ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

მხატვრული ენა – სიტყვიერი ხელოვნების „სპეცეფექტი“

 

 

„ვეფხისტყაოსნის“ კითხვისას თანამედროვე მოზარდებს ეუცხოვებათ მხატვრული საშუალებები, რომლებსაც უხვად იყენებს რუსთველი. მისი თხრობა დიდებული, გენიალურია და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა  „ენობრივ-გამომსახველობითი სპეცეფექტები“.

 

თუ დააკვირდებით, რუსთველის სტილი საოცრად კინემატოგრაფიულია.

ნელი, აუჩქარებელი, სიამოვნებით გაჯერებული კითხვისას მკითხველს „იქ ყოფნის“ განცდა უჩნდება. მოქმედება, სცენა, გმირის განცდა თუ სხვა რამ სანახაობა ჩვენ თვალწინ იშლება. ეფექტი ზუსტად ისეთია, როგორსაც კარგი ოპერატორის ნამუშევარი გვიქმნის კარგ ფილმში. ერთხელ სწორედ ასე წარმოვიდგინე „მთხრობელი რუსთველი“ – მხარზე წარმოსახვითი კამერით, გამოწვლილვით, სკრუპულოზულად რომ აგებს კადრს – ახლო, მსხვილი ან შორი ხედებით, გადაღების კუთხის უზუსტესი შერჩევით, დეტალებზე „კამერის“ ფოკუსირებით…

ნათქვამის საილუსტრაციოდ თინათინის გამეფების გრანდიოზული თავიდან ერთი სცენა გავაცოცხლოთ:

უზარმაზარი სუფრაა გაშლილი, სმა-ჭამა, ხილობა, ნადიმი, ხალხმრავლობა…

ამ საერთო მხიარულებისა და რუზრუზის ფონზე მსხვილი კადრი მეფის „დაღრეჯილობას“ გვიჩვენებს. თავი აქვს მეფეს ჩაქინდრული, გარიდებულია თითქოს სხეულითაც და გონითაც იქაურობას. გარშემომყოფნი ჩურჩულებენ, ნეტავ რა სჭირსო…ისმის გადალაპარაკება, კადრების სწრაფი მონაცვლეობით ვავლებთ თვალს გარშემომყოფებს. მზერას ავთანდილზე ვაყოვნებთ – შესანიშნავად გამოიყურება, ანათებს. იქვე სოგრატი დგას, მოხუცი, დარბაისელი. ერთმანეთს გადაულაპარაკეს – რა უმძიმს მეფეს? რაღაცამ ჩააფიქრა, დაასევდიანა. ავთანდილი გამოთქვამს ინიციატივას – წავიდეთ, სოგრატ, ვკითხოთ, რა დამართნია, გავეხუმროთ, გავახალისოთ.

მერე:

ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუხმოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს…და ხედავ თითოეულ ამ დეტალს – როგორ იღებენ თლილ, ულამაზეს ჭიქებს, ავსებენ მუქი შინდისფერი სასმელით (ასეთი წარმოვიდგინე), ნელი, აუღელვებელი მოძრაობით, აუჩქარებლად მიდიან (ავთანდილი როგორ დაატარებს ამ თავის „დახატულ“ და ენითაუწერლად მშვენიერ, მოხდენილ სხეულს, ცალკე ამბავია…საერთოდ, სხეულებრივ მოძრაობებს ხშირად აქცევს ფოკუსში ჩვენი „ოპერატორი“), მეფეს უახლოვდებიან, მუხლს მოიყრიან, მოსახერხებელ პოზას შეარჩევენ, იცინიან და იწყებენ მეფესთან სალაღობო დიალოგს…

 

აქვე ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან – დააკვირდით, არაბეთის სამეფოში რა სიხშირით ახსენებს რუსთველი ეპითეტს „ლაღი“ და „უკადრი“. ამ სახელმწიფოში ზოგადად ატმოსფეროა ასეთი. სილაღე, თავისუფლება, ჰაეროვნება, დაუძაბავი, უშუალო ურთიერთობები. ქვეშევრდომები მეფეს სათქმელს ლაღად „კადრებენ“, გმირები ლაღად და უკადრად მიმოდიან, მუდმივად ისმის სიცილი, ვხედავთ გაღიმებულ სახეებს…ერთი სიამოვნებაა მკითხველისთვის არაბეთში ხეტიალი. როგორ აღწევს შემოქმედი ამას? სწორედ „სპეცეფექტებით“ – ეპითეტებითა და შედარებებით, ჰიპერბოლებით, მეტაფორებით.

აი, თუნდაც, ამ სტროფის დინამიკა ავიღოთ:

„დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,

ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი,

პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,

მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი“.

 

დილაუთენია ადგა, მოიკაზმა წითლები შეურჩევია დღევანდელი დღისთვის (ავთანდილს უყვარს ჩაცმა-დახურვა). ისე გამოიყურება, თვალს ვერ მოწყვეტ, ნაზარდი სოსანია (მეტაფორული ეპითეტი), ქარქაშში ჩაგებული ხმალიც ხვდება ჩვენი თვალთახედვის არეში, თეთრ ცხენზე ამხედრებული დროულად გასასვლელად იწვევს მეფეს, ცხენი წინა ფეხებს მოხდენილად „აბაკუნებს“, მხედარი ულამაზესად ირწევა…

 

პოემის ყველაზე მძლავრი და შთამბეჭდავი სპეცეფექტი, უდავოდ, ჰიპერბოლაა.

კინემატოგრაფიაში სპეცეფექტი ერთგვარი ილუზიაა, ხრიკი, რომელიც რეჟისორის მხატვრული ჩანაფიქრის ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება ყოველგვარი ფიზიკური შეზღუდვის გარეშე. რეალურ სამყაროში შეუძლებელსა და მიუღწეველს კინოში სწორედ სპეცეფექტის „დადებით“ წარმოაჩენს შემოქმედებითი ჯგუფი. მაგალითად, სუპერგმირების შესაძლებლობები, პლანეტათშორისი მოგზაურობები, კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი მასშტაბური სცენები, ამინდისა თუ სხვადასხვა კლიმატური ან სტიქიური მოვლენების ეფექტები. სპეცეფექტები კინოს გამომსახველობითი ენაა და მათი მეშვეობით ფანტასტიკური ელემენტები დამაჯერებელ სანახაობად იქცევა.  გამორჩეული ფიზიკური ძალის მქონე გმირის შესაძლებლობა მაყურებლისთვის ცხადი ხდება მაშინ, როდესაც იგი მუშტის ერთი დარტყმით ცათამბჯენს ჩამოანგრევს ან სატვირთო მანქანას აწევს ცალი ხელით. სპეცეფექტების მეშვეობით იქმნება ილუზია იმისა, რომ გმირი არაადამიანური, ზებუნებრივი ძალის მქონეა.

ზუსტად იგივე ეფექტის მისაღწევად იყენებს სიტყვიერი ხელოვნება ტროპის სახეებს. რუსთველი თავისი გმირების ფიზიკური ძალის, მათი ემოციური მდგომარეობის ან გარეგნული მშვენიერების წარმოსაჩენად ყველაზე ხშირად ჰიპერბოლას მიმართავს.

მაგალითად, თუ გმირი სევდიანია, ის ტირის. ცრემლი აქ საცრემლე ჯირკვლების გამომუშავებული ფიზიოლოგიური სითხე არაა მხოლოდ. ის სწორედ ემოციური ფონის წარმომჩენი დეტალია. თუ გმირი ძალიან სევდიანია, ის კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ცრემლს ღვრის. თუ სასოწარკვეთილია, ცრემლს სისხლი ერევა. თუ ფსიქოემოციური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, სისხლნარევი ცრემლების ნაკადი, თვალთაგან ჩამონადენი, მდინარეებად იქცევა, მდინარეები კი ზღვას უერთდება.

ჰიპერბოლა გარეგნული მშვენიერების აღწერის უცილობელი ელემენტია პოემაში. გმირების მშვენიერების წარმოჩენა მზის, მთვარის, ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა მეტაფორების მეშვეობით არაა ავტორისთვის საკმარისი. ჰიპერბოლა მისი სპეციალური სამარჯვია. გმირები იცინიან და მათი კბილთა ელვარება ჭვირს ასხივებს, ელვასავით ანათებს. გმირები დადიან და გარემო ნათდება, ბრწყინავს, კიდით კიდემდე შუქით ივსება.

ჰიპერბოლა ფიზიკური ძალის გამოსახატავადაც უალტერნატივო მხატვრული საშუალებაა. ბატალური სცენების აღწერისას მთებად ვხედავთ ჩვენი უძლეველი ბიჭების დახოცილ „ცხენთა და კაცთა“, ლომებსა და ვეფხვებს ისინი ცალი ხელით ახრჩობენ (ბავშვობაშივე – როგორც ტარიელი!), ავთანდილს შეუძლია მეკობრეთა გემების კიჩოს ხელი ჩაავლოს და ააყირავოს…

 

პოემის ახალგაზრდა მკითხველებს, მეტწილად, სწორედ ჰიპერბოლიზირებული ემოციები სჭრით ყურს. თუ შევეცდებით და დავარწმუნებთ მათ, რომ ეპოქისთვის სახასიათო გამომსახველობითი საშუალებების არსენალში ჰიპერბოლა იგივეა, რაც დღევანდელ კინემატოგრაფში, მაგალითად, სპეცეფექტი, აღქმა და მიმართება, შესაძლოა, შეცვალონ. როდესაც ტექსტში იღვრება ცრემლის მდინარეები და დგება სისხლის ზღვა, ეს ფიზიოლოგიური რეალობის ამსახველი კი არ არის, არამედ ემოციებისა და განცდების მასშტაბის ვიზუალიზირების მცდელობაა.

 

ჰიპერბოლა სასოწარკვეთის სიღრმისა თუ ფიზიკური ძალის განსაკუთრებულობის საზომად მივიღოთ და ეს დაგვეხმარება ერთი უმთავრესი „ბრალდება“ ჩამოვაშოროთ მთავარ გმირს (ეგ მტირალა!).

 

დეტლებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გარდა გამაოგნებელია ფსიქოლოგიზმები ტექსტში – პოემის შემოქმედი ადამიანის ფსიქიკის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, ფსიქოემოციური მდგომარეობების სომატური გამოვლინებების შესახებ ვირტუოზულ ცოდნას ავლენს. სხეულებრივ რეაქციებსა და მოქმედებებში გამოხატულ სათქმელი კი უკვე საგანგებო წერილს იმსახურებს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“