შაბათი, ნოემბერი 22, 2025
22 ნოემბერი, შაბათი, 2025

საბავშვო ბაღისთვის ოპტიმალური ასაკი

რამდენიმე დღის წინ, ავტობუსით მგზავრობისას, საყურადღებო შემთხვევის მოწმე და უნებლიე მონაწილე გავხდი. ავტობუსში ამოვიდა ახალგაზრდა ქალი ორ წლამდე ასაკის ბავშვით ხელში, გვერდით მომიჯდა და პატარა კალთაში ჩაისვა. ბავშვი მოწყენილი ჩანდა, არ ტიროდა, არ ჭირვეულობდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ  რაღაცით უკმაყოფილო იყო. „ბაღში რომ დაგტოვებ, ხომ არ იტირებ? შენ ხომ კარგი გოგო ხარ?“ – წინასწარ „ამზადებდა“ დედა თავის პატარას ბაღში დასარჩენად. „რამდენი წლისაა თქვენი გოგონა“? – მორიდებით ვკითხე ქალბატონს. „რამდენიმე კვირაში ორი წლის გახდება“, – ამაყად მიპასუხა მან. „ეტყობა, ბევრს მუშაობთ, რაკი ამ ასაკის ბავშვის ბაღში შეყვანა გადაგიწყვეტიათ“, – ვერ დავმალე გაოცება. „რას ბრძანებთ, საერთოდ არ ვმუშაობ. უბრალოდ, ეს ერთი შვილი მყავს და სახლში ყველა ნივთი თავისი ჰგონია, ბაღში კი სხვა ბავშვებიც იქნებიან და მიხვდება, რომ რაღაცები სხვასაც ეკუთვნის“, – ასეთი ახსნა მოუძებნა საკუთარ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა დედამ და მის სიტყვებში კარგად გამოჩნდა ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების სრული იგნორირება ან, შესაძლოა, არცოდნაც კი.

ვეღარაფრის თქმა მოვასწარი, რადგან ავტობუსი გაჩერდა და ხელში აყვანილი პატარა დედიკომ ავტობუსიდან ჩაიყვანა. შემებრალა ბავშვი, რომელიც, დედის კალთას მოწყვეტილი, მთელ დღეს უცხო ადამიანების გარემოცვაში გაატარებდა.

 

რა ასაკში ჯობია საბავშო ბაღში ბავშვის შეყვანა?

ამ კითხვაზე ერთი სწორი პასუხი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ყველა ბავშვი და ოჯახური სიტუაცია განსხვავებულია.  ყველა ქალს არც შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი, ბავშვთან ერთად „იჯდეს სახლში“, სანამ ის სამი წლის არ გახდება. ამასთან, მაშინ როდესაც ერთი დედა სიამოვნებას იღებს ბავშვის ძუძუთი კვებით, მასთან ერთად სეირნობით, განმავითარებელი აქტივობებით, საუბრებით და ა.შ., მეორე, არანაკლებ კარგი დედა 2-3 წლის განმავლობაში სახლში გამოკეტვისა და პროფესიულ კარიერაზე უარის თქმის გამო შესაძლოა გადაიწვას, გადაიღალოს და იქცეს მუდმივად გაღიზიანებულ ადამიანად, რომელიც საკუთარ ადგილს ვერ პოულობს.

ეჭვგარეშეა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვისთვის დედის გვერდით ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მთელი დღის უცხო ადამიანების გარემოცვაში გატარება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბედნიერი და კმაყოფილი დედა, რომელიც საღამოობით თუნდაც სულ რამდენიმე საათს ატარებს შვილთან, ჯობია უბედურ და გაღიზიანებულ დედას, რომელიც 24 საათი შვილთანაა. არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ოჯახს უბრალოდ არა აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ქალმა 2-3 წელი არ იმუშაოს, ამიტომ მეუღლეებს ბავშვის მოვლა-პატრონობის ალტერნატიული გზების ძიება უწევთ. როგორც წესი, ამისთვის ისინი მიმართავენ ბებია-ბაბუებს, ეძებენ ძიძას ან არჩევენ შვილისთვის შესაფერის საბავშვო ბაღს.

როდესაც ალტერნატივა არ ჩანს და მშობლები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ საბავშვო ბაღი მათი შვილისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილია, ჩნდება კითხვა, რა ასაკია საუკეთესო ბავშვის საბავშვო ბაღში  შესაყვანად. ამის თაობაზე უნივერსალური რეკომენდაცია არ არსებობს, მაგრამ ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედის მზრუნველობა, მასთან ტაქტილური და ფსიქოლოგიური კონტაქტი. 2 წლის პატარასთვის საბავშვო ბაღის საჭიროების ახსნა შეუძლებელია. იქ დატოვებულმა ბავშვმა შესაძლოა მიტოვებულად იგრძნოს თავი და ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს, ამიტომ უმჯობესია, 2 წლამდე ბავშვი შინ გავზარდოთ. თუმცა არსებობენ ისეთი პატარებიც, რომლებიც 2 წლის ასაკში უკვე ავლენენ დამოუკიდებლობას, ლაპარაკობენ, კარგად არიან განვითარებულები. ასეთი ბავშვი უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება შევიყვანოთ ბაღში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. რამდენადაც შესაძლებელია, გავახანგრძლივოთ სკოლამდელ დაწესებულებასთან მისი ადაპტაცია – დავიწყოთ დედასთან თანდათან განშორებით, წინასწარ მივაჩვიოთ სხვა უფროსებსა და ბავშვებთან ურთიერთობას, დავტოვოთ ბაღში თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე საათით. თუ პატარა ძალიან მგრძნობიარეა, ჩაკეტილია, ჯერ კიდევ არ არის დაუფლებული მეტყველებას და არ ურთიერთობს უცხო ადამიანებთან, უმჯობესია, გადავდოთ საბავშვო ბაღში მისი შეყვანა. მაგრამ როგორ მოიქცეს დედა, თუ სამსახურში გასვლა სურს და საბავშვო ბაღის გარდა ბავშვს ვერსად ტოვებს? სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ნორმალური სამსახურის პოვნის შანსი მცირეა. გართულებული ადაპტაციის გამო ბავშვი, სავარაუდოდ, ხშირად იავადმყოფებს და დედასაც მოუწევს სამსახურის ხშირად გაცდენა, რაც, დიდი ალბათობით, პრობლემებს შუქმნის. ასე რომ, აჯობებს, სერიოზულად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და გავითვალისწინოთ 2 წლის ბავშვის ბაღში შეყვანის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ოპტიმალური ვარიანტია, ერთი წელი დაველოდოთ და ეს დრო ბავშვის ბაღისთვის მომზადებას დავუთმოთ, მისი სოციალიზაცია კი საბავშვო მოედნებითა და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ცენტრებით დავიწყოთ.

ბავშვთა ფსიქოლოგებისა და პედაგოგების ნაწილი თანხმდება, რომ საბავშვო ბაღში მისაყვანად საუკეთესო ასაკი სამიდან ოთხ წლამდეა. ამ დროისთვის ბავშვი უკვე ხვდება, რომ თუ დედა წავა, ის აუცილებლად დაბრუნდება და მასთან შეთანხმებაც გაცილებით ადვილია. 3 წლის ასაკში იწყება „მე“-ს ცნობიერების განვითარება და მშობლებისგან აქტიური სეპარაცია ანუ განცალკევება. ამასთან, ეს ინიციატივა თავად ბავშვისგან მოდის. ის საკუთარ თავზე პირველ პირში საუბარს იწყებს. უფრო პატარა ბავშვები საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობენ: „გიოს შია, გიოს სეირნობა უნდა“. ჩნდება თვითცნობიერება, ბავშვი იწყებს საკუთარი თავის დამოუკიდებელ პიროვნებად აღქმას. მის ერთ-ერთ საყვარელ ფრაზად იქცევა „მე თვითონ!“ ამ ასაკში ბავშვს უკვე იზიდავს სიუჟეტურ-როლური თამაშები და სხვა ბავშვებთან ურთიერთობა სჭირდება. მიისწრაფვის კდიეც თანატოლებისკენ. ადვილია მისი დაინტერესება საბავშვო ბაღის აქტივობებით, ჯგუფური თამაშებით. 3-4 წლისთვის ბავშვი უკვე ავლენს ლიდერის თვისებებს. თუ ვამჩნევთ, რომ ის ბუნებით ექსტრავერტი და ლიდერია, ერთმნიშვნელოვნად საჭიროა საბავშვო ბაღში მისი მიყვანა – ჯგუფურ გარემოში ის თავის სტიქიაში იქნება. ინტროვერტებთან ცოტა უფრო რთულადაა საქმე. ისინი შეიძლება დავაინტერესოთ ინდივიდუალური თამაშების მდიდარი არჩევანით და ერთი-ორი კარგი მეგობრის შეძენის შესაძლებლობით. სტერეოტიპების საპირისპიროდ, ინტროვერტებს ურთიერთობის ძალიან მაღალი მოთხოვნილება აქვთ, რადგან მათთვის მეგობრების შეძენა უფრო რთულია, მაგრამ ისინი უპირატესობას ანიჭებენ ვიწრო წრეს, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ.

გარდა ამისა, ამ ასაკის ბავშვები უმეტესად შედარებით დამოუკიდებლები არიან, ნაკლებად ან საერთოდ არ  განიცდიან დისკომფორტს საბავშვო ბაღში. სწორი აღზრდის პირობებში 3-4 წლის პატარას მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს თვითმომსახურების უნარ-ჩვევები – ქოთნის გამოყენება, დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდა, უფროსის დაუხმარებლად ჭამა.

ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვის ბაღში შეყვანამდე საჭიროა მისი მზაობის შეფასება და პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • რჩება თუ არა პატარა სხვა უფროსებთან – ბებია-ბაბუასთან, მამიდასთან, დეიდასთან, ძიძასთან და ა.შ. – 2-3 საათზე მეტხანს?
  • შეუძლია თუ არა სხვა ბავშვებთან თამაში?
  • შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად ჭამა, ქოთნის გამოყენება?

საბავშვო ბაღისათვის მზაობისა და საჭირო უნარების ფლობის შემთხვევაში ბავშვი უფრო სწრაფად და ნაკლები ტრავმებით, ნაკლები სტრესით ადაპტირდება, შეეგუება საბავშვო ბაღს ან სხვა გარემოს, სადაც გარკვეული ხნით უდედოდ ყოფნა მოუწევს.

ცხადია, მშობლების გადასაწყვეტია, როდის შეიყვანონ ან საერთოდ შეიყვანონ თუ არა ბავშვი საბავშვო ბაღში. იქ არაფერია ისეთი, რისი უზრუნველყოფაც მის გარეთ არ შეიძლება. სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, განმავითარებელი თამაშები, დღის რეჟიმის მკაცრად დაცვა – ამ ყველაფერს ბაღის გარეშეც გავართმევთ თავს. თუმცა საბავშვო ბაღში ასევე არაფერია ისეთი, რაც ხელს შეუშლის ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას. მართალია, არჩევანი ყოველთვის მშობელზეა დამოკიდებული. მაგრამ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური თავისებურებები, კარგად ავწონ-დავწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები გადაწყვეტილების მიღებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“