სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

,,ნათლობის“ კვირა, საფობიეთი და მოშინაურებული მგლები

აი, ახალი სასწავლო წლის პირველი კვირაც დამთავრდა და  ცხრამეტ მეორეკლასელთან ერთად,  ახალი საკუთარი თავიც გავიცანი. მიუხედავად თეორიული ,,მზადყოფნისა”, უამრავი შეცდომა დავუშვი და კლასიც და ხმაც ერთდროულად ,,გამექცა”,  პირველად ვიტირე უფროსის კაბინეტში, გადავიტყავე მუხლები, ეჭვი შევიტანე საკუთარ ძალებში და  ბოლოს, მგლის შიშით ლამის ცხვარიც გავწყვიტე, ანუ  სასოწარკვეთაში ჩავვარდი… ,,ვიჯექ სასოწარკვეთაში, როგორც მგლისათვის გათხრილ ბნელ ორმოში და ველოდებოდი მგელს. მგელი, სამწუხაროდ, სასოწარკვეთაში არ ჩამოვარდნილა”, პირიქით, თავზე ერთგული ძაღლივით დამწკმუტუნებდა და  წამოდგომას მთხოვდა. 

აქამდე თავი საკმაოდ დიდი და ძლიერი მეგონა, მაგრამ მოულოდნელობის ტყიდან გამოვარდნილი  უცნობი მტაცებელი (სქოლიოფობია – სკოლის შიში)  შტორმივით დამატყდა თავს და ეს ჩემი  მრავალ ქარიშხალგამოვლილი ნებისყოფა ხუხულასავით,  სულის ერთი შებერვით, დამინგრია, მერე კი თავად  გამომიწოდა დახმარების ხელი. სწორედ ამ ახლად შეძენილ–დამეგობრებულმა ფობიამ გამახსენა მთელი ჩემი ბავშვობის საფობიეთი, მოშინაურებული მგლები  და მათთან ერთად შიშის ყველა კუთხე–კუნჭულში  შეჭყეტილი გოგო.
***
1993  წლის პირველი თვე იდგა. ეს უხვთოვლიანი ზამთარი სახლიდან ჭიშკრამდე გაყვანილი თოვლის გვირაბების, მოხარშული სიმინდისა და ღუმელში შებრაწული დაშაქრული ვაშლის სურნელით  სავსე  საღამოების გარდა, ათიოდე წლის გოგოს დამოუკიდებლად მიღებულ პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მახსენებს.  სწორედ მაშინ გადავწყვიტე პერსონალური საფობიეთის მოშინაურება, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, სად მდებარეობდა ეს მხარე და  იმ ერთადერთ ,,გზის მაჩვენებელს” გავყევი, ჩვენი სახლის უკანა ეზოში რომ მეგულებოდა.

ბატონი ნიქტო(ფობია) ქალბატონ მელანო(ფობია)სთან  მეგობრობდა. ის დაღამებისთანავე უზარმაზარი ჩრდილის მოსასხამს მოიგდებდა მხრებზე და ყორანივით შავი კაბის  ფრიალ–შრიალით მონარნარებულ ,,მელანოს” ტანგოს ეცეკვებოდა.  ამ ,,საცეკვაო მოედანზე” მარტო გასვლას ყოველთვის  ვარიდებდი თავს. მაგრამ ერთ საღამოსაც ქათმების განწირულმა კრიახმა მაიძულა ბეწვის ხიდიც გადამერბინა და უღრან ტყეში, ანუ ღამის იდუმალებით  ერთიორად გადიდებული საქათმის მიწაზე დამედგა ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატარა გოგოს მსგავსად, შუაგულ საზღაპრეთში ვცხოვრობდი, გზის გამოსაგნებად თოვლიან ბილიკზე პურის  ნამცეცები არ დამიყრია (არადა, დღისით, ბაბუასეულ უზარმაზარ ბაღში შესვლისას, ხშირად  ვიქცეოდი ასე). ახლაც  ვგრძნობ, როგორ მეხვეოდნენ აჩურჩულებული ჩრდილები, მიძვრებოდნენ ქურთუკის საყელოში, თვალებში. შიში ჩემს სხეულს ტალღასავით  ეხეთქებოდა და სახლისკენ მიბიძგებდა, მაგრამ რადგან გადავწყვიტე, უკან დახევა  აღარ  ვიკადრე  და შედეგად ორიოდე ქათამი მაინც გადაურჩა ტურის მსგავსი არსების კლანჭებს. როგორც ჩანს,  ჩემს საფობიეთში ალეკროფობია, ანუ ქათმების შიში  არ ბინადრობდა,  ან უფრო ადრე, ღრმა ბავშვობის ბინდბუნდში მოვიშინაურე და არ მახსოვს.

შემდეგ მელისოფობიის (მელიისა არ გეგონოთ) –  ფუტკრების შიშის კარმიდამოს მივადექი. ალბათ ყველას გახსოვთ ვინი პუჰი – ,,საავდრო ღრუბელი”  თაფლის მოპარვას რომ  განიზრახავს. ჰოდა, მეც მას დავემსგავსე,  ფუტკრებთან დამეგობრების თუ მოტყუების ყველა ბუშტი– მცდელობა რომ გამისკდა და ძირსაც მწარედ დავენარცხე.  მელისოფობიის კარ–მიდამოში მეგობრობანას თამაში მასპინძლისათვის ფატალური, სტუმრისთვის კი გასიებულ ცერა თითზე ალესილი დანის პირის დასმით დასრულდა. დავრჩით მე და ჩემი მკბენარა ფობია  კონფლიქტური ზონებივით. მას მერე როცა ფუტკარს, ბზიკს ან უარეს შემთხვევაში, ბაზს ვხედავ, იან ლარის საკუთარ ეზოში მოხეტიალე კარიკასა და ვალიკას მსგავსად ვპატარავდები და უახლოესი თავშესაფრისკენ გავრბივარ.

ჩემი საფობიეთი ალბათ ფუტკრების ვერმოშინაურებას უნდა უმადლოდეს კიდევ ერთი დე–ფაქტო ტერიტორიის შემომატებას.  ნემსის შიში(ენეტოფობია)  ტკივილის შიშზე (ალგოფობია) ძლიერი აღმოჩნდა და  ჩემდა საუბედუროდ, გულის წასვლის ფონზე გაკეთებული ანალიზების,  არასდროსგაყუჩებული ყბებისა და გაოცებული სტომატოლოგების თვალწინ, კიდევ უფრო იზრდება და ძლიერდება. 

არავის უსწავლებია და არც ის ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას, მაგრამ როცა რაღაც ძალიან მტკივა, წარმოვიდგენ, რომ იმ ადგილას რაიმე წვეტიანი საგანი მაქვს შერჭობილი (მაგალითად, ხიჭვი) და წარმოდგენის ძალით ვცდილობ მის ამოღებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად გამომდის–კიდეც.

 ცოტა რომ გავიზარდე , სადღაც მეთხუთმეტედან მეთექვსმეტე შემოდგომისკენ მიმავალ გზაზე ერთ ძალიან უცნაურ საფობიეთის მკვიდრს გადავეყარე. მაშინ უკვე პირველი სიყვარულის სურნელი იდგა ჩემს სამყაროში.  შესაბამისად, საკუთარ მომავალზეც დავფიქრდი, რამდენიმე წლის იქით გადავიხედე და ეს ცოტათი მოსულელო, მაგრამ დიდი მაკვარანცხი  ქალბატონი მაგეიროკო (ფობია), ანუ საჭმლის მომზადების შიში დავლანდე. არ გეგონოთ, ოჯახი მშიერი დამეტოვებინოს, მაგრამ როგორც ჩემი საუკეთესო კულინარი–მეგობარი ამბობს, ჩემს გაკეთებულ კერძებს რაღაცნაირი, შიშის გემო დაჰყვებათ (მარილის და სანელებლების გადაჭარბების მეშინია). 

კიდევ ერთი სასაცილო ფობია მახსენდება. კარადასავით დიდი, მჭექარეხმიანი და კიდევ, გუგულიანი  კედლის საათების მეშინოდა. ჩემი  ღამეული ისტერიკების წყალობით,  ახალი ოჯახის საამაყო საგვარეულო რელიკვიამ დიდი ხნით სხვენზე დაიდო ბინა. 

გავიდა დრო და სიყვარულის შემეშინდა, ფილოფობიის ფილოსოფიას ვერაფერი გავუგე და დაკარგული ტერიტორიების სიას მივუერთე. მაგრამ რა ვიცოდი, რომ  ჩემ მიერ ასე დიდსულოვნად გათავისუფლებული მონა  მთელ  მონოფობიეთს (საკუთარი თავის შიში)  ამიჯანყებდა და მისი ბატონობა ყველაზე დიდხანს გასტანდა. ამ პერიოდში ყველა მოშინაურებული მგელი გამიველურდა. სიზმრების ტყეში თავისუფლად დაძუნძულებდნენ ახალი მეთაურის – სომნიფობიის (ძილის შიში) თანხლებით, რომელიც ხანდახან  ახლაც კამკრავს ხოლმე კბილს. 

ამ სამიოდე წლის წინ მოვიკრიბე ძალა და ყველა ძველ მეგობარს თუ ახალ შიშს თვალებში ჩავხედე. მათი უმეტესობა  ნელ–ნელა გამიყუჩდა, ანუ ერთად  ცხოვრება ვისწავლეთ. მთელ ამ საფობიეთში ერთადერთი შიში დამრჩა მოსაშინაურებელი და ამას მაშინ მივხვდი, როცა წალკის რაიონის ყველაზე მაღალ სოფელში მოვხვდი. ასე მეგონა, იმ  თვალუწვდენელ, უხეო სივრცეში ბუშტივით ამაფრიალებდა ქარი და ვეღარაფერი დამიჭერდა დედამიწაზე. საქმიანი ვიზიტი რომ არა, ალბათ იმ დღესვე დავუბრუნდებოდი დედაქალაქს.

რაც შეეხება ბრბოს და ხმაურის პანიკურ შიშს,  იგი ძალიან ძნელად საცნობი გამოდგა და სანამ სახელს მოვუძებნიდი, დამასწრო და თავად მომიშინაურა. მას მერე ყოველთვის მპოულობს  ბევრ ხალხში და ხმაურში ჩაკარგულს და ღიმილით მახსენებს, რომ მიუხედავად შიშისა, მე მაინც ძალიან, ძალიან მიყვარს ადამიანები.

***
მოვა დრო და ჩემს მოსწავლეებს სწორედ ასეთ ქალბატონ თამთას გავაცნობ და დამალობანას ნაცვლად, ჩემს ბეწვისხიდებიან თამაშს ვასწავლი. ვინ იცის, ამ პატარა ,,წითელქუდებს” რამდენი მგელი ჰყავთ მოსაშინაურებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი