ოქტომბრის ბოლოს ჩემი სადამრიგებლო კლასი მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის სანახავად წავიყვანე. ექსკურსიისთვის გამიზნულ აქტივობებზე ფიქრისას, გადავწყვიტე, სახელმძღვანელოში შესწავლილი ტექსტის მიხედვით სპექტაკლი დამედგა. სწორედ იმ პერიოდში დავასრულეთ „ეთერიანი“ და ორი წლის წინანდელი გამოცდილება დამეხმარა, კერძოდ, მეშვიდეკლასთან გამართული სპექტაკლი, რომ სამ გაკვეთილზე გამენაწილებინა როლები, მომეფიქრებინა რეკვიზიტები და ეპიზოდების მიხედვით ამეკინძა წარმოდგენა. სპექტაკლი მშობლებისთვის სიურპრიზად ჩავიფიქრეთ და ამ სურვილმა ძალა შეგვმატა.
როლები გამოსაძახებელი ჩხირებით შევარჩიე. გამოწვევად მივიღე, რომ რამდენიმე მთავარი როლი შედარებით მორცხვ ბავშვებს შეხვდათ. ტექსტის საფუძლიანი ცოდნა იყო მთავარი საყრდენი. სხვაგვარად გაგვიჭირდებოდა. თუ რამდენ უნარს ავითარებს სპექტაკლი, ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი სტატია. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ ექსკურსიის საგანმანათლებლო მხარისა და იმრპოვიზირებული სპექტაკლის როლის შესახებ.
მასწავლებლობა ბავშვობის აუხდენელი სურვილებისა და ოცნებების რეალიზების საშუალებაც რომ არის, დაფიქრებულხართ? მირზაანში დაგეგმილი ექსკურსიაც ჩემი ბავშვობის ნათელ მოგონებას უკავშირდება. 2000 წლის სექტემბერში ჩემს ბიძაშვილთან და მის ორ მეგობართან ერთად ტიბაანიდან მირზაანში ფეხით წაგვიყვანა ჩვენმა მეზობელმა შალვამ. ფიროსმანის სახლ-მუზეუმი დაკეტილი დაგვხვდა, ჩამოვსხედით კიბეზე და გადავიღეთ ფოტო, რომელსაც ახლა სასწავლო რესურსად ვიყენებ. ოცდახუთი წლის წინ გადაღებულ სურათში ჩემი მოსწავლეების ტოლი ვარ, მოკლედ შეჭრილი თმა მაქვს და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებ, მაგალითად, ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით მივდივარ. გულისწყვეტა დაკეტილი მუზეუმის გამო არ გამნელებია. მას შემდეგ ვეღარ მოვახერხე მირზაანში წასვლა. ფოტოს უკანამხარეს დამიტოვებია წარწერა, რომელსაც წერის, წარწერის მნიშვნელოვნების საილუსტრაციოდ ვიყენებ.
მირზაანში ჩასვლისას ბავშვებს ვაჩვენე ფოტო, მოვუყევი სოფლიდან სოფელში წასვლის მიზეზი. სამწუხაროდ, ამდენი წლის შემდეგაც ისევ დაკეტილი დაგვხვდა მუზეუმი. სამაგიეროდ, ვნახეთ სახლი, რომელიც აქამდე ნანახ სხვა სახლებს არ ჰგავს. ერთსართულიანი და ერთოთახიანი სახლი ნიკო ფოროსმანს თავისი დისთვის, ფეფესთვის, აუშენებია. ფეფეს ამ ერთ ოთახში 10 შვილი გაუზრდია. ოჯახის კუთვნილი ნივთებიდან შემორჩენილია 6 ნივთი: საკერავი მანქანა, სკივრი, ხალიჩა, აკვანი, თონე და სოფელ ოზაანში ნაპოვნი კარი, რომელზეც მხატვარს მზე და ვარსკვლავი დაუხატავს. გიდი მხატვრის ბიოგრაფიასა და სახლის ისტორიას რომ გვიამბობდა, მე მობილური ტელეფონში ინფორმაციას ვიწერდი. ბავშვები გავაფრთხილე, რომ ყურადღებით მოესმინათ, რადგან შემდეგ ვიქტორინას ვითამაშებდით და მოსმენილის შესახებ კითხვებს დავუსვამდი. ეს მეთოდი ეფექტური მოსმენის გასაუმჯობესებლად ძალიან მეხმარება ხოლმე. თბილისში გაზრდილ ბიჭს ფეფეს სახლი თუნუქით გადაუხურავს და ეს ყოფილა სოფლის პირველი თუნუქისსახურავიანი სახლი. მე და ჩემმა მოსწავლეებმა წარმოვიდგინეთ, როგორ იზრდებოდა ამ პატარა ოთახში 10 ბავშვი, როგორი ხმები ისმოდა, როგორ უმღეროდა დედა ბავშვებს იავნანას.
მუზეუმის ეზოში სპექტაკლის დადგმის ნება დაგვრთეს. სურათებისთვის განკუთვნილი შენობის კიბეებზე გადავწყვიტეთ წარმოდგენის გამართვა, მაგრამ ცოტა ხანში იმდენად შესაფერისი ადგილი ვიპოვეთ, თითქოს საგანგებოდ ჩვენი სპექტაკლისთვის მოაწყვეს სცენა.
შენობის მარჯვენა მხარეს გორა აკრავს, გორაზე ულამაზესი აკაკის ერთადერთი ხე დგას, მის წინ კი ქვის დაბალი, მორკალული ღობეა, რომელიც მაყურებლების – ჩვენი ძვირფასი მშობლების – დასაჯდომად გამოვყენეთ.
რეკვიზიტების მოგროვებაც ამ სპექტკლის განუყოფელ და დაუვიწყარ ამბად იქცა. წაღებული მქონდა ჩემი კახელი ბებოს, კატოს, მოქსოვილი ხალიჩა, რომლის მსგავსი ფიროსმანის სახლის კედელზე დაკიდებული დაგვხვდა. ბავშვებმა მაშინვე ჩემი ხალიჩა გაიხსენეს. ფიროსმანის დედას, თეკლე ტოკლიკიშვილის, მოქსოვილმა ხალიჩამ ათასი ფიქრი ამიშალა. რამდენიმე კილომეტრით მდებარე სოფელ ტიბაანში ბებიაჩემი კატო ჭრელ ხალიჩას თუ ფარდაგს რომ ქსოვდა, თეკლე ცოცხალი არ იქნებოდა. დღევანელობასთან გავავლეთ პარალელი და კახელ ქალებში ხალიჩების ქსოვის ტრადიცია შევადარეთ „ბისერებით“ სამკაულების აწყობის ჰობს, ასე ძალიან რომ უყვართ ჩემს მოსწავლეებს. ირმის ფორმისთვის წინა საღამოს მეცხრეკლასელი ანასტასიას დედას, ნატოს, დავურეკე და გვიან ღამით ანასტასიამ სადარბაზოსთან მომიტანა. ეთერის დედა ქმარს რომ მკითხავთან გზავნის, ეგ ეპიზოდი ცოტა შევცვალეთ და მკითხავთან ერთად მისი მეგობრებიც შემოვიყვანეთ. რამშტაინის მუსიკაზე მკითხავი ნუცა თეფშზე სოდას ყრის და ზედ ასხამს ძმარს, რომელიც მესენჯერ-ჩატში მშობლებთან მოვიკითხე და მარიამის დედამ წამოგვიღო. მიზეზი არ იცოდნენ, რაში გვჭირდებოდა ნახევარი ლიტრი ძმარი. ვეზირებისთვის, აბესალომისა და მურმანისთვის ფორმებად წინა სპექტაკლიდან შემონახული ნაჭრები გამოვიყენეთ, ეთერისთვის კაბა ჩემი გარდერობიდან შევარჩიე, მთავარ დეტალად კი ჩემი საქროწილო ფატა იქცა.
აკაკის ხის წინ კი გადავწყვიტეთ სპექტაკლის გამართვა, მაგრამ სულ არ მიფიქრია, რომ ხეზე შემოვსმადით ეთერს. ეს იდეა წარმოდგენის პროცესში დამებადა.
როგორც ხდება ხოლმე, სპექტაკლის დადგმისას დრო სხვაგვარ ელფერს იძენს. ამაზე დაკვირვებასა და თანამონაწილეობას არაფერი სჯობს. მშობლებისთვის მართლაც ბოლომდე სიურპრიზად დარჩა ჩვენი ჩანაფიქრი. „ამას მიმალავდი?“ – ეკითხებოდნენ ბავშვებს დედები.
იმპროვიზირებული პერფორმანსი – ასეთ სახელს იხდენს ქართული ხალხური ზღაპრის „ეთერიანის“ მიხედვით გამართული სპექტაკლი. ბავშვები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ასხენებდნენ, წამიერად ვჩერდებოდით და მერე ისევ მთელი შემართებით ვაგრძელებდით. აბესალომმა და ეთერმა ორ გაკვეთილზე ნასწავლი ქართული ცეკვაც შესანიშნავად იცეკვეს. ცალკე უნდა აღინიშნოს მთხრობლის როლი, რომელიც 12 წლის თამარმა თვითონ მოიფიქრა. სპექტაკლის დასაწყისში და კიდევ რამდენიმე ეპიზოდის წინ გამოდიოდა და იქვე მოფიქრებული სიტყვით მიმართავდა მაყურებელს, მერე აბესალომის დედად, უშტარ-ნათელად „გადაიქცა“ და ისეთი გრძნობით განიცადა აბესალომის ავადობა, ჩემ გვერდით მდგარმა ანის დედამ შესძახა, გული დამეწვაო. მურმანის როლს გოგა ასრულებდა და ეშმაკს რომ სულს მიჰყიდის, დედამისმა სასოწარკვეთით შესძახა, შე ბოროტო, ამისთვის გაგზარდეო. კიდევ ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო აბესალომის დის, მარეხის, სიტყვები, რომლებიც სალომემ, მარეხის როლის შემსრულებელმა, ფანდურზე დაამღერა და სხვა გოგოებიც აიყოლია.
მუსიკის ძირითადი ნაწილი გზაში შევარჩიე.
„პროცესით ისიამოვნეთ!“ – ეს უმთავრესი რჩევა მიიღეს ჩემმა მეშვიდეკლასელებმა რაჭველი მოსწავლეებიგან ივნისში გამართული სპექტაკლის წინ, ზუსტად იგივე უთხრეს მეცხრეკლასელმა გოგოებმა ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ბავშვები ზედმიწევნით ისრუტავენ რჩევებს და იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ეს თავად ან ჩვენ წარმოგვიდგენია. ამის ნათელი მაგალითი იყო სამ დღეში დადგმული სპექტაკლი მირზაანის ულამაზეს გორაზე, საიდანაც ხელის გულივით მოჩანდა ალაზნის ველი და სოფელი ტიბაანი – ჩემი ბავშვობის უძვირფასესი ადგილები. ბავშვები კატო ბებიას ხალიჩას ციმციმ დაარბენინებდნენ და აკაკის ხის ქვეშ აბესალომის დასაწოლად აფენდნენ, ნიავი ფერად ნაჭრებს აფრიალებდა, თითქოს ისიც გვეხმარებოდა და გვილამაზებდა იმ წუთებს, ბავშვები თავად მოქმედებდნენ, იღებდნენ მყისიერ გადაწყვეტილებებს, მთელი ძალისხმევით ებრძოდნენ მოწოლილ სირცხვილსა და მშობლების გასახარებლად გაბედულებად აქცევდნენ. მშობლები კი გადამდებად, მთელი გულით იცინოდნენ. ბავშვების შესაძლებლობების წარმოჩენა და ამ ყოველივეთი მშობლების გახარება – აი, რა არის ჩემი მასწავლებლობის უმთავრესი მიზანი. ჩემს მეშვიდეკლასელებთან ერთად ეს გამომივიდა.
არაფორმალურ გარემოში დაგეგმილი სპექატკლი ფორმალურ გარემოში მიღებულ, დაგროვებულ ცოდნას ეფუძნებოდა, რასაც სასწავლო პროცესისთვის განახლების ძალა აქვს.
სტატიის ბოლოს გიზიარებთ სპექტაკლის ვიდეოს:
https://www.youtube.com/watch?v=skROsiy2cdw


