დაწყებით საფეხურზე გრამატიკული საკითხების სწავლება ხშირად სირთულეს წარმოადგენს, რადგან მოსწავლეებისთვის აბსტრაქტული კატეგორიები რთულად აღსაქმელია. განსაკუთრებით ეს ეხება არსებითი სახელის ბრუნვას. ტრადიციული ახსნა-განმარტებითი მეთოდი ამ ასაკში ნაკლებად ეფექტიანია, რადგან ბავშვი მექანიკურად იმახსოვრებს დაბოლოებებს, თუმცა ვერ აცნობიერებს მათ სისტემურობას. სწორედ ამიტომ, სახელის ბრუნვასთან დაკავშირებით დავგეგმე აქტივობა კონსტრუქტივისტული მიდგომის საფუძველზე. ის მიზნად ისახავდა ბრუნვის ნიშნების აღმოჩენას, შედარებასა და სისტემატიზაციას მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და ვიზუალური მოდელირების საშუალებით.
აქტივობის მიზანი და ამოცანები:
მიზანი:
მოსწავლეებმა გააცნობიერონ სახელის ფორმაცვალებადობა.
კონკრეტული ამოცანები:
- არსებითი სახელის სწორად ჩასმა წინადადებაში კონტექსტის შესაბამისად;
- სიტყვის ფუძისა და დაბოლოოების გარჩევა;
- საერთო და განსხვავებული ნიშნების აღმოჩენა;
- ბრუნვისა და ბრუნვის ნიშნის ურთიერთკავშირის გააზრება;
- ცოდნის ვიზუალური ორგანიზება.
აქტივობის ეტაპობრივი აღწერა:
I ეტაპი -კონტექსტი
მოსწავლეებს შევთავაზე სხვადასხვა არსებითი სახელი. თითოეულ სიტყვაზე შედგენილი იყო შვიდი წინადადება, მათ უნდა ჩაესვათ მოცემული არსებითი სახელი ისე რომ გამართული წინადადება მიეღოთ.
ამ ეტაპის მიზანი იყო:
- ინტუიციური ცოდნის გააქტიურება;
- პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება;
- გრამატიკული ფორმის გამოყენება კონტექსტში;
მოსწავლეები თავდაპირველად მოქმედებდნენ ენობრივ ინტუიციაზე დაყრდნობით, რაც საფუძველი გახდა შემდეგი ეტაპის.
II ეტაპი – ანალიზი და განსხვავებების აღმოჩენა
ინდივიდუალური უკუკავშირის შემდეგ მოსწავლეებს დავავალე ჩასმულ სიტყვებში განსხვავებული ასოების შემოხაზვა.
ამ პროცესში მათ შენიშნეს, რომ:
- სიტყვის ფუძე უმეტესად უცვლელი რჩება;
- იცვლება დაბოლოებები;
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეამჩნიეს ბრუნვის ნიშნების არსებობა და სიტყვის ფორმაცვალებადობა.
III ეტაპი- ვიზუალიზაცია
მოსწავლეებს დავავალე:
- ფოთლებზე დაეწერათ მსგავსი (საერთო) ნაწილები;
- ნაყოფებზე – შემოხაზული ნაწილები;
- თანმიმდევრულად დაეწებებინათ ისინი ხის ტოტებზე.
ვიზუალური მოდელის დასრულების შემდეგ გვქონდა პრეზენტაცია. მოსწავლეებს თანმიმდევრულად ავუხსენი, რომ შვიდი ტოტი ბრუნვა იყო და თითოეულ მათგანს თავისი სახელი აქვს, ნაყოფები- ბრუნვის ნიშნებია, ხოლო ფოთლები- ფუძე. მნიშვნელოვანია, რომ თეორიული ნაწილი არა წინასწარ, არამედ პრაქტიკური დავალების შემდეგ მივაწოდე, რამაც მოსწავლეებს გაუმარტივა ახალი საკითხის გაგება.
შედეგების ანალიზი
აქტივობის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლეს:
- ბრუნვისა და ბრუნვის ნიშნების დასწავლა;
- სიტყვათა ფორმების შედარება;
- გრამატიკის აღქმა, როგორც სისტემის და არა ცალკეული წესების ერთობლიობა.
გარდა საგნობრივი შედეგებისა, განუვითარდათ:
- ანალიზის უნარი;
- დაკვირვებისა და შედარების უნარი;
- თანამშრომლობა;
- მოტივაცია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალი ჩართულობა, რადგან შეთავაზებულმა რესურსმა უზრუნველყო ყველა მოსწავლის ჩართულობა.
დაწყებით საფეხურზე გრამატიკის სწავლება განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როდესაც მოსწავლე თავად ხდება აღმომჩენი. „ბრუნვის ხე“ წარმოადგენს პრაქტიკულ მოდელს, რომელიც აბსტრაქტულ ცნებას კონკრეტულ ვიზუალურ სტრუქტურად გარდაქმნის. ამგვარი მიდგომა ზრდის როგორც გაგება- გააზრების დონეს, ასევე სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას. გრამატიკა აღარ არის მხოლოდ წესების ერთობლიობა, ის ხდება ხილული, სტრუქტურირებული, გასაგები და მარტივი.
„ბრუნვის ხის“ მოდელი აერთიანებს:
- ანალიზს,
- კატეგორიზაციას,
- ვიზუალიზაციას,
- სისტემურ აზროვნებას.
ვფიქრობ, ის შეიძლება გამოვიყენოთ სხვა გრამატიკული თემებისთვისაც, როგორიცაა:
- არსებითი სახელის კვეცა;
- არსებითი სახელის კუმშვა;
აქტივობა ადაპტირებადია სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის, ასევე ხელს უწყობს ინკლუზიურ სწავლებას, რადგან აერთიანებს წერით, ვიზუალურ და პრაქტიკულ კომპონენტებს.
ვფიქრობ, მასწავლებლისთვის ასეთი რესურსი მოტივაციია, რადგან გაიგონონ ბედნიერი მოსწავლეებისგან “მასწავლებელო, გრამატიკა გვიყვარს!”
თეორიული საფუძველი
აქტივობა ეყრდნობა:
- კონსტრუქტივიზმის პრინციპს– ცოდნა არ გადაეცემა მზა სახით, არამედ მოსწავლე თავად აგებს მას გამოცდილებაზე დაყრდნობით;
- აღმოჩენაზე დაფუძნებულ სწავლებას – კანონზომიერების დამოუკიდებელი აღმოჩენა ზრდის გააზრების ხარისხს;
- ვიზუალური სწავლების მოდელს– აბსტრაქტული ცნების კონკრეტულ სქემასთან დაკავშირება ამარტივებს დამახსოვრებას;
- ფორმატიულ შეფასებას – უკუკავშირი პროცესში ეხმარება მოსწავლეს შეცდომის გაანალიზებასა და სწორი ფორმის დამკვიდრებაში.
აქტივობა ეფექტიანად უწყობს ხელს კლასის მართვას, რადგან სასწავლო პროცესი აგებულია მკაფიო სტრუქტურაზე, ეტაპობრივ ლოგიკაზე და მიზანმიმართულ აქტივობებზე. თითოეული ეტაპი განსაზღვრავს მოსწავლის როლს და ქმედებას, რაც ამცირებს დეზორგანიზაციისა და პასიური ჩართულობის რისკს. ვიზუალური მოდელი („ბრუნვის ხე“) ქმნის საერთო ფოკუსის სივრცეს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას და ხელს უწყობს უსაფრთხო, თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს ფორმირებას. აქტიური და აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება ზრდის შიდა მოტივაციას, რაც ქცევითი რეგულაციის ბუნებრივ საფუძველს ქმნის. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება თანამედროვე კლასის მართვის პრინციპებს, სადაც პრევენციული სტრატეგიები (სტრუქტურა, ჩართულობა, მკაფიო მოლოდინები) პრიორიტეტულია რეაქტიულ ზომებთან შედარებით.




