ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
17 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

მედიაწიგნიერება საკლასო პრაქტიკაში – ერთი პროექტის გამოცდილება

  თანამედროვე საინფორმაციო გარემო არამარტო სწრაფად იცვლება, არამედ სულ უფრო მრავალშრიანი და რთულად გასარჩევი ხდება. განსაკუთრებით პრობლემურია ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში არევა, სტერეოტიპების გაძლიერება, ემოციური ნარატივებით მანიპულაცია, ცრუ ფოტო–ვიდეო მასალის ტირაჟირება და ინფორმაციის ფრაგმენტული მიწოდება. ასეთ პირობებში მოსწავლეებისთვის ხდება რთული იმის ამოცნობა, რა არის სანდო და რა — მიკერძოებული ან შეცვლილი.

ამ კონტექსტში მედიაწიგნიერება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა სკოლის განათლების პროცესში. ის არა მხოლოდ იცავს მოსწავლეებს საინფორმაციო მანიპულაციისგან, არამედ აძლიერებს მათ კრიტიკულ აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღების უნარს და პასუხისმგებლიან ონლაინ ქცევას.

წეროვნის №1 საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა. მისი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ისეთი უნარების ჩამოყალიბება, რომლებიც მათ დაეხმარებოდა რეალური, სანდო და დამაჯერებელი ინფორმაციის გაცნობასა და გაანალიზებაში.

პროექტის თავისებურება და მიზნები

პროექტი ეფუძნებოდა პრაქტიკულ საქმიანობას, რეალურ მედიატექსტებსა და მსჯელობის პროცესს.
მისი მთავარი მიზნები იყო:

  • მედიაწიგნიერებითი ანალიზის მნიშვნელობის გაცნობიერება;
  • ფაქტისა და მოსაზრების გარჩევა;
  • ფარული გზავნილების ამოცნობა;
  • სტერეოტიპების იდენტიფიცირება;
  • ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებაზე დაფუძნებული მსჯელობა.

პროექტმა მოსწავლეებს შესთავაზა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მათ კვლევით, შედარებით და ანალიტიკურ უნარებს ავითარებდა.

ფაქტისა და მოსაზრების გარჩევის სწავლება

მოსწავლეებმა პირველივე ეტაპზე ისწავლეს ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთისგან გარჩევა, რაც ინფორმაციის შეფასების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.

ფაქტი — შემოწმებადი, ობიექტური ინფორმაცია.
მოსაზრება — პირადი შეხედულება, ემოციური ან სუბიექტური შეფასება.

მაგალითად:

  • ფაქტი: „საქართველო კავკასიაში მდებარეობს.“
  • მოსაზრება: „საქართველო ლამაზი ქვეყანაა.“

ეს ეტაპი დაეხმარა მოსწავლეებს დაენახათ, რომ ერთი ფაქტის გარშემო შეიძლება ათეულობით ინტერპრეტაცია არსებობდეს.

სტერეოტიპული აზროვნების გამოვლენა

სტერეოტიპები ხშირად იქმნება განმეორებით მოსაზრებებზე დაყრდნობით და რეალობასთან შეუსაბამო წარმოდგენებს აყალიბებს. მოსწავლეებმა განიხილეს, როგორ ამძაფრებს სტერეოტიპებს მედია, როგორ ზეგავლენას ახდენს ისინი მკითხველზე და რატომ გვიჩენს მცდარ წარმოდგენებს ადამიანებზე ან მოვლენებზე.

მიკერძოებული სტატიის ანალიზი

პროექტის ერთ-ერთ მთავარ მაგალითს წარმოადგენდა ბულგარეთში გამოქვეყნებული სტატიის ანალიზი, სადაც ბოშათა ჯგუფი ძალადობრივი და სახიფათო კონტექსტში იყო წარმოჩენილი.

მოსწავლეებმა გამოიკვლიეს:

  • რა სიტყვებით ქმნიდა ჟურნალისტი საფრთხის განცდას;
  • რის დამალვას ცდილობდა ტექსტი;
  • რამდენად ადეკვატური იყო სათაური შინაარსთან შედარებით;
  • რას ვერ ამოწმებდა მკითხველი;
  • რა ნიშნებით აზუსტებდა სტატია სტერეოტიპულ წარმოდგენებს.

მედიაწიგნიერებითი ანალიზი მხოლოდ თანამედროვე მედიით არ შემოიფარგლება — იგივე კითხვები აუცილებელია ისტორიული წყაროების გააზრებისასაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტექსტი ავტორის პოზიციასა და ეპოქის იდეოლოგიურ კონტექსტს ასახავს.

წყარო  რუსი მოხელე არნოლდ ზისერმანი აღწერს კახელი თავადის ოჯახურ გარემოს
„1840-იან წლებში სოფელ მატანში კახელი თავადი ჩოლოყაშვილი გალავანშემოვლებულ სახლში ცხოვრობდა. შიგნითვე ჰქონდა ეკლესია. კაცებს და ქალებს ცალ-ცალკე ოთახები ეჭირათ. ქალები კაცების საზოგადოებაში არ გამოდიოდნენ. შეგნით ოთახებში, კედლების გასწვრივ, იდგა სპარსული ნოხებით დაფარული ტახტები. კედლებზე ბლომად იარაღი ეკიდა, კუთხეებში განჯინები იყო მოთავსებული ნაირნაირი სასმისებით. სახლში ტრიალებდნენ ცუდად ჩაცმული უმაქნისი მსახურები. მასთან მისულ სტუმარს თავადი სხვადასხვაგვარად იღებდა: ზოგი გალავანს იქით უნდა ჩამოქვეითებულიყო, ჩოხის კალთები გაესწორებინა და წინასწარი მოხსენების შემდეგ შესულიყო თავადთან; ზოგი სტუმარი ციხის კარებთანვე დაქვეითდებოდა და ჩოლოყაშვილთან წინასწარი გაფრთხილების გარეშე შედიოდა; ზოგს კი ჩოლოყაშვილი თვითონ გაეგებებოდა ეზოში და თავად შეუძღვებოდა სახლში.“

  • მოგონების ავტორი მხოლოდ ფაქტებს აღწერს თუ დასკვნებიც გამოაქვს? პასუხი დაასაბუთე.
  • რომელ კულტურულ ტრადიციებზე მიუთითებს სახლის მორთვა, ქალების განცალკევება?
  • შეაფასე სტუმრების მიღების წესი – თქვენი დაკვირვებით, რომელი საზოგადოების სამართლებრივ კულტურაზე მიანიშნებს იგი?
  • გაიხსენე XIX საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და ყურადღება მიაქციე წყაროს ავტორის ეროვნებასა და სამსახურს. როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა ამ მონაცემებს მნიშვნელობა წყაროს სანდობის დასადგენად და გზავნილი სიგნალის ამოსაცნობად? თუ აქვს, როგორ?
  • კიდევ რა დამატებითი ინფორმაცი დაგჭირდებოდა საქართველოს იმდროინდელი სოციალური განვითარების დონის დასადგენად? რატომ არ მოჰყავს რუს მოხელეს ასეთი ინფორმაცია?

მედიაწიგნიერებითი კრიტიკული შეკითხვები

პროექტის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა კრიტიკული კითხვების გამოყენება.
მოსწავლეები სწავლობდნენ კითხვებს, რომელთა დასმა აუცილებელია ნებისმიერი მედიაგზავნილის შეფასებისას:

  • ვინ შექმნა ეს ინფორმაცია?
  • რისთვის შეიქმნა?
  • ვის აძლევს ხელს?
  • რა არის გამოტოვებული?
  • რა წყაროზეა დაფუძნებული?
  • ფაქტია ეს, მოსაზრება თუ სტერეოტიპი?
  • ვის შეიძლება აზარალოს ეს გზავნილი?

ამ კითხვებმა მოსწავლეებს ასწავლა პასუხისმგებლიანი, გააზრებული და საფუძვლიანი ანალიზი.

ფოტოსურათების ავთენტურობის გადამოწმება

რადგან, თანამედროვე ონლაინ სივრცეში ვიზუალური მასალაც აღარ არის ბოლომდე სანდო. ამიტომ მოსწავლეებმა ისწავლეს:

  • ფოტოს წყაროს მოძიება;
  • რევერსული ძებნის პრინციპები;
  • მონტაჟისა და ხელოვნური დამუშავების ნიშნების აღმოჩენა;
  • სანდოობის შეფასების კრიტერიუმები.

 

სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის წყარო

პროექტში ჩართული იყო სოციალურ მედიაზე დაფუძნებული „სახუმარო ვიზის“ ანალიზიც. მოსწავლეებმა განსაზღვრეს, შეიძლებოდა თუ არა ასეთი მასალის სანდო წყაროდ გამოყენება.

ისინი აფასებდნენ:

  • პროფილის ნამდვილობას;
  • ფოტოს დამუშავებას;
  • წაშლილ მონაცემებს;
  • ინფორმაციის მიზანსა და კონტექსტს.

ისტორიული წყაროების მედიაწიგნიერებითი ანალიზი

საინტერესო მაგალითი იყო ნაპოლეონის შესახებ ფრანგული პრესის სათაურების ქრონოლოგია. მოსწავლეებმა დაინახეს, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფიგურის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს პოლიტიკური გარემოს მიხედვით — „დრაკონიდან“ „იმპერატორამდე“.

მედიაინფორმაციაში სიმართლის გასაგებად განკუთვნილ რომელ შეკითხვებს დასვამდით ამ ფოტოსურათების ნამდვილობის დასადგენად?
რომელი ფოტოებია ნამდვილი და რომელი ყალბი?
რა მიზნით გაყალბდა ფოტოსურათები?

შემაჯამებელი ინდივიდუალური სამუშაო – „გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი“

პროექტის დასასრულს მოსწავლეები ასრულებენ შემაჯამებელ ინდივიდუალურ სამუშაოს – ონლაინ ინტერაქტიულ თამაშს „გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი“ (Millab.ge), რომლის მიზანია პროექტის ფარგლებში შეძენილი უნარების თვითშემოწმება და გააზრება. აღნიშნული აქტივობა ეყრდნობა თვითშეფასების პრინციპს და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შეაფასოს საკუთარი პროგრესი, გადაწყვეტილებების სისწორე და მიღებული ცოდნის გამოყენების ხარისხი.

თამაშის ფორმატი ინტერაქტიულია და მოითხოვს მოსწავლისგან ყურადღებას, კრიტიკულ აზროვნებასა და ინფორმაციის გააზრებულ ანალიზს. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს, რომლებიც დაკავშირებულია სიმართლის ამოცნობასთან, ფაქტებისა და ინტერპრეტაციების გარჩევასთან, რაც პირდაპირ უკავშირდება პროექტის საგანმანათლებლო მიზნებს. ამ პროცესში აქტიურდება მეტაკოგნიტიური უნარები – მოსწავლე აფიქსირებს, რას იცის, რაში ეჭვობს და სად სჭირდება დამატებითი მუშაობა.

შემაჯამებელი სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად (დრო – 10 წუთი), რაც უზრუნველყოფს შედეგების ობიექტურობას და თითოეული მოსწავლის პირადი მიღწევების წარმოჩენას. აღნიშნული აქტივობა არა მხოლოდ აფასებს შედეგს, არამედ ასრულებს განმავითარებელ ფუნქციასაც, რადგან თვითშეფასების მექანიზმის მეშვეობით მოსწავლე უკეთ აცნობიერებს საკუთარ ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს.

ინტერაქტიული რესურსის გამოყენება ( http://millab.ge/ka/game/gazome-simartle-da-sakutari-cxviri/5 ) ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ამცირებს შეფასებასთან დაკავშირებულ სტრესს და ქმნის პოზიტიურ სასწავლო გამოცდილებას, რაც პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ეს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ისტორიული წყაროც კი საჭიროებს მედიაწიგნიერებით გააზრებას და კონტექსტის სწორად წაკითხვას.

პროექტმა ნათლად დაადასტურა, რომ მედიაწიგნიერება შეიძლება გახდეს ეფექტიანი ინსტრუმენტი მოსწავლეთა:

  • კრიტიკული აზროვნების,
  • ინფორმაციის შეფასების,
  • სტერეოტიპებთან ბრძოლის,
  • წყაროების ანალიზის,
  • პასუხისმგებლიანი ონლაინქცევის განვითარებისათვის.

მიღებული შედეგები მოწმობს, რომ მსგავსი პროექტები არა მხოლოდ საგნობრივ კომპეტენციებს აძლიერებს, არამედ ზრდის მოსწავლეთა მედიაცნობიერებას და აახლოებს მათ რეალურ, სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროსთან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“