„რატომ უნდა ვისწავლო ან ვიმეცადინო? ჩემს კლასში ბიჭები აღარ სწავლობენ, მე რატომ უნდა ვიცოდე ყველა გაკვეთილი, ნერდი ხომ არ ვარ?!“
ცოტა ხნის წინ ერთ მოზარდთან განათლების თემაზე მომიწია საუბარი. იმდენად აბსურდული მომეჩვენა არგუმენტების ძებნა და მოზარდის დარწმუნება საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებაში, რომ სასკოლო განათლება მნიშვნელოვანია, გადავწყვიტე, არ შევპასუხებოდი.
შინ დაბრუნებულმა კი მოვიძიე ინფორმაცია ნერდების შესახებ. აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ, როგორი ბავშვები იდგნენ ამ ტერმინის მიღმა. რა სუბკულტურას წარმოადგენენ? რა შინაარსი აქვს ამ სიტყვას? რატომ დაიმკვიდრა მოზარდებში უარყოფითი კონოტაცია და რატომ გაურბიან ისინი „ნერდობას“?
ტერმინი „ნერდი“ 1950-იან წლებში გაჩნდა. ოფიციალურად ის პირველად ნახსენებია დოქტორ სეუზის (Dr. Seuss) წიგნში „iF Ran the Zoo“ (1950), სადაც ნერდი უცნაური არსებაა. 1951 წელს კი ეს სიტყვა „ბეჯითი, მაგრამ უსუსური“ ადამიანის აღმნიშვნელ ტერმინად დამკვიდრდა ამერიკულ სკოლებში. უარყოფითი კონოტაცია მან 1960-1990-იან წლებში შეიძინა. ამ პერიოდში „ნერდი“ იყო შეურაცხმყოფელი ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა არაპოპულარული ინტელექტუალების, „შკოლნიკების“ და სოციალურად გაუცხოებული პირების დასაცინად. ხშირად ეს ადამიანები ამ ტერმინით ბულინგის მსხვერპლებიც ხდებოდნენ.
გარდატეხა 2000-იან წლებში მოხდა. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, ტერმინმა პოზიტიური შინაარსი შეიძინა. IT-ინდუსტრიის, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტკულტურის განვითარებამ, სადაც სწორედ ნერდული ინტერესების მქონე ადამიანები დომინირებენ, გამოიწვია ის, რომ ნერდობა წარმატებასა და მაღალ ინტელექტთან ასოცირდებოდა. ნერდული სუბკულტურის არსებობას განაპირობებს ის, რომ ასეთ ადამიანებს აერთიანებთ არა მხოლოდ ინდივიდუალური ინტერესები, არამედ საერთო ღირებულებები, გარკვეული სოციალური ნორმები და სპეციფიკური გატაცებების ფართო სპექტრი.
სუბკულტურის ინტერესები ფოკუსირდება მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე: პროგრამირებაზე, ასტროფიზიკაზე, რობოტიკაზე, ფანტასტიკასა და ფენტეზიზე (Star Wars, Star Trek, Doctor Who, ფენტეზის ჟანრის ლიტერატურა, კომიქსები და ანიმე, სამაგიდო და როლური თამაშები და ა.შ.).
აი ის ნერდები, რომლებმაც თავიანთი გატაცებით, მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, განვითარებაზე ფოკუსირებით და სიახლეების ძიებით შეცვალეს საკუთარი და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება:
ბილ გეითსმა, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა, მოწაფეობისას სკოლის კომპიუტერების კოდში შეცდომები იპოვა და საკუთარი პროგრამა 13 წლისამ დაწერა.
ელონ მასკი, Tesla-ს, SpaceX-ის, Neuralink-ის დამფუძნებელი, ბავშვობაში ვიდეოთამაშებს წერდა და „nerd sci-fi“ წიგნებს კითხულობდა. დღეს მისი სახელი ყველა ბავშვმა იცის.
მარკ ცუკერბერგმა უნივერსიტეტის ოთახში შექმნა სოციალური ქსელი, რომელმაც ინტერნეტით კომუნიკაცია თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.
სტივ ჯობსმა 20 წლის ასაკში ააწყო თავისი პირველი კომპიუტერი და კორპორაცია Apple დააფუძნა.
ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, Google-ის დამფუძნებლებმა, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შექმნეს საძიებო სისტემა, რომელმაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით რევოლუცია მოახდინა.
ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი, ბავშვობაში კომპიუტერებს აწყობდა და კოსმოსით იყო გატაცებული. ახლა Blue Origin-ის მფლობელია.
მიუხედავად ნეგატიური დატვირთვისა, დღეს ნერდის იარლიყს ბევრი საპატიოდ მიიჩნევს და სიამაყითაც მოიხსენიებს თავს ნერდად, თუმცა მოზარდები და ახალგაზრდები მას მაინც ხშირად იყენებენ „ბეჯითი მოსწავლის“ ან სოციალურად არც ისე აქტიური ადამიანის სინონიმად.
ნერდების სია შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს იმ ადამიანთა სახელებით, რომლებიც ბევრს არ ხმაურობდნენ – სწავლობდნენ, იკვლევდნენ, ვითარდებოდნენ და რომელთა მგზნებარე გატაცებამ მსოფლიო შეცვალა.
ვფიქრობ, მოზარდებთან განათლების თემაზე გაჯიუტება და ცხარე დისკუსია არ ღირს – დარწმუნებული ვარ, თინეიჯერული ამბოხის მიუხედავად, მათ იციან, რომ განათლება ცხოვრების გაუმჯობესების უტყუარი გზაა და ამ გზით სიარული ყველაზე გამართლებული ნაბიჯია მათ ცხოვრებაში.


