ორშაბათი, იანვარი 5, 2026
5 იანვარი, ორშაბათი, 2026

სამი ამბავი ტოლსტოის შესახებ

საქართველოს დედაქალაქს მომაჯადოებელი მიმზიდველობა აქვს. ვინ არ ყოფილა თბილისში, ვის არ უცხოვრია ჩვენს ქალაქში. გიგანტური მასშტაბის არაერთ პოლიტიკურ მოღვაწესა თუ ხელოვანს აკავშირებს უმნიშვნელოვანესი მოგონებები კავკასიის ცენტრთან.

თუ პლეხანოვიდან ვორონცოვისკენ ანუ აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნისკენ გაუყვებით გზას და ყურადღებით დააკვირდებით უძველეს, ულამაზეს სახლებზე გამოფენილ მემორიალურ დაფებს, აუცილებლად აღმოაჩენთ ერთ უმშვენიერეს წარწერას, რომელიც გვაუწყებს, რომ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში თბილისს ლევ ტოლსტოი სტუმრობდა. მართალია დიდი რომანისტი და ჰუმანისტი, შექსპირისა და თომას მანის რანგის ფიგურა, დედაქალაქში ცოტა ხნით გაჩერდა, მაგრამ მას არასდროს შეუწყვეტია ურთიერთობა საქართველოსა და ქართველებთან.

გავიხსენოთ სამი ამბავი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო სისტემისა და ამ სისტემას დაქვემდებარებული სინოდის წინააღმდეგ მებრძოლ უზარმაზარ მოაზროვნეს ჩვენს ქვეყანასთან აკავშირებდა.

 

  1. თბილისის ევროპულ ნაწილში

„ომისა და მშვიდობის“ ავტორმა ლიტერატურული საქმიანობა კავკასიაში დაიწყო. 1850 წელს იგი თავის ჯარისკაც ძმას გამოჰყვა სამხრეთში, რათა თავი დაეღწია არისტოკრატულ წრეებში გამეფებული, მდიდრული ცხოვრების წესისთვის და საკუთარ მომავალზე დაფიქრებულიყო. კავკასიაში თავისი ყოფნის გასახანგრძლივებლად და თავგადასავლების საძიებლად ახალგაზრდა ტოლსტოიმ სამხედრო რაზმში ჩაწერა გადაწყვიტა. თბილისში ვიზიტის გარეშე ის სამხედრო შენაერთის წევრი ვერ გახდებოდა, ამიტომ 1851 წელს თბილისს გამოემგზავრა.

ქართველი კრიტიკოსი ვლადიმერ ასათიანი თავის სტატიაში დაწვრილებით აღწერს მწერლის თბილისში ყოფნის პერიოდს. ტოლსტოის თბილისი ნამდვილ ევროპულ ქალაქად მიუჩნევია. მისი ამგვარი განწყობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ჯერ ერთი, მომავალი მწერალი ქალაქის განაპირას, გერმანულ დასახლებაში ცხოვრობდა. ყოველდღე სეირნობდა ქართველ გერმანელთა მიერ გაშენებულ ბაღ-ვენახებში, სტუმრობდა გერმანელთა მიერ დაფუძნებულ ბიბლიოთეკასა თუ სასწავლებელს. ჰქონდა გერმანული ენის უფასო პრაქტიკა, თვალს ადევნებდა „ტფილისელ ნემეცთა“ ეკონომიკურ საქმიანობას.

მაშინდელ დედაქალაქში უცხოელი სტუმრისთვის კიდევ ორი ინტერნაციონალური მნიშვნელობის დაწესებულება მოქმედებდა – რუსულენოვანი თეატრი და იტალიური ოპერა. „ანა კარენინას“ შემოქმედი თეატრსაც და ოპერასაც ეწვეოდა ხოლმე. ცხოვრობდა იმპერიის უკიდურეს სამხრეთში, მაგრამ მაინც არ გრძნობდა თავს კულტურული პროცესებისგან გარიყულად. აღნიშნული გარემოება მწერალს თბილისის განსაკუთრებულობაში არწმუნებდა.

ცხადია, ახალგაზრდა რუსი გრაფი ქართულ არისტოკრატიასთანაც ურთიერთობდა. თბილისში ყოფნის დღეებში მას რამდენჯერმე მოუხდა ყოფნა ბაგრატიონებისა და ბარათაშვილების გარემოცვაში. ტოლსტოი უშუალოდ შეესწრო შამილის ძლევამოსილი თანამებრძოლის, ნაიბ ჰაჯი მურატის, თბილისში ჩამოყვანის ფაქტს. მწერალი თვალყურს ადევნებდა ქალაქში მიმდინარე დისკუსიას ჰაჯი მურატისა და ვორონცოვის მოლაპარაკებების შესახებ. ვლადიმერ ასათიანი ამტკიცებს, რომ ცარსკოე სელოს ბატონმა მოთხრობა „ჰაჯი მურატისთვის“ მასალა სწორედ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების თბილისში შეაგროვა.

თბილისის მიმართ ტოლსტოის დამოკიდებულებაზე შესანიშნავად მეტყველებს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქართველებთან შეხვედრის დროს მწერლის მიერ ნათქვამი სიტყვები. ილია ნაკაშიძე თავის ცნობილ პატარა წიგნში „როგორ გავიცანი ლეონ ტოლსტოი“ ასეთ ეპიზოდს აღწერს: „ყოველთვის გულწრფელი, ცხოველი სიყვარულით მოიგონებდა ლეონ ნიკოლოზის ძე კავკასიას და საკუთარ ცხოვრებას მთებში. იგი გამოუტყდა მეგობრებს, რომ ზოგჯერ ძალიან იტაცებს აქეთ წამოსვლის სურვილი. „სიცოცხლე ისე მოკლეა, – გვითხრა ლეონ ნიკოლოზის ძემ, – რომ საეჭვოა, როდისმე კიდევ მომიხდეს ყოფნა თქვენს მშვენიერს სამშობლოში. მაგრამ როცა მეორედ დავიბადები, – დაუმატა მან და იუმორმა, ღიმმორეულმა აზრმა გააშუქა თავისი მხიარული სხივით სიცოცხლით სავსე ძვირფასი სახე მოხუცისა, – მე უთუოდ გამოვისეირნებ თქვენსკენ კავკასიაში… ველოსიპედით!“

 

  1. პროტესტანტების დასაცავად

ბევრს ჰგონია, რომ პროტესტანტიზმი მხოლოდ დასავლეთევროპული მოვლენაა. ისინი ცდებიან. ეკლესიის რეფორმაციის იდეა ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთშიც არსებობდა.

XVIII საუკუნეში რუსეთის მართმადიდებელ ეკლესიას ზოგიერთი გუბერნიის გლეხობა აუჯანყდა. ისინი დაუპირისპირდნენ ხელისუფლების ნაწილად ქცეულ სამღვდელოებას, რომელიც მოსახლეობის დაბალი ფენების ჩაგვრასა და კლასობრივ ექსპლუატაციას არ ერიდებოდა. ჩაგრული გლეხობა რელიგიურ ნიადაგზე ორგანიზდა. პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი წერს: „მეჩვიდმეტე საუკუნიდან რუსეთში ნამდვილი სამოქალაქო ომი იმის თაობაზეც გაჩაღდა,ბიბლიის რომელი რედაქცია უნდა დაესტამბათ: ძველი თუ პატრიარქ ნიკონის კომისიისაგან ჩასწორებული. მორწმუნეთა ნაწილმა ყურადღება იმ ჭეშმარიტებაზე გადაიტანა, რომ ცხონების წყარო არის არა ბიბლიის ტექსტი, არამედ შინაარსი. სწორედ ეს პოზიცია განავითარეს ოფიციალურ ეკლესიასთან დაპირისპირებულმა მამამთავრებმა და ბიბლიის ტექსტზე უარის თქმა თავიანთი კონფესიის ქვაკუთხედად აქციეს“. ამგვარ გარემოში აღმოცენდა „სულისთვის მებრძოლთა“, დუხობორთა მოძრაობა თანამედროვე უკრაინის აღმოსავლეთსა და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში.

ცხადია, სახელმწიფომ მახვილი აღმართა რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც „უარყოფდა საიდუმლოებებს, მარხვებს, რიტუალებსა და რელიგიის სხვა გარეგნულს ატრიბუტებს, სამღვდელოებასა და მის იერარქიულ სისტემას, ხატების, ჯვრების თაყვანისცემას, წმინდა მამების ავტორიტეტს და, რაც ყველაზე არსებითია, წერილს, წიგნს – ბიბლიას. ეს მოძღვრება და ტრადიცია მთლიანად დაფუძნებული იყო ცოცხალ, ზეპირ გადმოცემებზე – იმ გადმოცემებზე, რომლებიც წინაპრებმა მომავალ თაობას უანდერძეს, რომლებიც შემონახულია დუხობორთა მეხსიერებაში. სწორედ ეს მეხსიერებაა საღვთო წიგნი, ე.წ. ცხოვრების წიგნი, რომელიც აღბეჭდილია არა ქაღალდზე, არამედ მორწმუნე დუხობორების გულსა და გონებაში“.

დუხობორებს დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, ხოცავდნენ, ყველაზე აქტიურად კი მათ წინააღმდეგ დეპორტაციის მეთოდს იყენებდნენ. დუხობორთა ნაწილი რამდენჯერმე გადაასახლეს რუსეთის უკაცრიელ ტერიტორიებზე, ბოლოს კი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ სამხრეთი კავკასიის დაუსახლებელ, სასაზღვრო, უკიდურესად სახიფათო რეგიონებში გამოამგზავრეს.

ალბათ, ბევრს გინახავთ დიდი თანამედროვე ქართველი ხელოვანის ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია „დუხობორების მიწა“, რომელიც ნინოწმინდის რაიონში დღემდე შემორჩენილი რუსი პროტესტანტების ცხოვრებას აღწერს და მომავალ თაობას უნახავს ამ ტანჯული ხალხის გამორჩეულ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას.

ტოლსტოი ჯავახეთში მცხოვრები პროტესტანტების ქომაგი გახლდათ.

XIX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში მცხოვრებმა დუხობორებმა დიდი ანტიცარისტული მოძრაობა წამოიწყეს. ისინი, თავიანთი რწმენის პრინციპებიდან გამომდინარე, მასობრივად ამბობდნენ უარს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, არ იხდიდნენ გადასახადებს მეფის ხაზინის სასარგებლოდ, არ ასრულებდნენ კანონთა ნაწილს. მთელ მსოფლიოში გახმაურდა საქართველოს დუხობორთა ერთი ცნობილი აქცია. სახელმწიფომ მათ საზღვრის დასაცავად და მოთარეშე ტომების გასანეიტრალებლად იარაღი დაურიგა. 1895 წელს დუხობორებმა საჯაროდ დაწვეს ხელისუფლების მიერ გადმოცემული შაშხანები და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ბუნებრივია, ათასობით დუხობორს თავს დაატყდა მთავრობის რეპრესიები.

დიდი მწერალი თავისი თანამებრძოლების დახმარებით მუდმივ კავშირში იყო კავკასიელ დუხობორებთან. ცდილობდა მათთვის საზღვარგარეთის პასპორტების მოპოვებას, აფინანსებდა პროტესტანტთა ამერიკაში გამგზავრებას, თავისი ვაჟიც კი გამოგზავნა ბათუმში, რათა რეპრესირებულთა ერთი ჯგუფი ბათუმის პორტამდე მიეცილებინა. რაც მთავარია, დიდმა მოღვაწემ თავისი მესამე, ბრწყინვალე რომანის, „აღდგომის“, ჰონორარი მთლიანად დუხობორთა სასარგებლოდ გადარიცხა. ნინოწმინდაში დუხობორთა პირველი სკოლა სწორედ ამ თანხის ნაწილით გაიხსნა.

 

  1. ქართველი ტოლსტოელები

სახელმწიფოსა და ოფიციალურ ეკლესიასთან მუდმივი ჭიდილის კვალდაკვალ, ტოლსტოიმ თავის ნაწარმოებებში წარმოჩენილი ღირებულებების საფუძველზე ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური და ეთიკურ-ფილოსოფიური მოძღვრება ჩამოაყალიბა. ტოლსტოელობა ერთგვარი ქრისტიანული ანარქიზმი გახლდათ. ის ქადაგებდა პატიებას, არაძალადობას, ბოროტისთვის წინააღმდეგობის გაწევას აგრესიული მოქმედებების გარეშე, ყველა ერის სიყვარულსა და თანასწორობას, ზნეობრივ თვითსრულყოფას, გმობდა სახელმწიფო სისტემას, დაუნდობლად აკრიტიკებდა სასამართლო და სამართალდამცავ უწყებებს, უსამართლო მართლმსაჯულებას, პენიტენციური დაწესებულებებისა და კერძო საკუთრების არსებობას. ტოლსტოის მოძღვრება არსებითად პაციფისტური იყო და ეწინააღმდეგებოდა ყველანაირ ომს, სამხედრო სამსახურში გაწვევას, არმიების არსებობას, იარაღის გავრცელებას. დიდი მწერლის მიმდევრები ქადაგებდნენ ვეგეტარიანელობას და მუდმივ მარხვას ვნებების დასათრგუნავად. „თავისუფალი ქრისტიანები“ იონეს სახარების ტოლსტოის ინტერპრეტაციას ეფუძნებოდნენ.

მწერლის ეთიკურ-ფილოსოფიურ მოძღვრების დასაცავად ჩამოყალიბებულ მოძრაობას ბევრი მიმდევარი ჰყავდა საქართველოშიც. მაგალითად, ანა მარგველაშვილი თავის ფილმში „ინიციატივა არ ისჯება“ მოგვითხრობს თელაველი ტოლსტოელის – ივანე კოლელიშვილის შესახებ.

თელაველ ვეგანს განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული. მან უარი თქვა ევროპაში დარჩენაზე და კახეთში დაბრუნდა. ტოლსტოელმა მთელი თავისი ძალა და ენერგია სოფელ გულგულაში კომუნის დაარსებას შეალია. კოლელიშვილმა უარი თქვა თავის კერძო საკუთრებაზე, მიწაზე, ქონებაზე და გლეხებთან ერთად საერთო მეურნეობა „ერთობა და ძმობა“ დააფუძნა. კომუნის წესდება ტოლსტოის მოძღვრებას ეფუძნებოდა. მალე კავშირში 120 კომლი გაერთიანდა და გულგულა თელავის მაზრის ერთ-ერთ უმდიდრეს სოფლად იქცა, სადაც არ არსებობდა სიღარიბე და მოგება, სადაც დუღდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრება და ინერგებოდა თანამედროვე ტექნოლოგიები. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ მეფის რუსეთი ტოლსტოელთა კომუნასაც მიადგა და მეურნეობა დაშალა. ივანე კოლელიშვილი კი ქვეყნიდან გააძევა. ტოლსტოელმა მთელი სიცოცხლე ემიგრაციაში გაატარა, ცოტა ხნით დაბრუნდა დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც და საბჭოთა საქართველოშიც, მაგრამ, მიუხედავად მცდელობისა, „თავისუფალ ქრისტიანთა“ ანარქისტული მეურნეობის აღდგენა ვერ შეძლო.

რევოლუციამდელი საქართველო სავსე იყო ქართველი და რუსეთიდან დევნილი ტოლსტოელებით, მწერალს ილია ნაკაშიძის გარემოცვაში ყოველთვის ეგულებოდა ერთგული თანამებრძოლები

***

იმპერიალიზმის უდიდეს კრიტიკოსებს, ტოლსტოის მსგავს გრანდიოზულ ფიგურებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მცირე დრო მაინც უნდა ჰქონდეთ გამოყოფილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“