სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კარგი დასასრულის განცდა

მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენი ჟურნალის ავტორები დიდი გულმოდგინებით არჩევდნენ არდადეგებზე საკითხავ მხატვრულ ლიტერატურას ყველა ასაკის მოსწავლეებისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სკოლებში არიან მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც, რომლებიც ამ შესანიშნავ რჩევებს გაითვალისწინებდნენ. ასევე დარწმუნებული ვარ, არც ქართული გამომცემლობების დაუღალავი მცდელობა – უფრო აქტიურად თარგმნონ და ბეჭდონ მოზარდებისათვის განკუთვნილი ლიტერატურა – ჩაივლის უშედეგოდ და ბოლო მოეღება პარადოქსს, რომლის თანახმადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გამოცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა და ამავდროულად, ჩვენი მოზარდების წიგნიერების დონე ძალიან ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისას.

 

ზაფხული იქით იყოს (არის კიდეც) და მე რომ მკითხოთ, ახლა სწორედ საუკეთესო დროა წავიკითხოთ ის ბოლო წიგნი, რომლისთვისაც არდადეგებზე ვერ მოვიცალეთ; განსაკუთრებით კარგი დ როა მეთორმეტეკლასელებისათვის, რომლებიც ოქტომბრიდან მოყოლებული, ალბათ, მთელი სასწავლო წელი ვეღარ მოიგდებენ დროს იმისთვის, რომ კლასგარეშე თუ არასაპროგრამო ლიტერატურით ისიამოვნონ.


თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მისაღებ გამოცდებზე არ დაგვეხმარება. აბიტურიენტებს, რომლებიც თავიანთ მოსაზრებას სელინჯერის, ბერჯესის, აკუტაგავას ნაწარმოებებთან გავლებული პარალელებით ასაბუთებენ, რასაკვირველია, სულ სხვა ფასი აქვთ გამსწორებელთა თვალში. წელს ერთ ნამუშევარში ფილიპ როთის ,,პორტნოის სინდრომიც” კი იყო მოხდენილად მოშველიებული. არც იმ წიგნის მოხსენიება დატოვებს გულგრილს თქვენი ნაშრომების შემფასებლებს, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ…


თუმცა წიგნების კითხვა ანგარებით დაახლოებით იგივეა, რაც ანგარებით ქორწინება, ამიტომ მოდი, თავი დავანებოთ დამატებითი მოტივაციის ძებნას, მით უმეტეს, რომ კარგ წიგნს ეს არ სჭირდება.


მაშ ასე, ჯულიან ბარნსი – ,,დასასრულის განცდა”. გამოცემული 2011 წელს, იმავე წელს ბუკერის პრემიით აღნიშნული. ამ წიგნის კითხვისას გრჩება შეგრძნება, რომ თანამედროვე სამყაროს მაჯისცემაზე გვიდევს ხელი. თუმცა თავად ავტორს ნაკლებად ესმის თანამედროვე სამყაროსი… ისე, ვერც თავის სიყმაწვილის დროინდელ ამბებში გარკვეულა მთლად ბოლომდე.


მოქმედების ადგილი – ლონდონის ერთ-ერთი სკოლა, სამოციანი წლების ოქროს პერიოდი, როცა ჯერ კიდევ არსებობს მხოლოდ ბიჭებისგან შემდგარი კლასები, მაღალი წრიდან გამოსული, ინტელექტუალური და ქედმაღალი ბიჭებისაგან. აი, ისეთებისგან, ფილოსოფიურ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს პრინციპულად რომ არ ეთანხმებიან და ორაზროვანი ნართაულებით კენწლავენ. ჩაკეტილი წრეები, რომლებშიც შეღწევა მხოლოდ განსაკუთრებულებს, დავაზუსტებ, განსაკუთრებული ჭკუა-გონების პატრონებს შეუძლიათ. მათ წინაშე მალე ინგლისისა, და მაშასადამე, მსოფლიოს, საუკეთესო უნივერსიტეტების: კემბრიჯის, ოქსფორდის, ბრისტოლის და ა.შ. კარი გაიღება. მერე საუკეთესო კარიერა ელით – გახამებული პერანგების, გოლფის მოედნების, საშობაო ინდაურთან შემოკრებილი ლამაზი ცოლ-შვილის ტრივიალური რომანტიკა.


მაგრამ მომავალი არასოდესაა ისეთი, როგორიც სკოლაში წარმოგიდგენია. ისევე, როგორც შობა-ახალი წელი არასოდეს ჰგავს მისალოც ბარათებზე დახატულ ფუმფულათოვლიან იდილიას. მთხრობელი, ტონი უებსტერი, გაიზარდა, პენსიაში გავიდა, ოჯახი დაენგრა, შვილი გაუუცხოვდა – მოკლედ, ყველაფერი საუკეთესო უკან მოიტოვა და ახლა დროა ახალგაზრდობის დროინდელი სიბრიყვეების გამოც მოიცვას სინანულმა.


მე რომ მკითხოთ, სიყმაწვილის ყველაზე რთულად გადასალახი პერიოდი ისაა, როცა შენს ცხოვრებაში პირველად ჩნდება უცხო ადამიანი, რომელსაც შენზე უზარმაზარი ზეგავლენა აქვს. თუ ის შენსავით ბიჭია, უმეგობრდები და ისე ეჯიბრები; თუ თავნება და რკინისებური ხასიათის გოგოა, რაღა დაგრჩენია, მასთან სასიყვარულო თამაშებს იწყებ, მერე ნიშნისმოგებით მიატოვებ, მაგრამ ეს ამბავი ორმოცი წელი გიღრღნის გულს და ვერაფრით ივიწყებ წაგებულ ომს.


ისევ მე რომ მკითხოთ (სხვა რაღა დაგრჩენიათ), უფროსკლასელისათვის, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გადაეშვება თავგადასავლებით სავსე მომავალში, ყველაზე გულდასაწყვეტი ის იქნებოდა, თუ მავანი მკითხავი უწინასწარმეტყველებდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები შენს ცხოვრებაში სწორედ ახლა ხდებაო: ვეღარასოდეს იქნები ასე ახლო მეგობრებთან, ვეღარასოდეს შეიყვარებ ასე ძლიერად ქალს, ვეღარასოდეს შეხედავ ასე თამამად ცხოვრებასო.


ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ უფროსკლასელებმა უნდა იცოდნენ, შეიძლება მათ ცხოვრებაში სწორედ ახლა ხდებოდეს ყველაზე მთავარი და საინტერესო მოვლენები – ეს წიგნი ამაზეცაა.


დამაინტრიგებელი სიუჟეტი (ამის გარეშე დღეს რომანის დაწერას ხომ აზრი აღარ აქვს), კარგად შეკრული კომპოზიცია, დინამიკური და ამავე დროს, დამაფიქრებელი თხრობა, მთარგმნელ ზაზა ჭილაძის დიდოსტატობა სრული ხუთვარსკვლავიანი მომსახურება ახალგაზრდა მკითხველის ხელთაა.


ერთ დღეს ერთმა შემთხვევითმა ერთდღიანმა მეგობარმა, რომელთა მსგავსთაც ხშირად გადავეყრებით ხოლმე დამამთავრებელ კლასებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წამიყვანა ლიტერატურული წრის მეცადინეობაზე დასასწრებად. მასწავლებელმა თხზულების დაწერა გვთხოვა და მიგვითითა, რომ დასკვნით ნაწილს განსაკუთრებული ყურადღებით მოვკიდებოდით, რადგან, როგორც მაიაკოვსკიმ თქვა, ნაწარმოებში მთავარი ზუსტად შერჩეული დასასრულია. ამიტომ ჯერ დასასრული უნდა მოიფიქრო და მერე _ ყველაფერი დანარჩენი.


მეც ჩემი სტატიის დასაბოლოებლად ბევრი ვიფიქრე და ასეთი სიტყვათა თამაში მოვიფიქრე, „დასასრულის განცდა” ღირებული ლიტერატურისათვის დამახასიათებელ უმთავრეს შეგრძნებას აჩუქებს მკითხველს – კარგი დასასრულის განცდას.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“