თანამედროვე სასკოლო სივრცეში რუსული ენის მასწავლებელი ხშირად დგება რთული გამოწვევის წინაშე: ერთ კლასში იყრიან თავს მოსწავლეები, რომელთაც რადიკალურად განსხვავებული წინარე ცოდნა, ენობრივი გარემო და სწავლის ტემპი აქვთ. ზოგისთვის რუსული ენა ნაცნობი და კომფორტულია, სხვებისთვის კი ის სრულიად ახალი, რთული გრაფიკისა და ფონეტიკის მქონე სამყაროა. ასეთ ჰეტეროგენულ გარემოში ტრადიციული, „უნიფიცირებული“ მიდგომა, რომელიც საშუალო სტატისტიკურ მოსწავლეზეა გათვლილი, ხშირად არაეფექტურია — ის ძლიერ მოსწავლეებს ინტერესს აკარგვინებს, ხოლო ისინი, ვისაც მეტი მხარდაჭერა სჭირდება, სრულად დემოტივირებულნი ხდებიან.
არსებული გამოწვევის საპასუხოდ, თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმა ეყრდნობა დიფერენცირებულ სწავლებას, რომელიც განიხილება არა როგორც დამატებითი მეთოდი, არამედ როგორც ეფექტიანი სწავლების ფუნდამენტური წინაპირობა. დიფერენცირების არსი ის გახლავთ, რომ სასწავლო პროცესი მოერგოს მოსწავლეს და არა პირიქით. ეს არის სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, აღიაროს მოსწავლეთა ინდივიდუალურობა და შექმნას ისეთი გარემო, სადაც წარმატების შანსი ეძლევა ყველას. მნიშვნელოვანია, გარკვევით ითქვას: დიფერენცირება არ ნიშნავს თითოეული მოსწავლისთვის 30 სხვადასხვა ინდივიდუალური გაკვეთილის ჩატარებას. ეს არის მოქნილი და სისტემური სტრატეგია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ერთი და იმავე სასწავლო მიზნამდე მოსწავლეები, მზაობის, ინტერესებისა და სწავლის სტილის გათვალისწინებით, სხვადასხვა გზით მივიყვანოთ.
უცხოური ენის სწავლების კონტექსტში დიფერენცირება გადამწყვეტია ე.წ. „აფექტური ფილტრის“ შესამცირებლად. როდესაც სასწავლო პროცესი და დავალებები მოსწავლის ძლიერ მხარეებზეა მორგებული, ფსიქოლოგიური დაძაბულობა და შეცდომის დაშვების შიში იკლებს. შედეგად, ენობრივი ბარიერი მარტივად დაიძლევა, მოსწავლე უფრო თამამად ერთვება კომუნიკაციაში და სწავლის პროცესი ხდება არა იძულებითი რუტინა, არამედ პროდუქტიული და შემოქმედებითი გამოცდილება. დიფერენცირება მასწავლებელს აძლევს საშუალებას, მართოს კლასის მრავალფეროვნება ისე, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს „უხილავი“ და ყველამ იპოვოს თავისი გზა ენის ასათვისებლად.
მაგალითისთვის, განვიხილოთ, როგორ შეიძლება თემა „მოგზაურობა“ (Путешествие) ვაქციოთ დიფერენცირებულ სასწავლო გამოცდილებად სწავლის სტილის გათვალისწინებით:
- შინაარსისა და პროცესის დიფერენცირება: VARK მოდელი
- ვიზუალური სწავლის სტილის მოსწავლეებისთვის ინფორმაცია ვიზუალურ მასალასთან, რუკებთან და სიმბოლოებთან ასოცირდება.
აქტივობა: „მარშრუტის ვიზუალიზაცია“. მოსწავლეები ქმნიან გრაფიკულ რუკას, სადაც ტრანსპორტის სახეობებსა და დანიშნულების ადგილებს სიმბოლოებით აღნიშნავენ და რუსულად აწერენ შესაბამის ლექსიკას (аэропорт, вокзал, гостиница).
რეკომენდაცია მასწავლებელს: ნუ მოსთხოვთ ამ მოსწავლეებს ახალი ლექსიკის მხოლოდ ტექსტიდან დაზეპირებას. გამოიყენეთ ფერები (მაგალითად, ტრანსპორტის აღმნიშვნელი სიტყვები ერთ ფერში, ზმნები – მეორეში) და ხშირად დაეყრდენით ილუსტრირებულ ლექსიკონებს, ასევე, რეკომენდებულია, ბარათების ან ინფოგრაფიკების გამოყენება, რათა სიტყვა ასოცირდეს ვიზუალურ ხატთან.
- აუდიალური სწავლის სტილის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ხმოვანი სიგნალები და კომუნიკაცია.
აქტივობა: „მოუსმინე და ამოიცანი“. მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს სხვადასხვა ხმოვან შეტყობინებას (მაგ. განცხადება სადგურზე). მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ტრანსპორტის სახეობა ან გამგზავრების დრო რუსულ ენაზე.
რეკომენდაცია მასწავლებელს: სანამ მოსწავლეები ტექსტის წაკითხვას ან წერით დავალებას შეასრულებენ, აუცილებლად მიეცით საშუალება, ახალი ფრაზები ჯერ მოისმინონ და შემდეგ ხმამაღლა გაიმეორონ. დიალოგების მოსმენა მათთვის ბუნებრივი ენობრივი გარემოს შექმნისა და სწორი ინტონაციის ათვისების საუკეთესო გზაა.
- კითხვა/წერაზე ორიენტირებული სწავლის სტილის მოსწავლეები საუკეთესოდ სწავლობენ ტექსტებით, წერითი დავალებებით.
აქტივობა: „ტურისტული გზამკვლევის შედგენა“. მოსწავლეები კითხულობენ მოკლე ტექსტებს სხვადასხვა ქალაქზე და ადგენენ „აუცილებლად სანახავი ადგილების“ სიას რუსულად.
რეკომენდაცია მასწავლებელს: მიაწოდეთ მოსწავლეებს მკაფიოდ სტრუქტურირებული ტექსტები და გრამატიკული ცხრილები. მათთვის მნიშვნელოვანია წესებისა და სტრუქტურების დანახვა, ამიტომ წაახალისეთ, აწარმოონ საკუთარი მინი-ლექსიკონები და წერილობითი ჩანაწერები, რაც მათ მასალის სისტემატიზებაში დაეხმარება.
- კინესთეტური სწავლის სტილის მოსწავლეები საჭიროებენ მოქმედებასა და პრაქტიკულ დავალებებს.
აქტივობა: „ცოცხალი რუკა“. კლასში იქმნება იმიტირებული საზღვარი ან აეროპორტი. მოსწავლეები ფიზიკურად გადაადგილდებიან და ასრულებენ მოქმედებებს შესაბამისი ფრაზების თანხლებით („Я лечу на самолёте“, „Я прохожу контроль“). ეს აქტივობა ნასწავლი ლექსიკისა და გრამატიკული კონსტრუქციების გააქტიურების კარგ საშუალებას იძლევა.
რეკომენდაცია მასწავლებელს: გამოიყენეთ რეალური ნივთები (მაგ., ბილეთი, სათამაშო თვითმფრინავი, ჩემოდანი) და მიეცით უფლება, ახალი ლექსიკა ჟესტებით ახსნან. სხეულის მეხსიერება მათ დაეხმარება, რთული გრამატიკა გაცილებით მარტივად აითვისონ. ასევე, რეკომენდებულია, მიაწოდოთ გრამატიკული კონსტრუქციები.
- პროდუქტის დიფერენცირება: შემოქმედებითი ტიპის დავალება
სასწავლო თემის კულმინაციაა შემოქმედებითი ტიპის დავალება. ქვემოთ მოცემულია დავალება, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება, მოსწავლეებს მისცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
შემოქმედებითი ტიპის დავალება თემაზე „მოგზაურობა“
დავალების მიზანია, მოსწავლემ მოახდინოს ნასწავლი ლექსიკური ერთეულებისა (ტრანსპორტი, ადგილმდებარეობა) და გრამატიკული კონსტრუქციების (ზმნები, მიმართულებები) რეალიზება მისთვის კომფორტული ფორმატით.
- ინფოგრაფიკა ან პოსტერი
ვიზუალი მოსწავლეებისთვის ინფორმაციის აღქმა ხდება სურათებითა და სიმბოლოებით. მათთვის შემოქმედებითი პროდუქტი უნდა იყოს თვალსაჩინოების (პოსტერის/ინფოგრაფიკის) შექმნა.
დავალების პირობა: მოსწავლემ უნდა შექმნას თავისი მოგზაურობის ვიზუალური რუკა. მან უნდა გამოიყენოს ფოტოები ან ნახატები, რომლებსაც დაურთავს მოკლე წარწერებს რუსულ ენაზე და წარადგენს კლასის წინაშე.
ინსტრუქცია: «Создай постер „Моё путешествие“. Используй фото и краткие подписи: куда ты едешь, на чём (самолёт, поезд) и что ты там увидишь».
შედეგი: მოსწავლე პრეზენტაციისას იყენებს თავის პოსტერს, როგორც საყრდენს, და წარადგენს მას, იყენებს გრამატიკულ კონსტრუქციებს: „Я еду в ——. Я лечу на ——.» და სხვ.
რეკომენდაცია მასწავლებელს: დავალების გასამარტივებლად, წინასწარ მოამზადეთ ცარიელი შაბლონები (მაგ., რუკის ან ბილეთის კონტურები), ძველი ჟურნალებიდან ამოჭრილი ტრანსპორტისა და ღირსშესანიშნაობების სურათები ან შესთავაზეთ ციფრული რესურსების ბმულები (მაგ., Canva). ასევე, სასარგებლოა, მოსწავლეებს მიაწოდოთ „სიტყვების ბანკი“ ან ილუსტრირებული ლექსიკონის ასლები, საიდანაც ისინი ვიზუალებისთვის საჭირო წარწერებს მარტივად ამოიწერენ.
- აუდიო-რეპორტაჟი ან პოდკასტი
აუდიალი მოსწავლეები საუკეთესოდ სწავლობენ მეტყველებითა და მოსმენით. მათ ვთავაზობთ შემოქმედებით პროდუქტს – „ხმოვანი ჩანაწერი“ (რეპორტაჟი).
დავალების პირობა: მოსწავლემ უნდა ჩაწეროს მოკლე ხმოვანი შეტყობინება ან რეპორტაჟი, სადაც ის ჰყვება, რომ უკვე აეროპორტშია და ემზადება გასამგზავრებლად.
ინსტრუქცია: «Запиши голосовое сообщение „Я в аэропорту“. Расскажи о своих планах. Куда ты летишь? Какое у тебя настроение? Что хочешь посмотреть?»
შედეგი: აქცენტი კეთდება წარმოთქმაზე, მახვილებსა და ინტონაციაზე. მოსწავლე იყენებს ფრაზებს: „Привет! Я сейчас в аэропорту. Мой рейс в 10 часов. Я очень рад!“ და ა.შ.
რეკომენდაცია მასწავლებელს: წინასწარ მოამზადეთ მსგავსი რეპორტაჟების მოკლე აუდიონიმუშები. ასევე, მოამზადეთ „საკვანძო ფრაზების ბარათები“ სწორი მახვილებით. დავალების გასახალისებლად და სიტუაციის რეალისტურობისთვის, შეგიძლიათ შესთავაზოთ აეროპორტის ან რკინიგზის სადგურის ფონური ხმების აუდიოფაილები.
- ტურისტული ბლოგ-პოსტი
მოსწავლეები, რომლებიც ამ ტიპის დავალებას ირჩევენ, კომფორტულად გრძნობენ თავს ტექსტებზე და სტრუქტურირებულ წერით დავალებებზე მუშაობისას. მათ უნდა შექმნან ბლოგ-პოსტი ან წერილი მეგობარს.
დავალების პირობა: მოსწავლემ უნდა დაწეროს მცირე ტექსტი სოციალური ქსელისთვის ან მოგზაურთა ფორუმისთვის, სადაც ურჩევს სხვებს, რატომ უნდა ეწვიონ კონკრეტულ ქალაქს.
ინსტრუქცია: «Напиши пост для блога „Почему стоит посетить мой любимый город“. Расскажи, на чём туда можно доехать и что интересного там можно посмотреть».
შედეგი: ფასდება ტექსტის ლოგიკური წყობა, გრამატიკული სიზუსტე და კავშირების გამოყენება. მაგალითად: „Я советую поехать в Рим, потому что это древний город. Там можно гулять и смотреть музеи“.
რეკომენდაცია მასწავლებელს: წერის პროცესის სტრუქტურირებისთვის, წინასწარ მოამზადეთ ბლოგ-პოსტის სტრუქტურის ნიმუში (ე.წ. „ჩონჩხი“ გამოტოვებული ადგილებით). წერილის არჩევის შემთხვევაში, სასურველია, შეახსენოთ წერილის სტრუქტურა და განიხილოთ ნიმუშები. მიაწოდეთ მოსწავლეებს მცირე გრამატიკული ცხრილი ან ცნობარი, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი საჭირო კავშირები (потому что, поэтому, чтобы) და ზედსართავი სახელები (красивый, интересный, древний), რაც მათ აზრის ლოგიკურად დამაკავშირებელ ხიდებად გამოადგებათ.
- სიმულაცია ან როლური თამაში
კინესთეტიკი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია მოძრაობა და ნივთებთან მანიპულირება. მათი შემოქმედებითი პროდუქტია როლური თამაში (სცენარი).
დავალების პირობა: მოსწავლემ მეწყვილესთან ერთად უნდა გაითამაშოს სცენა „ბილეთების სალაროში“ ან „სასტუმროს რეცეფციაში“.
ინსტრუქცია: «Подготовь диалог „В кассе“ или „В отеле“. Используй предметы (билеты, паспорт), чтобы показать, как ты планируешь поездку».
შედეგი: მოსწავლე იყენებს სხეულის ენას, ჟესტიკულაციას და რეალურ ნივთებს. ფასდება კომუნიკაციური და დიალოგის წარმართვის უნარი.
რეკომენდაცია მასწავლებელს: წინასწარ მოამზადეთ — სათამაშო ბილეთები, პასპორტები, ბროშურები და სუვენირები, რაც მოსწავლეებს სიტუაციის გათავისებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შესთავაზოს მოსწავლეს ბარათებზე დაწერილი ფრაზები და კონსტრუქციები (მაგ., „— Здравствуйте! Мне нужен один билет до Берлина. — Пожалуйста. Поезд отправляется вечером“). ასეთი ტიპის ვიზუალური და საგნობრივი საყრდენები კინესთეტიკებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ენობრივი მიზნის მისაღწევად.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიფერენცირებული მიდგომით საკლასო აქტივობებისა და შემოქმედებითი ტიპის დავალებების შექმნა მასწავლებლისგან პროფესიულ ძალისხმევასა და საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს. შესაბამისი დამხმარე რესურსების — შაბლონების, აუდიომასალის, ლექსიკური საყრდენებისა თუ თვალსაჩინოებების — სათანადოდ შერჩევა და წინასწარ ორგანიზება გადამწყვეტია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის.
თუმცა, მასწავლებლის ეს შრომა სრულად ანაზღაურდება იმ შედეგით, რომელსაც კლასში ვიღებთ: ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ, სტრესისგან თავისუფალ სასწავლო გარემოს, სადაც მცირდება ენობრივი ბარიერი და იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა. მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებისას რუსული ენის შესწავლა ხდება არა მშრალი წესების, ლექსიკისა და ტექსტების დაზეპირებით, არამედ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენითა და თვითგამოხატვით. სწორედ ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური სწავლის სტილი და ძლიერი მხარე ვაქციოთ სწავლის მთავარ მოტივატორად, რათა მან თავდაჯერებულად შეძლოს ნასწავლი ენის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ხუნძაყიშვილი მ., ბივერი ს. (2018). განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
- Fleming, N. D. (2001). Teaching and Learning Styles: VARK Strategies.
- Щукин, А. Н. (2003). Методика преподавания русского языка как иностранного. Высшая школа.


