ბოლო წლებში განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა სწავლაზე ხელმისაწვდომობა. ონლაინ პლატფორმები, ღია რესურსები და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ქმნის შესაძლებლობას, ცოდნა უფრო სწრაფად, მოქნილად და ფართოდ გავრცელდეს. დღეს მოსწავლეს, სტუდენტს თუ მასწავლებელს შეუძლია რამდენიმე წამში მიიღოს ინფორმაცია, მოიძიოს სასწავლო მასალა, შექმნას ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო გეგმა ან მიიღოს მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, რომლებშიც ადრე მხოლოდ სპეციალისტის ჩართვა იყო საჭირო. თუმცა, ამ პროგრესს თან ახლავს მნიშვნელოვანი კითხვა: ნამდვილად ამცირებს თუ არა ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა უთანასწორობას თუ პირიქით, — გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა საზოგადოების დიფერენცირებასაც შეუწყოს ხელი?
საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც განათლება სულ უფრო მეტად ხდება ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული, ხოლო ამ ინფრასტრუქტურაზე წვდომა ყველასთვის თანაბარი არ არის. პირველ ეტაპზე, როდესაც ინოვაციური პლატფორმები სატესტო რეჟიმში უფასოა და ფართოდ ხელმისაწვდომი, ისინი ხშირად იქცევა თანასწორობის გაძლიერების ძლიერ ინსტრუმენტად. საჯარო სკოლები, რეგიონული საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ადრე მხოლოდ შეზღუდულად იყო ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ტექნოლოგიური ინიციატივები ხშირად ემყარება ღიაობას, თანამშრომლობასა და საერთო სარგებლის იდეას.
თუმცა, როცა მსგავსი პლატფორმები კომერციულ მოდელზე გადადის, ჩნდება ახალი რეალობა. ვისაც ფინანსური რესურსი აქვს, აგრძელებს განვითარებას, იყენებს პრემიუმ ინსტრუმენტებს, ანიმაციის სისტემებს, გენერაციულ AI-სა და ავტომატიზირებულ სერვისებს. ხოლო მათ, ვისაც ამ რესურსებზე წვდომა აღარ აქვთ, ხშირად საკუთარი იდეების გაგრძელებაც კი უჭირთ. სწორედ აქ იწყება უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე უხილავი ფორმა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პრაქტიკას, როდესაც პედაგოგი საჯაროდ აზიარებს საკუთარ პროექტს — გაკვეთილის მოდელს, აქტივობას, მეთოდოლოგიას, კონცეფციას ან ანიმაციური გაკვეთილის სცენარს — თუმცა მოგვიანებით ფასიანი პლატფორმების გამოყენებას ვეღარ ახერხებს. ამ დროს ხშირად ხდება შემდეგი: სხვა პედაგოგი ან მომხმარებელი იღებს უკვე მზა კონცეფციას, იყენებს ფასიან პლატფორმას, რომელზეც თავად ავტორს აღარ აქვს ხელმისაწვდომობა, სრულყოფს მას ვიზუალურად, ტექნიკურად ან ახლებურად შეფუთვის ხარჯზე და უკვე არსებულ პროექტს, საბოლოოდ, საკუთარ სახელთან აკავშირებს. შედეგად, იდეის ავტორი კარგავს ავტორობას, ხოლო შემდგომი „შემფუთავი“ ჩნდება როგორც შემქმნელი.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება AI ეპოქაში, რადგან ხშირად თავად ანიმაციური გაკვეთილის ტექსტუალური შინაარსიც, დიალოგებიც, რეპლიკებიც და ნარატივიც გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ანუ ის ნაწილი, რაც საბოლოო პროდუქტში ჩანს, ხშირ შემთხვევაში, ტექნიკური შემფუთავის ინტელექტუალურ შრომას არც წარმოადგენს. ამ შემთხვევაში რეალური ღირებულება სხვაგანაა: თავდაპირველ საგანმანათლებლო იდეაში, სცენარის კონცეფციაში, მეთოდოლოგიურ სტრუქტურაში, პედაგოგიურ ხედვასა და იმ გამოცდილებაში, რომელმაც ეს პროექტი შექმნა. თუ ეს საფუძველი ეკუთვნის ერთ ავტორს, ხოლო საბოლოო ვიზუალური პროდუქტი მხოლოდ ფასიანი ინსტრუმენტის საშუალებით არის გაფორმებული, მაშინ ავტორობის გადანაწილება სერიოზულ ეთიკურ კითხვას აჩენს.




