„ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მწუხარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!“
თანამედროვე სამყაროში თინეიჯერების მასწავლებლობა თანდათან უფრო რთულდება. მოდუნებული სხეულები, მობილური ტელეფონის ეკრანებში გაუჩინარებული ან მერხებზე ჩაძინებული ბავშვები – რეალობა ამგვარია. მოზარდების გამოსაფხიზებლად და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისთვის უზარმაზარი ძალისხმევა გვჭირდება. ამ საცალფეხო ბილიკზე სიარულისას მთავარი იარაღი მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე დაკვირვებაა. გულის კარის გასაღების გამოძებნა შესაძლებელი რომ არის, სწორედ ამის შესახებ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.
სემესტრის დასაწყისში სამოქმედო გეგმაში ჩავწერე, რომ მეთერთმეტე კლასის მთაწმინდის პანთეონში წაყვანას ვაპირებდი. ჩანაფიქრის ასულებას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსმა „შემოღამება მთაწმინდაზედ“ შეუწყო ხელი. კლასში მონაცვლეობით ვკითხულობდით ლექსს, განვიხილავდით, ვფიქრობდით და ვხვდებოდი, რომ უღიმღამოდ მისმენდნენ. საკმაოდ რთულია 21-ე საუკუნის მოზარდების ყურადღება მიიზიდო 192 წლის წინ დაწერილი ლექსის მოსასმენად. სწორედ იმ მომენტში მომაფიქრდა, რომ პანთეონში წავსულიყავით, თან ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს გავეცნობოდით და თან მთაწმინდაზე შემოგვაღამდებოდა ზუსტად ისე, როგორც ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსშია. იდეა ბავშვებს რომ გავუზიარე, გაუხარდათ, თუმცა, წამოსვლა მხოლოდ რვა მოსწავლემ მოახერხა.
ქალაქის გარეუბნიდან მთაწმინდისკენ გაკვეთილების დასრულების შემდეგ გავეშურეთ. სამი ტრანსპორტი გამოვიცვალეთ და მივაღწიეთ პანთეონისკენ მიმავალ აღმართამდე. პირველად გრიბოედოვის საფლავი აღმოაჩინეს და აქედან დაიწყო ძებნის, აღმოჩენის, დაკვირვების პროცესი. გალაკტიონის საფლავის ქვასთან თეთრი ყვავილები ისე ეწყო, თითქოს პოეტის თეთრი წვერიაო და ვიღაცას იქვე ერთი ცალი კანფეტიც დაუტოვებია. სამი დღით ადრე მისი დაბადების დღე იყო და ფიქრი დავიწყეთ იმ ადამიანზე, ვინც გალაკტიონს ყვავილები და ერთი ცალი კანფეტი მიუტანა საჩუქრად. 16 წლის ბავშვები პირველად იყვნენ მთაწმინდის პანთეონში და თითოეულის ინტერესი სიხარულით მავსებდა.
გზაში გავიგე, რომ მარიამი მამიდას პარიზში მიჰყავს და ილიას საფლავის ძეგლთან მივიყვანე. ვესაუბრე იაკობ ნიკოლაძისა და ფრანგი მოქანდაკის, როდენის, შესახებ. „მგლოვიარე საქართველოს“ გამოქანდაკების შესახებ ვუამბე და ბოლოს მარიამმა მითხრა, აუცილებლად მოვძებნი პარიზში როდენის ქანდაკებასო.
ნუცამ სოლომან დოდაშვილის საფლავი აღმოაჩინა და ყველა მიგვიხმო. ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებლისა და 1832 წლის შეთქმულების სულისჩამდგმელის შესახებ კლასში ვისაუბრეთ. პოეტის ბიოგრაფიის გაცნობისას სოლომან დოდაშვილის სახელისა და გვარის ქვეშ დაფაზე მივაწერე Nicko’s teacher, რამაც მისი ვინაობის დამახსოვრება გააადვილა.
პეტრე ოცხელი ვიპოვეო, დამიძახა თეკლამ. ბავშვებს ვთხოვე ჩემი საშემოდგომო ლაბადის ზურგზე ჩამოწერილ ადამიანებს შორის პეტრე ოცხელი ეპოვათ. მალე მიაგნეს. პეტრე ოცხელმა გამახსენა ჩემი მეგობარი მაკა, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა, აღმომაჩენინა და გამაცნო. ვისაუბრეთ, როგორი მნიშვნელოვანია პიროვნების სწორი განვითარებისთვის ჭკვიან და წიგნიერ ადამიანებთან მეგობრობა.
თეთრი მარმარილოს ქვაზე რეპრესიებს შეწირული ადამიანების სახელები და გვარები ამოვიკითხეთ: ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ტიციან ტაბიძე, პეტრე ოოცხელი, მიხეილ ჯავახიშვილი… მერე იმაზე ვისაუბრეთ, როგორ გაანადგურა ქვეყნის ინტელიგენცია კომუნისტურმა რეჟიმმა, რაზეც მოსხლეტით მიპასუხეს, რომ დიქტატურა განათლებულ ადამიანებს ვერ იტანსო. გული სიხარულით ამევსო, რადგან ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიტანეს.
იაკობ გოგებაშვილის საფლავთან მისი ანდერძის შესახებ ვსეაუბრე. აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულების“ წაკითხვა ვურჩიე. იაკობის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიის ბოლო მონაკვეთი ვუამბე, ყველაფერი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რომ დაუტოვა, თანამშრომლებიც არ დატოვა ფულადი ჯილდოს გარეშე და ბოლოს ერთი ნათესავი რომ მისულა საყვედურით, ჩემთვის არაფერი გიანდერძებიაო და ლოგინად ჩავარდნილ იაკობს მისი საყვედრურის საპასუხოდ ისიც რომ დაუსაჩუქრებია.
ვაჟა-ფშაველას საფლავის გვერდით ეკატერინე ჯუღაშვილის საფლავის აღმოჩენამ ბავშვები გააკვირვა. ვისაუბრეთ კომუნისტების ბელადებს მთაწმინდის პანთეონში რომ ასაფლავებდნენ და ეროვნული მოძრაობის დასაწყისში მათი საფლავების აფეთქება რომ დაიწყეს.
ამასობაში აცივდა. ქალაქს ბინდი შემოეპარა. ბავშვებს ვთხოვე, ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის წინ გრძელსკამზე ჩამომსხდარიყვნენ და დაეწერათ ჩანაწერი სახელად – შემოღამება მთაწმინდაზე. უმრავლესობამ მობოლური ტელეფონის პროგრამა Note-ში დაიწყო წერა.
შთამბეჭდავად იმოქმედა იმ ფაქტის გაგებამ, რომ პოეტი ზუსტად მათი თანატოლი, 16 წლის, იყო, როცა „შემოღამება მთაწმინდაზედ“ დაწერა. წერეს მთელი შემართებით, სიხარულით, ინტერესით.
ბოლოს მამადავითის ტაძრის მოსალოცად შევედით. სანთლები ავანთეთ. ყველა რომ გაიკრიფა ტაძრიდან და მეც წამოსვლას ვაპირებდი, საფლავის ქვის წარწერამ „კნეინა მელიქოვისა“ მიიქცია ჩემი ყურადღება. შემდეგ მეორე საფლავს დავაკვირდი და „მელიქიშვილი“ ამოვიკითხე. წარწერა საკურთხევლისკენ იყო და კარგად რომ გამერჩია სახელი, საფლავის ქვას მივუახლოვდი. ლევან მელიქიშვილი – შემომანათა ნიკოლოზ ბარათაშვილის ბავშვობის მეგობრის სახელმა და გვარმა. მამაო ლოცვას კითხულობდა, მთაწმინდაზე ბინდდებოდა, ტაძარში ჩემი მოსწავლეების დანთებული სანთლები ლიცლიცებდნენ და მე ზუსტად ამ დროს ვიპოვე პოეტის ბავშვობის მეგობრის საფლავი. ლევან მელიქიშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის კითხვისას ჩამრჩა გულში. ბიოგრაფიების გაცნობისას დიდ ყურადღებას ვაქცევ ბავშვობის ადამიანებს. ამასთანავე, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარიც მელიქიშვილია, ჩემი დიდი ბებიაც მელიქიშვილი იყო და ასე უცნაურად მოვიახლოვე გულთან ლევან მელიქიშვილი, რომელმაც ეფემია ორბელიანი, პოეტის დედა, შვილის საფლავის მოსანახულებლად განჯაში წაიყვანა. მრავალი წლის შემდეგ ქართველი ბავშვები ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოსანახულებლად მთაწმინდის პანთეონში ავიყვანე და ზუსტად იმ საღამოს ლევან მელიქიშვილის საფლავი აღმოვაჩინე.
მთაწმინდის პანთეონში დაწერილი ჩანაწერები „მაკდონალდსში“ წავიკითხე. მეორე დღეს კი სკოლის ბლოგზე ავტვირთე. სტატიაში აღწერილი მოვლენები მთელი სიმძაფრითა და გულწრფელობით აისახა 16 წლის ბავშვების ნაწერებში, რომლებსაც სტატიის ბოლოს ბმულის სახით თქვენც გიზიარებთ.
ვფიქრობ, რომ ჩემს რვა მოსწავლეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზედ“ არასდროს დაავიწყდება. ლექსის „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ ატმოსფეროს გასაცოცხლებლად მეთერთმეტეკლასელების წაყვანას ვაპირებ მტკვარზე და თავის ფიქრებს მტკვრის ნაპირას მყოფნი ჩანაწერებად აქცევენ. ლექსის „საფლავი მეფის ირაკლისა“ წაკითხვის შემდეგ კი სვეტიცხოველს მოვინახულებთ. ლექსის გარემოსთან მიახლოებით მოზარდების ცნობიერება გამოფხიზლდება და მჯერა, რომ ყოველი ამგვარი გასვლითი შეხვედრა მათ შინაგან სამყაროზე დადებითად აირეკლება.


