა, მაგრამ მათ სრულ შეუცთომლობაზე საუბარი ზედმეტია: სკოლა დიდწილად სახელმძღვანელოებზეა დამოკიდებული, მათი განახლება კი დროულად ვერ ხერხდება; ექსპერტები პროფესიონალები კი არიან, მაგრამ ისინიც ხშირად ცდებიან; მედიით მიღებული ცოდნა ფილტრირებულია და ჩვენ გვიწევს ვენდოთ გადაცემების რედაქტორებს – რასაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, სწორედ ის უნდა ვიცოდეთ და არა ის, რაც მათი ყურადღების მიღმა რჩება; ინტერნეტით მიღებული ცოდნა კი ასგზის შემოწმებას ითხოვს. აქ აღარაფერს ვამბობ იმ ლინკებზე, რომლებიც არასანდოა, რომელთა წარმომავლობაც საეჭვოა, მათ შესახებ მასწავლებლები მუდმივად ვუჩიჩინებთ მოსწავლეებს. დღეს ბევრი ჩვენგანისთვის ფეისბუქიდან გაგებული ამბები გადამოწმებას არ საჭიროებს. არადა, რამდენმა აიტაცა ინფორმაცია მეტროში გაყინულ მიუსაფარ მოხუცზე, რამდენი ვიშვიშებდა ყვითელი ავტობუსიდან ჩაგდებულ შავკანიან მამაკაცზე, რომელსაც ფეხებით შედგნენ მგზავრები და უმოწყალოდ სცემეს… ახლა აქ იმის ჩამოთვლას არ დავიწყებ, რამდენი ასეთი ინფორმაცია გამოდგა ყალბი და რამდენმა ასეთმა გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და გადავალ მეორადი ცოდნის მიღების მეხუთე წყაროზე, რომელსაც კულტურული ტრადიცია ჰქვია. ცოდნის მიღების ამ წყაროზე განსაკუთრებულად მინდა შევჩერდე, განსაკუთრებით, შობის შემდგომ დღეებში.

კულტურა, რომელშიც ჩვენ ვიზრდებით, განაპირობებს იმას, თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს, როგორ გვიყალიბდება ინტელექტუალურ ცთომილებათა ნუსხა. კულტურის წყალობით ბუნებრივად მივეჯაჭვებით გარკვეულ წესებსა და წარმოდგენებს და მხოლოდ მათ მივიჩნევთ „ნორმალურად” და „გონივრულად”. როცა ამის შესახებ ვესაუბრები ჩემს მოსწავლეებს (და სტუდენტებსაც), სამ ასეთ შეკითხვას ვიშველიებ: 1. ამათგან რომელია ბუნებრივი და რომელი ტრადიციის შედეგად მიღებული შეთანხმების ნაყოფი: ა) კვირის შვიდდღიანი ციკლი; ბ) 365/6 დღიანი წელიწადი; გ) თვლის  ათობითი/ოცობითი სისტემა; დ) მათემატიკური მუდმივა პი; ე) მარცხნიდან მარჯვნივ კითხვა; ვ) ტანსაცმლის ტარება? ამ, ერთი შეხედვით, უმარტივეს შეკითხვაზე პასუხის გაცემა ჩემს მოსწავლეებს სხვაგვარად დააფიქრებს ხოლმე და ისინი ძალიან საინტერესო დასკვნამდეც მიდიან. საკითხში უკეთ გასარკვევად მეორე შეკითხვაც მაქვს: 2. რის (საქონლილს ხორცი, ღორის ხორცი, ძაღლის ხორცი, ლოკოკინები, ტარაკნები, ალკოჰოლი, გოგირდჟავა) დაგემოვნებას არ ისურვებენ და რატომ? როგორც ვხედავთ, მხოლოდ გოგირდმჟავაზე გაცემული უარყოფითი პასუხია გონივრული, სხვა დანარჩენ პასუხებს კულტურული ტრადიცია განაპირობებს. და ბოლოს ჩემი შეკითხვა ასეთია: 3. რამდენადაა ჩვენი წარმოდგენები რაიმე არასწორის მიმართ ტრადიციით განპირობებული და ეს წარმოდგენები ისეთივე იქნებოდა, სხვა გარემოში რომ გვეცხოვრა? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გამცემდნენ, უამრავ ტრადიციას ვიხსნებ, რომელიც სხვადასხვა კულტურაში ნორმაა, ჩვენთვის კი შესაზიზღი და არანორმალურია. ვინაიდან მე თავად ბერძნულ და რომაულ სამყაროს ვიკვლევ და ამ ორი ხალხის კულტურას სხვაზე კარგად ვიცნობ, ჩემი მაგალითები სწორედ ანტიკური სამყაროდანაა, თანაც წლების წინ კოლეგებთან ერთად კლავდიუს ელიანეს „ნაირ-ნაირი ამბებიც” ვთარგმნე (მახსოვს, როგორი შოკი მივიღე თარგმნისას, როცა გავიგე, რომ ერთ-ერთი კუნძულის ბინადრები მოხუცებს კეტებით უხეთქავდნენ თავს და მათი ამ გზით მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო; თუმცა მერე იაპონური ფილმი „ლეგენდა ნარაიამაზე” გამახსენდა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორი პატივია ასაკში შესული მშობლისთვის, თუკი იგი სახლში კი არ გარდაიცვლება ბუნებრივი სიკვდილით, არამედ, როცა დრო მოვა, შვილი მოიკიდებს ზურგზე და ასე აიყვანს მთაზე, სადაც სიკვდილთან შესაგებებლად ყოველგვარი საგზლის გარეშე მარტოს დატოვებს).

ამ ტრადიციების გახსენებისას ყველაზე საინტერესო მაინც ქრისტესშობის აღნიშვნაა. როგორც ვიცით, 7 იანვარს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნავენ შობას, დანარჩენები ამ განსაკუთრებულ დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. ტრადიცია გარეშეთათვის არც ისე ძნელი ასახსნელია, თუკი მათ შევახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ევროპულ ქვეყნებში, ამერიკის კონტინენტზე და აფრიკისა და აზიის მთელ რიგ ქვეყნებში პაპი გრეგორის მიერ მეთექვსმეტე საუკუნეში რეფორმირებულ იულიუსის კალენდარს მისდევს, მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილისთვის კი ამოსავალი იულიუს კეისრის კალენდარია, ეს კალენდარი ხომ რამდენიმე დღით ჩამორჩება რეფორმირებულ კალენდარს, ამიტომაც იულიუსის კალენდრის მიხედვით, 7 იანვარი 25 დეკემბერია, 1 იანვარი – 14 იანვარი, 25 მარტი – 7 აპრილი და ა.შ. რომელი კალენდარია გამართული, პროფესიონალების გადასაწყვეტია, ჩვენ კი, ტრადიციას ან ვემორჩილებით და სამოქალაქო კალენდრით დადგენილ 7 იანვარს 25 დეკემბერს აღვნიშნავთ ან ვაპროტესტებთ და ეკლესიას კალენდრის შეცვლას ვთხოვთ. არადა, ხშირად ორივე მხარე ვივიწყებთ, რაოდენ პირობითია თარიღები. მაგალითად, ამბობენ, რომ ამ კალენდრის გამო ავსტრიელები და რუსები დიდხანს დაობდნენ აუსტერლიცის ბრძოლის თარიღზე, ერთი გრეგორიანულ კალენდარს, მეორე კი იულიანურს აღიარებდა, ამიტომაც ბრძოლის თარიღის დადგენისას ცთომილება რამდენიმედღიანი იყო. ისტორიას ბევრი ასეთი მითი ახსოვს და მათი მოძიება ინტერნეტშიც შეიძლება. განსაკუთრებით ბევრი შეცდომა კი ახალი წელთაღრიცხვის შემოღებისას მოხდა. როგორც ცნობილია, დიონისე მცირემ (ექსიგუუსმა) მეექვსე საუკუნეში ქრისტეს დაბადების თარიღად რომის დაარსებიდან 753-ე წელი აიღო და, შესაბამისად, ახალი წელთაღრიცხვის ათვლა ქრისტეს შობას დაუკავშირა. არადა, უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ იესო (ცხადია, რომ ნული წელი არ არსებობს), პირველ საუკუნეში კი არა, პირველი საუკუნის დადგომამდე რამდენიმე წლით ადრე იშვა, ხოლო მისი დაბადების თვე და რიცხვი სხვადასხვაგვარია. იესოს დაბადების თარიღზე მკვლევარების მოსაზრება სახარებისეული ეპიზოდების კვლევითაა განპირობებული, თუმცა ერთპიროვნული შეთანხმება არც ამ საკითხში არსებობს. როგორც წესი, კვლევის ამოსავალ წერტილად მათეს სახარების რამდენიმე პასაჟს ეყრდნობიან: მინდორში გასული მწყემსები, რომლებიც ბეთლემის უჩვეულო ვარსკვლავს აკვირდებოდნენ, მხოლოდ გაზაფხულზე შეძლებდნენ ამის გაკეთებას – შესაბამისად, თუკი სახარებისეულ ამ ფაქტს დავუჯერებთ, იესო გაზაფხულზე დაიბადა; ჰეროდე ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გარდაიცვალა, ამიტომაც იესო ამაზე გვიან ვერ იცხოვრებდა; მოგვები, რომლებიც უჩვეულო სიკაშკაშის ვარსკვლავმა ბეთლემში მიიყვანა – ასტრონომები ამ საინტერესო მოვლენას რამდენიმენაირად ხსნიან (ცნობისთვის, ასტრონომებმა სიტყვა ვარსკვლავი თავიდანვე არასწორად მიიჩნიეს): სუპერნოვა; კომეტა, რომელსაც ქრისტეს შობამდე 5 წელს 70 დღე აკვირდებოდნენ ცაზე და მასზე ინფორმაცია ჩინურ წყაროებშია დაფიქსირებული; იუპიტერის და ვენერას შეხვედრა , რომელსაც ადგილი ჰქონდა ძველი წელთაღრიცხვის 2 წლის 17 ივნისს (ე.ი. იესო ზაფულში იშვა); და იუპიტერისა და სატუნის შეხვედრა (ამაზე ჩემს წერილშიც ვსაუბრობდი https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=8&id=537), რომელსაც ქრისტეს შობა ქრისტესშობამდე 7 წელს გადააქვს (ეს წინადადება ნამდვილად სასაცილოდ ჟღერს). ამ უკანასკნელ ვერსიას რამდენიმე პროპონენტი ჰყავს, მათგან ერთის, კაუფმანისის მოსაზრებით, პლანეტების შეხვედრა თევზის ზოდიაქოში შემდეგ თარიღებს შეესაბამება: პირველად ეს ულამაზესი მოვლენა 12 აპრილიდან 27 მაისამდე მოხდა, შემდეგი პლანეტათა შეხვედრა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო 5-7 ოქტომბერს, რამაც მოგვებს მოგზაურობისკენ უბიძგა, ხოლო ბოლოს იერუსალიმიდან სამხრეთით, რამდენიმე კოლიმეტრის დაშორებით, 1 დეკემბერს ბეთლემის თავზე შეიძლებოდა იუპიტერისა და სატურნის შეხვედრის დანახვა, რაც სახარებაში უჩვეულო სიკაშაკაშის ვარსკვლავის გამოჩენით დაფიქსირდა (https://www.astro.umn.edu/news/vol18.pdf). მათეს სახარებაში მოთხრობილ ამბავს რეალურად მიიჩნევენ ასტრონომები, მხოლოდ სიტყვა ვარსკვლავს არ ეთანხმებიან და არც მაინცდამაინც 25 დეკემბერს მიიჩნევენ უდიდესი სასწაულის დღედ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახარება თარიღებს არ გვისახელებს, ის მოვლენებს აღწერს, ქრისტეს შობის თარიღად 25 დეკემბერი კი პირველად მხოლოდ 336 წლის ჩანაწერში დასტურდება.

ასეა თუ ისე, ჩვენს ცოდნაში ბევრი რამაა პირობითი, ბევრი რამაა კულტურულ ტრადიციაზე დაფუძნებული და მეორადი ცოდნით განპირობებული. გავთავისუფლდეთ მეორადი ცოდნის მარწუხებისგან თუ მივიღოთ და ვაღიაროთ იგი, ეს ჩვენი გადასაწყვეტია… გავთავისუფლდებით და, ხომ კარგი; არ გავთავისუფლდებით და არც ამით დაშავდება რამე, თუკი ჩვენი, მეორადი ცოდნით მიღებული, შეხედულებები სხვის, ასევე მეორადი ცოდნით მიღებულ, წარმოდგენებს არ შეურაცხყოფს და სერიოზული საფრთხის ქვეშ არ დააყენებს გარშემომყოფების (ან საკუთრივ მათ) სიცოცხლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“