კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

დღიურები წისქვილიდან

რამდენიმე კვირის წინ, ღუმელივით გახურებული ქალაქიდან ჩემი ბავშვობის სოფელს შევაფარე თავი. მას შემდეგ, რაც ორი ბავშვის პატრონი გავხდი ორად ორი რამ მადარდებს დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად: სუფთა ჰაერი და ჯანმრთელი საკვები ბავშვებისთვის. ასეთ დროს, ჩვენი პატარა სახლები ქალაქგარეთ ნამდვილ ციხე-სიმაგრეებად გადაიქცევიან და ზაფხულის სტუმრებს მოუთმენლად ელიან, რომ ამ სტუმრებმა კარის ანჯამებს ხელი შეავლონ, ჭერიდან აბლაბუდები ჩამოწმინდონ, წიგნის თაროებზე დამტვერილი წიგნები გაასუფთაონ, ფანჯრები და კარებები ფართოდ გააღონ, ლეიბები და საბნები მზისგულზე გამოფინონ და დაბერტყონ, სასაფლაოები გაასუფთაონ, მეზობლებს ესტუმრონ და მათი ამბები მოისმინონ – როგორ ცხოვრობენ, რას საქმიანობენ, რა უჭირთ და რა ულხინთ ან რა მოხდა მათი არყოფნის განმავლობაში საინტერესო.

 

ეს ჩვენი სახლები, სახლ-თავშესაფრები ზაფხულში ნამდვილ წალკოტად იქცევიან. ცაცხვის და აკაციის ყვავილების უნაზესი სურნელი, ეზოს გასწვრივ გაფურჩქნილი ვარდები, სიწყნარე და ჩიტების ჭიკჭიკი, ღამის სიჩუმეში ძაღლების ყეფა და ბავშვობის შეგრძნებები თავიდან ცოცხლდება.

ასე მივაშურე სოფელს. ორი ბავშვით, შესაბამისი ბარგით და სხვა საჭირო და აუცილებელი ნივთებით. სოფელში მისასვლელი გზა ოღროჩოღროა. მანქანა გაჭირვებით მიიწევს წინ. სიმინდის ყანაში ნაცნობსახიანი ადამიანები ჩამდგარან თოხებით, უცხო მანქანას აკვირდებიან და შემდეგ თავის დაკვრით უხმოდ გვესალმებიან. ხანგრძლივი ჯაყჯაყის შემდეგ ვაღწევთ სახლამდე. ეზოში სიმშვიდეა და გრილი ნიავი უბერავს, ჩიტები სტვენენ და ჭრიჭინობელაც ჭრიჭინებს სადღაც. წლების წინ, სწორედ ასეთ ამინდში ვატარებდით აქ დროს, შევეხიზნებოდით ბებიას და ისიც გვპატრონობდა როგორც შეეძლო.

 

დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლება. წვიმიან დღეებში ვკითხულობდით ან ბებიას იატაკების მოწმენდაში ვეხმარებოდით, წყალს ვიმარაგებდით, ბებიას ნარდს ვეთამაშებოდით სახლის წინ ან მისი ბავშვობის ისტორიების მოყოლას ვთხოვდით და სულგანაბული ვუსმენდით ძველისძველ ამბებს. ცხელ დღეებში კი მოუთმენლად ველოდით მენაყინის გამოჩენას, რომელიც მუყაოს ყუთით ნაყინს დაატარებდა. ბიულერბიულ ბავშვებზე ნაკლებ საინტერესოდ არც ჩვენს სოფელში გვიწევდა ცხოვრება.

უამრავი საინტერესო და გასართობი აქვთ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს. შეუძლიათ, ნაცნობი მინდვრები დალაშქრონ მინდვრის მარწყვის მოსაძებნად, დიდი გორაკები გადაკვეთონ მდინარემდე მისასვლელად, ალუბლის ხეებზე შემოსხდნენ და საათობით იქ ისხდნენ გემრიელი ალუბლის მისართმევად ან საკუთარი თვალით ნახონ როგორ აშენებენ მერცხლები ბუდეს და როგორ კვებავენ თავიანთ პატარებს, ან ბებიას გულაბი მსხლის მოკრეფაში დაეხმარონ, შემდეგ შუშაბანდებში იატაკზე დაამწკვრივონ და მშვიდად დაელოდონ, როგორ გაქარვისფერდებიან მსხლები. შეიძლება, სხვენზეც აძვრნენ და იქაურობა დაათვალიერონ. საკუთარი თვალით ნახონ თუ როგორია სინამდვილეში ქორი, სინდიოფალა, დედა ლობიო თუ გველმწყემსია, ან კიდევ ბოლოსდაბოლოს, მარანს ეწვიონ, ქვევრში ჩაძვრნენ და ბებიის გადამალულ თხილს და ჩურჩხელებს აუტეხონ კნატაკნუტი.

თავს არ შეგაწყენთ ამ იდილიის თხრობით, უბრალოდ მინდა აქაურ ადამიანებზე და სოფლის ყოფაზე მოგიყვეთ. ჩემი ბავშვობის სოფელი ასეთი ჯადოსნურ ფერებით ირეკლება დღემდე, თუმცა დღეს ის სულ სხვანაირია, ნახევრად დაცლილი და კანტი-კუნტად მოსიარულე ადამიანებით. ადამიანების გარეშე დარჩენილი სახლებით, რომლებიც არანაკლებ საცოდავად გამოიყურებიან და თავიანთი მარტოსულობის ამბებს გვიყვებიან. ალბათ, ეს ყველაფერი პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ცოტა რამე მინახავს ისეთი გულის დამამძიმებელი, როგორიც მარტო დარჩენილი სახლებია დაბზარული კედლებით; მაღალი ბალახით აბიბინებული ეზოები, სადაც პატრონის კვალი კარგა ხანია წაშლილია.

ბავშვების ხმა ქუჩას აცოცხლებს. მეზობლებიც რიგრიგობით გვსტუმრობენ ხელდამშვენებულები. ასეთია აქაური წესი. ვისაც რა შეუძლია, იმას გვჩუქნის. ერთმა საკუთარი ბაღში დაკრეფილი ჟოლო მოგვიტანა, მეორემ – თხის რძე, მესამემ – ყველი, მეოთხემ – კვერცხი, მეხუთემ – პატარა ყვინჩილა. მოდიან და ყვებიან თავიანთ ამბებს ჩემი დაბერებული მეზობლები. ზოგიერთი განსაკუთრებით გაუტეხავს ასაკს, ზოგი კიდევ ინარჩუნებს სიძლიერეს. ქალები ყველაზე მეტად ნაშრომი და ათას ჭაპანწყვეტაში გამოვლილები არიან, თუმცა კაცებზე უკეთესად გამოიყურებიან, ყოველთვის ახერხებენ თავის და საკუთარი ოჯახის გადარჩენას, როგორ მძიმე დღეშიც არ უნდა აღმოჩნდნენ.

მათი ამბები კი დამამწუხრებელი და სევდიანია. მიყვებიან უამინდობისგან გაფუჭებულ ყანებზე, განახევრებულ მოსავალზე, ბანკის კრედიტებზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ აიღეს, რომ სარეცხი მანქანა ეყიდათ, პირობები ოდნავ მოეწესრიგებინათ. ახლა კი ბანკის ვალს მათი მთელი შემოსავალი მიაქვს. მიყვებიან მათი დანგრევის პირას მისულ სახლებზე და ახალი სახლების ასაშენებლად არარსებულ ფინანსებზე. ყველაზე მეტად დაუოჯახებელი შვილების ბედი ადარდებთ. მერე იმედიანადაც დაუმატებენ, რაღაცას წერენ იმ ტელეფონში და თავიანთი საქმის თვითონ იციანო.

ქალების ბედი.

თუ კი ვინმეს ზურგზე გადადის სოფლის ყოფა-ცხოვრების სიმძიმე და ჭირ-ვარამი, ისევ ქალები არიან. ახალგაზრდებიც და მოხუცებიც, ორივე ერთნაირად დაუცველები. “კარგია, ქალაქში რომ გათხოვდი ”, – მეუბნება მეზობლის ქალი მზია და თავის ამბებს მიყვება, თავის გასაჭირს. კატარაქტის ოპერაცია სჭირდება თვალზე. დრო კი არ აქვს, საავადმყოფოში რომ წავიდეს, ოჯახს ვერავინ მიხედავს მისი არყოფნის დროს.

ქალების ბედი ყველა ოჯახში ახალი ისტორიებით ისევ თავიდან მეორდება. ვინც ადრე დაქორწინდა, იმათი შვილებიც ნაადრევად ქმნიან ოჯახებს, სკოლის დასრულებასაც კი არ ელოდებიან. თექვსმეტი წლის ასაკში უკვე თითო ბავშვი ჰყავთ და სწავლის გაგრძელებაზე არც ფიქრობენ. სოფლის არასრულწლოვანი რძლები, ჩვილი ბავშვებით დამშვენებულები მეზობლებს სტუმრობენ გულის გადასაყოლებლად.

სხვა ქალები მეზობელ ქვეყნებში წავიდნენ სამუშაოდ. დროდადრო ჩამოდიან და გამომუშავებულ თანხას ისევ მიტოვებულ სახლებს ახმარენ. ელემენტარული ყოფით პირობებს იწესრიგებენ. შემდეგ ისევ ბრუნდებიან და დილიდან-საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობენ. მერცხლებივით არიან, მიდიან-ბრუნდებიან, სახლებს აშენებენ, შვილებს კვებავენ და შემდეგ ისევ თბილ ქვეყნებში მიფრინავენ.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი