პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე მოზარდისთვის ერთ-ერთი უპირველესი გარემო ოჯახია, თუმცა ის ამ პროცესში, უამრავ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას აირეკლავს. ეს არის საზოგადოების, სკოლის, თანაკლასელების, მეგობრების, განსაკუთრებით კი – სოციალური მედიის გავლენას, რომელიც ჩვენს ეპოქაში ადამიანებზე ზემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ საშუალებად იქცა.
თანამედროვე მოზარდი სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელია და ხშირად მას ციფრული სამყაროს „აბორიგენსაც“ უწოდებენ. ის აქტიურად იყენებს აპლიკაციებს, ეცნობა უამრავ ციფრულ პლატფორმას, არ აქვს ენობრივი და ტექნიკური ბარიერები და სოციალური მედია მისი ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია.
მოზარდებისთვის სოციალური მედია ერთდროულად არის გართობის, კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღებისა და თვითგამოხატვის სივრცე. ამის მიუხედავად, ის მაინც იქცევა დროის ფლანგვისა და ემოციური გადაღლის წყაროდ. განუწყვეტელი „სქროლვა“, ვიზუალური სტიმულები, სწრაფად ცვალებადი კონტენტი – ეს ყველაფერი თანდათან ზღუდავს მოზარდის კონცენტრაციის უნარს, ამცირებს სწავლის ხარისხს და პირდაპირ აისახება მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, რასაც სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ.
სოციალური მედიის მაცდურ ძალასთან გამკლავება უფროსებსაც გვიჭირს, მოზარდები კი უფრო მეტად მოწყვლადნი ხდებიან მისი ზეგავლენის წინაშე. მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული სოციალური მედიისთვის საჭირო კრიტიკული ფილტრი, რის გამოც მისგან მოწოდებულ ტენდენციებს ხშირად უპირობოდ ენდობიან. ისინი იმეორებენ ტრენდებს, ირგებენ ქცევის მზა ფორმებს; ცდილობენ, მიემსგავსონ იმ ცნობილ და გავლენიან ციფრულ სახეებს – ინფლუენსერებს, რომელთაც დღის განმავლობაში უყურებენ…
დღევანდელი სამყარო ციფრული მარკეტინგის პრინციპებით იმართება. ინფლუენსერები ყოველდღიურად ქმნიან კომერციულ კონტენტს, რომელიც შეფუთულია სხვადასხვა სახელით: „ცხოვრების სტილი“, „პირადი გამოცდილების გაზიარება“ ან „მოტივაციის ამაღლება“. სინამდვილეში მათი რეალური მიზანი მომხმარებელში სურვილის გამოწვევაა. პარფიუმერია, სამოსი, აქსესუარები, ბიჟუტერია, სუნამოები, წიგნები, დღიურები, სასწავლო კურსები, სხვადასხვა სასარგებლო და უსარგებლო ნივთები – აპლიკაციის ერთი „ჩასქროლვაც“ კი დაგარწმუნებთ იმაში, რომ რასაც ხედავთ, ყველაფერი იყიდება. სურვილის გაჩენა კი ძალიან მარტივია, განსაკუთრებით მოზარდებში.
მოზარდობის პერიოდში თვითშეფასება განსაკუთრებით მყიფეა. ეს პერიოდი მოლიპულ ნიადაგზე გზის გაკვალვას ჰგავს, როდესაც თავდაჯერების მოსაპოვებლად მოზარდს სჭირდება ნამდვილი, ღირებული განმამტკიცებელი – მიღწევების, ძალისხმევის გამოჩენის, უნარების გაცნობიერების, გამბედაობის მოპოვებისა და განათლების სახით. თუმცა ხშირად თავდაჯერებულობის მოპოვებას ის ცრუ განმამტკიცებლებით ცდილობს: ძვირადღირებული ნივთებით, ბრენდებით, ვიზუალური ეფექტებით, რომელიც მოზარდს უჩენს იმის ილუზიას, რომ მათი შეძენით უფრო მშვენიერი, უფრო სასურველი და მისაღები გამოჩნდება თანატოლებს შორის.
სოციალური მედია ხშირად გვთავაზობს იდეალიზებული ცხოვრების სურათებსაც. ინსტაგრამისა და ტიკ-ტოკის გახსნაც საკმარისია, უმალ შემოგანათებს სწრაფი, ეფექტურად დამუშავებული „კონტენტი“ – ფილტრებით გალამაზებული სახეები, იდეალური, ნათელი და ლამაზი სახლები, ერთი სიტყვით უდარდელი ცხოვრება… მოზარდიც იწყებს შედარებას ციფრულ პერსონებთან, მასაც სურს, ჰქონდეს ეს ყველაფერი – ასეთი ლამაზი სხეული, ასეთი ნათელი სახლი მშვენიერი ხედებით, ასეთი ლამაზი ცხოვრება სავსე ათასი მშვენიერი ნივთითა და სამოსით. ეს შედარება ყოველ წამს ხდება, რა დროსაც მოზარდი გახსნის აპლიკაციას, მისი თვითშეფასება ეცემა, ხდება დეპრესიული, უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, ოჯახით, ახლობლებით, მიღწევებით, რადგან მისი ცხოვრება არ არის ისეთი ლამაზი კინო, ისეთი ლამაზი კადრებით სავსე, რომლებიც ცოტა ხნის წინ ნახა – ეს პირდაპირ იმედგაცრუებაა მისთვის.
სოციალური მედიის კიდევ ერთი ძლიერი კაუჭი სწრაფი წარმატებისა და იოლი ფულის შოვნის ილუზიაა. მოზარდებისთვის განსაკუთრებით მომხიბლავია იდეა, რომ შეიძლება არც კი ისწავლო და ძალიან სწრაფად გამდიდრდე, გახდე ცნობილი და წარმატებული მინიმალური ძალისხმევით – გამდიდრდე იმ იუთუბერივით, რომელსაც უყურებ და რომელმაც შენს თვალწინ აიშენა დიდი და ლამაზი სახლი ქალაქგარეთ. შემდეგ წამოიწყო ახალი წარმატებული ბიზნესი, შემდეგ კიდევ სხვა ბიზნესი და ა.შ. რეალური პროფესიული მიზნები, მისწრაფებები და სურვილები ამის ფონზე ხშირად უფასურდება და უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება. სოციალური მედიის ძალიან მღვრიე და მღელვარე წყლებში ტივტივისას მოზარდი კარგავს რეალურისა და არარეალურის გამიჯვნის უნარს, იმ კრიტიკულ ფილტრს, რომელიც მოვლენების რაციონალურად გადააზრების საშუალებას გვაძლევს.
სოციალური მედიის ტრენდები ქმნიან ღირებულებით ჩარჩოებს, ქცევის მოდელებსა და თვითაღქმის ფორმებს ყველასთვის, მათ შორის მოზარდებისთვისაც. მკაცრი, კრიტიკული ფილტრის გარეშე მათი მიღება ძალიან სერიოზულ რისკფაქტორად შეიძლება იქცეს ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის. მოზარდისთვის სოციალური მედიის გამოყენება, სახიფათო და საშიში მოგზაურობის დასაწყისია, სადაც გონივრული აკრძალვისა და მკაცრი საზღვრების დაწესებაა საჭირო. თუმცა, შეგვიძლია ვიპოვოთ ეს ზღვარი?
და მაინც – სამყარო უფრო ღრმა და მრავალფეროვანია, ვიდრე ის, რასაც აპლიკაციების ალგორითმები გვიჩვენებენ. ჩვენც ყოველ ჯერზე მოზარდებთან ერთად უნდა ვისწავლოთ, როგორ დავინახოთ, მოვუსმინოთ, აღმოვაჩინოთ და დრო დავუთმოთ რეალურ სამყაროს, რომელიც გაცილებით საინტერესო, ემოციებით დატვირთული და შთამბეჭდავია.


