ჟურნალი „მასწავლებლი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ხუციშვილს, ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შეიქმნა, მისი ძირითადი მისია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო, რაც გულისხმობდა მასწავლებლის უზრუნველყოფას შესაბამისი რესურსებითა და სერვისებით. დღეს რა არის ცენტრის მთავარი მისია და როგორ ხედავთ მის როლს საქართველოში, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების კონტექსტში?
მინდა მივესალმო ჟურნალ ,,მასწავლებლის“ მრავალრიცხოვან მკითხველს და ვუსურვო წარმატება. დღეს, ცენტრის მისია ხარისხზე ორიენტირებული, კვლევებზე დაფუძნებული და სისტემურად გამართული პროფესიული განვითარების მოდელის უზრუნველყოფაა. ჩვენი ამოცანაა მასწავლებელს და სასკოლო საზოგადოებას, მათი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო, სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან სრულ თანხვედრაში მყოფი რესურსები და შესაბამისი სერვისები შევთავაზოთ.
განათლების რეფორმა მხარს უჭერს კომპეტენტურ, თანამედროვე პედაგოგიკურ მიდგომებზე ორიენტირებულ, უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში ჩართულ მასწავლებელს. ცენტრის როლი ამ პროცესში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სტანდარტების განმტკიცება, მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მასწავლებლის მხარდაჭერის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაა.
საინტერესო იქნება ცენტრის პროგრამებისა და ძირითადი მიმართულებების მიმოხილვა, რათა მკითხველმა უკეთ დაინახოს მიმდინარე პროცესები და ის საქმიანობა, რომელსაც ამ ეტაპზე ცენტრი ახორციელებს.
ცენტრის საქმიანობის მთავარი ღერძი მასწავლებლის პროფესიული განვითარებაა – ჩვენი ამოცანაა, პროფესიული მხარდაჭერა იყოს სისტემური, სტანდარტზე დაფუძნებული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული. თითოეული ინიციატივა უნდა შეესაბამებოდეს როგორც ეროვნულ პრიორიტეტებს, ისე კონკრეტული სკოლისა და მასწავლებლის მოთხოვნებს.
უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების სამსახური კოორდინაციას უწევს პროგრამებს და უზრუნველყოფს ტრენინგების ერთიან პროცედურებსა და ხარისხის სტანდარტებს, რათა ორგანიზებულად, ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზით განხორციელდეს ცენტრის სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციართათვის დაგეგმილი პროფესიული განვითარების ღონისძიებები.
სტანდარტებისა და რესურსების პროგრამა ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მიზნად ისახავს პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას. პროგრამა ორიენტირებულია ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნაზე, ტექნოლოგიების გააზრებულ ინტეგრაციაზე, საგნობრივი და ზოგადი უნარების განვითარებაზე, ასევე STEAM განათლების მხარდაჭერაზე. მისი მთავარი ვექტორია პრინციპი — თანამედროვე მასწავლებელი ნიშნავს ძლიერ სკოლას, რადგან სწორედ მასწავლებლის პროფესიული ზრდა განსაზღვრავს სკოლის განვითარებასა და მოსწავლეთა შედეგებს.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას საქართველოს მაღალმთიან და ბარის შორეული სოფლის სკოლებში. კონკურსით შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები ერთი აკადემიური წლით საქმიანობენ შესაბამის საჯარო სკოლებში, ავსებენ კადრების დეფიციტს და თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, ადგილობრივ პედაგოგებთან თანამშრომლობით, ზრდიან სწავლების ხარისხს. პროგრამა უზრუნველყოფს მათ უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას. უცხოენოვანი მოხალისეების ჩართულობა კი დამატებით აძლიერებს ენობრივ გარემოს, მოსწავლეთა კომუნიკაციურ უნარებს და პროფესიულ კულტურას, რაც ქმნის სკოლის გრძელვადიანი განვითარების საფუძველს.
არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და ემსახურება სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერებას. პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები არამხოლოდ ავსებენ კადრების დეფიციტს, არამედ ნერგავენ თანამედროვე სწავლების მიდგომებს, ახორციელებენ არაფორმალურ პროექტებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ადგილობრივ კოლეგებს, რაც დადებითად აისახება როგორც აკადემიურ შედეგებზე, ისე – სასკოლო კულტურაზე.
არაფორმალური განათლების პროგრამა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სერვისებს სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ და ენობრივ კონტექსტში. მისი ბენეფიციარები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, საზღვარგარეთ მცხოვრები არასრულწლოვნები და საკვირაო სკოლების პედაგოგები. ცენტრის ადმინისტრირებადი ელექტრონული პლატფორმა უზრუნველყოფს მიზნობრივი და ადაპტირებული სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობას ბენეფიციარებისთვის. პროგრამა ახორციელებს მასწავლებელთა სუპერვიზიასა და პროფესიულ მხარდაჭერას.
დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებებისა და eTwinning-ის პროგრამა 2013 წლიდან, ევროკომისიასთან თანამშრომლობით, აძლიერებს საერთაშორისო სასკოლო თანამშრომლობას. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური პრაქტიკების დანერგვას, ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და მასწავლებელთა კომპეტენციების გაძლიერებას ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების საშუალებით.
მასწავლებლის პროფესიის რეგულირებისა და სკოლების მხარდაჭერის პროგრამა უზრუნველყოფს პროფესიის მარეგულირებელი ჩარჩოს ეფექტიან დანერგვას. პროგრამა მართავს სტატუსების მინიჭების, კარიერული წინსვლისა და პროფესიულ სისტემაში შესვლის პროცესებს, ადმინისტრირებას უწევს მასწავლებელთა ვაკანსიების ელექტრონულ პლატფორმას და ხელს უწყობს პროფესიის პოპულარიზაციას, მათ შორის, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მხარდაჭერით.
ციფრული პლატფორმების მხარდამჭერი პროგრამა აგებულია „ერთი სივრცის“ პრინციპზე და უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოებისათვის ცენტრისა და მისი პარტნიორების მიერ შექმნილი სანდო, აკადემიური რესურსებისა და სერვისების ერთიან ციფრულ გარემოში ხელმისაწვდომობას. აღნიშნული პროგრამის პროდუქტებია ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, რომლებიც პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას ემსახურებიან. ამ ციფრული ეკოსისტემის ნაწილია ახალი საგანმანათლებლო პორტალი educationhouse.ge, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიან დანერგვას უწყობს ხელს და ბენეფიციარებს სთავაზობს მრავალფეროვან მეთოდურ, საგანმანათლებლო და პროფესიულ რესურსებს.
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ განათლებაში. პროგრამა გულისხმობს სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლების გაგზავნას საქართველოს მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში, მოიცავს პროფესიული განვითარების პროგრამებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერას, ადაპტირებული რესურსების შექმნას და სოციალური მუშაობის სერტიფიცირების კურსის განხორციელებას.
სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა ორიენტირებულია აღმზრდელ-პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და ადრეული განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვაზე. პროგრამა მოიცავს ტრენინგმოდულების შექმნასა და პილოტირებას, კვალიფიციური ტრენერების მომზადებას, რესურსების განვითარებას და კურიკულუმის პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერას.
რის საფუძველზე სთავაზობს ცენტრი მასწავლებლებს მათთვის საჭირო და შესაბამის სერვისებსა და რესურსებს, მათ შორის ტრენინგებს?
არსებობს თუ არა მასწავლებელთა საჭიროებების კვლევა ან სხვა მექანიზმები, რომლებიც პროგრამების დაგეგმვისას გათვალისწინებულია?
პროგრამების დაგეგმვა ეფუძნება სხვადასხვა წყაროს მონაცემებს. ცენტრი იყენებს:
- მასწავლებელთა საჭიროებების კვლევებს;
- უკუკავშირის სისტემებს (ტრენინგების შემდგომი შეფასებები);
- შეფასების პროცესში მიღებულ მონაცემებს;
- სკოლებთან და რესურსცენტრებთან კონსულტაციებს;
- საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროგრამები არ იყოს ფორმალური და ეფუძნებოდეს რეალურ პროფესიულ საჭიროებებს. ამ მიზნით, ცენტრის პროგრამული მონიტორინგის, ანალიზისა და სტრატეგიული თანამშრომლობის სამსახურის მკვლევრების მიერ მიმდინარეობს პროგრამების ეფექტიანობის კვლევა. კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები მომავალში, ცენტრის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების საფუძველი გახდება.
როგორ აფასებთ ცენტრის პროგრამების ეფექტიანობას და რა კონკრეტული ინდიკატორებით ხდება ეს შეფასება?
ცენტრის პროგრამების ეფექტიანობის შეფასება ხდება როგორც რაოდენობრივი, ისე – ხარისხობრივი ინდიკატორებით. მათ შორის:
- მასწავლებელთა მონაწილეობისა და ტრენინგების წარმატებით დასრულების მაჩვენებლები;
- მასწავლებელთა კმაყოფილების ინდექსი;
- პროფესიული წინსვლის დინამიკა;
- სასწავლო პროცესში დანერგილი პრაქტიკული ცვლილებები;
- გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება მოსწავლეთა შედეგებთან კავშირი.
ჩვენ ვმუშაობთ მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების გაძლიერებაზე, რათა თითოეული პროგრამა შეფასდეს როგორც პროცესის მიმდინარეობის, ისე – შედეგის მიხედვით.
როგორ ხდება პროგრამების ადაპტირება სხვადასხვა გამოცდილების მქონე მასწავლებლებისთვის?
ცენტრი ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზის განსხვავებულ ეტაპებს. მიღებული გვაქვს დამწყები/მაძიებელი მასწავლებლების მხარდამჭერი სპეციალური მოდულების შექმნის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გაგრძელდება კარიერული წინსვლის საფეხურების შესაბამისი ტრენინგ-პროგრამები და გაღრმავებული საგნობრივი ტრენინგები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგების ორგანიზებას.
პროფესიული განვითარება უნდა იყოს დიფერენცირებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული.
თქვენი აზრით, ბოლო წლებში, რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას მასწავლებელთა პროფესიული განვითარება საქართველოში?
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა პროფესიული განვითარების კულტურის ისე ჩამოყალიბება, რომ ეს პროცესი აღიქმებოდეს არა ვალდებულებად, არამედ პროფესიულ ღირებულებად.
მნიშვნელოვანია, რეგიონებში ხარისხიან რესურსებსა და პროფესიული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა; სწრაფად ცვალებად საგანმანათლებლო რეალობასთან ადაპტაცია; ციფრული კომპეტენციების გაძლიერება; მასწავლებელთა შეფასების სისტემისადმი ნდობის გაღრმავება.
როგორ აისახება ცენტრის საქმიანობა განათლების შედეგებზე სკოლებში და რა მაჩვენებლებზეა დაფუძნებული ეს შეფასება?
ცენტრის საქმიანობა ირიბად, მაგრამ სისტემურად აისახება სასწავლო პროცესის ხარისხზე. შეფასება ეფუძნება მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების და სასწავლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვას; სკოლების შიდა და გარე შეფასების შედეგებს; ეროვნული და საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ განათლების შედეგი მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა, თანამედროვე მასწავლებელი ამ სისტემის ცენტრალური რგოლია.
დღევანდელ საგანმანათლებლო რეალობაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის, რას მიიჩნევთ მნიშვნელოვნად?
დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშემწყობი პედაგოგიკა, ციფრული და მედიაწიგნიერება, ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, თანამშრომლობითი პროფესიული კულტურა სკოლებში. მასწავლებლის პროფესიული განვითარება უნდა იყოს მოქნილი და მომავლის საჭიროებებზე ორიენტირებული.
რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომლებიც საკუთარი პროფესიული განვითარების გზას ახლა იწყებენ?
ახალგაზრდა მასწავლებლებს ვურჩევდი, პროფესია აღიქვან როგორც უწყვეტი სწავლების გზა. მნიშვნელოვანია: საკუთარი პრაქტიკის ანალიზი და თვითრეფლექსია; კოლეგებთან თანამშრომლობა; პროფესიულ საზოგადოებებში აქტიური ჩართულობა; სიახლეებისადმი გახსნილობა. ძლიერი მასწავლებელი ყალიბდება არა ერთჯერადი ტრენინგით, არამედ მუდმივი პროფესიული ზრდით.
ცენტრს თუ ექნებოდა შესაძლებლობა, ერთი ძირითადი ცვლილება განეხორციელებინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაში, რა იქნებოდა ეს ცვლილება და რატომ?
ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში, ის ერთი ძირითადი ცვლილება შეეხებოდა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების გაძლიერებას ისე, რომ პროფესიული ზრდა მაქსიმალურად ინტეგრირებული ყოფილიყო ყოველდღიურ სასწავლო პროცესში. როდესაც პროფესიული განვითარება ხდება უშუალოდ პრაქტიკის სივრცეში, მისი გავლენა უფრო სწრაფი, ღრმა და მდგრადია.


