ხშირად ვამბობთ და სხვებისგანაც გვესმის (და მართლაც ასეა): დღევანდელ სამყაროში, ინფორმაციის ეპოქაში, ყოველგვარი სიახლე უპრეცედენტო სიჩქარით ვრცელდება, ის კი არა, ზოგჯერ რამდენიმე საათშიც კი ძველდება ინფორმაცია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთი ძირითადი პრინციპი — შემოქმედის პატივისცემა. სწორედ ამ პრინციპს აერთიანებს საავტორო უფლება, რომელიც იცავს იმ შრომას, დროსა და ენერგიას, რაც ავტორებმა თავიანთ ნამუშევარში ჩადეს.
რა არის საავტორო უფლება?
საავტორო უფლება არის კანონი, რომელიც იცავს ავტორის მიერ შექმნილ ნებისმიერ ორიგინალურ ნამუშევარს — ტექსტს, ფოტოს, ვიდეოს, მუსიკას, კოდს, თამაშს… ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია: ფოტო მოიძებნა, დააკოპირე, ჩასვი და მზად არის. მაგრამ… სხვისი ნამუშევრის გამოყენება — თუნდაც მცირე ნაწილის — მოითხოვს შესაბამის ნებართვას ან მინიმუმ წყაროს სავალდებულო მითითებას. საავტორო უფლება ამ ქაოსურ გარემოში ერთ-ერთ ყველაზე უხილავ, მაგრამ ძლიერ წესად რჩება. ის გვახსენებს, რომ თითოეული ტექსტი, ფოტო, მუსიკა თუ ვიდეო ვიღაცის დროის, შრომისა და ნიჭის შედეგია. მათი მითითების გარეშე გამოყენება კი არაეთიკურია.
საავტორო უფლებების დაცვა აუცილებელია, ის იცავს შემოქმედის შრომასა და შრომის შედეგს, ქმნის უსაფრთხო და პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს, ჩვენს მოსწავლეებში კი განავითარებს პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მომავალ თაობას ვაჩვენოთ, რა არის დასაშვები და რა – არა. და მაინც, რა არ შეიძლება? სხვისი ტექსტის ან ფოტოს გადმოწერა წყაროს გარეშე; პლაგიატი — სხვისი ნამუშევრის საკუთარი სახელით წარმოჩენა; კონტენტის შეცვლა იმისთვის, რომ ორიგინალად მოვაჩვენოთ ჩვენი ნაშრომი; ინტერნეტიდან მასალის გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე…
ვირტუალურ სივრცეში დღეს უამრავი რესურსია, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ლეგალურად შევქმნათ, ვასწავლოთ ან გავაზიაროთ: Creative Commons-ის ლიცენზიებით დაცული მასალები, უფასო ფოტოებისა და აუდიობანკები… მაგრამ ამ რესურსების სწორად გამოყენება ცოდნას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ის „მარტივი“ კითხვა — შეიძლება თუ არა ჩამოტვირთული ფოტოს გამოყენება? — უკვე ბავშვისთვისაც კი მნიშვნელოვან ეტიკეტად იქცა.
მაგალითად:
- CC BY — შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ აუცილებლად უნდა მიუთითო ავტორი;
- CC BY-NC — არაკომერციული გამოყენება;
- CC0 — სრულიად თავისუფალი მასალაა
ამ წესების ცოდნა მოსწავლეებს სჭირდება როგორც დღეს, ისე მომავალ პროფესიებში.
ხშირად მასწავლებლის მიერ მიცემულ თუნდაც შემოქმედებით დავალებას მოსწავლეები თავს არიდებენ, მათ ხომ არაჩვეულებრივი დამხმარე ჰყავთ – AI. ჰოდა, რა სჯობია: შეგიძლია მშვიდად დაჯდე, შენი საყვარელი საქმე აკეთო, ან არაფერი აკეთო, და პასუხისმგებლობასაც არ გაექცე – დავალება შეასრულო: ამას შენი ციფრული ასისტენტი იზამს მარტივად – ასე ფიქრობენ ჩვენი მოსწავლეები (ისე, როგორც ხშირად ვფიქრობთ თავადაც. ჰოდა, აქ ერთი მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, სად გადის ზღვარი.
სწორედ იქ, სადაც წესები უკვე თითქოს მკაფიოდ იყო განსაზღვრული, მოულოდნელად გამოჩნდა ახალი მოთამაშე — ხელოვნური ინტელექტი. AI ერთი შეხედვით ქმნის ყველაფერს: ტექსტებს, სურათებს, მუსიკას… თუმცა სინამდვილეში ის ამ შექმნას უკვე არსებული ადამიანური ნამუშევრების ბაზაზე ახორციელებს. ამიტომაც მისი მიერ შექმნილი მასალა ყოველთვის ატარებს სხვისი შრომის ნაკვალევს.
AI-ის მიერ ნაწერის პირდაპირ გამოყენება წყაროს გარეშე უკვე პლაგიატია. ისე, როგორც სხვისი ნაშრომის გადმოწერა საკუთარი სახელით. აქ უკვე იკვეთება მთავარი: პრობლემა ტექნოლოგია კი არა, ადამიანის დამოკიდებულებაა — „ჩვეულება“, რომ სწრაფი გამოსავალი ჯობია.
ხელოვნური ინტელექტი ვერ ხდება „ავტორი“, ის სწავლობს უკვე არსებულ მასალიდან, ამიტომ მისი შედეგიც ხშირად ეფუძნება უცხო ნამუშევრებს, სტილს ან მონაცემებს.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩამოვუყალიბოთ მტკიცე ჩვევები ჩვენს მოსწავლეებს და გავაცნობიერებინოთ, რომ AI უნდა იყოს დამხმარე, არა შემქმნელი პროდუქტისა (იქნება ეს საშინაო შემოქმედებითი დავალება, მათემატიკის ამოცანების ამოხსნა თუ მრავალის სხვა). და პასუხისმგებლობა საბოლოო პროდუქტის შინაარსზე ყოველთვის მომხმარებელზეა.
საკუთარი და სხვისი ნამუშევრის პატივისცემა დღეს განსაკუთრებით სენსიტიური თემაა.
ინტერნეტში ჩვენი თითოეული ქმედება — გადმოწერა, გაზიარება, გამოყენება — პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ვფიქრობ, მასწავლებლის როლი ამ პროცესში განუზომლად დიდია. სწორედ სკოლაში იჩენს თავს ის ჩვევები და პრინციპები, რომლებიც ახალგაზრდას ზრდასრულ ცხოვრებაში გაჰყვება. ამ საკითხებზე მუშაობა კი მოსწავლეებში განავითარებს კრიტიკული აზროვნების კულტურას, ჩამოუყალიბებს პასუხისმგებლობას, გაააქტიურებს შემოქმედებით უნარებს, შეამცირებს პლაგიატის სიხშირეს, მოამზადებს მომავალი პროფესიებისთვის — თანამედროვე სამუშაო გარემოში საავტორო უფლებების ცოდნა აუცილებელია: მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში, მედიცინაში, კვლევაში.
მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის საავტორო უფლებებსა და AI-ის ეთიკურ გამოყენებას, არამხოლოდ ცოდნას უზიარებს, არამედ მათში აყალიბებს სამართლიანობის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის ღირებულებებს.
ეს კი თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.
სწორედ ამიტომ ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხებზე სკოლაშივე ვისაუბროთ. მასწავლებელი ხომ არა მხოლოდ საგანს ასწავლის — ის ქმნის მკაფიო საზღვრებს: რა არის სამართლიანი, რა არის პატივისცემის გამოხატულება, რა არის პასუხისმგებლობა. ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რომ წყაროს მითითება ტექნიკური დეტალი კი არა, სწორად ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი ქცევაა.
ამით ვეხმარებით ჩვენს მოსწავლეებს, გააცნობიერონ, რას ნიშნავს შემოქმედის შრომის პატივისცემა; რატომ არ უნდა ჩაანაცვლოს AI-მ მათი ფიქრი და რა საფრთხეს ქმნის პლაგიატი. ბავშვებისთვის ეს მხოლოდ „ქულების“ და „შეფასების“ საკითხი აღარ არის — ეს მათი მომავალი პროფესიული კულტურის ნაწილია. ვინც პატივს სცემს სხვის ნაშრომს, ის მომავალშიც სანდო თანამშრომელი, ეთიკური პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე იქნება.
რაც უნდა საინტერესო გახდეს ტექნოლოგიური პროგრესი, ადამიანური განცდები და პასუხისმგებლობა ვერასდროს შეიცვლება. საავტორო უფლებების ცოდნა, AI-ის სწორად გამოყენება და ეთიკური გრძნობა არ არის მხოლოდ წესების ნაკრები — ეს არის კულტურა, რომლის გარეშე თანამედროვე სამყაროს ვერ ავუწყობთ ფეხს. და ამ კულტურის შენება სწორედ იქ იწყება, სადაც დღევანდელი მოსწავლეები მომავალ შემოქმედებად, მკვლევრებად და ლიდერებად ყალიბდებიან.


