პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
11 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები“ – ყველა ამბავს თავისი ადგილი აქვს

ალბათ ბევრ თაობას ახსოვს სასწავლო წლის დასაწყისის ყველაზე ნაცნობი დავალება – „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები“. არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვს ფურცელზე უნდა გადმოეტანა რა გააკეთა, სად იყო და რა ნახა ზაფხულის არდადეგების დროს. ხშირად ეს თემა მხოლოდ ერთ ენაზე არ იწერებოდა. თუ სკოლაში ბავშვი რამდენიმე ენას სწავლობდა, ზაფხულის ამბის დაწერას ყველა იმ ენაზე სთხოვდნენ, რომლებსაც შეისწავლიდა.
დავალების იდეა თავისთავად საინტერესოა. ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, გაიხსენოს საკუთარი გამოცდილება, მოუყვეს სხვებს ზაფხულის შესახებ და წერილობით გადმოსცეს საკუთარი აზრები. თუმცა პრაქტიკაში ხშირად სხვაგვარად ხდებოდა: თუ ბავშვს წერა ან ფაქტების გახსენება უჭირდა, მას მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი ეხმარებოდა; ზოგჯერ ტექსტს საერთოდ ერთმანეთისგან იწერდნენ. დღეს ამ პრობლემას ახალი შესაძლებლობაც დაემატა – ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წუთში ბავშვის ნაცვლად თავად „შექმნას“ ბავშვის ლამაზი ზაფხული, გამართული ტექსტით და თუნდაც არარსებული ისტორიებით.
ამ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ შესანიშნავად დაწერილი თემა, მაგრამ ვერ გავიგოთ მთავარი: რა გაიხსენა ბავშვმა, რას ფიქრობდა, რას განიცდიდა და თავად რას იტყოდა ამ გამოცდილების შესახებ?
ამასთან, ყველა ბავშვის ზაფხული ერთნაირი არ არის და არც ყველა მოგონებაა სასიამოვნო. ზოგისთვის ზაფხული საინტერესო და მხიარულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, ზოგისთვის – ჩვეულებრივ დღეებთან, ზოგიერთ ბავშვს კი შეიძლება ისეთი ისტორიები ჰქონდეს, რომლის გახსენება ან სხვებისთვის გაზიარება არ სურს. ამიტომ დავალება არ უნდა გულისხმობდეს, რომ ბავშვმა აუცილებლად „კარგი ზაფხულის“ შესახებ უნდა დაწეროს.
ნაცნობ დავალებას შეგვიძლია სხვაგვარად მივუდგეთ – ბავშვს მივცეთ უსაფრთხო სივრცე, რომ ჯერ საკუთარ გამოცდილებაზე იფიქროს, გაიხსენოს და დაამუშაოს ის ემოციები, რომლებიც ზაფხულის მოგონებებს უკავშირდება, შეარჩიოს და ისაუბროს, რის გაზიარება სურს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს წერა. ამ შემთხვევაში დავალება მხოლოდ ტექსტის შექმნის საშუალება აღარ იქნება. ის შეიძლება გახდეს ბავშვისთვის საკუთარი გამოცდილების გახსენების, გააზრების, შეფასების, ემოციების ამოცნობისა და საკუთარი სათქმელის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.
დავიწყოთ არა წერით, არამედ გახსენებით
 ბავშვისთვის „დაწერე, როგორ გაატარე ზაფხული“ საკმაოდ რთული დავალებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი ამბის შესახებ უნდა დაწეროს და ხანგრძლივი ზაფხულის არაერთი ისტორიიდან ერთ-ერთის შერჩევაც უჭირს. ამიტომ სასარგებლოა, თუ წერის დაწყებამდე რამდენიმე წუთს დავუთმობთ ზაფხულის გახსენებას.
ამისთვის შეგვიძლია ბავშვებს დავუსვათ მარტივი კითხვები:
  • რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
  • რა გაგიხარდა?
  • რა გაგიჭირდა?
  • რა გაგიკვირდა?
  • რა გააკეთე პირველად?
  • იყო რაიმე, რასაც სხვანაირად გააკეთებდი?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის. მათი მიზანია, ბავშვმა გაიხსენოს სხვადასხვა ამბავი და თავად აღმოაჩინოს, რომელი მათგანის მოყოლა სურს.
T-დიაგრამა დავალების დაწყების მარტივი გზა
 წერის დაწყებამდე მასწავლებელს შეუძლია ბავშვებს შესთავაზოს T-დიაგრამა, რომელშიც ზაფხულის გამოცდილებას ორ ნაწილად დაალაგებენ: რა გამიხარდა/რა მომეწონა და რა გამიჭირდა/რა არ მომეწონა (აღნიშვნის ფორმა შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგალითად, სიტყვების ნაცვლად ერთ მხარეს მხიარული, მეორე მხარეს – მოწყენილი „სმაილი“ ან ამავე პრინციპით მხოლოდ + და – ნიშნები, მთავარია, ბავშვმა მათი საშუალებით მარტივად გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტული შემთხვევის მიმართ).
ბავშვს შეუძლია მარცხენა მხარეს ჩაწეროს ან დახატოს ის, რაც სასიამოვნოდ დაამახსოვრდა, ხოლო მარჯვენა მხარეს – ის, რაც გაუჭირდა, არ მოეწონა ან რამაც უსიამოვნო განცდა დაუტოვა. არ არის აუცილებელი, ორივე სვეტი თანაბრად შეივსოს. ბავშვს შეიძლება უფრო მეტი სასიამოვნო მოგონება ჰქონდეს ან პირიქით, რთული გამოცდილებები უფრო მკაფიოდ ახსოვდეს. ბავშვის არჩევანი თავისუფალია და არც ერთი ვარიანტი არ არის არასწორი.
T-დიაგრამის გამოყენებისას სასურველია, მასწავლებელმა ჯერ თავად შექმნას ნიმუში ამავე თემაზე. ამისთვის მას შეუძლია საკუთარი მაგალითების საფუძველზე შეავსოს T-დიაგრამა:
რა გამიხარდა / რა მომეწონ+
 
რა გამიჭირდა / რა არ მომეწონა
 
ü  დასასვენებლად წასვლა
ü  დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა
ü  სასურველი ნივთის შეძენა
ü  ოჯახთან ერთად გასეირნება ქალაქგარეთ
ü  ტორტის პირველად გამოცხობა
ü  სასურველ ტრენინგში მონაწილეობა
ü  მანქანის მართვის სწავლა
ü  …
ü  რამდენიმე დღე ავად ყოფნა
ü  ძალიან ცხელი დღეები
ü  ერთი დაგეგმილი დღის შეცვლა
ü  ტელეფონის გაფუჭება
ü  …
მასწავლებლის ნიმუში ბავშვებს აჩვენებს, რომ ზაფხულის შესახებ საუბარი მხოლოდ სასიამოვნო გამოცდილებაზე წერას არ გულისხმობს. შესაძლებელია, ერთსა და იმავე პერიოდში ადამიანს რაღაც უხაროდეს და რაღაც უჭირდეს. ამასთან, მასწავლებლის ნიმუში ბავშვს ეხმარება, დაინახოს, როგორ შეიძლება ერთი კონკრეტული ამბავი იქცეს ტექსტად.
 არჩევანი ბავშვს დავუტოვოთ
დიაგრამის შევსების შემდეგ ბავშვმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ ამბავზე სურს დაწერა.
შეიძლება აირჩიოს:
  • ის, რამაც ყველაზე მეტად გაახარა;
  • ის, რამაც გააკვირვა;
  • ის, რაც გაუჭირდა;
  • ის, რაც პირველად გააკეთა;
  • ის, რაც რაღაცას ასწავლიდა;
  • ნებისმიერი სხვა ეპიზოდი, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია.
არ არის საჭირო, ბავშვმა ორივე სვეტიდან აირჩიოს ამბავი. არც ის არის აუცილებელი, რომ ყველაზე „საინტერესო“ ან შთამბეჭდავი მოვლენა შეარჩიოს. აქ მთავარია, არჩევანი თავად გააკეთოს და ჰქონდეს უფლება, არ დაწეროს ის, რის გაზიარებაც არ სურს – ესეც არჩევანია.
 ზოგიერთი ამბავი შეიძლება ბავშვისთვის ძალიან პირადი, რთული ან ემოციური იყოს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა არ უნდა მოსთხოვოს დეტალური ახსნა ან ისეთი ამბის დაწერა, რომლის გახსენებისგან ბავშვი თავს იკავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბავშვისთვის უხერხულობის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება გარკვეული სიმბოლოების გამოყენება. შეგვიძლია წინასწარ შევთანხმდეთ მარტივ ნიშნებზე. მაგალითად, გულის სიმბოლო იმ გამოცდილების აღსანიშნავად, რომლის შესახებაც ბავშვს უნდა დაწერა, ხოლო ვარსკვლავი – იმ გამოცდილებისთვის, რომლის შესახებაც წერა არ სურს. ეს დახარისხება არ ნიშნავს, რომ ამბავი „კარგი“ ან „ცუდია“. ის მხოლოდ ბავშვის არჩევანს გამოხატავს: „ეს ჩემი ისტორიაა და მე თავად ვწყვეტ, მინდა თუ არა მასზე წერა“. ასეთი მიდგომა ბავშვს აძლევს უსაფრთხოების განცდას და აჩვენებს, რომ მისი პირადი გამოცდილება პატივსაცემია.
T-დიაგრამა ჯერ კიდევ არ არის ტექსტი
 დიაგრამის შევსების შემდეგ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა ტექსტის დაწერასთან დაკავშირებით. ბავშვებისთვის დახმარების მიზნით ვიყენებთ რამდენიმე მარტივ საკვანძო კითხვას:
  • რა მოხდა?
  • სად მოხდა?
  • ვინ იყო შენთან?
  • რა გააკეთე?
  • რას გრძნობდი?
  • რა მოხდა შემდეგ?
  • რატომ დაგამახსოვრდა ეს ამბავი?
ბავშვს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ სჭირდება. კითხვები მხოლოდ აზრების დალაგებაში ეხმარება ტექსტის დაწერის დროს. მაგალითად, თუ T-დიაგრამაში ბავშვმა ჩაწერა: „ველოსიპედის ტარება ვისწავლე“, ტექსტის დასაწყებად შეიძლება გაიხსენოს, სად სწავლობდა, ვინ ეხმარებოდა, თავიდან რა გაუჭირდა, როგორ იგრძნო თავი, როცა პირველად დამოუკიდებლად შეძლო ტარება და რატომ დაამახსოვრდა ეს დღე. ამ გზით რამდენიმე სიტყვიანი ჩანაწერი თანდათან სრულ ამბად გარდაიქმნება.
არ არის აუცილებელი ბუნდოვანი ზაფხულის შესახებ დაწერა
ხშირად სწორედ დავალების ფართო ფორმულირება ართულებს წერას. ბავშვს შეიძლება გაუჭირდეს გადაწყვეტილების მიღება, რომელი მოვლენები უნდა შეიტანოს ტექსტში და რომელი – არა. ამიტომ შესაძლებელია წერითი დავალების ინსტრუქცია უფრო კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ და ერთი კონკრეტული მითითება მივცეთ. მაგალითად:
  • დაწერე ერთი დღე, რომელიც ზაფხულიდან დაგამახსოვრდა;
  • მოგვიყევი ერთი ამბავი, რომელიც ამ ზაფხულს გადაგხდა;
  • დაწერე ერთი რამ, რაც პირველად გააკეთე;
  • მოგვიყევი ერთ რამეზე, რამაც გაგახარა ან რაც გაგიჭირდა.
ასეთი ფორმულირება ბავშვს ეხმარება, მთელი ზაფხულის აღწერის ნაცვლად, რაც საკმაოდ რთულია როგორც გახსენების, ასევე აზრის დალაგების თვალსაზრისით, ერთი ამბავი აირჩიოს და ის გადმოსცეს უფრო სრულყოფილად.
ყველა მოვლენა შეიძლება იყოს დასაწერი ამბავი
კარგი ტექსტისთვის ბავშვს არ სჭირდება განსაკუთრებული მოგზაურობა, თავგადასავალი ან ბევრი საინტერესო მოვლენა. ზოგჯერ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი შეიძლება იყოს მეგობართან თამაში, ბებიასთან გატარებული დღე, ახალი წიგნის წაკითხვა, ველოსიპედის ტარების სწავლა, ოჯახის წევრთან ერთად მომზადებული კერძი ან ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც რატომღაც განსაკუთრებით დაამახსოვრდა. მთავარია არა ის, რამდენად განსაკუთრებული იყო მოვლენა, არამედ ის, რატომ აღმოჩნდა ის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის.
ზაფხულის მოგონება ყოველთვის სასიამოვნო არ არის. ამიტომაა გასათვალისწინებელი არჩევანის თავისუფლება. ბავშვს არ უნდა მოვთხოვოთ ისეთი გამოცდილების დაწერა, რომლის გაზიარებაც მას არ სურს. თუმცა შეიძლება ბავშვს სწორედ იმ შემთხვევის გაზიარება მოუნდეს, რომელმაც გაანაწყენა, იმედი გაუცრუა ან გაუჭირდა. თუ ბავშვს ამაზე წერა თავად სურს, შესაძლებელია, დავეხმაროთ ამბის თანმიმდევრულად გადმოცემაში: რა მოხდა? რას გრძნობდი? რა იყო რთული? რა დაგეხმარა? რას ფიქრობ ამ ამბავზე ახლა? რას შეცვლიდი? და ა. შ.
მშობლისა და მასწავლებლის როლი დახმარება და არა ტექსტის დაწერა
როდესაც ბავშვს წერა უჭირს, უფროსს შეიძლება მოუნდეს, მის ნაცვლად ჩამოაყალიბოს წინადადებები, თუმცა ამ შემთხვევაში იკარგება დავალების მთავარი მიზანი.
უფროსს შეუძლია:
  • მოუსმინოს ბავშვის მონაყოლს;
  • დაუსვას დამაზუსტებელი კითხვები;
  • დაეხმაროს მოვლენების თანმიმდევრობით დალაგებაში;
  • შესთავაზოს სიტყვა, თუ ბავშვს მისი გახსენება უჭირს;
  • წაახალისოს, დაამატოს მისთვის მნიშვნელოვანი დეტალი.
მიუხედავად ამ ტიპის მხარდაჭერისა, საბოლოოდ დავალება მაინც ბავშვის სიტყვებით უნდა დაიწეროს. ჩვენი მიზანი არ არის ყველაზე ლამაზი ტექსტის მიღება, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავად შეძლოს გახსენება, არჩევა, აზრის ჩამოყალიბება და მისი წერილობით გადმოცემა.
თუ ბავშვს წერა უჭირს, შეგვიძლია დავალების ეტაპები გავუმარტივოთ: ჯერ გავიხსენოთ → შემდეგ დავალაგოთ → ავირჩიოთ ერთი ამბავი → მოვყვეთ → ბოლოს დავწეროთ როგორც შევძლებთ.
T-დიაგრამა სწორედ ამ პროცესის პირველი ნაბიჯია. ის ბავშვს ცარიელი ფურცლის წინაშე მარტო არ ტოვებს და ეხმარება, საკუთარი გამოცდილებიდან ის ამბავი იპოვოს, რომლის მოყოლაც თავად სურს.
საბოლოოდ კი, თემა „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები“ არ უნდა იქცეს დავალებად, რომლითაც ბავშვმა უნდა დაამტკიცოს, რამდენად საინტერესო ზაფხული ჰქონდა. ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა, გაიხსენოს საკუთარი გამოცდილება, თავად აირჩიოს მნიშვნელოვანი ამბავი და საკუთარი სიტყვებით მოუყვეს ის სხვას.
ყველა ზაფხულს თავისი ამბავი აქვს, მთავარია, ბავშვს ჰქონდეს არჩევანი, თავად გადაწყვიტოს, რომელი ამბის მოყოლა სურს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“