ორშაბათი, მარტი 2, 2026
2 მარტი, ორშაბათი, 2026

მედიაწიგნიერების ახალი გაკვეთილები

პრაქტიკული სცენარები და ეთიკური დილემები ხელოვნურ ინტელექტზე  სასაუბროდ

ცნობილი იტალიელი მწერალი იტალო კალვინო „კოსმოკომიკური ამბების“  ერთ-ერთ თავში „სამყაროს მეხსიერება – რეალობა და უფრო მეტად რეალობა“   წერს, რომ მშრალი ფაქტებისა და სინამდვილის შეგროვებას,  რეალობის  გაყალბება და გაუფასურება შეუძლია. როგორც ის ამბობს, ჩვენი ცნობიერების გარღვევა მხოლოდ გაურკვეველ, ბუნდოვან ამბებს ხელეწიფება და არა ცხად, მშრალ და დაზუსტებულ ინფორმაციას. ამიტომაც ინფორმაციას ყოველთვის  უნდა დაემატოს ის, რაც სუბიექტურია, საეჭვოა. მეტიც – უნდა დაემატოს ტყუილიც.

საეჭვო და გამოგონილი ამბების დეფიციტს დღეს ჩვენი საინფორმაციო ველი არ განიცდის. უკვე შესაძლებელია, ჩვენი თვალით ნანახი ვიდეო ან ფოტო   ყალბი  იყოს, ჩვენი  საყვარელი მწერლის ახალი ნაწარმოები-  ალგორითმის მიერ გენერირებული. ეს მომავლის ამბავი არ არის, ეს უკვე  რეალობაა. ამიტომაც ხელოვნური ინტელექტი ცვლის არა მხოლოდ სწავლების მეთოდებს, არამედ თავად სიმართლის ცნებას. მასწავლებლის როლი დღეს უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე, რადგან თანამედროვე სამყაროს მოსწავლეები არამხოლოდ ცოდნით, არამედ „ციფრული იმუნიტეტითაც“ უნდა აღვჭურვოთ.

როგორ ვაქციოთ AI მოკავშირედ მედიაწიგნიერების გაკვეთილზე?

 

ხელოვნური ინტელექტი და მედიაწიგნიერება – ეს არის თანამედროვე განათლების ორი განუყოფელი ნაწილი. საკლასო ოთახში ამ თემების შეტანა ხშირად სირთულეებთან ასოცირდება, თუმცა,  სწორად შერჩეული ინტერაქციული მეთოდები და ეთიკური დილემების ანალიზი, პროცესს საინტერესოსა და შედეგიანს ხდის.

სტატიაში  განვიხილავთ სიტუაციურ ამოცანებსა და მაგალითებს, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელს,  მოსწავლეს განუვითაროს ტექნოლოგიების მიმართ მედიაწიგნიერი  და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და საკლასო ოთახი აქციოს კრიტიკული აზროვნების ლაბორატორიად.

სადისკუსიო თემები  ეთიკური დილემებისთვის

  • პასუხისმგებლობის გადანაწილება

აღმოვაჩინეთ, რომ AI-მ დაუშვა შეცდომა. ვინ არის პასუხისმგებელი:  ვინც ალგორითმი შექმნა, მომხმარებელი, ვინც კითხვა დაუსვა  თუ თავად AI?

  • საკუთრების უფლება

თუ AI-მ ჩემი ნახატების საფუძველზე ახალი სურათი შექმნა, ის ჩემია, AI-ის თუ საერთოა? მიზანი: არგუმენტირებული მსჯელობისა და აქტიური მოსმენის უნარის განვითარება.

  • სიტუაციური ამოცანა- “ალგორითმული ბუშტი”

„გიორგის  ძალიან უყვარს ვიდეოთამაშები. AI-მ შეამჩნია ეს და მის სოციალურ ქსელში მხოლოდ ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული სიახლეები და რეკლამები ჩანს. გიორგის ჰგონია, რომ სამყაროში სხვა მნიშვნელოვანი არაფერი ხდება“.

დავალება მოსწავლეებისთვის:  შეადგინეთ 3-პუნქტიანი გეგმა, როგორ უნდა „გააფართოოს“ გიორგიმ  თვალსაწიერი და როგორ „აიძულოს“ ალგორითმი, სხვადასხვაგვარი ინფორმაცია მიაწოდოს მას.

  • დავალება მედიაანალიზისთვის – “ტექსტის დეტექტივი”

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ორ ტექსტს ერთსა და იმავე თემაზე (მაგ. „ვაჟა-ფშაველა და კოსმოპოლიტიზმი“)  ერთი დაწერილია მეცნიერის მიერ, მეორე — AI-ის მიერ (რომელსაც შესაძლოა მარაგში ჰქონდეს არაზუსტი, მცდარი ინფორმაცია ). დავალება მოსწავლეებისთვის: მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ SIFT მეთოდი და გააკეთონ დასკვნები:

Stop (გაჩერდი), Investigate the source (შეამოწმე წყარო), Find better coverage (მოძებნე სხვაგანაც),

Trace back to context (მიჰყევი პირველწყარომდე).

  • ეთიკური დილემის სცენარი: “მეგობარი ბოტი”

დილემა: „თქვენს კლასელს ძალიან უჭირს თანაკლასელთან ურთიერთობა და გაურბის ახალ კავშირებს. ამიტომ  გადაწყვიტა, მხოლოდ ჩატბოტთან იმეგობროს, რომელიც ყოველთვის ეთანხმება და აქებს. ეს მას ბედნიერს ხდის, მაგრამ რეალურ ადამიანებთან ურთიერთობას საერთოდ წყვეტს.

კითხვა: არის თუ არა ეს პრობლემა? უნდა აგრძნობინოთ, რომ სახიფათოა მხოლოდ გამოგონილ სინამდვილეში ყოფნა?  სად გადის ზღვარი დამხმარე ტექნოლოგიასა და იზოლაციას შორის?

  • სიტუაციური ამოცანები- “ალგორითმების ტყვეობაში”

ამოცანა: მოსწავლეებს მივცეთ  სოციალური ქსელის “ექო-კამერის” მაგალითი. მარიამს  მხოლოდ ერთი ტიპის პოლიტიკური ნიუსები ხვდება მის Feed-ზე, რადგან AI ასე ურჩევს.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს მარიამი, რომ ინფორმაციული ბუშტიდან გამოვიდეს და ობიექტური სურათი დაინახოს?

  • როლური თამაშები -“სარედაქციო დილემები”

როლები: ჟურნალისტი, რედაქტორი, AI-ინჟინერი და ეთიკის ექსპერტი.

რედაქციამ უნდა გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა სტატია, რომელიც მთლიანად ChatGPT-ის მიერაა დაწერილი. თითოეულმა მხარემ, თავისი პოზიციიდან ( ხარისხი, პასუხისმგებლობა, ეთიკა), უნდა დაიცვას არგუმენტი. არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების შეჯერებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

  • ეთიკური დილემა- “მეგობარი ბოტი” (სადისკუსიო ბარათები)

მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ბარათებს, სადაც მოცემულია დილემის განვითარების სხვადასხვა გზა:

  1. თქვენი მეგობარი AI-ს უყვება საიდუმლოს, რომელსაც თქვენც კი არ გეუბნებათ. ღელავთ თუ არა მისი  პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე?
  2. AI-მ მეგობარს ურჩია, რომ ადამიანები არასაიმედოები არიან და სჯობს, დრო მარტო გაატაროს. როგორ მოიქცევით?

 

 

  • სიტუაციური ამოცანა: “პრომპტ-ინჟინერია”

კლასი იყოფა ორ ჯგუფად.  ერთმა ჯგუფმა უნდა დაწეროს მოკლე ესე თემაზე – „ჩემი თავისუფლება“ .

მეორე ჯგუფმა უნდა „აიძულოს“ AI, დაწეროს ესე იმავე თემაზე, ოღონდ ისე, რომ ტექსტში იგრძნობოდეს ცოცხალი ემოციები  და გამოყენებული იყოს მინიმუმ სამი მეტაფორა.

კლასი ადარებს ნამუშევრებს და აღმოაჩენს, სად ჩანს ადამიანის „სული“ და სად „ტექნიკური“ სრულყოფილება?

 

როლური თამაში  – სასამართლო პროცესი: „ვინ არის ავტორი?“

 

სკოლის ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა მოთხრობამ- „დროში მოგზაური“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოსწავლემ ტექსტის შექმნის პროცესში გამოიყენა ChatGPT. ამ ფაქტმა ჟიურის წევრებს შორის  აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:   ნაწილი მიიჩნევს, რომ პრიზი დაუმსახურებლად გადაეცა გამარჯვებულს, რადგან ნამუშევარი არ არის სრულად ავტორის ინდივიდუალური შემოქმედება; მეორე ნაწილი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ახალი ეპოქის ინსტრუმენტს და მისი გამოყენება თავისთავად არ გამორიცხავს ავტორობას.

მოცემული აქტივობა წარმოადგენს როლურ სასამართლო პროცესს, რომლის მიზანია ავტორობის, შემოქმედებისა და აკადემიური ეთიკის საკითხების კრიტიკული გააზრება ციფრული ეპოქის კონტექსტში.

 

როლები და პოზიციები

მოსწავლე (ბრალდებული)

პოზიცია:
მოსწავლე ამტკიცებს, რომ იდეა, სიუჟეტის კონცეფცია და ტექსტის საბოლოო რედაქტირება ეკუთვნის მას.

არგუმენტი:
„მე მივაწოდე იდეა, დავწერე დეტალური ინსტრუქცია და გადავამუშავე AI-ის მიერ გენერირებული ტექსტი. ჩემთვის ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი — ისევე როგორც მხატვრისთვის ფუნჯი ან მათემატიკოსისთვის კალკულატორი.“

 

ლიტერატურის მასწავლებელი (ბრალმდებელი)

პოზიცია:
კონკურსის არსი ეფუძნება ინდივიდუალურ შემოქმედებას, ავტორის ემოციურ გამოცდილებასა და უნიკალურ სტილს.

არგუმენტი:
„ხელოვნური ინტელექტი ქმნის ტექსტს უკვე არსებული ნიმუშების დამუშავებით. ამ შემთხვევაში, შედეგი წარმოადგენს ალგორითმულ კომპილაციას და არა ავთენტურ შემოქმედებას. შესაბამისად, ეს შეიძლება ჩაითვალოს პლაგიატის ფორმად.“

 

AI-ტექნოლოგიების ექსპერტი (მოწმე)

პოზიცია:
ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია ცნობიერება ან ავტორობის განცდა.

არგუმენტი:
„AI მუშაობს სტატისტიკური და ალბათობრივი მოდელების საფუძველზე — ის აწყობს სიტყვებს იმგვარად, როგორც ეს  სავარაუდოა მოცემულ კონტექსტში. თუმცა, ხარისხიანი შედეგის მისაღებად აუცილებელია ადამიანის მხრიდან გააზრებული და მიზანმიმართული ინსტრუქციები.“

 

ჟიურის თავმჯდომარე (მოსამართლე)

სვამს დამაზუსტებელ კითხვებს:

  • იყო თუ არა კონკურსის წესებში განსაზღვრული AI-ის გამოყენების პირობები?
  • რა იყო მოსწავლის რეალური შემოქმედებითი წვლილი?
  • შეიძლება თუ არა AI ჩაითვალოს მხოლოდ ტექნიკურ ინსტრუმენტად?

საბოლოოდ, თავმჯდომარე აყალიბებს ვერდიქტს, რომელიც ეფუძნება არგუმენტირებულ მსჯელობასა და ეთიკური სტანდარტების შეფასებას.

 

აქვე გთავაზობთ  მასწავლებლის შეფასების რუბრიკას, რომლის საშუალებით შეგიძლიათ შეაფასოთ როგორც ჯგუფური პრეზენტაცია, ისე ინდივიდუალური ნამუშევარი.

კრიტერიუმი მაღალი დონე (3 ქულა) საშუალო დონე (2 ქულა) დაბალი დონე (1 ქულა)
პრობლემის გააზრება ზუსტად განსაზღვრავს ეთიკურ დილემას და ხედავს ფარულ საფრთხეებს. ხედავს მხოლოდ ზედაპირულ პრობლემას. უჭირს იმის გაგება, თუ რატომ არის ეს სიტუაცია პრობლემური.
არგუმენტაცია მოჰყავს მინიმუმ 2-3 მყარი, ლოგიკური არგუმენტი ორივე მხარისთვის. მოჰყავს 1-2 არგუმენტი, თუმცა ისინი შეიძლება იყოს სუბიექტური. პოზიციას გამოხატავს მხოლოდ „მომწონს/არ მომწონს“ დონეზე.
მედიაწიგნიერება აანალიზებს AI-ის მუშაობის პრინციპს (ალგორითმი, მონაცემები, მიკერძოება). ახსენებს ტექნოლოგიას, მაგრამ ზედაპირულად. საერთოდ არ ითვალისწინებს ტექნოლოგიურ სპეციფიკას.
ეთიკური ხედვა ითვალისწინებს სხვების გრძნობებს, უფლებებსა და სამართლიანობას. საუბრობს მხოლოდ საკუთარი ან ერთი მხარის პოზიციიდან. არ ამჟღავნებს ემპათიას ან პასუხისმგებლობის გრძნობას.

 

ხელოვნური ინტელექტი არ არის საფრთხე მანამ, სანამ ჩვენი კრიტიკული აზროვნება მასზე უფრო სწრაფად ვითარდება. მასწავლებლის ამოცანა დღეს არა ტექნოლოგიებთან ბრძოლა, არამედ იმ უნარების გაძლიერებაა, რომლებიც AI-ს არ გააჩნია: ემპათია, კონტექსტის გაგება და მორალური პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ესაუბროს მოსწავლეებს, განიხილოს და აუხსნას მათ, რომ ხელოვნური ინტელექტი საჭირო ინსტრუმენტია და ასწავლოს მათ AI-ს  საჭიროებისამებრ, ეთიკურად  გამოყენების ხერხები და მეთოდები.

მედიაწიგნიერების ახალი გაკვეთილები  სწორედ ამას ემსახურება — ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, იყვნენ არამხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ მათი გონიერი და ეთიკური მმართველები.

გამოყენებული ლიტერატურა :

UNESCO MIL Curriculum for Educators

AI Literacy Lessons for Every Grade

AI Ethics Education Curriculum

Civic Online Reasoning – Stanford

Reuters Institute for the Study of Journalism

Check, Please! Starter Course

Milli.ge – მედიაწიგნიერება

Mediachecker.ge

იტალონო კალვინო „კოსმოკომიკური ამბები“, სულაკაურის გამოცემლობა, 2022

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“