შაბათი, ნოემბერი 22, 2025
22 ნოემბერი, შაბათი, 2025

როგორ შეცვლის AI ჩვენი პლანეტის მომავალს

ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მრავალმხრივ შეცვალა ჩვენი ცხოვრება – სოციალური მედიის პერსონალიზებული სიახლეებით დაწყებული, მგზავრობის დაგეგმვით და ჯანმრთელობის მონიტორინგით დამთავრებული.

ბოლო წლებში გაჩნდა იმედი, რომ AI დაეხმარება კაცობრიობას გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების, მათ შორის – კლიმატის ცვლილების პრობლემის, გადაჭრაში.

AI გულისხმობს კომპიუტერების გამოყენებას იმგვარად, რომ მათ ადამიანივით „იფიქრონ“. მას შეუძლია რთული პრობლემების გადაჭრა და უზარმაზარი მოცულობის მონაცემების დამუშავება. მაგრამ აუცილებელია, გავითვალისწინოთ ამ ტექნოლოგიის ზემოქმედებაც გარემოზე.

4 გზა, რომლითაც AI-ს შეუძლია გარემოს დახმარება

AI-ს როლი ენერგიის დაზოგვაში

AI-სისტემებს შეუძლია ენერგიის გამოყენების კონტროლი და ოპტიმიზაცია. მაგალითად, AI-ზე დაფუძნებული ჭკვიანი ელექტროქსელები აკონტროლებენ და არეგულირებენ ელექტროენერგიის გამომუშავებას იმგვარად, რომ ის ზუსტად შეესაბამებოდეს მომხმარებელთა მოთხოვნას. ენერგიის დანაკარგი მცირდება და ხდება მისი უფრო ეფექტური გამოყენება.

AI ეხმარება დიდ კომერციულ და სამრეწველო ობიექტებსაც ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციაში. მაგალითად, ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა AI-ს დახმარებით 40%-ით შეამცირა მონაცემთა ცენტრების გაგრილებისთვის საჭირო ენერგია.

 

ჭკვიანი ქალაქები, ნარჩენები და ჰაერის ხარისხი

AI-ზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის სისტემები ზრდის გადამუშავების მაჩვენებელს. ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ბრიტანული Recycleye, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ნარჩენების ზუსტ იდენტიფიცირებასა და კატეგორიზაციას. შედეგად იკლებს დაბინძურების დონე, იმატებს გადამუშავებული ნარჩენების რაოდენობა და მცირდება ზეწოლა ნაგავსაყრელ პოლიგონებზე.

AI-ზე მომუშავე „ჭკვიანი ქალაქების“ ტექნოლოგიები აუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას, რითაც ამცირებს საცობებს და მინიმუმამდე დაჰყავს გამონაბოლქვის ოდენობა.

ხელოვნური ინტელექტი ქალაქებსაც ეხმარება ჰაერის ხარისხის ამაღლებაში. მაგალითად, კომპანია IBM აანალიზებს მეტეოროლოგიურ და დაბინძურების მონაცემებს, რომლებიც სენსორებითა და თანამგზავრებით აღირიცხება. ხელისუფლებას ეს საშუალებას აძლევს:

  • ზუსტად განსაზღვროს დაბინძურების წყარო(ები);
  • მოახდინოს ჰაერის ხარისხის პროგნოზირება;
  • გამოაცხადოს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შესახებ.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, დაეხმაროს ხელისუფლებას ჰაერის დაბინძურებისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვაში.

 

მდგრადი სოფლის მეურნეობა

AI-ზე მომუშავე ჭკვიან მანქანებს, რობოტებსა და სენსორებს უკვე ფართოდ იყენებენ სოფლის მეურნეობაში. ისინი რეალურ დროში აკვირდებიან ამინდს, ნიადაგის მდგომარეობასა და მცენარეთა საჭიროებებს, რაც ხელს უწყობს წყლის ეფექტურ გამოყენებას და უზრუნველყოფს, რომ მოსავალმა მხოლოდ საჭირო რესურსები მიიღოს.

ტექნოლოგია მავნე ორგანიზმებსაც გამოავლენს, რის შედეგადაც იკლებს ქიმიური პესტიციდების გამოყენება. კლიმატის ცვლილების გაუარესების ფონზე იზრდება იმედი, რომ AI დაეხმარება ფერმერებს მოსავლის შემცირების თავიდან აცილებასა და მდგრადი მეურნეობის განვითარებაში.

 

გარემოს მონიტორინგი

AI-სისტემებს შეუძლია წყალდიდობების, ტყის ხანძრებისა და სხვა ბუნებრივი საფრთხეების სწრაფი და ზუსტი პროგნოზირება. ეს ამცირებს გარემოსა და საზოგადოებებზე ამგვარი კატასტროფების გავლენის მასშტაბს.

AI ასევე გამოიყენება გარემოში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგისთვის. მაგალითად, აისბერგების დნობის გაზომვა მას 10 000-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ადამიანს. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია The Nature Conservancy AI-ს იყენებს ამაზონის აუზში ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად.

უარყოფითი მხარეები

AI-ს პოტენციალის რეალიზაციის გზა სირთულეებითაა სავსე – ტექნოლოგიას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს.

 

ენერგიის მოხმარება

ხელოვნური ინტელექტი უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას მოიხმარს. ჯერ ამზადებენ AI მოდელებს მონაცემთა უზარმაზარი ნაკრებებით. ეს პროცესი შესაძლოა რამდენიმე საათიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს და ამ ხნის განმავლობაში მონაცემთა დამუშავების უზარმაზარი სისტემები უწყვეტად მუშაობს.

კვლევების მიხედვით, ChatGPT-ს მსგავსი მოდელები ერთ მოთხოვნაზე დაახლოებით 10-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი საძიებო სისტემები, თუნდაც Google. ამ ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის განახლებად წყაროებზე.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) პროგნოზით, AI და მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარება მომდევნო წლებში თითქმის გაორმაგდება. საჭიროა უფრო ეკოლოგიური და ენერგოეფექტიანი AI სისტემები, და ეს სულ უფრო რეალური ხდება. კვლევები აჩვენებს, რომ შესაძლებელია AI მოდელების ენერგომოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება, მაგალითად, მოდელის გამარტივებით ისე, რომ მისი ეფექტიანობა შენარჩუნდეს.

 

წყლის რესურსებზე ზემოქმედება

AI-ს წყლის მოთხოვნილება მნიშვნელოვანია. მონაცემთა ცენტრები, სადაც ძლიერი AI სერვერებია განთავსებული, დიდი ოდენობით სითბოს გამოყოფს. სერვერების ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად საჭიროა გაგრილება, რისთვისაც დიდი მოცულობის წყალი იხარჯება.

AI ირიბადაც მოიხმარს წყალს ენერგიის გამომუშავების გამო. ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები გაგრილებისთვის წყალს იყენებს, ხოლო ჰიდროელექტროსადგურებში წყლის ნაწილი აორთქლების შედეგად იკარგება.

AI აღჭურვილობის წარმოებისთვის საჭირო სამთო მოპოვება და წარმოების პროცესების დროსაც იხარჯება და ბინძურდება წყალი.

თუმცა ახალი ტექნოლოგიები, მაგალითად, ჰაერზე გაგრილება ან წყლის ცირკულაცია, გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებს ამ გავლენას.

 

უფრო ფართო გარემოსდაცვითი ზიანი

გარემოზე AI-ს გავლენა ენერგომოხმარებით არ ამოიწურება. მაგალითად, Scientific American-ის ცნობით, 2019 წელს ExxonMobil-მა Microsoft-თან ითანამშრომლა ნავთობის მოპოვების ეფექტიანობის ასამაღლებლად AI-ს გამოყენებით, რის შედეგადაც წარმოებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram და Facebook, AI-ს გამოყენება მიზანმიმართული ონლაინ რეკლამისთვის ზრდის მატერიალურ პროდუქტებზე მოთხოვნას. ეს იწვევს მასობრივი წარმოების ზრდას, რის შედეგადაც იმატებს ნახშირბადის ემისია და დედამიწის ბუნებრივი რესურსების ათვისება.

რა ხდება ახლა

თანამედროვე ცხოვრების რაც უფრო განუყოფელ ნაწილად იქცევა AI, მით უფრო ძლიერი გახდება მისი ეკოლოგიური კვალი. კაცობრიობამ უნდა მიაგნოს სწორ ბალანსს, რათა AI დედამიწის დამხმარე იყოს და არა დამანგრეველი.

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა: განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაზრდა მონაცემთა ცენტრებში, ენერგოეფექტური ალგორითმების შემუშავება და AI-ს გამოყენება გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად. გლობალურმა საზოგადოებამ – მთავრობებმა, კორპორაციებმა და მეცნიერებმა – ერთობლივად უნდა უზრუნველყონ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი არ მოხდეს გარემოს განადგურების ხარჯზე. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ AI-ს პოტენციალის სრულად გამოყენებას მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

 

გამოყენებული რესურსები:

https://theconversation.com/from-climate-change-to-landfill-ai-promises-to-solve-earths-big-environmental-problems-but-theres-a-hitch-235011

https://theconversation.com/four-ways-ai-could-help-us-respond-to-climate-change-despite-how-much-energy-it-uses-208135

https://theconversation.com/profiles/kate-saenko-1186339/articles

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“